ყველაფერი შაკიკის შესახებ
დაავადება ხასიათდება თავის ძლიერი მოპულსირე ან მფეთქავი ტკივილის შეტევებით, რომლებიც ზოგჯერ დღეობით ტანჯავს და შრომისუუნაროს ხდის ადამიანს.
შაკიკის სიმპტომების, მისი მიმდინარეობისა და თანამედროვე მკურნალობის შესახებ გვესაუბრება ავერსის კლინიკის ნევროლოგი, თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების წევრი, საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის გენერალური მდივანი, მედიცინის დოქტორი გვანცა გიორგაძე:
- ქალბატონო გვანცა, რა დაავადებაა შაკიკი, რომელ ასაკობრივ კატეგორიასთან გვხვდება უხშირესად, ქალები უფრო ხშირად უჩივიან თუ მამაკაცები?
- თავის ტკივილი სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია თავის ტკივილი. თავის ტკივილი შეიძლება თვითონ იყოს დაავადება ან წარმოადგენდეს სხვა დაავადების სიმპტომს. ამის მიხედვით თავის ტკივილი ორ ჯგუფად იყოფა: პირველადად და მეორეულად. პირველადი თავის ტკივილი გაცილებით ხშირია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება შაკიკი, დაძაბულობის, ე.წ. Gluster-ის ტიპის თავის ტკივილი და სხვა.
შაკიკი პირველადი თავის ტკივილების ჯგუფს მიეკუთვნება და ძალზე გავრცელებული დაავადებაა, აწუხებს საშუალოდ ყოველ მეათე ზრდასრულ ადამიანს. საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს აქვს შაკიკი. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა გავრცელების სიხშირე 30-40 წლისთვის აღწევს პიკს. ბავშვებში შაკიკი ბიჭებში უფრო ხშირია, სქესობრივი მომწიფების შემდეგ კი ქალებში მისი სიხშირე დრამატულად მატულობს და სამჯერ უფრო ხშირია მამაკაცებთან შედარებით, ანუ შაკიკით დაავადებული ზრდასრულების 75% ქალია. გოგონებთან დაავადების დებიუტი ხშირად მომწიფების პერიოდს ემთხვევა.
- რა სიმპტომები ახასიათებს ძირითადად შაკიკს?
- შაკიკის შეტევა 4 სტადიისგან შედგება. ყოველ სტადიას თავისი დამახასიათებელი სიმპტომი აქვს. ამასთან, ყველა შეტევის დროს ოთხივე სტადიის სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს. შეტევებს შორის შაკიკის სიმპტომები არ ვლინდება და ადამიანი თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს.
შეტევას წინ უძღვის საწყისი, პროდრომული ფაზა, რომელსაც შაკიკით დაავადებულთა მხოლოდ ნახევარი გრძნობს. თავის ტკივილის დაწყებამდე რამდენიმე საათით ან 1-2 დღით ადრე ვლინდება გაღიზიანებადობა, დეპრესია ან ზოგადი სისუსტე. ზოგჯერ კი, პირიქით, ამ პერიოდში ენერგიის მოზღვავება აღინიშნება. ზოგს მადა უძლიერდება, სხვებმა კი „უბრალოდ იციან“, რომ მალე შაკიკის შეტევა დაეწყებათ.
თუ შაკიკი აურით მიმდინარეობს, შემდგომი ფაზაა აურა. აურა აქვს დაავადებულთა მხოლოდ მესამედს (თუმცა - არა ყოველი შეტევის დროს!); აურა - ეს არის თავის ტვინის გარკვეული ნაწილის ფუნქციობის ხანმოკლე და გარდამავალი დარღვევა, სიგნალი თავის ტვინიდან, რომელსაც დროებით (მაგრამ არა მნიშვნელოვნად!) აზიანებს შაკიკი. ის, ჩვეულებრივ, 10-30 წუთი გრძელდება, მაგრამ შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს. აურა სხვადასხვანაირია. ყველაზე ხშირია მხედველობითი აურა; ის ვლინდება მხედველობის ველში შავი ლაქის, ნათელი ან მოციმციმე წერტილების, ფერადი ზიგზაგების სახით, ჩვეულებრივ, ცალმხრივად. უფრო იშვიათია სენსორული აურა - ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, რომელიც რომელიმე ხელის თითებში იწყება, თანდათანობით ვრცელდება მთელ კიდურზე და იმავე მხარეს მოიცავს ენასა და სახეს. კიდევ უფრო იშვიათია აურა მეტყველების დარღვევით. ამ დროს პაციენტი გაუგებრად ან არასწორად წარმოთქვამს სიტყვებს.
აურა უხშირესად წინ უძღვის თავის ტკივილს, იშვიათად ემთხვევა ან მოსდევს მას. კიდევ უფრო იშვიათად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ აურა, თავის ტკივილის გარეშე.
თავის ტკივილის ფაზა, ჩვეულებრივ, ყველაზე მძიმე და შემაწუხებელია და რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. თავის ტკივილი შაკიკის დროს ზოგჯერ ზომიერი, მეტწილად კი ძლიერია; უფრო ხშირად ცალმხრივია, მაგრამ ორმხრივადაც გვხვდება; მოიცავს ძირითადად შუბლისა და საფეთქლის არეებს, თუმცა შესაძლოა თავის ნებისმიერ ნაწილზე გავრცელდეს. ტკივილი, ჩვეულებრივ, მოპულსირე ან მფეთქავია; ძალზე დამახასიათებელია ტკივილის გაძლიერება რუტინული მოძრაობის დროს (მაგალითად, კიბეზე ასვლისას, წინ დახრისას); ტკივილს ხშირად ახლავს გულისრევა, ზოგჯერ - ღებინებაც (რაც ამსუბუქებს შეტევას). სინათლე და ხმაური შემაწუხებელია. შაკიკის შეტევის დროს პაციენტთა უმრავლესობას ურჩევნია იწვეს ბნელ, გრილ და წყნარ ოთახში.
თავის ტკივილის ჩაწყნარებას მოსდევს დამასრულებელი, პოსტრომის ფაზა. ამ პერიოდში ადამიანმა შესაძლოა ისევ სუსტად, გაღიზიანებულად ან დათრგუნულად იგრძნოს თავი, გაუჭირდეს კონცენტრირება. ძალების სრულ აღდგენას ზოგჯერ მთელი მომდევნო დღე სჭირდება.
გარდა ჩამოთვლილისა, გამოყოფენ შაკიკის რამდენიმე იშვიათ ქვეტიპს - ბაზილარულს, ვესტიბულურს, რეტინულს, ჰემიოპლეგიურს აურით. თანამედროვე შეხედულებით, ცალკე ქვეტიპადაა გამოყოფილი ქრონიკული შაკიკი. ეპიზოდური შაკიკის სიხშირე მკვეთრად ვარიაბელურია, შესაძლოა წლის განმავლობაში 1-2 შეტევა განვითარდეს ან თვეში რამდენიმე.
ქრონიკული შაკიკის დიაგნოზი ისმება, როდესაც მინიმუმ 3 თვის განმავლობაში თვეში 15 ან მეტი ტკივილიანი დღე აღინიშნება.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შაკიკის შეტევას?
- შაკიკის შეტევას ძალზე იშვიათად შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულება. შაკიკის ნებისმიერი სახით გართულების შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო დახმარება, ხშირად ნეიროვიზუალიზაცია, ზოგჯერ კი ჰოსპიტალიზაციაც.
თუ განუწყვეტელი ტკივილი 72 საათზე მეტხანს გრძელდება, შაკიკის სტატუსთან გვაქვს საქმე.
პერსისტული აურა ინფარქტის გარეშე ნიშნავს გახანგრძლივებული აურის სიმპტომებს ერთი კვირის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში, ნეიროვიზუალიზაციით ინფარქტის კერების გარეშე.
უკიდურესად იშვიათად შაკიკი შეიძლება გართულდეს თავის ტვინის ინფარქტით; ამ დროს აურა საათზე მეტხანს გრძელდება, ხოლო ნეიროვიზუალიზაციით თავის ტვინის შესაბამის უბანში ინფარქტის კერები ვლინდება.
შაკიკის აურის დროს შესაძლოა განვითარდეს ეპილეფსიური გულყრაც.
- პაციენტებმაც კი იციან, რომ დაავადების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია. აქამდე არსებული თეორიებიდან რომელია დღეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი, რომელი ეტიოლოგიური საფუძვლისკენ იხრება დღეს ნეირომეცნიერება?
- მრავალი წელი ითვლებოდა, რომ შაკიკის აურას იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვის შევიწროება, ხოლო თავის ტკივილს - სისხლძარღვის გაფართოება; დღეისათვის შაკიკის ვასკულური თეორია თანდათან კარგავს აქტუალობას. თანამედროვე შეხედულებით, შაკიკი გენეტიკურად განპირობებული ნეირონული დაავადებაა. ნეირონების პირველადი დისფუნქცია განაპირობებს გავრცელებად ქერქულ დეპრესიას, ტრიგემინოვასკულური სისტემის აქტივაციას, ანთებადი ნეიორომედიატორების გამოთავისუფლებას და შედეგად - შაკიკის შეტევას ოთხივე კომპონენტით.
უკანასკნელი კვლევების მიხედვით, შაკიკის პათოგენეზში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კალციტონინის გენთან შეკავშირებულ პეპტიდს (CGRP). CGRP ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა. ის წარმოიქმნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის ნეირონებში. ჭარბად არის ტრიგემინულ ნეირონებში და გამოთავისუფლების შემდეგ მონაწილეობს ვაზოდილატაციაში, ანთების გავრცელებასა და ტკივილის ტრანსმისიაში.
- ქალები შეტევების პროვოცირებას ხშირად უკავშირებენ პრემენსტრუალურ სინდრომს. რამდენად არის დაკავშირებული შაკიკი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან, თუ გაივლის ხოლმე პათოლოგია მენოპაუზის შემდგომ?
- ესტროგენის კონცენტრაციის დაქვეითება შაკიკის შეტევის მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორია, შესაბამისად, შაკიკის შეტევები ხშირად ემთხვევა მენსტრუალურ პერიოდს, ხოლო მის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ორსულობა და ჰორმონული კონტრაცეფცია.
ზოგიერთ შემთხვევაში შეტევები მხოლოდ და მხოლოდ მენსტრუაციის დღეებს უკავშირდება. შაკიკის ასეთ მიმდინარეობას ცალკე ტიპად გამოყოფენ და „მენსტრუალურ შაკიკს“ უწოდებენ. მენარქეს (პირველი მენსტრუაცია) და პერიმენოპაუზის პერიოდში შაკიკის სიხშირე და ინტენსივობა, როგორც წესი, იმატებს, ხოლო მენოპაუზის შემდგომ შეტევები უმრავლეს შემთხვევაში მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ კი სრულიად ქრება.
- რა იწვევს უხშირესად შეტევების პროვოცირებას და რა უნდა გაითვალისწინონ ამ კუთხით პაციენტებმა?
- მტკიცებითი მედიცინის მიხედვით, შაკიკის დადასტურებულ ტრიგერებად (ანუ შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებად) ითვლება სტრესი, მენსტრუაცია, მხედველობითი გამღიზიანებლები (მოციმციმე სინათლე და ა.შ.), ამინდის ცვლილება, ნიტრატები (ვაზოდილატაციური მოქმედების მადიკამენტების ჯგუფი), შიმშილი და ღვინო. შესაძლო ტრიგერებად მიჩნეულია ძილის დარღვევა (როგორც გამოუძინებლობა, ასევე ზედმეტი ძილი) და ასპარტამი (ხელოვნური დამატკბობელი, გამოიყენება როგორც შაქრის შემცვლელი, ხშირად შეიცავს უშაქრო გაზიანი სასმელები და დიეტური და დიაბეტური კვების პროდუქტები).
წლების განმავლობაში მკაფიო მაპროვოცირებელ ფაქტორებად ითვლებოდა სიგარეტის მოწევა, მკვეთრი არომატები, შოკოლადი და თირამინი (შეიცავს ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მაგალითად, ყველი ჩედერი). დღეისათვის ეს ფაქტორები შაკიკის უპირობო ტრიგერებად აღარ მიიჩნევა, თუმცა, ცხადია, ზოგიერთ პაციენტთან შესაძლოა იწვევდეს შეტევას.
საზოგადოდ, ტრიგერი ინდივიადულური და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, შეტევა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფიზიკურმა დატვირთვამ, სქესობრივმა აქტივობამ და კისრის ტკივილმა.
პაციენტს ყოველთვის ვთხოვთ კარგად დააკვირდეს მაპროვოცირებელ ფაქტორებს და თუ შესაძლებელია, მაქსიმალურად შეეცადოს თავიდან აიცილოს ისინი. ეს საშუალებას გვაძლევს შევამსუბუქოთ დაავადების მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის არიდება შეუძლებელია - მაგალითად, მენსტრუალური ციკლის ან ამინდის ცვლილების. გასათვალისწინებელია, რომ შაკიკის შეტევა სპონტანურად, ყოველგვარი ტრიგერის გარეშე შეიძლება განვითარდეს.
- რას ეფუძნება შაკიკის დიაგნოსტიკა?
- არ არსებობს ინსტრუმენტული ან ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც „დაინახავს“ შაკიკს.
შაკიკის თითოეული ქვეტიპისთვის შემუშავებულია დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. ისინი, ძირითადად, დაფუძნებულია თავის ტკივილის აღწერილობასა და თანმხლებ სიმპტომებზე. თუ პაციენტის მონაცემები სრულად აკმაყოფილებს თავის ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICHD) კრიტერიუმებს, დამატებითი გამოკვლევები ფაქტობრივად საჭირო აღარ არის.
ანამნეზი, ფიზიკალური და ნევროლოგიური შეფასება დიაგნოსტიკის აუცილებელი კომპონენტებია. გამოკვლევები ტარდება თავის ტკივილის სხვა მიზეზების გამოსარიცხად და/ან პაციენტის ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის შესაფასებლად. გამომდინარე აქედან, ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის მიერ თავის ტკივილის მახასიათებლების, ტრიგერებისა და სიხშირის დეტალური და სწორი აღწერა. როგორც წესი, პაციენტს ვთხოვთ აწარმოოს თავის ტკივილის დღიური. დღიური მნიშვნელოვნად გვეხმარება როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის წარმართვის პროცესში.
- შესაძლებელია თუ არა შაკიკის განკურნება? როგორ ხდება შეტევების მკურნალობა? რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს თვითმკურნალობას?
- სამწუხაროდ, შაკიკის სრული განკურნება შეუძლებელია. თუმცა სწორი მკურნალობით უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა.
ნებისმიერი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტს თავად ესმოდეს დაავადების არსი, კარგად იყოს გათვითცნობიერებული მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებში.
შაკიკის მკურნალობას ყოველთვის პაციენტის „განათლებით“ ვიწყებთ, ხშირად ამ მიზნით სპეციალურ ქართულენოვან ბროშურებს ვიყენებთ.
პირველი საფეხური, როგორც ვთქვით, ტრიგერების გამოცნობა და მათი შეძლებისდაგვარად აცილებაა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ისევე მნიშვნელოვანია შაკიკის დროს, როგორც სხვა ნებისმიერი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.
მედიკამენტური მკურნალობა ორ ნაწილად იყოფა - შეტევების, ე.წ. მწვავე მკურნალობა და პროფილაქტიკური თერაპია.
ყველაზე ხშირად და პირველ ეტაპზე შეტევის სამკურნალოდ არარეცეპტული, მარტივი ტკივილგამაყუჩებლები გამოიყენება. ესენია - პარაცეტამოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვა); შედარებით მეტად ეფექტურია კოფეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები. საზოგადოდ, პირის ღრუში ხსნადი ან შუშხუნა ტაბლეტები უფრო სწრაფად და უკეთესად მოქმედებს. მნიშვნელოვანია წამალი დაილიოს ტკივილის დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად და ადეკვატური დოზით. გვიან და არასაკმარისი დოზით მიღებულ გამაყუჩებელს მცირე ეფექტი აქვს ან სრულიად არ მოქმედებს.
თუ ტკივილს თან ახლავს გულისრევა ან ღებინება, გამაყუჩებელს ემატება ანტიემეტური მედიკამენტები. გარდა პირდაპირი, გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედებისა, ისინი ხელს უწყობს გამაყუჩებლების სწრაფშეწოვას, რითაც აძლიერებს მათ ეფექტს. თუ შეტევის პერიოდში გულისრევა ძალზე ძლიერია და წამლის დალევა გაძნელებულია, რექტალურ სუპოზიტორიებს (სანთლებს) ან ინტრამუსკულარულ ინექციებს იყენებენ.
ეპიზოდური მიმდინარეობის დროს, თუ შეტევები მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისაა, იშვიათია, ადვილად ემორჩილება გამაყუჩებელს და არ აუარესებს ცხოვრების ხარისხს, შაკიკი დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს. ყველა სხვა შემთხვევაში თვითმკურნალობა საზიანო შეიძლება იყოს და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
როდესაც შეტევის მოხსნა ზემოთ ჩამოთვლილი გამაყუჩებლებით ვერ ხერხდება, ინიშნება სპეციალური, შაკიკის შეტევის საწინააღმდეგო მედიკამენტები - ტრიფტანები. არსებობს როგორც ტაბლეტირებული, ასევე ნაზალური და კანქვეშა საინექციო ფორმები, რაც შეტევის უფრო სწრაფად მოხსნის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ, მძიმე შეტევის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ტრიფტანის კომბინირება, მაგალითად, ნაპროქსენთან ან ინტრავენურ კეტოროლაკთან.
ტრიფტანების ფართო გავრცელებასთან ერთად სულ უფრო იშვიათად იყენებენ ერგოტამინებს - შაკიკის საწინააღმდეგო სპეციფიკური მედიკამენტების კიდევ ერთ ჯგუფს.
შაკიკის შეტევის სამკურნალოდ ოპიოიდებისა და ბარბიტურატების, ასევე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებას მაქსიმალურად ვერიდებით წამალდამოკიდებულების მაღალი რისკის გამო.
კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი გამაყუჩებლის, განსაკუთერებით კი ტრიფტანების, ხშირი და უკონტროლო გამოყენება. გამაყუჩებლების ხშირი მიღება ხდება დამატებითი, ახალი ტიპის თავის ტკივილის განვითარების მიზეზი. მას მედიკამენტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ თავის ტკივილს უწოდებენ. შაკიკის ჩვეულ ტკივილს ემატება თითქმის მუდმივი, ყრუ, სალტისებრი თავის ტკივილი, თანმხლები გულისრევით. პაციენტი ფაქტობრივად ყოველ დილით ამ ტკივილით იღვიძებს.
მედიკამენტების ჭარბი მიღებით გამოწვეულ თავის ტკივილთან გამკლავება რთულია და საჭიროა კვალიფიციური დახმარება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გამაყუჩებლების უპირობო შეწყვეტა ან უკიდურესად შემცირება.
- რას გულისხმობს, საზოგადოდ, შაკიკის პროფილაქტიკა?
- შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა ინიშნება მაშინ, როდესაც:
- შეტევები ხშირი (4 ან მეტი ტკივილიანი დღე თვეში) ან ხანგრძლივია (ტკივილი გრძელდება 12 საათს ან მეტხანს);
- შაკიკის შეტევა მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანობას ან აუარესებს სიცოცხლის ხარისხს, მიუხედავად ადეკვატური მწვავე მკურნალობისა;
- მწვავე მკურნალობა წინააღმდეგნაჩვენებია;
- მწვავე მკურნალობა არაეფექტურია;
- მწვავე მკურნალობას ახლავს სერიოზული გვერდითი ეფექტები;
- არსებობს მედიკამენტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის განვითარების რისკი;
- მენსტრუალური შაკიკის დროს.
პროფილაქტიკური მკურნალობის მიზანია შეტევების სიხშირის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის შემცირება, მწვავე მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა, ეპიზოდური შაკიკის ქრონიკულად ტრანსფორმაციის თავიდან აცილება და, რაც უმთავრესია, პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
კონტროლირებული კვლევებით დადასტურებულია რამდენიმე ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობა შაკიკის დროს. წლების განმავლობაში წარმატებით გამოიყენება ბეტა-ბლოკერები (მეტოპროლოლი, პროპრანოლოლი, თიმოლოლი), ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, ვენლაფაქსინი) და ანტიკონვულსანტები (ტოპირამატი, ვალპროატი).
უახლესი კვლევებით დადასტურდა კალციტონინის გენთან შეკავშირებული პეპტიდის (CGRP) ანტაგონისტების ეფექტურობა. შაკიკის სამკურნალო ამ ჯგუფის პირველი კანქვეშა საინექციო მედიკამენტი ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის სააგენტომ 2018 წლის მაისში დაარეგისტრირა.
ქრონიკული შაკიკის სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ ბოტულოტოქსინის ინექციებს თავისა და კისრის არეში. ეპიზოდური შაკიკის პრევენციისთვის ბოტულოტოქსინის ეფექტურობა ამ ეტაპზე არ დასტურდება.
რამდენიმე მცირე კვლევის მონაცემებით, შაკიკის პრევენციისთვის შეიძლება ეფექტური იყოს მაგნიუმი, მელატონინი, არამედიკამენტური მეთოდებიდან - აკუპუნქტურა, სუპრაორბიტულ არეში სამწვერა ნერვის ტრანსკუტანეული ელექტრული სტიმულაცია.
პროფილაქტიკური მედიკამენტის/მეთოდის შერჩევა პაციენტის ზოგადი სამედიცინო მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით ხდება. როგორც წესი, მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება. შაკიკის ეფექტური მართვისთვის, მედიკამენტების გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჩართულობას, დღიურის წარმოებას, ცხოვრების წესის მოდიფიკაციას.
- რა მდგომარეობაა შაკიკის მკურნალობის მხრივ დღეისათვის საქართველოში?
- ბოლო წლებში საქართველოში შაკიკის და, საზოგადოდ, თავის ტკივილის კვლევისა და მკურნალობის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თავის ტკივილის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი ზაზა ქაცარავა, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგია. მისი უდიდესი ძალისხმევითა და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, დადგინდა ეპიზოდური და ქრონიკული შაკიკის გავრცელების სიხშირე ჩვენს ქვეყანაში. უფასო პილოტური პროგრამის ფარგლებში დაინერგა თავის ტკივილის მკურნალობის თანამედროვე სერვისები როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების რამდენიმე კლინიკაში. თავის ტკივილის მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ევროპელი კოლეგების მონაწილეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ ოჯახის ექიმები.
საკმაოდ წარმატებულად და ნაყოფიერად მუშაობს თავის ტკივილის საზოგადოება ბატონი გოგიტა გეგელაშვილის ხელმძღვანელობით. ითარგმნება თავის ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაცია, გამოიცემა ბროშურები პაციენტებისა და ქართულენოვანი სახელმძღვანელოები ექიმებისთვის. ჩატარებული კვლევების შედეგები პერიოდულად ქვეყნდება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორებიცაა Cephalalgia, Neurology.
გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე კლინიკა ჩართულია შაკიკის სამკურნალო უახლესი მედიკამენტების, კერძოდ, CGRP ანტაგონისტების, კლინიკურ კვლევებში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში თავის ტკივილის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებითა და ევროპული ხარისხით ხორციელდება.