ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

,

  • სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ

- "ძალიან მიყვარს შინ ყოფნა, ამიტომ ყველა შინაყუდას მეძახის. ბავშვობაში მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარდა სტუმრად სიარული, განსაკუთრებით - ღამისთევით; საკუთარ სახლში ყველაფერი ჩვეული, მობეზრებული და მოსაწყენი გვეჩვენებოდა. ახლა კი, როცა ყველას საკუთარი ოჯახი გვაქვს, შვილებიც გვყავს და დღის დიდ ნაწილს გარეთ ვატარებთ, ვხვდები, რომ მშობლიურ სახლზე ძვირფასი, მყუდრო და უკეთესი არაფერია..."

დროა, სიტყვა "შინაყუდამ" რეაბილიტაცია განიცადოს. რა სჯობია იმას, როდესაც ადამიანი საკუთარ სახლში ყველაზე უკეთ გრძნობს თავს!

  • თავისუფლება თითოეულის უფლებაა

მშობლიურ კედლებს დიდი ძალა აქვს. კარგი სახლი ის ადგილია, სადაც მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს თავს არა მხოლოდ ოჯახის უფროსი, არამედ ოჯახის ყველა წევრი. თუ ადამიანს შინ ზღუდავენ, ის ვერასოდეს გახდება სამაგალითო მეოჯახე. დაფიქრდით, ყველა კარგად გრძნობს თუ არა თავს თქვენს სახლში, აქვს თუ არა შესაძლებლობა, აკეთოს საყვარელი საქმე, მოიპატიჟოს სტუმრები, იძულებული ხომ არ არის,რაიმე შესწიროს საერთო ინტერესებს, ოჯახში გაბატონებულ წესებს. ნებისმიერი აკრძალვისა თუ შეზღუდვის დაწესებისას დაფიქრდით, რამდენად მიზანშეწონილია ის. "არ შეიძლება" ყოველთვის დასაბუთებული უნდა იყოს. ხდება ისეც, რომ მშობლიურ ჭერქვეშ თავს მყუდროდ ვერ ვგრძნობთ, ვერ ვისვენებთ. მაინც რა გვიშლის ხელს?

  • ყველას გემოვნების მიხედვით

როგორ შევქმნათ ისეთი სახლი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ? თითოეულ ჩვენგანს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი აქვს სახლის მხოლოდ მისთვის მისაღები, საკუთარი, გულთან ახლოს მყოფი ხატი. ნურასოდეს უგულებელყოფთ მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რემონტს აპირებთ და ბინის იერსახის შეცვლა გაქვთ განზრახული. ბრმად ნუ გადაიღებთ მზა ნიმუშებს, შეეცადეთ გაიხსენოთ, სად, როდის, როგორ გარემოში გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად, რა გარემოცვას უკავშირდება თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებები. ცხადია, არ არის აუცილებელი, ოთახის მოდიდან გამოსული მორთულობა თავიდან ბოლომდე შევინარჩუნოთ, მაგრამ რამდენიმე დეტალი აუცილებლად უნდა გახსენებდეთ თქვენი ბავშვობისა და ყრმობის საყვარელ ადგილებს.

  • უცხოთათვის შესვლა აკრძალულია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ცოტას თუ მიუწვდება ხელი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მიღებულ "საცხოვრებელი ფართის ნორმაზე" - ოჯახის თითოეულ წევრზე თითო ოთახს + ერთი საერთო ოთახი. ალბათ ამიტომაც ჩვენში პოპულარულია გასაშლელი მაგიდები, დივნები, საწოლები, ხშირად ერთი და იგივე ოთახი ასრულებს მისაღების, საძინებლის, საბავშვო ოთახის ფუნქციებს...

სივიწროვე წარმოშობს არა მხოლოდ მუდმივ უწესრიგობას, არამედ შინაგან დისკომფორტსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეული წევრისთვის გამოიძებნოს საკუთარი კუთხე.

მკაცრად დაიცავით წესი: არავინ უნდა შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე მეპატრონის ნებართვის გარეშე, თუნდაც ეს საწერი მაგიდის ერთი კუთხე იყოს. განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან ამას მოზარდები. დედას შეუძლია, განტვირთვის აბაზანაში განმარტოვდეს, მამას ავტოფარეხი აქვს, ბებიას - სამზარეულო, ხოლო მოზარდს საკუთარი მხოლოდ კომოდის უჯრა აქვს და იქაც კი ყველა, ვისაც მოესურვება, ხელს აფათურებს. სად განმარტოვდეს იგი?! ასეთმა პრობლემებმა შესაძლოა დიდ სახლშიც იჩინოს თავი, ამიტომ "საერთო საცხოვრებლის" წესები უნდა გადაიხედოს, თუ ისინი არ აკმაყოფილებს ოჯახის თუნდაც ერთ წევრს.

  • ბედნიერების ფორმულა

ცნობილმა მსახიობმა იური ნიკულინმა ბედნიერების მარტივი და სამართლიანი ფორმულა გამოიყვანა: ბედნიერება ის არის, როცა დილით სიხარულით მიიჩქარი სამსახურში, საღამოს კი ასეთივე სიხარულით ბრუნდები შინ. ძნელია, არ დაეთანხმო... შევჩერდეთ გამონათქვამის მეორე ნაწილზე.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანი სიხარულით ბრუნდებოდეს შინ? რას ველით ჩვენ ამ პატარა ყოველდღიური სასწაულისგან? რას ვუფრთხით?

გავიხსენოთ, როგორ გვრჩებოდა ფეხები უკან ბავშვობაში შინისკენ მიმავალს ცუდი ნიშნის მიღებისას, რაიმე ნივთის დაკარგვისას, ტანსაცმლის გაფუჭებისას... ბავშვები ელიან, რომ შინ მათ დაკითხვას მოუწყობენ, გაკიცხავენ და დასჯიან. მოდი, დავანგრიოთ ეს მანკიერი პრაქტიკა. რაც არ უნდა მოხდეს, შეხვდით თქვენს შვილს მხიარულად, გულღიად. ადამიანმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდეს, რომ სახლი - ეს ის ადგილია, სადაც მისი ესმით, სადაც მას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ, თანაუგრძნობენ და დაეხმარებიან. ზღურბლთანვე ნუ ჰკითხავთ, რა ნიშანი მიიღო სკოლაში ან როგორ მოიქცა საბავშვო ბაღში.

უპირველეს ყოვლისა, აგრძნობინეთ შეხვედრის და შინ დაბრუნების სიხარული, საქმის გარჩევა კი სამომავლოდ გადადეთ. ასევე მოიქეცით ქმართანაც. მაშინვე ნუ ჰკითხავთ, რატომ დაბრუნდა ერთი საათით გვიან, სად არის ხელფასი ან რატომ უკეთია ეს სულელური ჰალსტუხი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ.

დაანახვეთ, როგორ გაგახარათ მისმა დაბრუნებამ, რა კარგია, რომ ეს მძიმე დღე, როგორც იქნა, დასრულდა, ხოლო საღამო, როცა ყველა ერთად შეიკრიბა, ეს-ესაა დაიწყო - საყოფაცხოვრებო პრობლემების ქაოსში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ მთავარი სიხარული ამქვეყნად ერთად ყოფნაა.

თუ თქვენ მოგიხდათ შინ გვიან დაბრუნება, იმაზეც იზრუნეთ, რომ თქვენი მოსვლა სხვებისათვის სასიხარულო იყოს, მაშინვე ნუ მოჰყვებით საყვედურებს უწესრიგობის გამო (ხოლო წესრიგისთვის, პირიქით, შეაქეთ ახლობლები). ნუ მისცემთ შენიშვნას თქვენს შესახვედრად გამოქცეულ ბავშვებს, ხოლო თუ არ შემოგეგებებიან, თქვენ თვითონ მიდით და მოეხვიეთ, აკოცეთ მათ.

ყოველ საღამოს, ვახშმობისას ან ძილის წინ თითოეული თქვენგანი მოჰყევით, რა მოხდა სასიამოვნო ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში, რა პრობლემებს გადააწყდით. ეს კარგი ტრადიციაა, ერთმანეთის სიხარულისა თუ სირთულეების ურთიერთგაზიარება. დილით კი, როცა ოჯახის წევრები მიიჩქარით სამსახურში, საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ინსტიტუტში, უსურვეთ ერთმანეთს სასიამოვნო დღე. ნურასოდეს იჩხუბებთ სახლიდან გასვლის წინ და თუ მაინც წაიჩხუბეთ - ნუ დასცილდებით ერთმანეთს შერიგების გარეშე, ყველაზე პატარებიც კი მიხვდებიან, თუ თქვენ ეტყვით, რომ სადაც არ უნდა იყოს თითოეული თქვენგანი, ერთმანეთთან ჯადოსნური ძაფი გაკავშირებთ და ის არასოდეს გაწყდება.

  • სტუმარ-მასპინძელი

ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია დღესაც ცოცხლობს. სტუმრის, მისი მიღების სიხარულის გარეშე ქართული სინამდვილე წარმოუდგენელია. მაგრამ ამან მახინჯი სახე არ უნდა მიიღოს. ხშირად ყველაფერ საუკეთესოს სტუმრებისთვის ვინახავთ, ჩვენ თვითონ კი მოკრძალებულ პირობებს ვჯერდებით. ახალი ბინის დაგეგმარებისას ბევრი მომავალი სტუმრების დასაწოლ ადგილებსა და წვეულებებისთვის საჭირო სივრცეზე უფრო ზრუნავს, ვიდრე თავის მოხერხებულ ყოველდღიურ ყოფაზე. ბევრ სახლში არის ძვირფასი ავეჯით მორთული დიდი სასტუმრო ოთახი, რომელიც უმეტესად ცარიელია. იქ ბავშვებს სათამაშოდ არ უშვებენ, მხოლოდ ზოგჯერ აძლევენ იქ შეხედვის უფლებას.

ჩვეულებრივ დღეებში იქ შესვლა არ შეიძლება, მისი კარი მხოლოდ სტუმრიანობისას იღება, დანარჩენ დროს კი ოჯახის წევრები ვიწრო ოთახებში ატარებენ. ლამაზი სერვიზები ძვირფასი ავეჯის ვიტრინებში იმტვერება მაშინ, როცა მთელი ოჯახი ძველი და უფერული ჭურჭლით საუზმობს, სადილობს და ვახშმობს... ნუ გადადებთ თქვენს ცხოვრებას მომავალი დღისა თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, სახლი ლამაზი და მოხერხებული, მყუდრო და სასიამოვნო უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვინც იქ ცხოვრობს, ხოლო თუ ის სტუმრების მისაღებად არ გამოდგება, არაფერია - შეგიძლიათ, სტუმრები რესტორანში, კაფეში ან პიკნიკზე მიიწვიოთ. თავადვე დარწმუნდებით - ყველა კმაყოფილი დარჩება.

  • დაემშვიდობეთ ზედმეტ ნივთებს

თუ დეპრესია მოგეძალათ, ესე იგი დროა ძველ, უსარგებლო ნივთებს დაემშვიდობოთ. არაფერი ისეთ კეთილისმყოფელ გავლენას არ ახდენს ოჯახურ ატმოსფეროზე, როგორსაც სისუფთავე, წესრიგი და სივრცე. რეგულარულად მოაწყვეთ ტანსაცმლის, ავეჯის, ჭურჭლის, წიგნების რევიზია. თქვენთვის გამოუსადეგარი წიგნები შეგიძლიათ ბიბლიოთეკას ჩააბაროთ ან მათ მისცეთ, ვისაც ისინი ძალიან სჭირდება, ტანსაცმელი ახლობლებს დაურიგოთ, ბავშვთა სახლს გადასცეთ ან ეკლესიაში მიიტანოთ. იმავე გზას გაუყენეთ ძველი ჭურჭელი და სათამაშოებიც. ძველი ავეჯის შესყიდვის მსურველებიც მოიძებნებიან. თუ ქოთნის ყვავილები დაგიგროვდათ, შეგიძლიათ წაიღოთ სამსახურში, სკოლაში, საბავშვო ბაღში...

  • რამდენიმე წვრილმანი

  1. ზარი. თუ ზარის ყოველი დარეკვისას გული გიფრიალებთ, დაუწიეთ ხმა ან შეცვალეთ, დააყენეთ უფრო სასიამოვნო მელოდია.
  2. ტელეფონი. ზოგჯერ ის უდროო დროს რეკავს. შეიძინეთ ავტომოპასუხე. მალე მიხვდებით, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყურმილი ყოველ ჯერზე აიღოთ.
  3. მეზობლები. მათთან უმჯობესია დისტანცია დაიცვათ. მისი შემოკლება ნებისმიერ დროს შეიძლება, აღდგენა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. შეეცადეთ შეინარჩუნოთ დიპლომატიური ურთიერთობა მათთან, ვინც მოგწონთ.
  4. ხედი ფანჯრიდან. რა თქმა უნდა, თუ თქვენი ფანჯრებიდან სასიამოვნო პეიზაჟი კი არ იშლება, არამედ ავტომაგისტრალი ან ნაგავსაყრელი ჩანს, ვერაფერს გააწყობთ. ისღა დაგრჩენიათ, ლამაზი ფარდები შეარჩიოთ, რომლებიც ცხოვრების მოსაწყენ ფერებთან შეგუების საშუალებას მოგცემთ.