ბედნიერების ფრაგმენტებით და უბერებელი სევდით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბედნიერების ფრაგმენტებით და უბერებელი სევდით

ერთადერთი, რასაც სიამაყით იტყვის ხოლმე, მხოლოდ ის არის, რომ ის მშობლიური უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორია. ამ მაღალი პოზიციის მიღმა არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და დიდი წარმატება უკავშირდება მის საექიმო და სამეცნიერო ღვაწლს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია გუზის მშვიდობის საერთაშორისო პრიზის 2015 წლის ლაურეატია მედიცინის, კერძოდ, ყბა-სახის ქირურგიაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისა და სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის; უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) წევრი; ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორი (დიდი ბრიტანეთი); AMEE-ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის, MEDINE-2 სამუშაო ჯგუფის წევრი, AMEE-ის საპატიო წევრი (HOნორარყ Fელლოწ ოფAMEE), აბრეშუმის გზის ევროაზიულ უნივერსიტეტთა კონსორციუმის (EშღUჩ) აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი; საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი; ტერნოპილის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პირველი პრეზიდენტი (ამ პერიოდში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია გაერთიანდა მსოფლიოსა და ევროპის სტომატოლოგთა ფედერაციასა და საზოგადოებაში); 135 სამეცნიერო შრომის, ერთი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფის წევრი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ჩატარდა 100-მდე საერთაშორისო კონგრესი, კონფერენცია, „ვორქ-შოფი“; მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ყბა-სახის მიდამოს განვითარების თანდაყოლილი მანკები და ანომალიები, ჰემანგიომები და სიმსივნისმაგვარი დაავადებები, ზოგადი გაუტკივარების საკითხები ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიაში, სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია და სხვა.

ბატონი ზურაბი არაჩვეულებრივი თანამოსაუბრეა, ერთსა და იმავე დროს სადაც და დახვეწილიც, ემოციურიც და გულწრფელიც, იუმორით სავსეც და სიღრმისეულიც...

ძალიან მინდოდა, თავისი ამაგდარი საქმიანობის შესახებ და პიროვნული სრულყოფისთვის მის მნიშვნელობაზე ვრცლად ესაუბრა, ამიტომ ჰეგელის სიტყვებიც კი მოვიშველიე საუბარში ასაყოლიებლად: „ადამიანი ის არის, რა საქმეც ეხერხება“. ამ თვალსაზრისით ექიმები ძალიან კარგ პოზიციას იკავებთ – დახმარებისთვის მუდმივი მზადყოფნა და სხვისი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის თავგანწირული ბრძოლა ნუთუ შინაგან სამყაროზე არ აისახება-მეთქი... ამ თემაზე საუბარს ოსტატურად აარიდა თავი. სიტყვისა და ნააზრევის რაფინირებული განცდა, როგორც ჩანს, კარნახობდა, რომ ამ სერიოზულ შეკითხვას თავად ექიმის ცხოვრება თუ გასცემს პასუხს... სხვა პასუხი მისთვის ფასეული არ აღმოჩნდა...

დიახ, თავად ცხოვრება ძალიან ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს... ამიტომაც ვეცადე და მკითხველამდე მოვიტანე ღირსეული და წარმატებული ბავშვთა ყბა-სახის ქირურგის, თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ცხოვრების ეპიზოდები ბედნიერების ფრაგმენტებითა და უბერებელი სევდით...

– ბატონო ზურაბ, მინდა, ამ საუბრის თემა იყოს მთელი თქვენი ცხოვრება ერთი თვალის გადავლებით. ყველაფერს ვერ შევეხებით, მაგრამ იქნებ გაგვანდოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება რა არის თქვენი ცხოვრების პირველი ათწლეულიდან, რას გამოარჩევდით?

– ღმერთო... პირველი ათწლეული – ჩემი უზრუნველი ბავშვობა. თბილისი... საქმით ძალიან დაკავებული მშობლები. რაც თავი მახსოვს, ჩემთვის ჩვეულებრივი ცნება იყო „სამსახური“. ამ სიტყვას, ისევე, როგორც თავად შრომის პროცესს, ჩემი მშობლები საკრალურად მიიჩნევდნენ და ვგრძნობ, რომ იგივე განცდა გენეტიკურად მეც გადმომეცა. აქვე დავძენ, რომ ჩემი მშობლები და უფროსი და მეც მაფეტიშებდნენ... თუმცა ამ დამოკიდებულებას სრულიად ჯანსაღი და არა მავნებლური შინაარსი ჰქონდა.

რა მახსენდება ჩემი ცხოვრების პირველი ათწლეულიდან?

კარგი საბავშვო ბაღი, ბევრი სათამაშო, პირველი ორთვლიანი ველოსიპედი, ჩემი ეზო, კალათბურთი და ფეხბურთი, საუკეთესო სკოლა, საინტერესოზე საინტერესო სკოლის ამხანაგები, უბერებელი პლეხანოვი – თბილისისა და ჩემი სული და გული. მახსენდება სანუკვარი საჩუქარი – კინოკამერა, ფილმის გადაღების ფარული ინტერესი და პირველი მცდელობა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში ნელ-ნელა, თითის წვერებზე შემდგარი, მალულად, მაგრამ ძალიან დიდი რეზონანსით შემოვიდა სცენა და თეატრი. მას შემდეგ ჩემი სულიერი სამყარო თეატრის დარბაზსა და სცენაზე დატრიალებულ ზღაპარს დაუკავშირდა.

მე ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში!

– „ფიქრებს, როგორც ადამიანებს, აქვთ თავიანთი სიჭაბუკის ხანა“ (ფრენსის ბეკონი). თქვენი სიჭაბუკის ხანის ფიქრებიდან, რაც თქვენს მომავალს ეხებოდა – ახდა რომელიმე?

– სიჭაბუკეში, როცა ბიჭს წვერის ამოსვლა უხარია და ეს პროცესი მისთვის ზრდასრულ ცხოვრებაში შესვლადაა აღქმული, ფიქრებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჭაბუკობისას ბრძნული ფიქრები არ მოსდის კაცს თავში, ან რა საჭიროა? ოქროს მედალზე სკოლადამთავრებული ბიჭები მარტო ტრიგონომერტიულ განტოლებებზე ან წყვილჩლიქოსნებზე როდი ვფიქრობდით... იყო პლეხანოველი ბიჭებისთვის ასე მოხდენილად მორგებული უდარდელობა და სამართლიანობის დამცველის როლის გათავისების პერიოდი. იყო ლამაზი გოგონებით აღფრთოვანების სიხარული და მათი ყურადღების მისაპყრობად ჩადენილი „ვაჟკაცობები“. ეს დრო იყო თბილისური, კაცური მოლხენის პირველი გამოცდილების წლები.

ბევრი რამ იყო... ზოგიერთი აღარც კი მახსოვს, მაგრამ ჩემი გონებიდან არ იშლება მიუღებელი და საძრახი ქცევისადმი გაჩენილი ის სიძულვილი, რომელიც ჩემი 24-ე სკოლის ძველი კედლებიდან, ჩემი მშობლების სიყვარულით გაჟღენთილი სახლიდან და ჩემი ბავშვობის ეზოდან წამოვიღე.

ცოტა მოგვიანებით ექიმობის სურვილიც მოვიდა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ შემხვედრია არც კაცი და არც ოჯახი, ექიმი ისე გაეღმერთებინათ, ისე მიეჩნიათ ყველაზე უპირატესად და ისე უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ, როგორც ეს ჩემი დედ-მამის სახლში ხდებოდა. ამიტომ ჭაბუკობის ჟამს ექიმის, როგორც ზეკაცის, პროფესია ჩემთვის ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა.

მწამდა, სამედიცინო ინსტიტუტში ფეხის შედგმით ჩემი სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყებოდა და იმ ცხოვრებაში მექნებოდა კეთილშობილური, თუმცა ძალიან რთული და საშინლად ქანცგამწყვეტი „სამსახური“. ზუსტად ისეთი, ბავშვობისას ჩემს მშობლებს რომ ჰქონდათ და გულის კუნჭულში მეც რომ მინდოდა მქონოდა. ისიც ვიცოდი, რომ იმ ჩემს ცხოვრებაში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე რომ უნდა დაწყებულიყო, კიდევ მელოდა რაღაც!!! იდუმალი სიხარულისა და გაოცების მსგავსი, ჯერ კიდევ კონტურებგამოუკვეთელი, მაგრამ უდიდესი მიზიდულობისა და ძალის მქონე.

ასეც მოხდა...

მე ბედნიერი ვიყავი იმ სიჭაბუკეში!

– „ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია“ (სიბრძნე ზირაქისა). გახსენდებათ რომელიმე მარცხი (გნებავთ, პროფესიულ ცხოვრებაში, გნებავთ – უბრალოდ, ცხოვრებისეული ამბებიდან), რომელმაც კარგი გაკვეთილი მოგცათ და მიღებული გამოცდილება ცხოვრებაში გამოგადგათ?

– წარმატება და მარცხი... რა უცნაური, დროს დაქვემდებარებული და მგრძნობიარე პროცესებია. ვის არ განუცდია თითოეული, მაგრამ რარიგ სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ადამიანები მათზე.

წარმატებისას ბედნიერების განცდა გეუფლება, მარცხის დროს კი – უბედურებისა. მაგრამ გავა დრო და კაცი თავად გააკეთებს დასკვნას, რომ წარმატება ბედნიერების მხოლოდ ერთი შემადგენელი ყოფილა, ისევე როგორც მარცხი – უბედურებისა.

ერთი წარმატებული, დიდად წარმატებული, ამერიკელი სტომატოლოგი, თავის თითქმის ყველა ლექციას ასე იწყებდა: „...იღბლიანი და ბედნიერი კაცი ვარ“ და აუდიტორიაც თითქმის იჯერებდა, თავის საკუთარ იღბალს, ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას რომ ჰპირდებოდა.

კადნიერებაში ნუ ჩამითვლით, თავს წარმატებულ კაცად ვთვლი, თუმცა იგი ბედნიერების ჩემეული გაგების მხოლოდ ერთი ეპიზოდია – ბედნიერების ჯაჭვის შემადგენელი მხოლოდ ერთი რგოლი.

ისე კი, ნეტავ რა უნდა ვიგულისხმო წარმატებაში?

ტრადიციული მნიშვნელობით ის, ძირითადად, კარიერულ წინსვლასა და ამბიციების დაკმაყოფილებასთან ასოცირდება. მაგრამ იქნებ იგი არჩეულ და საოცნებო პროფესიაში კეთილი საქმეების კეთება ან ამ პროცესში მრავალ ცდუნებაზე გამარჯვება იყო? იქნებ, ჩემი მოსწავლეების, ისევე, როგორც ჩემი შვილებისა და მათი შვილების წინსვლა და ცხოვრებისეულ სირთულეთა ოსტატურად დაძლევა მივიჩნიე წარმატებად?

ფიქრთა ამგვარ დინებას რომ მივყვები, კვლავ მეუფლება წარმატებულობის განცდა. ყოველივე საპირისპიროს კი წარუმატებლობად, ანუ მარცხად მივიჩნევ.

მარცხის თავიდან ასაცილებლად ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი შრომა დამჭირდა. მარცხს კატასტროფათა რანგში ვერ ავიყვან, მაგრამ არც ბედნიერების განცდას გიტოვებს ადამიანს. არ დავიჩემებ, მაგრამ, ჩემი აზრით, წარმატებას კაცმა მარცხის გარეშეც შეიძლება მიაღწიოს, თუმცა მარცხით სტიმულირებულ ჟინსა და საკუთარ თავზე ბრაზს ნამდვილად შეუძლია წარმატებამდე მიყვანა.

გამიმართლა და არ დავმარცხებულვარ მეგობრობაში, ჩემს პროფესიულ არჩევანში, ჩემს სინდისთან. წლები გადის და არ მსურს ამ ტრადიციის დარღვევა. მაგრამ, თუ მარცხი მაინც უნდა „შემომხვდეს“ გზაზე და ჩემზე გამარჯვება იზეიმოს, ვისურვებდი, რომ იგი ყოფილიყო დრო! მხოლოდ დრო!

photo-1-1705928195.jpg

– ექიმ ლადო კოტეტიშვილზე (ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაზე) ადრე ვწერდი: „უბზარო“ იყო-მეთქი. მისი წერილის ერთი ფრაგმენტის მიხედვით ვამბობდი ამას. აი, ეს ფრაგმენტია: „გამარჯობა, გრიშა! ალბათ, გაინტერესებს ჩემი ამბავი. კარგად ვარ. ხომ იცი, დაბერტყილი და დაცარიელებული ჩონჩხის მეტს მე მიწას არაფერს მივცემ. რაც კი არის ჩემში გონებრივი თუ ადამიანური, ეს აქ უნდა დარჩეს, ამ ქვეყანაზე. იმიტომ კი არა, რომ ან სახელი მაინტერესებს, ან ხარისხი, ან კეთილდღეობა – სრულიადაც არა. მე ვცდილობ, მხოლოდ ვიყო ადამიანი სრულქმნილი, როგორც მიქელანჯელოს ქანდაკება, რომელიც მაღალ კედლიდან რომ დააგორეს, ძირამდინ ისე ჩაგორდა, არამც თუ არ გატყდა, ერთი ნაკვთიც არ შეშლია. რატომ? იმიტომ, რომ სწორად იყო გაკეთებული. ადამიანიც ისე სწორად უნდა იყოს აშენებული, რომ არანაირ პირობებში არ უნდა იბრუნოს არც ერთი ნაკვთი გონებისა და ზნეობისა, არ უნდა დაკარგოს – არსად უნდა გაიბზაროს. მაგარი უნდა იყოს, როგორც ძველი დამასკის ქაშანური“. ლადო, ლენინგრადი, 27.VIII.39“

- არანაირ პირობებში არ უნდა იბრუნოს არც ერთი ნაკვთი გონებისა და ზნეობისა, არ უნდა დაკარგოს – არსად არ უნდა გაიბზაროს – ეს ურთულესია და, ამავდროულად, გმირობის ტოლფასი. ბატონო ზურაბ, შეგიძლიათ, დამისახელოთ ადამიანები, თქვენი ცხოვრების გზაზე რომ შეგხვედრიათ და თქვენზე „უბზარო“ შთაბეჭდილება დაუტოვებიათ?

– ხომ არ გაგაწბილებთ ამის თქმით, რომ „უბზარო“ ადამიანთა მოლოდინი იდეალის ძებნას ჰგავს, რომელიც მანამ წარმოადგენს იდეალს, სანამ არსებობს მასთან მიახლოებისა და მისთვის ხელის შეხების დაუსრულებელი სურვილი და სწრაფვა.

არცთუ ბევრი ქალი და მამაკაცი მახსენდება, განგებამ რომ გამომიგზავნა ჭკუის დამრიგებლად, მასწავლებლად, მოსასმენად, საყურებლად და გასახსენებლად. მაგრამ მათ შორისაც არიან რჩეულნი.

photo-6-1705928233.jpg

ჩემს პროფესიაში, უფრო სწორად – მედიცინაში, ორ ქალბატონს გამოვყოფდი:

პირველის გახსენებისას თითქმის მშობლის აღქმა მაქვს. იქნებ იმიტომ, რომ პროფესიაში მოსვლისას მე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, ის კი – უკვე სახელოვანი, ხელგაწაფული ქალბატონი, რომელსაც სჯეროდა ჩემი და მშობელივით ახარებდა ჩემი წინსვლა. რა დამიტოვა მან? თვლად ფასეულობათა შორის რამდენიმეს გამოვყოფდი: მარჯვე ხელის იმედი, შრომის ფასი, მოზომილი, გააზრებული და შეუდარებელი კომენტარები ცხოვრებაზე, მის მრავალსახა იერსა და ვერაგობებზეც ზოგჯერ.

მეორე ქალბატონს არა მარტო ჩემთვის, მაგრამ ჩემთვისაც, მისთვის დამახასიათებელი და დღემდე დაუმარცხებელი „ჩემპიონის“ ტიტული აქვს. განუზომელი ტალანტი, პოლემიკაში შესვლისა და იქიდან გამარჯვებით გამოსვლის თანდაყოლილი უნარი, შესაშური წიგნიერება და რეკორდული რაოდენობის დისერტანტი. მას აღიარებდნენ, მისი ეშინოდათ (ამ სიტყვის უკან მხოლოდ ინტელექტუალური ზეაღმატებულება იგულისხმება), მას ბაძავდნენ.

არ იფიქროთ, რომ თითქმის იდეალები („უბზარონი“) მხოლოდ მედიცინაში მყავდნენ. ზეკაცად (სწორედ იმ გაგებით, თქვენ რომ ბრძანებთ: „ადამიანი არის ის, რა საქმეც ეხერხებაო“) მუსიკის ერთ ქართველ გენიას მივიჩნევ. მას იმდენი ადამიანი აღიარებს და იმდენი ეთაყვანება, რომ უკვე შეუძლებელია გამოარჩიო, ვის ესმის მისი მელოდიისა, ვინ გაოგნებული ნანობს, რატომ ვერ ვიგებო და ვინ უბრალოდ თავს უკრავს ორივეს. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მისი ბგერების ბოლომდე მესმის, მაგრამ მხოლოდ მის განუმეორებელ, მრავალფეროვან მოტივებს შეუძლიათ დამაკარგვინონ რეალობის აღქმა და მტკივნეულ სევდაში მომავლის იმედი დამანახონ. მუსიკის ტოლფასად მხიბლავდა თხრობის მისეული მანერა, აზრთა წყობა, საუბრის ტონი და შეუცვლელი თვითმყოფადობა.

photo-3-1705928258.jpg

დაბოლოს, ერთი დამრჩა. ის ცოცხალია და უკვე ლეგენდაა... ის მრავალსახაა, ხან კეთილი და კრუტუნაა კატასავით, ხან კი შეუძლია გარდაიქმნას ყველაზე დაუნდობელ და რისკიან კაცად. სწორედ რომ არ არის ეს კაცი „უბზარო“, მაგრამ ბზარები დაფარულია ისეთი გემოვნებით, ისეთი აღმაფრთოვანებელი მოულოდნელობებით, ისეთი გამაოგნებელი ახალი მიგნებებით, რომ მე, როგორც ელექტრო-მაგნიტური ძალებით მართული ლითონის ობიექტი, ყოველთვის მიზანმიმართულად მივისწრაფვი იმ შენობისკენ, იმ დარბაზისა და სცენისკენ, სადაც ლეგენდა საკამათო, გასაგიჟებელ, ვისთვის – გაუგებარ, ვისთვის – ბრაზისმომგვრელ, ვისთვის კი – სახტად დამტოვებელ შედევრებს ქმნის. ის ჯადოქარს ჰგავს, თვალს ჩაგიკრავს და შენ, ჰიპნოზში გადასული, უკვე სიზმარში აღმოჩნდები.

საოცარი დამთხვევაა: ჩემ მიერ ნახსენები ექიმი ქალბატონები ერთმანეთის დიდი მეგობრები იყვნენ, მეგობრობდნენ ეს გენიალური ხელოვანებიც.

მარიამ გრიგალაშვილი, თამარ დეკანოსიძე, გია ყანჩელი, რობერტ სტურუა!

მე ბედნიერი ვიყავი მათთან ურთიერთობით!

– მგონია, რომ ერთი დიდი საუნჯე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ გტოვებთ, თქვენი მეუღლეა – ქალბატონი მარინა, რომელიც საოცარი ჰარმონიით ავსებს თქვენს ყოველდღიურობას (მკითხველისთვის, ვინც არ იცის, ვიტყვი, რომ ქალბატონი მარინა მამალაძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის /IჩD/ ევროპის სექციის ვიცე-რეგენტი, სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, „უნიდენტის“, დირექტორი გახლავთ სამკურნალო და სასწავლო-კვლევითი მუშაობის დარგში)... ასეა, არა? იქნებ გვიამბოთ ორი არაჩვეულებრივი ექიმის ცხოვრებისეულ ტანდემზე, თქვენს ერთობასა და თანაცხოვრებაზე. რამდენი წელია, ერთად ხართ... მგონი სტუდენტობიდან დაიწყო თქვენი ოჯახური ცხოვრება და დღეს უკვე ორივე პროფესორი ბრძანდებით, გყავთ შვილები, ისინიც წარმატებული ექიმები და პროფესორები...

photo-4-1705928285.jpg

– მაშინ 16 წლის ვიყავი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დაწყების პირველ დღეს, მესამე კორპუსის წინ, კიბეებზე ულამაზესმა თვალებმა შემომანათა. დავიბენი, გავშეშდი, გავშტერდი და ვინ იცის, კიდევ რა დამემართა... (მოგვიანებით მივხვდი – ეს პირველი ნახვით შეყვარება იყო). გონზე რომ მოვედი, ის სილამაზე იქ აღარ დამხვდა. გაცნობა ვერც მოვასწარი და ვერც მოვახერხე. შევხვდები მას ოდესმე? და თუ ვნახავ, იგივე აღარ უნდა მომივიდეს... ძალიან გამიმართლა – ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა... მართალია, მე ვიყოჩაღე, თუმცა მასაც ძალიან არ გავუწვალებივარ.

18 წლის ასაკამდე თავი ძლივს მივიტანე. სულ მარინაზე ვფიქრობდი, სრულფასოვნად ვეღარაფერს ვაკეთებდი, მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო. მეორე კურსზე 4 მეგობრის ხელშეწყობით საიდუმლოდ ხელი მოვაწერეთ და ოდესაში „გავიპარეთ“... ჩვენ ახლაც ვთვლით, რომ ოდესაზე უფრო ლამაზი და ნაკლებად საბჭოური ქალაქი იმ დროს არ იყო.

მთელი ჩემი ცხოვრება მარინა მამალაძეს მივდევ და ვერ ვეწევი. ვერც ექიმობაში, ვერც მასწავლებლობაში, ვერც მეცნიერებაში, ვერც თავდაუზოგავ შრომისმოყვარეობაში, ვერც სიახლეებისადმი დაუოკებელ ლტოლვაში, ვერც საერთაშორისო კავშირებსა თუ ცნობადობაში.

მე კი არა, ვინ დაეწევა მას, იმდენი მოწაფე და მიმდევარი ჰყავს! დიპლომამდელ სწავლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, დიპლომირებულ სტომატოლოგთა რაოდენობა, ვინც უშუალოდ მარინა მამალაძის ხელმძღვანელობით გაიარა დიპლომისშემდგომი სწავლება, უკვე დიდი ხანია ოთხნიშნა ციფრით გამოიხატება.

წლების წინ ქართული სტომატოლოგიის ერთ-­ერთმა კარგად ცნობილმა უხუცესმა პროფესორმა (სახელს არ დავაზუსტებ, რადგან მისგან ნებართვა არ ამიღია) მარინას უთხრა: „შენ შეძელი, სტომატოლოგიაში ვირული შრომა სვეტობად გექციაო“.

ცხოვრებაში მხოლოდ ერთ სიტუაციაში, ვარჯიშის დროს, ვახერხებდი მარინას დავწეოდი და თქვენ წარმოიდგინეთ, გამესწრო კიდეც: მე ველოსიპედით, ის კი ფეხით დადიოდა (იცინის), მაგრამ ვინ გაცალა? პანდემიის პერიოდში, 62 წლის ასაკში, ველოსიპედის ტარებაც ისწავლა და ისე დაქრის, რომ მის დევნაში ბევრს ვუნახივარ გასაჭირში ლისის ტბაზე თუ შავიზღვისპირეთში.

photo-5-1705928317.jpg

49 წელი ერთად ყოფნის მიუხედავად, მარინა ჩემს გაოცებას იმდენჯერ ახერხებს, რამდენჯერაც თვითონ მოესურვება. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს – მეც ვუწყობ ხელს (იცინის): მრავალი წლის წინ, ინდოეთში მივლინებით ყოფნისას ნაყიდი „ფეხაჯურ-კოჭაჯური“ ვაჩუქე და მგონი, მაშინ თბილისში პირველი ქალი იყო, ვინც ამას ატარებდა. სხვათა შორის, დღემდე არ მოუხსნია... მიმდევრებიც მალე გამოუჩნდნენ (იცინის).

ჩვენი ქალიშვილი, დეა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. თვითონ ასე ხუმრობს: „მე, დედა და მამა ერთად გავიზარდეთო“. დეას კარგი მეუღლე ჰყავს. მათგან 2 შვილიშვილი გვყავს. ნიცა ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად გერმანიის საფონდო ბირჟაზე მუშაობს. სულ ახლახან აშშ-ის ყველაზე დიდმა ბანკმა, ჟP Mორგან ჩჰასე-მა, მასთან დაასრულა მრავალეტაპიანი ინტერვიუები და ოქტომბრის თვიდან ნიცა მუშაობას გერმანიაში, ამ ბანკის ერთადერთ ფილიალში – ფრანკფურტის ოფისში – იწყებს. მისი ასეთი დიდი წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად გერმანული და ინგლისური ენების საფუძვლიანმა ცოდნამაც განაპირობა, ზუკა – მეთერთმეტეკლასელია.

ოთომ განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო. აქ 6 სემესტრი ისწავლა, შემდეგ კი სწავლა გერმანიასა და ავსტრიაში განაგრძო. უფრო სწორად, გერმანიაში განათლება პირველი სემესტრიდან დაიწყო. სამწუხაროდ, ამ საუკუნის მეორე ათწლეულამდე გერმანულ უნივერსიტეტებში ფაქტობრივად არ ხდებოდა საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარება.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ოთოს გერმანელი გოგონა შეუყვარდა და დაქორწინდნენ. ამჟამად მიუნხენში ცხოვრობენ. 3 შვილი ჰყავთ: ლუკა, მარი და ნია. ჩვენი რძალი ოფთალმოლოგია, კარგად ისწავლა ქართული ენა, შვილიშვილებიც ქართულად გველაპარაკებიან. ოთო მიუნხენში საკუთარ შვიდსავარძლიან სტომატოლოგიურ კლინიკასა და სატექნიკო ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ორთოდონტიის გარდა, სტომატოლოგიის ყველა მიმართულებაში მუშაობს. დიდ პატივად თვლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის სტატუსს და ყოველსემესტრულად კითხულობს ლექციებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და ექიმებისთვის.

ჩვენი 5 შვილიშვილიდან მხოლოდ ერთი, ზურაბი, გვყავს საქართველოში და ამიტომ მისი „აქციების“ ფასმა ძალიან აიწია (იცინის).

ისე, არ არის ადვილი მუდმივ მონატრებაში ცხოვრება...

– ებნერ-ეშენბახი: მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით. რისი რწმენა გაგიჩინათ ათწლეულებით მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ?

– ასეა ცხოვრებაც, პროფესიაც და სიყვარულიც. იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით.

ზოგადად ეჭვიანი კაცი არ ვარ. ეს იქნებ არც არის კარგი, მაგრამ რაღას ვიზამ – ასეა. თუმცა ებნერ-ეშენბახი ეჭვის ქვეშ, ალბათ, ამ სიტყვის ხალხში აღიარებულ და დამკვიდრებულ მნიშვნელობას არ გულისხმობდა.

ეჭვად მომავლის, ცხოვრების სხვადასხვა შემადგენლის ან აწი დასაგეგმის, წარსული ისტორიების ანალიზის და მათი შედეგების შეფასების პროცესს მივიჩნევ. იცით, რამდენჯერ მიფიქრია – სწორად მოვიქეცი, ექიმობა რომ ავირჩიე? სწორი იყო ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი? სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი უნივერსიტეტის მართვისას? ან სწორია ჩემი, როგორც ქართველი კაცის, პოზიცია ჩემი ქვეყნის წინაშე? მსგავსი კითხვები, შესაბამისად, მსგავსი ეჭვები, უთვალავ ადამიანს აწუხებს, რადგან თითოეულში, ალბათ, ხინჯის რაღაც პატარა მარცვალი ურევია... მაგრამ მერე, დამჯდარ და განელებულ გონებაზე, ანალიზის დრო რომ მოგივა, შენს თავზე ბრაზი გაგივლის და ხშირად თვალიც გაგიშტერდება, საამო პასუხებიც ნელ-ნელა მოვა.

ბედნიერი ვარ:

ექიმობა რომ ავირჩიე, რომ ჩემს მეხსიერებაში სევდიანი და მტირალი ბავშვების გამოსახულებები მათმა ცოტა დამფრთხალმა, მაგრამ გახარებულმა, ჯანმრთელმა და ღიმილიანმა სახეებმა შეცვალა;

რომ ჩემს ასაკში ჩემივე ტოლი, საღი გონებისა და დიდი ენერგიის მქონე მეგობრის გვერდით ვცხოვრობ, რომელიც კვლავ ძალიან მომწონს და რომელსაც, ეჭვი მაქვს, კვლავაც მოვწონვარ;

რომ ჩემი წილი ბრძოლა მოვიგე ჩემი გამზრდელი უნივერსიტეტის განვითარების, კეთილდღეობისა და წინსვლის საქმეში, რომ ეს საქმე ჩემს ერთგულ გუნდთან ერთად ვაკეთე;

ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი საქართველოში, რომ მთელი არსებით მიყვარს ეს ქვეყანა, რომ მისი ხალხის ჯანმრთელობისა და განათლების სამსახურში ვარ, როგორც ხელმძღვანელი და როგორც რიგითი ჯარისკაცი. მაბედნიერებს ქართული, გამართული მეტყველება, ამ ენაზე ჩემი აზრის გამოთქმა, წერა და სხვისი, უფრო უკეთესის, წაკითხვაც და მოსმენაც.

ცხოვრებამ არაერთხელ შემომკრა თავისი ცივი და მტკივნეული თათი, ბევრჯერ დამაყენა ბრძოლის აუცილებლობის პირისპირ, ბევრჯერ წამაბორძიკა კიდეც, მაგრამ ამავე ცხოვრებამ ბევრი სიკეთეც დამანახა, მრავალი ადამიანით აღმაფრთოვანა და უდიდეს საჩუქართან – რწმენასთან ერთად უბერებელი სევდაც გადმომცა – რა ხანმოკლე ყოფილა იგი...

ესაუბრა ლელა ჯიყაშვილი