გაიღიმეთ!
ამბობენ, ძირითადად ემოციური განწყობა და ადამიანის გარეგნობა განსაზღვრავს.
მათვე გამოიყვანეს ბედნიერების ფორმულა:
ბედნიერება = P + E + H
- P პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობაა (მსოფლმხედველობა, არასასურველი ფაქტორებისადმი მდგრადობისა და ადაპტაციის უნარი),
- E - რელობისადმი დამოკიდებულება (ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა, მეგობრების რაოდენობა),
- H - სოციალური სტატუსი (თვითშეფასება, სწრაფვა, ამბიცია).
რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო ბედნიერია ადამიანი. დაგვეთანხმებით, რომ ამ ფორმულით ბედნიერების ხარისხის განსაზღვრა არცთუ იოლია. ათასობით ფორმულასაც კი არ შეუძლია ამოიცნოს, რამდენად ბედნიერები ვართ. ან საერთოდ შეიძლება კი მათემატიკური სიზუსტით ამის გამოთვლა?
და მაინც, ადამიანები გამუდმებით ეძებენ ბედნიერების რეცეპტს. ბედნიერება კი თურმე არც ისე შორს არის - იგი ჩვენშივეა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
-
ჯადოსნური ჰორმონი
მზიანი დღე სანაპიროზე, საყვარელი ჰანგები, მხიარულება მეგობრების წრეში - ამით როდი ამოიწურება იმ სიამოვნებათა ნუსხა, რაც ცხოვრებით ტკბობის საშუალებას გვაძლევს. ყოველივე ამის განცდაში კი ნეირომედიატორი სეროტონინი გვეხმარება.
სეროტონინი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება და მასში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს. როდესაც ირღვევა მისი სინთეზი ან შესაბამის რეცეპტორთან (ნერვულ დაბოლოებასთან) ურთიერთქმედება, მწყობრიდან გამოდის კუჭ-ნაწლავის მოტორული, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, სისხლის შედედების ფუნქციები, ვითარდება დეპრესია.
სეროტონინი ერთადერთი ნეირომედიატორი (ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გადამტანი) არ არის, თუმცა სპეციალისტები მას "სიამოვნების მთავარ ჰორმონს" უწოდებენ. იგი გამოიყოფა, მაგალითად, გემრიელი საკვების ჭამის დროს. ადამიანები, რომელთა ორგანიზმი ამ ჰორმონს ნაკლებად გამოიმუშავებს, სიამოვნებას თითქმის ვერ განიცდიან.
სეროტონინი უმეტესად მზიან ამინდში გამოიყოფა. ამიტომაა, რომ ნათელ დღეებში განსაკუთრებით ხალისიანები ვართ და ერთნაირი სიამოვნებით მივდივართ გასართობად თუ სამსახურში, ხოლო მოღრუბლულ ამინდში სევდას მივეცემით ხოლმე.
სეროტონინის გამომუშავებას ასტიმულირებს ინდაურის ხორცი, ყველი, რძე, ბანანი, ნაყინი, განსაკუთრებით ძლიერ კი - შოკოლადი. ეს უკანასკნელი უხვად შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც სეროტონინის წინამორბედია და გარკვეულ პირობებში ბედნიერების ჰორმონად გარდაისახება. ამიტომაც ურჩევენ დეპრესიულ, დათრგუნულ ადამიანებს შოკოლადს და არც ცდებიან: აბა, დამისახელეთ ამაზე გემრიელი წამალი!
-
სასწაულმოქმედი მელატონინი
სეროტონინი და მელატონინი ნათესავები არიან - ერთი და იმავე ნივთიერებისგან წარმოიშობიან, ოღონდ ერთი - დღისით, მეორე კი - ღამით. ამის გამოა, რომ ზამთარში, როდესაც მზე თავს მოგვანატრებს ხოლმე, მელატონინი ჭარბად გამოიყოფა, სეროტონინი კი იკლებს, ხოლო თუ მისი დონე საგრძნობლად შემცირდა, ვითარდება დეპრესია. მელატონინს მუდმივი ახალგაზრდობის ჰორმონსაც უწოდებენ. იგი აფერებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ორგანიზმს, ადამიანს ღრმა და მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს. მელატონინის შემცველი პრეპარატების შექმნა არც ისე ადვილია.
სპეციალისტები მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ, განესაზღვრათ ჰორმონის ის ოპტიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც დადებითად იმოქმედებდა ორგანიზმზე, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, იდეალური დოზა ვერ დაადგინეს: ხელოვნურად შექმნილი პრეპარატის ორგანიზმში სულ მცირე რაოდენობით შეყვანაც კი შეუქცევად ცვლილებებს იწვევდა. ამიტომ მეცნიერებმა ჰორმონის გარედან შეყვანაზე ოცნებას თავი ანებეს და ყურადღება გადაიტანეს ორგანიზმში უკვე წარმოქმნილის რაციონალურ გამოყენებაზე, მისი გამომუშავების სტიმულაციაზე.
გინდათ იცოდეთ, როგორ აიძულოთ ორგანიზმი, მელატონინი სათანადო რაოდენობით გამოიმუშაოს?
- უპირველეს ყოვლისა, პატივი ეცით დღეღამურ ციკლს, დროულად მიაშურეთ საწოლს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში, ვინც ადრიანად (არა უგვიანეს 10 საათისა) იძინებს და ადრევე დგება, მელატონინი ჭარბად გამოიყოფა.
- ეცადეთ, მზიან დღეებში დიდხანს ისეირნოთ, ხოლო სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან ახლოს დადგათ.
- მიირთვით მელატონინით გაჯერებული საკვები: მარცვლეული (ქერი, სიმინდი, ბრინჯი), ბარდა, პომიდორი, ბანანი. თუ გსურთ, ღრმად და მშვიდად იძინოთ, მიიღეთ ეს საკვები დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
- ნურც ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს დაივიწყებთ. ისინი ხელს შეუწყობენ მელატონინის გამომუშავებას. ცხიმი კი რაც შეიძლება ცოტა გამოიყენეთ.
- არ დაივიწყოთ ვიტამინები. ორგანიზმს განსაკუთრებით უხდება B6 და B3. B3 ვიტამინით მდიდარია გარგარის ჩირი, მზესუმზირა, ხორბალი. თუ აბები გირჩევნიათ, უჯობესია მიიღოთ საღამო ხანს, კალციუმსა და მაგნიუმთან ერთად. B6 ვიტამინი ბევრია ხორბალში, სტაფილოში, თხილში, სოიაში. აბების მიღება დღის პირველ ნახევარში ჯობს.
- ერიდეთ ყავას, ალკოჰოლსა და ნიკოტინს - ისინი ხელს უშლიან მელატონნის გამომუშავებას.
- ერიდეთ კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას.
- ხშირად გაიღიმეთ. ეს დადებითად განგაწყობთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფთა მიმართ. სწორედ ამას ეფუძნება სიცილის თერაპია. სიცილი, ღიმილი ძალას შეგმატებთ, სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ. სიცილი გადამდებია - თუ თქვენ ბედნერი ხართ, სიცოცხლეს შეჰხარით, თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი, უფრო მხნედ გრძნობთ თავს, მეტის გაკეთების სურვილიც გაგიჩნდებათ, პრობლემებსაც უკეთ გაუმკლავდებით და მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ამიტომ გაიღიმეთ!