როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის

.
იმავეს განიცდიან მძღოლები მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი გამოცდის წინ, ახალბედა ქირურგები პირველი დამოუკიდებელი ოპერაციის წინ, მსახიობები სცენაზე გასვლის წინ, პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისული ადამიანები...
მღელვარება გამოცდის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ბუნებრივია. მთავარია, პანიკას არ ავყვეთ და გამარჯვებისთვის მოვემზადოთ. უძილო ღამეები, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, გახშირებული პულსი, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კიდურების კანკალი გამოცდის წინ შიშის ტიპური გამოვლინებაა.
საინტერესოა, რომ საგამოცდო სტრესთან ბრძოლა ყველასთვის პრობლემას როდი წარმოადგენს; ზოგიერთს ეს დაძაბულობა, პირიქით, ხელს უწყობს ძალების მობილიზებასა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი გვესაუბრება.
ქალბატონო ნანა, გამოცდების პერიოდში ახალგაზრდები მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან. ეს არადამაჯერებელი, ზედაპირული ცოდნის ბრალია თუ სტრესულ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს, თუნდაც უკვე ნასწავლი, ათვისებული მასალის გადმოცემის თვალსაზრისით?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ორივე მიზეზი დასაშვებია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ბრძანეთ დამაჯერებლობის თაობაზე. როდესაც ადამიანს მაღალი ან ადეკვატური თვითშეფასება აქვს, უფრო თავდაჯერებულია და ცოდნის წარმოჩენაც უფრო მეტად უადვილდება. ადამიანს, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, შესაძლოა მეტი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ სიმორცხვის, თავდაჯერების ნაკლებობის გამო ვერ წარმოაჩინოს.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესული ზეწოლა. მართლაც საშინელ წნეხს განიცდიან მოზარდები, რომელთაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. მათ, თავისთავად ცხადია, უამრავი მასალის ათვისება სჭირდებათ, ამასთან, გადასაჭრელი აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - გამოცდები წარმატებით უნდა ჩააბარონ, რათა დაფინანსება მიიღონ. ბუნებრივია, მშობლებიც იმავეს მოითხოვენ მათგან. ახალგაზრდებს უჩნდებათ განსაკუთრებული მზაობა, რაც შეიძლება უკეთ ისწავლონ, აითვისონ დიდი მასალა, რათა გამოცდები წარმატებით ჩააბარონ. ყოველივე ამით გამოწვეული სტრესი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, იწვევს დაბნეულობას, უყურადღებობას, გონებაგაფანტულობას.
თუმცა ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება; პირიქით, ზოგიერთისთვის სტრესი მამობილიზებელ ფაქტორად იქცევა. ასე რომ, მზა ფორმულა, რომელსაც ყველას მივუსადაგებდით, არ არსებობს, წინასაგამოცდო სტრესი ყველა ადამიანში თავისებურად ვლინდება.
დღევანდელ ვითარებას თუ გავაანალიზებთ, შევამჩნევთ, რომ ბავშვები ძალიან დიდხანს თითქმის არაფერს აკეთებენ და პრაქტიკულად ერთ წელიწადში უხდებათ ზღვა მასალის ათვისება.
- ასეც არის. ადრე სკოლაც იმდენს არ სთხოვდა მოსწავლეს. იყო პრაქტიკა, რომ ბოლო, გამოსაშვები წლის განმავლობაში (მაშინ სკოლაში გამოცდები არ ბარდებოდა), რაკი ბავშვები დატვირთულები იყვნენ კერძო მასწავლებლებთან სიარულით, თვეობით არ დადიოდნენ სკოლაში, პროგრამები და სისტემებიც არ იყო მოწესრიგებული და ბავშვები მართლაც გაზარმაცებული იყვნენ. არც შეფასებას აქცევდნენ ყურადღებას, არ იყო ეს მათთვის მნიშვნელოვანი, დაბალი მოტივაცია ჰქონდათ, ამიტომ ბოლო წელს უხდებოდათ დიდი მასალის ათვისება.
ახლანდელი, ტესტური ხასიათის გამოცდები, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა იმ მხრივ, რომ ბავშვს, რომელიც კარგად აზროვნებს, გონიერია, შესაძლოა ძალიან დიდი მასალის ათვისება არ დასჭირდეს, რადგან მთავარი არსის გაგებაა. ვგულისხმობ უნარ-ჩვევებს, სადაც რაიმეს დასწავლა საჭირო არ არის. გონიერი ადამიანი ალღოს უღებს და ადვილად ახერხებს ამ დავალების შესრულებას თუ ამოცანის გადაჭრას, რასაც ემატება ინტელექტიც.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მშობლების თაობას კარგად ახსოვს, როგორ ხორცსაკეპ მანქანაში გავდიოდით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს. ზეპირი გამოცდა ბევრი ბავშვისთვის უფრო რთულია, რადგანაც პირისპირ დგება გამომცდელთან და ხშირად მოფიქრების საშუალებაც არ აქვს. სუბიექტური ფაქტორიც მეტად მნიშვნელოვანია და შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულოს. წერითი გამოცდა შედარებით იოლია, იმიტომ, რომ შენს თავთან მარტო რჩები და მთელი ცოდნისა და უნარების კონცენტრაციის საშუალება გეძლევა. ეს დაძაბულობა და ნერვიულობა ახსოვს ჩვენს თაობას და ხშირია, როცა მშობელი გადასცემს ამას შვილს.
მიმაჩნია, რომ თავად გამოცდის პროცესი იმდენად დაძაბული არ არის და ბევრ აბიტურიენტს, რომელთანაც მისაუბრია, უთქვამს, რომ საშინელება წარმოედგინა. მარტო ამოცანის შესრულებაზე კი არ ფიქრობ, არამედ იმაზეც, იქ რა იქნება. ამიტომ კარგია, როდესაც წინასწარ იმართება გამოცდის რეპეტიცია. ეს ძალიან უწყობს ხელს ბავშვის დამშვიდებას: რჩები შენს ცოდნასთან, შენს გონიერებასა და ინტელექტთან ერთად და გაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ თუ მომზადებული და მოტივირებული ხარ, ეს დაძლიო. უშუალოდ გამოცდებამდე შფოთავენ, რომ ერთბაშად აღმოჩნდებიან ძალიან დატვირთულ რეჟიმში, ვეღარ გაერთობიან, ვეღარ მოილხენენ, ბევრ გასართობს მოაკლდებიან, ამიტომ შეიძლება, მცირე ულუფებად განტვირთვის საშუალება მივცეთ ბავშვს - გულის გადაყოლება აუცილებელია, რათა არ გადაიწვას.
პირადად მე ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება თავის მართლება "ვიცოდი და დამავიწყდა".
- შესაძლოა, ასე მოგვეჩვენოს; გააჩნია, როგორია ეს ადამიანი. დიდ გავლენას ახდენს ზეწოლა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შინაგანი შფოთვა უჩნდება მოზარდს. ეს შფოთვა შეიძლება იმ გარემოშიც გაგრძელდეს, რაც ძალიან უშლის ხელს გახსენებას, მოფიქრებას, აზროვნების პროცესების, ყურადღებისა და მეხსიერების სრულად ამუშავებას. შეიძლება, მართლაც იცოდა ბავშვმა, მაგრამ სტრესულ სიტუაციაში ვერ შეძლოს გადმოცემა, ნასწავლის ჩამოყალიბება.
ხშირად ბავშვებს სწორად გაცემული პასუხების შავად ნაწერიდან გადათეთრების დროს მოსდით შეცდომა.
- ამ დროს ცაიტნოტის ფაქტორი ამოქმედდება, ანუ ის, რომ შეიძლება გადათეთრება ვერ მოასწრო, და ესეც ერთგვარი შფოთვის გამოვლინებაა.