ტვინი რომ არ დაბერდეს
.
-
გავუფრთხილდეთ სისხლძარღვებს
ტვინის ოპტიმალური მუშაობის დიდხანს შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავუფრთხილდეთ მის მკვებავ სისხლძარღვებს და დროულად გავასუფთაოთ ისინი. ადამიანის ორგანიზმს ანაგვიანებს ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, საკვები, წყალი, თამბაქო, ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები.
ტვინის მუშაობის აღსადგენად აუცილებელია სისხლძარღვებისა და სისხლის ამ მავნე ნაერთებისგან გათავისუფლება. სისხლძარღვებით ტვინის ნორმალური სისხლმომარაგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მკვებავი სისხლძარღვების კედლებს კარგი გამტარობა აქვს.
ამ მხრივ ტვინს უმთავრესად ოთხი საშიშროება ემუქრება:
- უჯრედებისა და მათი მემბრანების დაბინძურება.
- კაპილარებისა და მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ფოლაქებით დაცობა (ისინი 30 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80%-ს აღენიშნება);
- სისხლძარღვების, არტერიებისა და ვენების მიჭყლეტა ცხიმოვანი დანალექებით, რაც მათი დიამეტრის შემცირებას და, შესაბამისად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს;
- სისხლძარღვებში სისხლის დინების შემცირება ამა თუ იმ მიზეზით, მათ შორის - სითხის არასაკმარისი მოხმარების გამო.
-
როგორ მოვიქცეთ?
- მიაქციეთ ყურადღება: დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სითხე, ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენები, ჩაი, კომპოტი. სითხის ნაკლებობისას ტვინი შრება, იფიტება და კარგავს ნორმალურად მოქმედების უნარს. სადილის წინ სასარგებლოა ვაშლის, კომბოსტოს ან სტაფილოს წვენის დალევა.
- ეცადეთ, სადილად და ვახშმად კვირაში რამდენჯერმე მაინც მიირთვათ ხახვი, ნიორი, სტაფილო, კომბოსტოს სალათი, უხვად შენელებული ოხრახუშით და წიწიბურას ფაფა. ეს პროდუქტები ტვინში ერთგვარი "ცოცხის" როლს ასრულებს.
- სასარგებლოა ხახვი, ნიორი. ისინი შლიან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც ართულებენ ტვინში სისხლის მოძრაობას.
- ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ გირჩევთ დილით, უზმოზე, მიიღოთ ჭიქა წყალში გაზავებული მცირე რაოდენობით საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი - ეს ნაზავი ქოლესტერინულ წარმონაქმნებს ხსნის. მეორე დღეს შეგიძლიათ ლიმონის ნაყენი ცაცხვის ყვავილების, კრაზანას, მარწყვის ან მოცხარის ნაყენით შეცვალოთ.
-
ტვინს ჟანგბადი სჭირდება
ტვინი ადამიანის ორგანოთა შორის ყველაზე მეტ ჟანგბადს მოიხმარს და, ამასთან, ყველაზე მწვავედ რეაგირებს მის უკმარისობაზე. დღეს, როდესაც ინდუსტრიალიზაცია ადამიანის ორგანიზმს ჟანგბადის სულ უფრო და უფრო დიდ დეფიციტს უქმნის, ამის გამოსწორება შეიძლება სპეციალური სავარჯიშოებით, რომლებიც აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა შესრულდეს.
კვლევებმა დაადასტურა, რომ მცირე ხნით სუნთქვის შეკავება ქმნის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სისხლიდან ჟანგბადის ათვისებისა და ტვინის სრულფასოვანი კვებისთვის. საკმარისია, შეიკავოთ სუნთქვა ამოსუნთქვისას და შეკავება თანდათან გაახანგრძლივოთ. ამ დროს ფილტვების ალვეოლები უფრო და უფრო სრულყოფილად იხსნება, სისხლი უფრო და უფრო მეტად ჯერდება ჟანგბადით და ასეთი სახით მიეწოდება ტვინს. სასურველია, ყოველდღე ივარჯიშოთ.
მეორე რიტმული სუნთქვაა. იგი დღეში 10 წუთის განმავლობაში სრულდება: ჩასუნთქვა გრძელდება 8 წამს, შეკავება - 8 წამს, ამოსუნთქვა - 8 წამს, შემდგომ კვლავ სუნთქვის შეკავება 8 წამით. ეს ორი ვარჯიში საკმარისია ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თუ მათ ყოველდღიურად შეასრულებთ რამდენიმე თვის განმავლობაში.
-
ამინმჟავებიფენილალანინი
ტვინის ნორმალურ მუშაობისთვის აუცილებელია რამდენიმე შეუცვლელი ამინმჟავა, რომელთა სინთეზსაც ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს და საკვების მეშვეობით უნდა მივაწოდოთ. ერთ-ერთი მათგანია ამინმჟავა ფენილალანინი, რომელიც საჭიროა ჰორმონ ადრენალინისა და ნორადრენალინის სინთეზისთვის, ეს უკანასკნელნი კი ტვინს სხვადასხვა გამღიზიანებელზე სწრაფი რეაგირებისთვის სჭირდება. ფენილალანინს შეიცავს: ხორცი, ფრინველი, რძე, არაჟანი, ხაჭო და კვერცხი. ხილსა და ბოსტნეულში ფენილალანინი ცოტაა, ამიტომ ვეგეტარიანელებს განსაკუთრებით სჭირდებათ მისი დეფიციტის შევსება.
-
ტრიფტოფანი
ტვინის ოპტიმალური ფუნქციობისა და ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში, აუცილებელია ტრიფტოფანი, რომელიც ხელს უშლის ნეირონების დაბერებასა და სიკვდილს. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმისა და ინდაურის ხორცი, თევზი, ხაჭო, თხილი, ლეღვი, გარგარი, ბანანი და ყურძენი.
-
ლიზინი
ეს ამინმჟავა აუცილებელია, თუ ადამიანს სურს, ღრმა სიბერეშიც კი არ დაკარგოს სწრაფად აზროვნების უნარი. აზროვნების გააქტიურება შესაძლებელია ლიზინით მდიდარი პროდუქტებით: მწარე შოკოლადით, კაკაოთი, სიმინდით, პარკოსნებით, თხილით, კაკლით, მზესუმზირათი.
-
ლეიცინი
ლეიცინი ააქტიურებს გონებრივ შესაძლებლობას და მეხსიერებას. ამ ამინმჟავით მდიდარია ხაჭო, რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი. ბევრია იგი უცხიმო ხორცსა და საქონლის ღვიძლშიც.
-
მეთიონინი
ქოლესტერინული ცვლის მოსაწესრიგებლად აუცილებელია მეთიონინი, რომლის წყაროსაც წარმოადგენს კვერცხის გული, პარკოსნები, წიწიბურა, კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ბარდა, ფორთოხალი, საზამთრო და ნესვი.
-
ვიტამინები და მიკროელემენტები
ტვინს ყველაზე მეტად სჭირდება გლუკოზა, C და B ჯგუფის ვიტამინები. მათი მარაგის შესავსებად შეგიძლიათ მიიღოთ ხორცი, ღვიძლი, თევზი, ხაჭო, ყველი, მზესუმზირას ზეთი, ლობიო, ბარდა, სოია, კომბოსტო, ისპანახი. არ არის რეკომენდებული ცხიმიანი ხორცი, რომლის გადამუშავებაც იმ სასარგებლო ნივთიერებების დიდ დანახარჯს მოითხოვს, რომლებიც ტვინს ძალიან სჭირდება. ეცადეთ, უხვად მიირთვათ პოლიუჯერი ომეგა-3 მჟავები - ისინი ყველაზე მეტად სჭირდება ნეირონებს, ერთმანეთთან ნორმალური სინაფსური კავშირების დასამყარებლად. ამისთვის მიირთვით თევზი ან მიიღეთ თევზის ქონი.
-
ავარჯიშეთ ტვინი
ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას მნიშვნელოვანწილად მისი რეგულარული ვარჯიში განსაზღვრავს. გთავაზობთ ტვინის სტიმულაციისა და თქვენი აქტუალიზაციის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს:
- ახალი გარემო - წადით იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ ან ის ადგილები მოინახულეთ, სადაც იშვიათად გიწევთ გავლა. ეს შესაძლოა იყოს დიდი ახალი პარკი, სავაჭრო ცენტრი და სხვა.
- ახალი არომატები - შეიძინეთ ფლაკონები ეთერზეთებით ან სხვა არომატული საგნები, ყოველ დილას, როგორც კი გაიღვიძებთ, შეისუნთქეთ ახალი სურნელი - ეს ტვინს გამოფხიზლებაში დაეხმარება.
- დახუჭეთ თვალები - საღამოს ბინაში ნუ აანთებთ სინათლეს, ოთახში მეხსიერებით იარეთ. ეს სავარჯიშო ზრდის ყურადღებასა და კონცენტრაციას, ეცადეთ, შხაპის მიღებისას თვალები დახუჭოთ - როდესაც ვერაფერს ხედავთ, სხვა გრძნობის ორგანოები აქტიურდება.
- მუშა ხელის შეცვლა - ეცადეთ, კბილები გაიხეხოთ არასამუშაო ხელით, მარცხენით, თუ ცაცია ბრძანდებით - მარჯვენით.
- ატარეთ სხვადასხვა სამოსი, დადასტურებულია, რომ ტანსაცმლის ცვლა ადამიანს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ აზრთა ფორმირებასაც უცვლის.
- ეცადეთ, სამსახურში, მაღაზიაში, მეგობრებთან სხვა, უჩვევი გზით მიხვიდეთ, შესაძლოა იგი გაცილებით გრძელი აღმოჩნდეს; სამაგიეროდ, პოზიტიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.
- გწამდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როცა იმ საქმის კეთება გიწევთ, რომელიც კარგად არ გაქვთ ათვისებული - ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ აქტიურდება, როდესაც ზუსტად არ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს.
- ეცადეთ, სტანდარტულ კითხვებზე პასუხი არასტანდარტული ფრაზებით გასცეთ, სტერეოტიპულ პასუხებს ერიდეთ.
- დროდადრო შეიძინეთ ახალი ჟურნალები იმ სფეროს შესახებ ინფორმაციით, რომელიც არ გაინტერესებთ; საგულდაგულოდ წაიკითხეთ თქვენთვის უცხო ინფორმაცია და კარგად გაიაზრეთ.
- კვირაში 2-3-ჯერ ბოლომდე დაუწიეთ ტელევიზორს ხმა და ეცადეთ, პერსონაჟების დიალოგი თავად "გაახმოვანოთ".
- გაამრავალფეროვნეთ დასვენება. თუ ამ დღეების ქალაქში გატარება გიყვართ, ზოგჯერ გადით ქალაქგარეთ, შესაძლოა არ გიტაცებდეთ კლასიკური მუსიკა, მაგრამ მაინც წაბრძანდით კონცერტზე, მიიღებთ განსხვავებულ შეგრძნებებს, შესაძლოა ყოველივე ეს სულაც არ მოგეწონოთ, მაგრამ ტვინს ჩვეული რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემთ, ეს კი მეორე დღეს აუცილებლად აისახება სამუშაო პროცესზე.
- ხშირად იხუმრეთ, მოყევით სასაცილო ისტორიებს, ეს მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებს კი არ ააქტიურებს, არამედ კრეატიულ აზროვნებასაც ავითარებს.
-
სჭირდება თუ არა ტვინს დახმარება?
გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:
- ხშირად გავიწყდებათ ნაცნობების სახელები, დაბადების დღეები, ტელეფონის ნომრები?
- ხშირად გეეჭვებათ, ჩაკეტეთ თუ არა კარი, გამორთეთ თუ არა ელექტროხელსაწყოები?
- კარგად გახსოვთ წარსული, მაგრამ ვერ იხსენებთ, რა მოხდა გუშინ?
- საჭიროების შემთხვევაში გიჭირთ მობილიზება და კონცენტრირება?
- გაქვთ სამსახურში ჭარბი დატვირთვა და სტრესული მომენტები?
- გაწუხებთ ხშირი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ყურების შუილი?
- გქონიათ არტერიული წნევის მატების შემთხვევები?
- სისხლით ნათესავებს ჰქონიათ ათეროსკლეროზი და მეხსიერების დარღვევები?
თუ ყველა კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაეცით, ტვინი შესანიშნავად ფუნქციობს და საფიქრალიც არაფერია. თუ 5-მდე კითხვას გაეცით დადებითი პასუხი, გჭირდებათ სწორი კვება, 2-3-კვირიანი ჯანსაღი ცხოვრება და ვითარებაც გამოსწორდება. თუ დადებითად 6-8 კითხვას უპასუხეთ, სასწრაფო დახმარება გჭირდებათ. არ გადადოთ, მიხედეთ კვებას, მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, რეკომენდებულია ნევროლოგთან კონსულტაციაც.