ნაადრევი ქორწინება და ოჯახური პრობლემები
-
19 წლის ვარ. 20 წლის შეყვარებული მყავს. 4 წელია გვიყვარს ერთმანეთი, სკოლაში გავიცანით. ერთად ყოფნა გვინდა და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჯერ სტუდენტები ვართ, მაგრამ მშობლები წინააღმდეგნი არიან. გვეუბნებიან, რომ ნაადრევი ქორწინება მომავალში სერიოზულ ოჯახურ პრობლემებს შეგვიქმნის. მაინც რა პრობლემები შეიძლება გვქონდეს? სალომე, 19 წლის
იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოში ქორწინების ქვედა ზღვრად ორივე სქესისთვის მიჩნეულია 18 წელი. შეიძლება თუ არა, მხოლოდ ასაკობრივი მაჩვენებელი მივიჩნიოთ ნაადრევი ქორწინების კრიტერიუმად? თითოეული ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს მეორე ნახევარს. არსებობს საყოველთაოდ მიღებული ე.წ. პარტნიორული ნორმების კრიტერიუმები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მოწიფულობა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური.
პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისია ფსიქოფიზიოლოგიური მომწიფება, ხოლო როცა საუბარია ქორწინებაზე, აუცილებელია სოციალური მომწიფებაც, რადგან ოჯახის შექმნა შეუძლია მხოლოდ ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ პიროვნებას.
საუკეთესო ვარიანტია, როცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ წარმოიშვას დისჰარმონია, თავი იჩინოს კონფლიქტებმა.
შესაფერისი სტატუსი
ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პიროვნებამ სოციალურად მომწიფებულის სტატუსი დაიმკვიდროს, საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო (სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი). მაშ, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომლის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფონიც თითქოსდა მზადაა, მაგრამ სოციალური სტატუსის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია?
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელს მიუახლოვდა და ზოგან გადააჭარბა კიდეც. ყოველივე ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ აქსელერაციის ფენომენსაც, აღმოჩნდება, რომ ზღვარი ფიზიოლოგიურ და სოციალურ მომწიფებას შორის აშკარად გაიზარდა. ბუნებრივად ჩნდება ამ "სიცარიელის" შევსების მოთხოვნილება. სწორედ ამან განაპირობა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მეგობარი გოგონასა და მეგობარი ბიჭის სტატუსის დამკვიდრება.
"ოჯახური პრობლემა"
ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალდაქორწინებული წყვილი სქესობრივი პრობლემების გამო დახმარებისთვის ფსიქოლოგიურ და სექსოლოგიურ სამსახურებს მიმართავს. იყო შემთხვევა, როცა ასეთ სამსახურს დახმარებისთვის მიმართა ქალბატონმა, რომელიც წუხდა თავისი ბავშვის პრობლემის გამო, შემდეგ კი გაირკვა, რომ "ბავშვი" 22 წლის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც ოჯახის შექმნის შემდეგ სქესობრივი პრობლემები გაუჩნდა. ეს ფაქტი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, როდესაც პიროვნებას (ამ შემთხვევაში - ახალდაქორწინებულ მამაკაცს) ოჯახის შექმნისას ორი როლის - ქმრისა და შვილის - ერთდროულად შესრულება უწევს. იგი ჯერ კიდევ დედის მეურვეობის ქვეშაა და თავს ბავშვად გრძნობს. მსგავს შემთხვევას ინფანტილიზმს (ბავშვურობას) ვუწოდებთ.
მოცემულ მაგალითში ზემეურვეობის განწყობაც ნათლად იგრძნობა - დედა თვითონაა თავისი შვილის პრობლემის გადაწყვეტის ინიციატორი, იგი 22 წლის მამაკაცს ბავშვად მიიჩნევს, ხოლო "ბავშვი" ექიმთან საუბარს გაურბის.
ინფანტილიზმის მოვლენას კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით ისეთ ოჯახებში, სადაც შვილი მატერიალურად მშობლებზეა დამოკიდებული, ანუ სოციალურად მოუმწიფებელია.
ქართულ სინამდვილეში ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობას უხდება თანაცხოვრება. და, ბუნებრივია, შეიძლება შეიქმნას ოჯახური დისჰარმონიის პირობა. ერთ-ერთი მიზეზი ხშირად რძლისა და დედამთილის დაძაბული ურთიერთობაა. დედამთილი თითქოს "გადაყოლილია" რძალზე, იჭრება მის მოვალეობებში და ართმევს უფლებას, იზრუნოს ქმარზე, აკეთებს "მის გასაკეთებელ" საქმეს - ემსახურება "რძლის ქმარს", რძალი კი "უმადურია", არ აფასებს "სიკეთეს".
მაშ, რა ქნას დედამ? მას ხომ არ სურს, ხელიდან დაუსხლტეს საყვარელი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია!
მოუმწიფებლობას, თავის მხრივ, მრავალი მიზეზი აქვს. თუ იგი ეხება ფიზიკურ ასპექტს ანუ სომატური ხასიათისაა, საჭიროა დროული გამოვლენა და სათანადო მკურნალობა. ფსიქოლოგიური მომწიფება ძირითადად მშობლების "ხელთაა".
პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის საჭიროა, შვილს მივცეთ ჩამოყალიბების საშუალება, არ შევუქმნათ დამოუკიდებელი ქცევისა და არსებობის დეფიციტი. ხოლო რაც შეეხება სოციალურ მოუმწიფებლობას, იგი დროსა და პიროვნებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ნაადრევ ქორწინებაზე გვაქვს საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივ ასპექტს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.
განწყობა
ყველა ურთიერთობა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის აღქმით, წინასწარი შეფასებით იწყება. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ცხოვრებისეული გამოცდილება, ემოციური დამოკიდებულება - სიმპათია და ანტიპათია. ნაადრევი ქორწინებისას კი ეს გამოცდილება ნაკლებია.
პიროვნებას ადრეული ბავშვობიდანვე უნდა განვუვითაროთ ადამიანების აღქმის განსაკუთრებული, აქტიური, დადებითი, ჰუმანური (კეთილმოსურნე) განწყობა. ეს შემდგომში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეუღლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების რეგულირებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.
მართალია, მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულება ურთიერთობის ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, მაგრამ ახასიათებს ერთგვარი სპეციფიკა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მთელი ცხოვრების ერთად გატარების პერსპექტივას ეფუძნება. თანამშრომლებს, ამხანაგებს, მეგობრებს, შეყვარებულებსაც კი არ აქვთ მუდამ ერთად ყოფნის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ, ან ნაკლებად ინტენსიური გახადონ თავიანთი ურთიერთობა, ან ნებისმიერ დროს შეწყვიტონ კიდეც. მეუღლეები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. მოვალეობა, ტრადიცია აიძულებს მათ, მთელი თავისუფალი დრო ერთად გაატარონ. თუ ეგზისტენციალისტებს დავესესხებით, მეუღლეები "განწირულნი" არიან ერთ სახლში, ზოგჯერ კი ერთ ოთახში მუდმივად ერთად ყოფნისთვის. ამან შეიძლება დააბნიოს ახალგაზრდა წყვილი, გამოიწვიოს გაუგებრობა, კამათი, ჩხუბი. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ისიც, რომ მრავალი ახალგაზრდა წყვილისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნის "ვალდებულება" ყოველდღიური ოცნების საგანია.
მიშელ მონტენი თავის "ცდებში" მოგვითხრობს, რომ ძველი სპარტის ლეგენდარული კანონმდებელი ლიკურგე მკაცრად ზღუდავდა მეუღლეთა ხშირ ურთიერთობას. მისი ბრძანებით მეუღლეებს ცალ-ცალკე უნდა ეცხოვრათ - ერთმანეთთან შეხვედრა შეეძლოთ მხოლოდ უჩუმრად, მოფარებულ ადგილებში, ტყეებში. შეხვედრების სირთულე კიდევ უფრო ამძაფრებდა მეუღლეთა შორის ლტოლვასა და სიყვარულს.
ცოლქმრულ ურთიერთობაში არის კიდევ ერთი დელიკატური რამ - ხანგრძლივი ინტიმური ურთიერთობა მათ ურთიერთდამოკიდებულებას განსაკუთრებულ დაღს აჩნევს. მათ ახლა უკვე აღარ შეუძლიათ, ერთმანეთს შეხედონ როგორც "უცხო" ქალმა და მამაკაცმა. ისინი უახლოესი ადამიანები არიან. იმ მორალური ნორმების რაოდენობა, რომლებიც, ჩვეულებრივ, არეგულირებს საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ცოლ-ქმრისთვის ზოგჯერ მცირდება. მეუღლეებმა ერთმანეთთან შეიძლება მისცენ თავს იმის უფლება, რის უფლებასაც არ მისცემენ სხვასთან ურთიერთობისას. პირველ ხანებში ორივე მეუღლეს ყველაფერი მიმზიდველი და რომანტიკული ეჩვენება. ისინი სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, "ესაიდუმლოებიან", მაგრამ აქაც საჭიროა ზომა და ზღვარი.
ეჭვიანობა
ქორწინებისას შეყვარებული წყვილის ურთიერთდამოკიდებულებაში შეიძლება თავი იჩინოს კიდევ ერთმა ახალმა გარემოებამ - ეჭვიანობამ. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ხარისხით არის ეჭვიანი - მინიმალურიდან პათოლოგიურ ეჭვიანობამდე. ზოგჯერ ადამიანი ჯერ კიდევ ქორწინებამდე ეჭვიანობს. მაგრამ კანონიერი ქორწინებისას "ეჭვიანობის ხარისხი" მნიშვნელოვნად იმატებს. მოაზროვნე ადამიანისთვის ეჭვიანობის გრძნობა სრულიად მიუღებელია. მას ცოლქმრული ურთიერთობის დამანგრევლად მიიჩნევენ. თუმცა ხალხში არსებობს ასეთი რწმენაც: "თუ ეჭვიანობს, ე.ი. უყვარს".
ბევრისთვის ეჭვიანობა სიყვარულის დასტურია. მაგალითად, ერთ-ერთ გამოკვლევაში ახალგაზრდა ცდისპირები იდეალური მეუღლის დახასიათებისას აღნიშნავდნენ, რომ მათთვის სასურველი იყო, თუკი მეუღლე ზოგჯერ იეჭვიანებდა. მხატვრულ, პუბლიცისტურ თუ სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ ეჭვიანობას, რაღაც ზომით, შემაკავშირებელი ფუნქციაც აქვს.
სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ორი სახის ეჭვიანობას განასხვავებენ - ტირანულ ეჭვიანობას და ეჭვიანობას "შებღალვის გამო". პირველი ახასიათებს ეგოისტ, თვითკმაყოფილ, ემოციურად ცივ, დესპოტურ ადამიანებს, რომელთაც უანგარო სიყვარულის უნარი არ შესწევთ. მათთვის მეუღლე მხოლოდ სიამოვნების ობიექტია, მათ არ შეუძლიათ პიროვნების პატივისცემა და მიისწრაფვიან, მთლიანად დაიმონონ, დათრგუნონ ის.
ეჭვიანობა "შებღალვის გამო" დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომელთაც მოჩვენებით შფოთიანი ხასიათი აქვთ, არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში, აზვიადებენ საფრთხესა და უსიამოვნებებს, ტანჯავთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მათი ეჭვიანობა თითქოს რბილი ფორმით ვლინდება, თუმცა მისი ხშირი დემონსტრირება მომაკვდინებელ შხამად იქცევა სიყვარულისა და ოჯახური ბედიერებისთვის.
ნებისმიერ გარემოებაში ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს იმისკენ, რომ ადამიანად დარჩეს - ღირსების გრძნობა შეინარჩუნოს. ღირსების შენარჩუნება კი იმას ნიშნავს, რომ არამცთუ სხვისგან არ უნდა მოითმინო შეურაცხყოფა და დამცირება, არამედ შენ თვითონაც არ უნდა შეურაცხყო და დაამცირო სხვა ადამიანი.
დინამიკური წონასწორობა
თანამედროვე მეცნიერებას უამრავი დამადასტურებელი ფაქტი აქვს იმისა, რომ ბუნებაში ყველაფერი ფარულ ციკლებს ემორჩილება, სამყაროში ყველაფერი ბუნების ნაწილია, ადამიანის ორგანიზმის ბუნების კანონებით ფუნქციონირებამ კი არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ადამიანის ქმედებებზე. ცნობილია, რომ ყოველ ცოცხალს, ცალკეული უჯრედიდან დაწყებული, მთლიანი ორგანიზმით დამთავრებული, არ შეუძლია მუდმივად, განუწყვეტლივ მუშაობა, შესვენების გარეშე. ცოცხალი ორგანიზმის მაღალი აქტივობის მომენტებს პერიოდულად პასიურობის მომენტები ენაცვლება. შემდეგ დგება ძალების დაკარგვის, დეპრესიული მდგომარეობის პერიოდი, როცა საჭიროა ძალების აღდგენა მომავალი მოქმედებისთვის. ბოლო დროს ადამიანებს შორის ემოციურ ურთიერთობაშიც აღმოაჩინეს განსაზღვრული პერიოდულობა.
ემოციური ურთიერთობის პერიოდულობა შეიმჩნევა მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულებაშიც: თბილი ურთიერთობის პერიოდებს ცვლის ცივი ურთიერთობის პერიოდები და პირიქით. "ადამიანი იღლება ყველაფრისგან, სიყვარულისგანაც კი", - წერდა ანდრე მორუა.
ოჯახის შექმნისას ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება შეიძინოთ, ეს არის სულიერი მზითევი - მართებული წარმოდგენა ცოლქმრულ ბედნიერებაზე, გულისხმიერება, სურვილი და ცოდნა ოჯახის ასაშენებლად, თვითაღზრდისა და თვითსრულყოფისკენ სწრაფვა. ეს არის ძალიან საიმედო, უნივერსალური იარაღი მტკიცე, ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახის შექმნისთვის.