ფსიქოლოგიური დახმარება

რემონტი ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ჩხუბისა და უსიამოვნების მიზეზად იქცა. ვერც ერთ საკითხში ვერ ვთანხმდებით: როგორი ფილები დავაგოთ აბაზანაში, როგორი შპალერი მოუხდება საძინებელს, რა ჯობს იატაკისთვის - პარკეტი თუ ლამინატი... ყოველივე ეს ისეთ კამათს იწვევს, უკვე ვნანობ კიდეც, რომ ბინის გარემონტება გადავწყვიტე. როგორ მივაღწიოთ შეთანხმებას? მარი, 30 წლის
რემონტი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ისწავლოთ მოლაპარაკება და მოძებნოთ კომპრომისი. ურთიერთშეთანხმების უამრავი ხერხი არსებობს. შეგიძლიათ, პასუხისმგებლობის ზონები გაინაწილოთ: თქვენ იზრუნეთ კედლებსა და ჭერზე, თქვენმა მეუღლემ კი იატაკსა და სანტექნიკას მიხედოს, ან ერთმა ერთი ოთახი გაარემონტეთ, მეორემ კი - მეორე. მაშინ თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, თავისი საოცნებო ტერიტორია მოაწყოს. თუ ვერაფრით მოახერხეთ შეთანხმება, ჩართეთ საქმეში მესამე პირი ან დაუთმეთ ერთმანეთს მორიგეობით. მთავარია, საერთო ენის გამონახვის სურვილი გქონდეთ.
როცა გარეთ მოღრუბლული ამინდია, განწყობილება მეც მიფუჭდება. ზამთრობით ყოველთვის მიქვეითდება შრომის უნარი, თითქოს ძალ-ღონე მელევა. უგუნებოდ ვარ და არაფრის გაკეთების სურვილი არ მაქვს. ჩემი ნება რომ იყოს, დათვივით სულ ვიძინებდი. რა მოვიგონო ისეთი, რომ გავხალისდე და გავმხნევდე?ანა, 26 წლის
ფანჯრის მიღმა შავ-თეთრი პეიზაჟი ბევრს ართმევს სასიცოცხლო ენერგიას. ამას რომ გაუმკლავდეთ, ეცადეთ, თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი გახადოთ. დაიწყეთ დილა გამამხნევებელი ვარჯიშით ან ცეკვით რაიმე მხიარული მელოდიის თანხლებით. ჩამოაფარეთ ფანჯარაზე წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი ან თბილი მწვანე ფერის ფარდები, თუ საშუალება გაქვთ, გადაღებეთ კედლები ან გააკარით შპალერი, რომელიც გაჯერებული იქნება ზაფხულის ფერებით. თუ არა - მორთეთ კედლები ნათელი სურათებით, ფოტოსურათებით ან პლაკატებით. შეცვალეთ თეთრი ან მოთეთრო-მოცისფრო სანათები თბილი შუქით. ერთი სიტყვით, შეცვალეთ ყველაფერი, რაც მოსაწყენი და გამაღიზიანებელია, იმით, რაც ლამაზია და დადებით ემოციებს აღძრავს. საკვები გემრიელი და სასიამოვნო შეარჩიეთ, მუსიკა - ხალისიანი, ფილმები - მხიარული. იარეთ გამოფენებზე, შეხვდით მეგობრებს. ამ ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ ვიტამინებს.
ბოლო ორი წელიწადია, მე და ჩემი ქმარი გამუდმებით ვჩხუბობთ. ახლა ვცდილობთ, ერთმანეთს არ შევხვდეთ. ხან მე ვრჩები ღამით მეგობრებთან ან მშობლებთან, ხან ჩემი ქმარი. ვგრძნობ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ ძალიან მეშინია: ჩემი ქმარი ჩემი პირველი მამაკაცია, ჩვენ სკოლიდან გვიყვარს ერთმანეთი და ვშიშობ, ვაითუ შემდგომ ოჯახის შექმნა ვეღარ შევძლო. არ ვიცი, როგორ უნდა გავიცნო მამაკაცი, არ შემიძლია სხვა მამაკაცებთან კეკლუცობა... გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. ინგა, 24 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუ დარწმუნებული ხართ, რომ ქმართან ურთიერთობის მოწესრიგებას ვეღარ შეძლებთ, უმჯობესია განქორწინდეთ. ნუ გაქვთ იმის შიში, რომ ვეღარ იპოვით ცხოვრების თანამგზავრს. განქორწინებისთანავე ახალი პარტნიორის ძებნას ნუ შეუდგებით. ეცადეთ, ერთხანს დამოუკიდებლად იცხოვროთ და გაარკვიოთ, რა გამოცდილება შეიძინეთ ოჯახური ცხოვრების პერიოდში და რისი მიღება გსურთ ცხოვრებისგან უახლოესი ნახევარი ან ერთი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გავლა აუცილებელია ახალი ურთიერთობებისთვის მოსამზადებლად.
კოლეგის ნაცვლად უამრავ საქმეს ვაკეთებ, ის კი მადლობასაც არ მიხდის! დიდი ხანია მივხვდი, რომ უბრალოდ მიყენებს. ყველაფერი უწყინარი თხოვნით იწყება: "თინიკო, გენაცვალე, იქნებ მირჩიო, როგორ წარვმართო მოლაპარაკებები, რაღაც ძალიან რთული კლიენტი შემხვდა... შენ კი მათთან ყოველთვის პოულობ საერთო ენას, განსაკუთრებული მიდგომა გაქვს!" მეც ვუწერ სიტყვას, რომელიც მოლაპარაკების დროს უნდა წარმოთქვას, ვამზადებ პრეზენტაციას ჩვენი პროდუქციისთვის, ვხარჯავ დროს, ძალას, ენერგიას, იდეებს. პასუხად კი მხოლოდ ეს მესმის: "ყოჩაღ! მე შენ თაყვანს გცემ!" ერთი ფილა შოკოლადი მაინც გაიმეტოს მადლობის ნიშნად! თინიკო, 34 წლის