ფსიქოლოგიური დახმარება

- ხშირად ვიცვლი თაყვანისმცემლებს. ნუთუ ერთის არჩევა ასე ძნელია?.. მშობლებმა თავისუფალ ადამიანად გამზარდეს, ამიტომ საძრახისს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ერთდროულად რამდენიმე ბიჭს შევხვდე. ცუდი ის არის, რომ ამის გამო მეგობარი გოგონები დამცინიან და მკიცხავენ. არადა თავს ვერ ვერევი: ესეც მომწონს, ისიც... ნუთუ აუცილებელია, ერთი ავირჩიო და ყველა დანარჩენი ჩამოვიცილო? ელენე, 21 წლის
იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა, საკუთარ თავს მკაფიოდ ჰკითხოთ, რა გსურთ. როგორც ჩანს, თქვენ უბრალოდ დინებას მიჰყვებით. მოგწონთ, როცა საკუთარ მომხიბვლელობაში რწმუნდებით. ცხადია, სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ბევრს მოსწონხარ...
თუ გსურთ, რამე შეცვალოთ, დაფიქრდით იმის თაობაზე, რას ელით საყვარელი მამაკაცისაგან. ამ შემთხვევაში თქვენ გაგიჩნებათ კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, ზოგი რამ გაარკვიოთ. საზოგადოდ კი საგანგაშო არაფერია იმაში, თუ რამდენიმე ახალგაზრდასთან ივლით პაემანზე - სხვაგვარად როგორ გაიცნობთ მათ, როგორ გაიგებთ, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს? ოდესმე იპოვით ადამიანს, რომლის გამოც სხვებთან შეხვედრას შეწყვეტთ.
- მე და ჩემი საყვარელი მამაკაცი ერთმანეთს მაშინ დავშორდით, როცა ორსულად ვიყავი. ბავშვის დაბადებიდან ნახევარი წლის შემდეგ ის ისევ გამოჩნდა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ პატარას ნახვა არ სურს, შვილად არ აღიარებს. როგორ მოვიქცე? ქეთი, 25 წლის
როგორც ჩანს, "თქვენს საყვარელ მამაკაცს" არ სურს, ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღოს და ისე იქცევა, თითქოს ის არ არსებობდეს. ამით ის მხოლოდ შვილს კი არა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარესაც უარყოფს და უსიტყვოდ გეუბნებათ, რომ თქვენ შორის არასოდეს იქნება სერიოზული ურთიერთობა. ცხადია, არც თქვენ აპირებთ მის გამო შვილის მიტოვებას. გჭირდებათ ასეთი ადამიანი, თუნდაც მხოლოდ საყვარლის როლში? თქვენ ხომ არ იცხოვრებთ მასთან, თუ ის თქვენი შვილის მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლის?!
მე და ჩემი ქმარი პირველ შვილს ველოდებით. სადაცაა, ვიმშობიარებ. ბავშვის სქესი ჯერ არ ვიცით. გოგონა თუ გაჩნდა, მარის დავარქმევთ, აი, ბიჭის სახელზე კი ვერაფრით შევთანხმდით... ქმარი მხოლოდ ერთ სახელს მთავაზობს, მაგრამ მე არ მომწონს... ახლახან კი ასეთი რამ გამომიცხადა: "სახელს შენ თვითონ დაარქმევ და ეს ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს". რას უნდა გულისხმობდეს?.. თეონა, 20 წლის
შეხედეთ ამ სიტუაციას როგორც თქვენი ურთიერთობის ანარეკლს. ერთი აყენებს მოთხოვნებს, მეორე მათ არ იღებს; ერთი იხსნის პასუხისმგებლობას, მეორეს სწყინს... სცადეთ საკუთარ თავში გარკვევაც. რატომ იწვევს ის სახელი ასეთ პროტესტს? რისი გეშინიათ სინამდვილეში? ნუ იჩხუბებთ ქმართან, ჯობს გულახდილად ესაუბროთ მას თქვენი მდგომარეობის შესახებ.
- მყავს შეყვარებული, რომელიც რატომღაც არასოდეს მეპატიჟება თავისთან, ჩემთან კი ხშირად დადის. არ მაცნობს თავის მეგობრებს, ჩემი მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი რცხვენია. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო... ანა, 26 წლის
რეკომენდაცია მარტივია: ნუ იტეხთ თავს იმაზე ფიქრით, რა ხდება; ადექით და პირდაპირ ჰკითხეთ. ჩვენ ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ სხვების ქცევას, მცდარ მოტივებს მივაწერთ მათ. იქნებ თქვენი შეყვარებული მეგობრებს იმის შიშით არ გაცნობთ, რომ არ მოგეწონებათ, შინ კი იმიტომ არ გეპატიჟებათ, რომ რემონტი აქვს დაუმთავრებელი? გამორიცხული არ არის, უბრალოდ, თქვენი მეგობრების წრე უფრო საინტერესოდ მიაჩნდეს. გულახდილად გაესაუბრეთ ამის შესახებ და ყველაფერს გაიგებთ.