ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • ჩემს ხელმძღვანელს ჩემი შურს. ჩვენ არც ისე დიდი ხელფასები გვაქვს, ის კი ვაჟს მარტო ზრდის. ჩემი ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილია. ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ. ჩემი ქმარი ხშირად დადის საზღვარგარეთ მივლინებებში. სახლიც დიდი და კარგად მოწყობილი გვაქვს. შემეძლო საერთოდ არ მემუშავა, მაგრამ ურთიერთობების გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. ჩემმა უფროსმა იცის, როგორ ვცხოვრობ და გამუდმებით ცდილობს კბილი გამკრას. ცოტა ხნის წინ ყველას დაურიგა პრემია, მე კი - არა. განაცხადა, გაჭირვებულებსაც არ ჰყოფნითო. იმ პრემიის გარეშე როგორმე გავძლებ, მაგრამ საწყენია - მეც ხომ სხვებივით ვმუშაობ. ია, 30 წლის

თქვენი განცდები გასაგებია, მაგრამ უნდა გაარკვიოთ, რის მიღება გსურთ. ეცადეთ, ვითარებას ხელმძღვანელის თვალითაც შეხედოთ. ეს ქალბატონი ძალ-ღონეს არ იშურებს და უმნიშვნელო ანაზღაურებას იღებს, ცდილობს, თავის შვილს ღირსეული პირობები შეუქმნას. ამავე დროს, თავის გვერდით ხედავს ქალს, რომელსაც ყველაფერი აქვს და მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ არ მოიწყინოს. ამას ბევრი ვერ გაუძლებდა. ამიტომ ეცადეთ, თქვენს უფროსს შეხედოთ არა წყენით, არამედ სიბრალულით. სხვა საქმეა, გიღირთ თუ არა ასეთ დაძაბულ ვითარებაში მუშაობა. იქნებ ჯობდეს, სხვა სამუშაო ეძებოთ.

  • ჩემი ქმარი ყურადღებას თითქმის არ მაქცევს. მე სამსახურიდან გამათავისუფლეს, ახალი სამუშაო კი ჯერ ვერ ვიშოვე. ჩემი ქმარი სახლში მუშაობს, ამიტომ გამოდის, რომ მთელი დღე ერთად ვართ. ხანდახან მინდა, ვესაუბრო, თუნდაც წვრილმანებზე, მივუალერსო, მაგრამ მუდამ ასე მპასუხობს: არ მცალიაო. ამას წონასწორობიდან გამოვყავარ... ნინო, 29 წლის

ვფიქრობ, ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი - თქვენ მძიმედ განიცდით უმუშევრობას და ამიტომაც ითხოვთ ქმრისგან უფრო მეტ ყურადღებას და თანადგომას; მეორე მიზეზი ჩვეულებრივი მოწყენილობაა. ასე რომ, გაღიზიანებას ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ებრძოლოთ. უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ რაიმე საქმე. მაგალითად, ისეირნეთ, იარეთ მაღაზიებში, ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ან უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე. მოკლედ, გამოიყენეთ თავისუფალი დრო. შეგიძლიათ, თვითგანთლებასაც მიჰყოთ ხელი, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამუშაოს პოვნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, აუცილებლად აუხსენით ქმარს, რომ მეტი ყურადღება გჭირდებათ. შეთანხმდით, რამდენ საათს გაატარებთ დღეში ერთად.

  • მე და ჩემი შეყვარებული სამ წელიწადზე მეტია ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ვერა და ვერ დავქორწინდით. ცოტა ხნის წინ მას ძალიან პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო შესთავაზეს, მაგრამ რეგიონში. მან მასთან ერთად გამგზავრება შემომთავაზა. ქორწინებაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ვფიქრობ, ეს თავისთავად იგულისხმება. მიუხედავად ამისა, მაინც მეშინია ყველაფრის დატოვება და უცხო ქალაქში გადასახლება. როგორ მოვიქცე? თიკო, 25 წლის

თქვენ მართალი ხართ. შეყვარებული მეტისმეტად ბევრს გთხოვთ: მიატოვოთ სამსახური, ახლობლები, მეგობრები, ცხოვრების ჩვეული წესი და გადასახლდეთ სხვა ქალაქში, სადაც ალბათ ყოველმხრივ მასზე იქნებით დამოკიდებული. დაფიქრდით, ენდობით ამ მამაკაცს? თუ მაინც გადაწყვეტთ მასთან ერთად გამგზავრებას, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მომავალი ცხოვრება. მოძებნეთ შესაფერისი სამუშაო. ასევე კარგი იქნება, თუ იმ ქალაქში ვინმე ნაცნობს გამოძებნით. ჰკითხეთ მეგობრებს, ხომ არ ჰყავთ იმ ქალაქში ნაცნობები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან.


  • ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ორი წლის წინ დაიწყო. ერთმანეთთან უზარმაზარი სიყვარული და ვნება გვაკავშირებდა, მაგრამ როგორც კი ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ეს ყველაფერი სადღაც გაქრა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანი ძალიან შეიცვალა. ინტიმური ურთიერთობაც ადრინდელივით ხშირად აღარ გვაქვს. როგორ დავიბრუნო ადრინდელი ჰარმონია? ხომ არ ვაეჭვიანო? ან იქნებ სამედიცინო დახმარება სჭირდება? ლიკა, 27 წლის

ერთობლივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ხშირად ლტოლვა მცირდება - ეს ბუნებრივია. ეჭვიანობის საბაბს ქმარს ნუ მისცემთ. უბრალოდ, ეცადეთ ხშირად გახვიდეთ შინიდან: შეხვდით მეგობრებს, რაიმე ჰობი გაიჩინეთ. ეს გააკეთეთ არა მარტო დღისით, არამედ საღამოსაც - დაე, თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა მოიწყინოს. ჰკითხეთ მას, აქვს თუ არა ეროტიკული ფანტაზიები, შესთავაზეთ ექსპერიმენტი. არც სამედიცინო გამოკვლევის გავლაა ურიგო აზრი - შესაძლოა, პრობლემის მიზეზი ჰორმონული დისბალანსი იყოს.

  • ჩემი გოგონა ცხრა წლისაა. დროა თუ არა, ვესაუბრო კრიტიკული დღეების შესახებ? საერთოდ, როდის სჯობს ამაზე საუბარი? მეშინია, არ დავაგვიანო, თუმცა მეჩვენება, რომ ჯერ ადრეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა სულ უფრო ხშირად მისვამს კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მიძნელდება... ელენე, 35 წლის

კრიტიკული დღეების შესახებ ინფორმაცია ჯობს ნაადრევად მიაწოდოთ, ვიდრე დააგვიანოთ. უმჯობესია, თქვენმა გოგონამ ამის შესახებ თქვენგან შეიტყოს. მით უმეტეს, თუ ის სწრაფად ვითარდება. მოულოდნელმა სისხლიანმა გამონადენმა, რომლისთვისაც ბავშვი მზად არ იქნება, ის შესაძლოა შეაშინოს. ყველაზე მარტივი საშუალება ინფორმაციის მისაწოდებლად საბავშვო ენციკლოპედიის ყიდვაა. გსურთ, თქვენ თვითონ ესაუბროთ? მაშინ დაიწყეთ იმით, რაც მან უკვე იცის. მას ალბათ ნანახი აქვს ჰიგიენური საფენების რეკლამა. აუხსენით, რა სინამდვილეა აქ და რა - გამონაგონი. თუ ღელავთ, წინასწარ შეადგინეთ საუბრის გეგმა.

  • ჩემს უფროსს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყავს. ყოველთვის, როცა შინ ვურეკავ, მისი მეუღლე ნამდვილ დაკითხვას მიწყობს: ვინ ვარ, რა მინდა, რატომ ვრეკავ ასე ხშირად. ვცადე მობილური ტელეფონით დაკავშირება - მასაც უმეტესად მისი ცოლი პასუხობს. არადა, ისეთი სამუშაო მაქვს, უფროსთან უმეტესად ტელეფონით მიწევს ურთიერთობა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე... ნინო, 22 წლის

თქვენი მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უფროსის ცოლის ქცევაზე გავლენას ვერ მოახდენთ. ასე რომ, მოგიწევთ, მისი ხასიათის ამ თავისებურებას შეეგუოთ. თუმცა რაღაცის შეცვლა მაინც შეიძლება. მაგალითად, ჰკითხეთ თქვენს უფროსს, ხომ არ ურჩევნია, ზოგჯერ ანგარიში წერილობით მიაწოდოთ, ისარგებლოთ ელექტრონული ფოსტით ან ინტერნეტურთიერთობის სხვა საშუალებით. ამრიგად, საჭიროების შემთხვევაში თქვენი ხელმძღვანელი შეძლებს, ცოლს თქვენი მიმოწერა აჩვენოს, რათა თავიდან აიცილოს ეჭვები და უხერხული კითხვები. თუ მაინც მოგიხდებათ უფროსის ცოლთან დაკავშირება, ეცადეთ, ზრდილობიანი და მოკლე პასუხები გასცეთ.

  • ყოველთვის მინდოდა, ხატვა მესწავლა, ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების პორტრეტებს დავხატავდი, მაგრამ ხატვის გაკვეთილებისთვის დრო ვერ გამოვნახე, ახლა კი მეჩვენება, რომ უკვე გვიანია - ხელოვნების ამ დარგის შესასწავლად ხომ უზარმაზარი დროა საჭირო. ეს აუხდენელი ბავშვური ოცნება თითქოს შიგნიდან მღრღნის... რუსუდანი, 33 წლის

როდესაც თქვენ ოცნებას აღწერთ, კონცენტრირებული ხართ მხოლოდ საბოლოო მიზანზე - მეგობრების პორტრეტების დახატვა შეძლოთ. იმისთვის, რომ თუნდაც მოყვარული მხატვარი გახდეთ, ძალიან უნდა მოინდომოთ, ეს კი თქვენ, ბუნებრივია, გაშინებთ. გთავაზობთ შემდეგს: ეცადეთ, ეს გზა რამდენიმე ნაწილად გაყოთ. პირველი პუნქტი - დაიწყეთ ხატვის მასწავლებელთან სიარული. მეორე - ისწავლეთ მარტივი გეომეტრიული ფიგურების ხატვა. მესამე - ისწავლეთ, როგორ გამოსახოთ მოცულობა. ნუ ეცდებით სწრაფი შედეგის მიღწევას. უბრალოდ, დაიწყეთ და დააკვირდით, რა გამოგდით. როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება. ამასთანავე, მეცადინეობის დაწყებისას შესაძლოა მიხვდეთ, რომ ეს თქვენი მოწოდება არ არის, მაგრამ ცდა აუცილებელია.