დავეხმაროთ ერთმანეთს
ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრა ექიმმა. დამინიშნა წამლები - არ მიშველა, თუმცა ჩემი ბრალიცაა, რადგან დანიშნულება ბოლომდე არ შევასრულე. შეკრულობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, კეთილი ვინებე და ისევ მივაკითხე ექიმს. მან ხელახლა დამინიშნა წამლები, თან საოცარი ბურახის მომზადებაც მასწავლა - შეკრულობას შველისო. წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ, ბურახს ვსვამდი და კუჭ-ნაწლავის მოქმედება სავსებით მომიწესრიგდა. გასწავლით ამ საოცარი ბურახის მომზადების წესს:
-
აიღეთ 3 ლ რძის შრატი, დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა (შეიძლება ნედლიც და ხმელიც) გაახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიანი ქილის ფსკერზე. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ, ჩაასხით მინის ქილაში, თავი პოლიეთილენით მოუკარით და მაცივარში შედგით. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი 2 კვირაა, შემდეგ 10 დღე უნდა შეისვენოთ, მერე კი დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ.
დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ნადებს ვიშორებ ჩაის კოვზით, ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით) რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ. ამის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს და ნახევარ საათში ვსაუზმობ. ასე იწყება ჩემი დილა ამ უებარი ბურახით მკურნალობის პერიოდში.
გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად - გახეხილს, მაგალითად, ვხეხავ ჭარხალს, სტაფილოს და ვაზავებ მცენარეული ზეთით. ახლა ჩემი კუჭ-ნაწლავი საათივით მუშაობს.
გურამ კეკოშვილი, რუსთავი
შეკრულობა
პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა
შეკრულობა სულაც არ არის სახუმარო რამ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:
- კვების რაციონში ბოჭკოს ან სითხის დეფიციტი;
- სტრესი;
- მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებს ყაბზობას;
- ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი.
გაქვთ თუ არა შეკრულობა?
“ნაწლავების ყოველდღიური დაცლა ბევრს ნორმად მიაჩნია, - ამბობს დოქტორი მარტინ შუსტერი, ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, - ეს შეცდომაა. ნაწლავების დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს: ზოგიერთს - დღეში სამჯერ, ზოგიერთს - კვირაში სამჯერ”.
იღებთ თუ არა საკმაო სითხეს?
პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა შეკრულობის დროს, ის არის, რომ საკუთარი კვების რეჟიმი შეამოწმოს.
შეკრულობასთან საბრძოლველი მთავარი იარაღია ბოჭკო და სითხე.
აუცილებელია მათი დიდი რაოდენობით მიღება, რათა ფეკალური მასები დარბილდეს და თავისუფლად გამოვიდეს მსხვილი ნაწლავიდან.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/5372-shekruloba.html