სამკურნალო წერილები

მასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ის არის, არ დალიო, მაგრამ უამისოდაც ხომ წარმოუდგენელია?.. ძველით ახალ წელს მეგობრებთან ერთად იმერეთში ბიძას ვესტუმრე. ბიძაჩემმა, როგორც გამოცდილმა თამადამ, რამდენიმე კეთილი რჩევა მოგვცა, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გავმკლავებოდით ქეიფის მომდევნო დღის გასაჭირს.
- ვიდრე დალევას დაიწყებთ, ყუათიანად ისადილეთ. მეორე დილითაც, მიუხედავად უქეიფობისა, აიძულეთ თავი, მსუყედ ისაუზმოთ.
- მხოლოდ ღვინოს ნუ მიეძალებით, შუალედებში სვით მინერალური წყალი. მინერალური წყალი სვით მეორე დღესაც, ყავისგან კი თავი შეიკავეთ.
- იძინეთ, ძილში ნაბახუსევიდან უფრო შეუმჩნევლად გამოხვალთ.
ამ ახალი წლის დღეებში თუ არა, მომავალში მაინც ეს რჩევები თქვენც გამოგადგებათ.
როგორ გავთავისუფლდეთ ოფლიანობისგან
რამდენიმე წლის წინ დამეწყო ჭარბი ოფლიანობა. მისი მიზეზი დღემდე ვერ დამიდგენია, მაგრამ საკმაო უსიამოვნება კი მომაყენა. ექიმსაც მივმართე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინე, ხალხური საშუალებებით მეცადა ამ პრობლემის მოგვარება. დავიწყე ლიტერატურის ძებნა, გაცნობა და რამდენიმე რეცეპტს მართლაც მივაგენი. ყველაზე მარტივსა და ეფექტურს თქვენც გაგიზიარებთ:
- თუ იღლიის მიდამოს გადაჭარბებული ოფლიანობა გაწუხებთ, ეს ადგილი შვიტის არაყზე დამზადებული ნაყენით გაიწმინდეთ. ამისთვის საჭიროა, 1 წილ შვიტას დაასხათ 10 წილი არაყი და 1 დღე-ღამით დააყენოთ, შემდეგ კი გადაწუროთ. ამ ნაყენით კანი დღეში 1-2-ჯერ უნდა გაისუფთავოთ.
- თუ სახე გიოფლიანდებათ, დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს - გაიწმინდეთ აუდუღარი რძით ან მუქი ცივი ჩაის ნაყენით. პროცედურის შემდეგ სახე არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თავისით გაშრეს.
- ტერფების ჭარბი ოფლიანობისას აიღეთ მუხის ქერქი, დააქუცმაცეთ და ბლომად ჩაიყარეთ წინდებში პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე ოფლის დენა ნორმაში არ ჩადგება.
- თუ ტანი გიოფლიანდებათ, პიტნის ფოთლების ნაყენი გამოგადგებათ. 1 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთს, გადაწურეთ და კანი გაიწმინდეთ. ამასთან ერთად ყოველდღე სვით სალბის უშაქრო ჩაი.
ხურტკმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიწესრიგებთ
ჩემი სადარდებელი ქრონიკული ყაბზობაა. ისეთი სამსახური მაქვს, კვების რეჟიმს ვერ ვიცავ, ხშირად ვერ ვჭამ წვნიან კერძებს, უმეტესად, სადაც მომხვდება, სახელდახელოდ წავიხემსებ ხოლმე. საბედნიეროდ, დედაჩემი მიმზადებს ხურტკმლის ნაყენს, რომელიც შვებას მგვრის და ტკივილს მიყუჩებს.
- ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ხურტკმელს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. ვაცივებთ და ვწურავთ. შეგვიძლია, გემოვნებისამებრ შაქარიც დავამატოთ. ვიღებთ 1/4 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.
როგორ ვუმკურნალოთ ჩირქგროვას ხალხური საშუალებებით
ამ ზაფხულს ყანაში ფეხი გავიჭერი. ჭრილობაში ინფექცია შემეჭრა და დამიჩირქდა. ტკივილმა მოსვენება დამაკარგვინა. ეს ამბავი აგვისტოს მოვლენებს დაემთხვა და სოფელში აღმოვჩნდი ჩაკეტილი, მაგრამ შესანიშნავი დახმარება გამიწია მეზობლის დედამ. მისი წინაპრები სოფლის ექიმები ყოფილან. ეს ქალბატონი თვითონაც შესანიშნავად იცნობს სამკურნალო მცენარეებს და საკუთარ კარმიდამოშიც აქვს მოშენებული.
თავდაპირველად ალოეს წვენით მიმკურნალა: ალოეს ქვედა, ყველაზე წვნიანი ფოთლები მოაჭრა, დაკუწა, დოლბანდში გაახვია და წვენი ზედ ჭრილობაზე დამაწურა. თავად ჩირქოვანი ჭრილობის დასასუფთავებლად კი ეს ნახარში მოამზადა: აიღო 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი და ამდენივე სალბის ფოთოლი, დაასხა ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთით ჩადგა წყლის აბაზანაში. შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილა, გადაწურა და ჭრილობა დამიმუშავა.
სალათი მხოლოდ ქალბატონებისთვის
ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მხოლოდ ავად გახდომის შემდეგ იგებს. არადა, რამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან, დროდადრო ორგანიზმის დასვე-ნებაზეც რომ გვეფიქრა! მსურს, ყველა ქალს შევთავაზო E ვიტამინით მდიდარი სალათის რეცეპტი, რომელიც ქალის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს აწესრი-გებს. ეს რეცეპტი უკვე კარგა ხანია ვიცი, მისი გამოყენება კი მეგობართან ერ-თად ახლახან დავიწყე და პირადად დავრწმუნდი მის ჯადოსნურ თვისებებში. სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ნახევარი ჭიქა ქაცვის ცოცხალი ნაყოფი; 1 სადილის კოვზი ასკილის ნაყოფი; 2 სადილის კოვზი მინდვრის ლობიო; 1 სადილის კოვზი ბარდა; 2 სადილის კოვზი წიწიბურა; 1-2 თავი საშუალო ზომის ხახვი; 100 გრამი ქაცვის ზეთი; მარილი.
კარგად გარეცხილი ლობიო და ბარდა ერთად მოხარშეთ. ასკილს ადუღებული წყალი დაასხით, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით და 3-4 წუთს ადუღეთ. გადაწურეთ წყალი და ასკილის ნაყოფი შეურიეთ მოხარშულ ლობიოსა და ბარდას. შემდეგ ცალკე კარგად მოხარშეთ წიწიბურა, გააცივეთ და ისიც ლობიოსთან, ბარდასა და ასკილთან ერთად ჩაყარეთ ჭურჭელში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქაცვი, მარილი და ქაცვის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.
წლების განმავლობაში მოსვენება მქონდა დაკარგული ქალური პრობლემებისგან. მას შემდეგ კი, რაც მენიუში ეს სალათი ჩავრთე, - კვირაში ერთხელ მაინც ვამზადებ, - შვებით ამოვისუნთქე. ყოველ ზაფხულს წინასწარ ვიჭერ თადარიგს და ვაგროვებ ქაცვის ნაყოფს, რომლის ნაწილსაც პატარა პაკეტებში ვაწყობ და ვყინავ, ნაწილისგან კი ზეთს ვხდი. დამეთანხმებით, საკუთარი ჯანმრთელობა ამად ნამდვილად ღირს.