დავეხმაროთ ერთმანეთს
თირკმლის დაავადებების სამკურნალო ხალხური მეთოდები
მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ! წლების განმავლობაში ოჯახში თირკმლის პათოლოგიით დაავადებულების მკურნალობა მიწევდა. ჩემს მეუღლეს გლომერულონეფრიტი ჰქონდა, დედამთილს - პიელონეფრიტი და კენჭები საშარდე გზებში. სწორედ ამიტომ დავიწყე ხალხური მეთოდებით ამ დაავადებების მკურნალობის შესწავლა. რასაკვირველია, ექიმის დახმარებითა და რჩევით. მე ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს თირკმელები, ამიტომ დილაობით იმდენად შეშუპებული სახით ვიღვიძებდი, გეგონებოდათ, მთელი ღამე სმაში გავატარე.
ზოგჯერ სამსახურში წასვლაც კი მერიდებოდა. ამიტომ, დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღბების კეთება მიწევდა. მაგრამ კოსმეტიკური საშუალებები იმდენად არ მშველოდა, როგორც დასალევი. ალბათ იმიტომ, რომ პრობლემა ჩემს ორგანიზმში იყო. ადრე ვიღებდი შვიტას ან არყის ხის ფოთლების ნახარშს, შემდეგ მასწავლეს მცენარეული ნარევის მომზადება და ძალიან მიშველა. თუ წინათ შეშუპებული სახე დღის ბოლომდე არ მიცხრებოდა, ახლა ეს პრობლემა აღარ მაწუხებს. მინდა ჩემი გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო, ეგებ გამოადგეთ.
გლომერულონეფრიტი
- გლომერულონეფრიტის დროს გაფცქვენით ვაშლი და გაახმეთ. შემდეგ დაფქვით და მისგან მოამზადეთ ნაყენი. მიიღეთ თითო ჭიქა სამჯერ დღეში.
- დააყენეთ ასკილის ნაყენი (კურკების გარეშე) და მიიღეთ ორი ჭიქა.
- თირკმელების დაავადების დროს მიირთვით გოგრის თესლისგან მომზადებული ჩაი.
- დაფქვით 200 გრამი სელის თესლი, გააკეთეთ მშრალი კომპრესი და დაიდეთ მტკივან ადგილას.
შარდმდენები
თუ ორგანიზმში სითხე გრჩებათ, მიიღეთ შარდმდენები და თირკმელები მცენარეული ნაყენებით გაიწმინდეთ:
- ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ წინასწარ გარეცხილი ნიახური და გამოწურეთ წვენი. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
- ნახევარლიტრიან ბოთლში ჩაყარეთ ასკილი და გაავსეთ არყით, გააჩერეთ 1 კვირა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი 3-5 წვეთი ნაყენი დღეში 2-ჯერ.
- 1 ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-10 წუთი. უკეთესია მისი უზმოზე მიღება. ნებისმიერი საშუალებით მკურნალობის კურსი 1 თვეა და ტარდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.
- 40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამავე ოდენობის ჟოლოს ნაყოფი და 20 გ თავშავა. 1 ს. კ. ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და მდუღარე წყლის აბაზანაშივე გააჩერეთ 15 წუთი. შეგრილების შემდეგ რამდენიმე ფენა დოლბანდში გაწურეთ (ბალახები ხელით კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ და მიიღეთ უშუალოდ ძილის წინ.
ახლა დილაობით შეშუპებული აღარ ვარ, არც სარკეში ჩახედვის მეშინია და სამსახურშიც ხალისით დავდივარ.
პიელონეფრიტი
პიელონეფრიტის დროს ნახარში სხვადასხვა მცენარეული ნარევისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. ნარევი 10 კომპონენტს შეიცავს:
- მარწყვის ნაყოფი - 6 ჩაის კოვზი;
- მინდვრის შვიტა - 6 ჩაის კოვზი;
- წითელი მოცვის ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
- ღვიის ნაყოფი - 1 ჩაის კოვზი;
- არყის ფოთლები - 1 ჩაის კოვზი;
- ასკილის ნაყოფი - 6 ჩაის კოვზი;
- დათვისყურას ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
- მრავალძარღვას ფოთლები - 2 ჩაის კოვზი;
- შავი მოცხრის ფოთლები - 1 ჩაის კოვზი;
- ჭინჭრის ფოთლები - 3 ჩაის კოვზი.
ნახარშის მოსამზადებლად 10 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ მდუღარე აბაზანაზე 30 წუთი, შემდეგ დააყენეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი, გაწურეთ და დაამატეთ წყალი თავდაპირველ მოცულობამდე. დალიეთ თბილი, 150 მლ, დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნარევი, რომელიც ღვიის ნაყოფსა და ოხრახუშის ფესვებს შეიცავს, არასასურველია მწვავე პიელონეფრიტიანთა და ორსულთათვის!
ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ძალზე ეფექტიანია თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნარევი და ძირტკბილას ძირები.
როგორ ვუშველოთ დამწვრობას
მოგესალმებით. ჩემი გამოცდილება მათ მინდა გავუზიარო, ვინც ენდობა მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. დიდი ხნის წინ ჩემს მამამთილს კიდურებზე ადუღებული წყალი გადაესხა და მისი მკურნლობის დროს მასწავლეს ხალხური საშუალებები:
- 50 გრამი მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გულდასმით მოურიეთ და დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა. ეს მასა დაადეთ მტკივნეულ ადგილას.
- დამწვრობის დროს სასარგებლოა გოგრის წვენის კომპრესები.
- დამწვრობას ძალიან უხდება დაფქული მშრალი ჩაი.
- დამწვარი სიმინდი ან სიმინდის ფქვილი, ცარცი და ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დამწვარზე დაიდეთ. კარგია, თუ ქათმის ბუმბულით წაისვამთ სიმინდის ან ზეითუნის ზეთს (აყუჩებს ტკივილს).
- გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ სახეხზე, დააფინეთ დოლბანდზე და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. როგორც კი კომპრესი გაცხელდება, გამოცვალეთ.
- აურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ცალი კვერცხის გული. ეს მასა კარგად ათქვიფეთ, სქლად წაისვით დამწვარზე და შეიხვიეთ. სახვევი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ.
- უმარილო ძროხის ქონს შეურიეთ 4 ცალი ახალი დიეტური კვერცხი (კანის გარდა), ეს ნარევი დაიფინეთ დამწვარ ადგილას და შეიხვიეთ. როდესაც მალამო გაშრება, ახლით შეცვალეთ. მალამო დიდ დამწვრობასაც კურნავს.
- დამწვრობისას ხალხური მედიცინა ოდითგანვე იყენებდა თაფლს. ის უებარი საშუალებაა, ანელებს ტკივილს და აფერხებს წყლულების გაჩენას, დაზიანებული ადგილი კი სწრაფად შუშდება.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად
დადგა გაზაფხული და ზამთარგადატანილი ჩვენი ორგანიზმი გამოფიტულია. ამიტომ მას გაძლიერება სჭირდება. ადრე ავად ხშირად ვხდებოდი, საკმარისი იყო გრიპიანის გვერდით ჩამევლო, რომ 2-3 დღეში მეც სიცხე მიწევდა, სურდო და ხველა მეწყებოდა. წელიწადში 4-5-ჯერ მაინც მემართებოდა გრიპი. ექიმმა მითხრა, სუსტი იმუნიტეტი გაქვსო და მირჩია ვიტამინები და კარგი კვება. ამით სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე. დაახლოებით ერთი წლის წინ ნაცნობმა იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალების რეცეპტი მომცა. ამ “წამლის” მიღებიდან ერთი წელია გასული და მე ავად აღარ გავმხდარვარ. აი, როგორ მზადდება ეს საშუალება:
- 10 ცალი ლიმონი დაჭერით, ჩააწყვეთ სამლიტრიან ქილაში, მოასხით 0.5 ლიტრი თაფლი, 0.5 ლიტრი არაყი და 0.5 ლიტრი სამწლიანი ალოეს წვენი. არ აურიოთ. დადგით გრილ, ბნელ ადგილას 40 დღის განმავლობაში. 41-ე დღეს გაწურეთ დოლბანდში და სვით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
შარდსასქესო სისტემის ანთებით გამოწვეული შარდის შეკავება
აიღეთ 1 წილი ღიღილოს ყვავილის განაპირა ფურცლები, 1,5 წილი ანწლის ფესვები, ერთი ჩ/კ სიმინდის ულვაში, 1,5 ჩ/კ დათვისკენკრას ფოთლები, 1/5 ჩ/კ შვიტას ბალახი, 1 ჩ/კ ქაფუნას ბალახი და 1,5 ჩ/კ არყის კვირტები. მიღებული ნარევის 4 ს/კ-ს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დაალბეთ მთელი ღამე, დილით 5-7 წუთით წამოადუღეთ. მთელი ეს ნაყენი დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 5-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება 6 კვირა. ნაყენი დალიეთ ცხელი.