დავეხმაროთ ერთმანეთს
გარქოვანებული კანის დასარბილებლად
კარგა ხანია, შევადგინეთ ხალხური რეცეპტების რამდენიმე რვეული. ზოგჯერ გადავხედავ ხოლმე თქვენს “სამკურნალო წერილებსაც”. მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველს გარქოვანებული ქუსლებისა და კოჟრების ერთი შესანიშნავი წამალი ვასწავლო.
- საღამოს კარგად დაიორთქლეთ ფეხები, გაიმშრალეთ, აიღეთ ჩვეულებრივი მაღაზიის არაჟანი, წაუსვით 4-5-კეც დოლბანდს და მიიდეთ ქუსლებზე. ზემოდან ამოიცვით ცელოფანის პარკი, მერე - წინდები და დაიძინეთ. დილით ფეხები დაიბანეთ.
ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. მე ერთ კვირაში ყველაფერმა გამიარა.
თუ ქოლესტერინის სიჭარბე გაწუხებთ
დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ქოლესტერინის მომატებას ნაადრევ სიბერემდე, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებამდე და მრავალ სხვა უსიამოვნებამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, არავინ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ იცავს კვების ჯანსაღ რეჟიმს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის ოდენობას დააბალანსებდა. სამწუხაროდ, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა. გადავწყვიტე, საკუთარ თავზე თვითონვე მეზრუნა, გადავიკითხე წიგნები მცენარეული მედიცინის შესახებ, ავირჩიე სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი რამდენიმე რეცეპტი და დავიწყე მკურნალობა. ეს უმარტივესი რეცეპტები იყო, მათ მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა, საჭირო ბალახებს აფთიაქში იოლად ვშოულობდი. გაგაცნობთ რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ფითრი, 1 სუფრის კოვზი შვიტა, 1 სუფრის კოვზი გველის სურო, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
უნდა ჩაიტაროთ თვენახევრიანი კურსი შემოდგომასა და გაზაფხულზე. მე ასეთი კურსის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
სამკურნალო სასმელი მხოლოდ ქალებისთვის
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მენსტრუაციის დროს ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ. მე ეს წამალი დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ დღესაც გამოადგებათ გოგონებს.
- ერთმანეთში აურიეთ სამი ჩაის კოვზი ბატის მარწყვაბალახა, ორ-ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და მარმუჭის ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და მდუღარე წყლის აბაზანაში ჩადგით. რომ ადუღდება, 2-3 წუთი აცადეთ, შემდეგ გადმოდგით, თავზე დაახურეთ და 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.
წამალი ფილტვებისთვის
ჩემთვის მცენარეებით მკურნალობა უფრო მისაღებია, ვიდრე ქიმიური წამლებით - ბუნებრივი საშუალებები უფრო მსუბუქადაც მოქმედებს და გვერდითი მოვლენებიც, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქვს. თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება დამემართა. ვიმკურნალე, მაგრამ ფილტვებში ნარჩენი მოვლენები მაინც დამრჩა: მქონდა შემაწუხებელი ხველა, მტკიოდა ზურგი. ექიმმა ფიზიოპროცედურები დამინიშნა, მე კი გადავშალე ხალხური მედიცინის კრებულები და აღმოვაჩინე ფილტვების ანთების დროს გამოსაყენებელი მალამოს რეცეპტი:
- აურიეთ ერთმანეთში 40 გ (7 ჩაის კოვზი) შავი პილპილი, 40 გ (2 სუფრის კოვზი) დაფქული ქინძის თესლი, 30 გ (1 სუფრის კოვზი) მარილი. დაუმატეთ ცოტაოდენი ანადუღარი ცხელი (და არა ქაფქაფა) წყალი და კარგად გახსენით.
წაისვით ეს მალამო საღამოობით მთელ ზურგზე, ბეჭების ქვემოთ, და თბილად შეიხვიეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე სრულ გამოჯანმრთელებამდე. გადავწყვიტე, მეცადა და რამდენიმე პროცედურის შემდეგ ნარჩენმა მოვლენებმა მართლაც გამიარა. მოგვიანებით ეს რეცეპტი კიდევ რამდენიმეჯერ გამოვიყენე ხველის საწინააღმდეგოდ. ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება სხვებსაც გამოადგებათ.
შარდის შეუკავებლობასაც მოერევით
გულისყურით ვკითხულობ თქვენს ჟურნალს, განსაკუთრებით მაინტერესებს მკითხველთა რეცეპტები. ბევრ სასარგებლო საშუალებას მივაგენი და გამოვიყენე კიდეც. მეც მინდა, შემოგთავაზოთ ერთი რეცეპტი მათთვის, ვისაც შარდის შეუკავებლობა აწუხებს:
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ნივრის გამონაწური. დაამატეთ 150 გ მდუღარე წყალი, გააგრილეთ და დალიეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. სვით დღეში 3-ჯერ. ყოველ მიღებაზე ახალ-ახალი ნარევი მოამზადეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის გამონაწური ან ამდენივე ვაშლის ძმარი. სვით სრულ განკურნებამდე.
ბრონქიტი იოლად რომ დაამარცხოთ
ვფიქრობ, ამ რეცეპტის დაბეჭდვა სწორედ დროული იქნება - წელიწადის ამ დროს ხომ ბევრი ცივდება. მე კარგა ხანია ვხმარობ შინ მომზადებულ კრაზანას ნაყენს, რომელიც ძალიან უხდება ხველას და ბრონქიტს:
- 7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, დადგით სიბნელეში 2 კვირით, შემდეგ გაფილტრეთ. ამ ნაყენით დაიზილეთ გულმკერდი, ზურგი და ფეხები.
თუ სიცხე გაქვთ, პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება:
- 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა.
კრაზანას ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადიოთ და მაცივარში შეინახოთ, არ გაფუჭდება.