შარდის შეუკავებლობა
- შარდის შეუკავებლობის რამდენიმე კლინიკური ფორმა არსებობს. გამომწვევი მიზეზისა და მაპროვოცირებელი ფაქტორის მიხედვით, განასხვავებენ:
- შარდის სტრესულ შეუკავებლობას - შარდი გამოიყოფა ხველის, სიცილის, სირბილისა და, საზოგადოდ, ყველა იმ ტიპის ფიზიკური დატვირთვის დროს, რომელიც იწვევს მუცელშიდა წნევის მატებას და ზრდის ზეწოლას შარდის ბუშტის კედლებზე;
- შარდის ურგენტულ ანუ იმპერატიულ შეუკავებლობას - შარდვის ძლიერ, დაუძლეველ სურვილს. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ვერც კი ასწრებენ ტუალეტამდე მისვლას შარდვის სურვილის გაჩენის შემდეგ.
ზოგჯერ შარდვა იწყება უეცრად, პრაქტიკულად ყოველგვარი სიგნალის გარეშე. არსებობენ პაციენტები, რომელთაც ამ ორი ტიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთდროულად აღენიშნებათ. ეს შერეული ფორმაა. ყველაზე ხშირად სამედიცინო პრაქტიკაში სწორედ ის გვხვდება. განსაკუთრებით დამახასიათებელია უფროსი ასაკის ქალებისთვის. მამაკაცებში შარდის შეუკავებლობა უმეტესად წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს, შარდის გადინების დარღვევის გამო ბუშტის გადავსებას და გადაწელვას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ კლინიკურ პრაქტიკაში სტრესული შეუკავებლობა შემთხვევათა 50%-ს შეადგენს, ურგენტული - 14 %-ს, ხოლო 32% შერეული ფორმების წილად მოდის.
- რა არის შარდის შეუკავებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი?
- შეუკავებლობა ყველაზე ხშირად შარდის ბუშტის სფინქტერის ფუნქციათა დარღვევით არის განპირობებული. ზოგჯერ ის შარდსადენის ანატომიური სიგრძის დამოკლებას უკავშირდება. შარდვა რეფლექსური აქტია, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დახმარებით ხორციელდება. ამ პროცესს შარდვის ცენტრი არეგულირებს, ამიტომ შარდის გამოყოფის შეუკავებლობა ხშირად სწორედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე ცვლილებათა შედეგია. ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაავადებები, ხერხემლის ტრავმები, ნეიროგენული შარდის ბუშტი, შარდის ბუშტის სიმსივნეები, მისი ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მაგალითად, ტუბერკულოზი, სწორედ ამ სიმპტომით ვლინდება. შარდის შეუკავებლობა ზოგჯერ ქალის სასქესო ორგანოთა ანატომიურ ცვლილებებს უკავშირდება:
1. საშოს კედლის დაწევას;
2. საშვილოსნოს დაწევასა და გამოვარდნას;
3. მძიმე, გახანგრძლვებულ ან, პირიქით, ძალზე სწრაფ მშობიარობას;
4. გინეკოლოგიურ-ქირურგიულ ოპერაციებს: საშვილოსნოს, იოგების სიმსივნეების ამოკვეთას, ენდოურეთრულ მანიპულაციებს;
5. მძიმე ფიზიკურ შრომას და დატვირთვას;
6. შორისის არის ტრავმებს;
7. ქალის სასქესო ორგანოთა მძიმე ანთებით დაავადებებს.
მამაკაცებთან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველაზე გავრცელებული მიზეზი პროსტატიტი, პროსტატის ადენომა და ქსოვილოვანი წარმონაქმნებია. ჩამოთვლილ ფორმათა გარდა, არსებობს დროებითი, ე.წ. ტრანზიტული შარდის შეუკავებლობა, რომელიც დროებითი ფაქტორებითაა პროვოცირებული და მათი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ თავისთავად გაივლის. მაგალითად, ხანდაზმულებში მოძრაობის შეზღუდვა, შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მწვავე ცისტიტი იწვევს შარდვის ძლიერ სურვილს, რასაც ხშირად შეუკავებლობაც ახლავს თან, თუმცა მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ შარდვის პროცესი ნორმას უბრუნდება. შეუკავებლობას ნაწლავთა დისფუნქციაც უწევს პროვოცირებას, განსაკუთრებით - შეკრულობისკენ მიდრეკილ პირებში. ძლიერი ალკოჰოლური თრობის დროს მცირდება შარდის ბუშტის მგრძნობელობა და ადამიანი დროულად ვერ იგებს მოშარდვის სიგნალს.
- რას ითვალისწინებს შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა?
- უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო გამოკითხვა. ზოგჯერ მიზეზის დასადგენად ესეც კმარა, ზოგჯერ კი საჭიროა დამატებითი სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება: ულტრაბგერითი და რენტგენული გამოკვლევა, შარდის ბუშტის ოპტიკური დათვალიერება - ცისტოსკოპია, უროდინამიკური გამოკვლევა. ეს უკანასკნელი გვეხმარება შარდის ბუშტის დაგროვებითი და გამოდევნითი ფუნქციების შესწავლაში. არ გამოირიცხება შარდის ანალიზი და მისი მიკროფლორაზე გამოკვლევა.
- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი სპეციალისტთან ვიზიტისთვის?
- ვითარება დროულად და საფუძვლიანად რომ გამოსწორდეს, აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს პასუხები შემდეგ კითხვებზე:
- დღის განმავლობაში რამდენჯერ შარდავთ?
- რამდენად ხშირად გაქვთ შეგრძნება, რომ, შარდვის სურვილის მიუხედავად, შარდის ბუშტი ბოლომდე არ არის ავსებული?
- გაქვთ თუ არა შარდვის საკმაოდ ძლიერი სურვილი და მოშარდვის შემდეგ მისი თუნდაც მცირე რაოდენობით უნებლიე გამოყოფა?
- რამდენჯერ დგებით ღამით მოსაშარდად?
- გიჩნდებათ თუ არა შარდვის სურვილი, როგორც კი შინ ბრუნდებით? თუ კი, რამდენი ხანია?
- შარდვის სიგნალის მიღების შემდეგ ასწრებთ თუ არა ტუალეტამდე მისვლას?
- ისევ გაქვთ თუ არა შარდვის სურვილი მოშარდვის შემდეგ?
- შარდვის საგნალის მიღებისთანავე შედიხართ ტუალეტში თუ შეგიძლიათ, 15 წუთზე მეტხანს მოითმინოთ?
- როგორ გამოგეყოფათ უნებლიეთ შარდი - დღისით, ღამით, წვეთობრივად თუ ნაკადით?
- აპროვოცირებს თუ არა ამ მოვლენას განსაზღვრული ფაქტორები, მაგალითად, ხველა, სიცილი, ცემინება და მძიმე ტვირთის აწევა?
- გრძნობთ თუ არა შარდვისას წვას?
- გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც, შარდვის სურვილის მიუხედავად, მოშარდვა ვერ მოგიხერხებიათ?
- გრძელდება თუ არა შარდის წვეთობრივი გამოყოფა მოშარდვის შემდეგ?
- იღებთ რაიმე წამალს შარდვის შეუკავებლობის საწინააღმდეგოდ?
- პირველად უნებლიე შარდვამ ორსულობისას შეგაწუხათ თუ მშობიარობის შემდეგ?
- წყლის ხმიანობა იწვევს თუ არა შარდვის სურვილს?
- დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება მკურნალობა. რა გზით შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება?
- არსებობს შარდის შეუკავებლობის სამკურნალო სამი ძირითადი მეთოდი: არამედიკამენტური, მედიკამენტური და ქირურგიული. თითოეული მათგანი პაციენტის მდგომარეობისა და გამოკვლევათა შედეგების ინდივიდუალური შეფასების შემდეგ ირჩევა. არამედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს სპეციალურ სავარჯიშოებს შარდის ბუშტისთვის, ასევე - ვარჯიშს, რომელიც მიზნად ისახავს მენჯის კუნთების გაძლიერებას.
- რას ნიშნავს შარდის ბუშტის ვარჯიში?
- შარდის ბუშტის გავარჯიშების მეთოდიკა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: შესწავლას, შარდვის გეგმის შედგენას და მის განხორციელებას. როცა შარდის შეუკავებლობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, უმნიშვნელო სიგნალიც კი დაუყოვნებლივ იწვევს შარდის ბუშტის დაცლის სურვილს, რაც მოსალოდნელი უნებლიე მოშარდვის შიშით აიხსნება. ვარჯიშის მიზანია, პაციენტმა ისწავლოს გარკვეული ინტერვალებით შარდვა, მისთვის სპეციალურად შედგენილი განრიგით, მან უნდა შეძლოს მოშარდვის სურვილის დათრგუნვა. რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერვალები თანდათან იზრდება, ყოველ 2-3 კვირაში - ნახევარი საათით, ვიდრე არ მიაღწევს 3-3,5 საათს. ვარჯიში ხშირად ტარდება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. ოპტიმალური მკურნალობის პირობებში დაახლოებით 3 თვის შემდეგ YALIBDEBA შარდვის ახალი ფსიქოლოგიური სტერეოტიპი. არიან ნევროლოგიური პროფილის პაციენტები მძიმე ინტელექტუალური დარღვევით, რომელთაც არ შეუძლიათ შარდვის თვითკონტროლი. მათთან “კარნახით შარდვის” მეთოდს იყენებენ. თავდაპირველად პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ სველდება. მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლის, რომ შარდვის სიგნალის გაჩენის თაობაზე ამცნოს სხვას. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ის გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შარდის შეუკავებლობისას, თუმცა ყველაზე ეფექტიანი მაინც ურგენტული ფორმის დროსაა. იყენებენ უმეტესად ანტისპაზმურ მედიკამენტებს და ანტიდეპრესანტებს. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, არ აღემატება 3 თვეს. მიღწეული შედეგი ნარჩუნდება რამდენიმე თვეს, ზოგჯერ - უფრო მეტხანსაც, თუმცა უმეტესად საჭირო ხდება მკურნალობის მეორე კურსის ჩატარებაც.
- როდის არის საჭირო ქირურგიული მკურნალობა?
- ქირურგიული მეთოდი გამოიყენება უშედეგო კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ. ყველაზე ხშირად მიმართავენ სტრესული შეუკავებლობის დროს, შედარებით ნაკლებად - ურგენტულის შემთხვევაში.
- რას ურჩევთ ამ მდგომარეობით შეწუხებულ პაციენტებს?
- ხშირად პაციენტები სირცხვილისა და მორიდების გამო საკმაოდ გვიან მიმართავენ სპეციალისტებს, შესაბამისად, მკურნალობაც რთულდება და ხანგრძლივდება. აუცილებელია, პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს. არსებობს მრავალი მეთოდი და ხერხი, რომელთა მეშვეობითაც, ასაკის და მდგომარეობის განურჩევლად, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.