დავეხმაროთ ერთმანეთს
ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეული, უფრო სწორად, მისი ქერქი მომიხდა. მინდა, ეს წამალი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვასაც მოჰგვრის შვებას.
- აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ქერქი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ და ნახარში მდუღარე წყლით 1 ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3 ჯერ, ჭამამდე.
გარდა ბროწეულისა, სახსრებს ძალიან უხდება შვრია. მე დროდადრო მის ნახარშსაც ვსვამ. აიღეთ 1 ჭიქა შვრია, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს
ქრონიკული გასტრიტი მაქვს. წინათ ხშირად მტკიოდა კუჭი და მძმარავდა. ტკივილსა და გულძმარვას კარგა ხანს მინერალური და სოდიანი წყლით ვიამებდი, მაგრამ შვება რამდენიმე საათს თუ გრძელდებოდა... ერთხელ გადავწყვიტე, გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება ხალხურ მედიცინაში მომეძებნა. უამრავი რეცეპტი ვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მომგვარა. გთავაზობთ ამ რეცეპტს.
- აურიეთ ერთმანეთში გამხმარი, დაქუქმაცებული 1 ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, 2 ჩაის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათით გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, ერთ ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და ამით არაფერი დაშავებულა.
თუ თირკმელები გაწუხებთ
ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს თირკმელები. დილაობით ისეთი შეშუპებული სახით ვიღვიძებდი, იფიქრებდით, ღამე სმაში გაუთენებიაო. ზოგჯერ სამსახურში წასვლისაც კი მერიდებოდა. დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბს ვიკეთებდი, მაგრამ კოსმეტიკა ისე არ მშველოდა, როგორც დასალევი საშუალებები - ალბათ იმიტომ, რომ პრობლემას ორგანიზმში ღრმად ედგა ფესვები. ერთხანს შვიტისა და არყის ხის ფოთლების ნახარშს ვსვამდი, მერე ერთი მცენარეული ნარევი მასწავლეს, რომელიც ძალიან მომიხდა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.
- აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5-7 წუთი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- ვირისტერფას ფოთლები გარეცხეთ, დამდუღრეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გამოწურეთ. შემდეგ გამონაწური წყალში გააზავეთ (1:1) და 2-3 წუთი ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.
- 40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამდენივე ჟოლოს ნაყოფი და 20 გ თავშავა. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და 15 წუთი მდუღარე წყლისავე აბაზანაში გააჩერეთ. რომ შეგრილდება, რამდენიმეკეც დოლბანდში გაწურეთ (დოლბანდში ჩარჩენილი ბალახიც კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ ძილის წინ და მაშინვე მიიღეთ.
ნევროზის დროს მოგიხდებათ
კლიმაქსის პერიოდში დამეწყო საშინელი ნევროზი, უმნიშვნელო წვრილმანებიც კი ნერვებს მიშლიდა. ზოგჯერ უმიზეზოდაც კი ვღიზიანდებოდი. გადავწყვიტე, თავი ხელში ამეყვანა და პრობლემას თავად გავმკლავებოდი. დამამშვიდებელი საშუალებებისთვის ხალხურ მედიცინას მივმართე. ყველაზე მეტად ერთი ნაყენი მომიხდა, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით ვასწავლი თქვენს მკითხველს.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი, 200-გრამიანი ბოთლი სანახევროდ ამ ნარევით შეავსეთ, სანახევროდ - სპირტით და ბნელ, გრილ ადგილას დადგით. 5 დღეში წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, ცოტაოდენ წყალში გახსნილი.
სალბის სამკურნალო თვისებები
ბევრი რამ გამიგონია სალბის სამკურნალო თვისებების შესახებ. ერთხელ დავინტერესდი და საფუძვლიანად შევისწავლე მისი მოქმედება. სალბი მომცრო (50 სმ-მდე სიმაღლის) ნახევარბუჩქია. აქვს ძლიერი ფესვები, მოლურჯო-მოიისფრო, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები. ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში. სამკურნალოდ მის ფოთლებს იყენებენ. აქვს ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.
ამას წინათ ჩემს შვილს მდინარეში ებანავა და თმა კარგად არ გაეშრო; საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, შეამცივნა და ხველაც დააწყებინა. საწოლში ჩავათბუნე და იმაზე დავიწყე ფიქრი, რით მეწამლა. გამახსენდა, რომ სახლში სალბი მქონდა. მოვუმზადე მისი ნაყენი და 2-3 დღეში გაციებიდან კვალიც აღარ დარჩენილა.
ერთხელ ჩემს მეუღლეს გასტრიტი გაუმწვავდა. მასაც სალბის ნაყენი ვასვი. რამდენიმე დღეში ტკივილებმა უკლო და შებერილობაც ალაგდა. მინდა, ჩემ მიერ ნაცადი რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ.
- გაციების დროს: 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან და 30 წუთი გააჩერეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.
- ბრონქიტისა და პნევმონიის დროს (დამატებით, ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად): 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა რძე, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან, 10 წუთი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი ძილის წინ. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და მეტეორიზმის დროს: 2 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.
- კლიმაქსისა და ძლიერი სისხლდენის დროს: 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან, 2 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- პარადონტოზის, სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს (დამატებით, ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად): 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ და გაფილტრეთ. გამოივლეთ თბილ-თბილი პირის ღრუში (ან ყელში) დღეში 3-4-ჯერ.