დავეხმაროთ ერთმანეთს
ხელები ხშირად დაიბანეთ
ყოველ ზაფხულს - ერთი და იგივე: რამდენიც არ უნდა იმეორო, ჭამის წინ ხელების დაბანა აუცილებელიაო, ბავშვები მაინც დაუბანელი ხელებით ჭამენ. ჰოდა, ნაწლავური ინფექციებიც არ აყოვნებს. გასაგებია, რომ პატარებს ჭამის წინ ხელის დაბანის მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ ესმით, მაგრამ როდესაც 30 წლის მამაკაცი შუა ქუჩაში დაუბანელი ხელებით გემრიელად შეექცევა საკვებს, ეს უკვე გაუნათლებლობაა და მეტი არაფერი.
ჩემს სიძეს ასეთი რამ დაემართა: სამსახურიდან მომავალმა ვერ მოითმინა და ქუჩაში რაღაც შეჭამა. შინ მოსვლისთანავე მუცელი ისე ასტკივდა, რომ კუჭის გამორეცხვა დასჭირდა. წამლებიც მიიღო, მაგრამ სპაზმებმა არ უკლო. ბედად, გამახსენდა საშუალება, რომელიც დიარეის გამომწვევ ბაქტერიებზე დამღუპველად მოქმედებს.
1 ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ღოლო, თავზე დაახურეთ და ნახევარი საათით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, მერე გაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ანემიის დროს ასკილისა და მარწყვის ნაყენი სვით
რამდენიმე ხნის წინ სისუსტე, თავბრუხვევა ვიგრძენი. პირველი, რაც გავაკეთე, სისხლის ანალიზი იყო. დაბალი ჰემოგლობინი აღმომაჩნდა. თანამშრომელმა, რომელსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა, მირჩია, ასკილისა და მარწყვის ნაყენი მესვა. სიამოვნებით გთავაზობთ რეცეპტს:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილი და მარწყვი. 10 გრამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩადგით წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი, გადაწურეთ, ნალექიც გაწურეთ, ბოლოს ნაყენი მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/4-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ. არის რკინისა და ასკორბინის მჟავას ანუ ჩ ვიტამინის შესანიშნავი წყარო.
მცენარეები ყვავილობენ, ალერგია კი გვიტევს
მცენარეების მტვერი ზოგიერთ ადამიანში ძლიერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. თუ ასეთი რამ თქვენთვის ნაცნობია, გირჩევთ, ალერგიის სეზონისთვის მცენარეთა აყვავებამდე მოემზადოთ. ამისთვის მიიღეთ ორკბილას, გულყვითელასა და ჭინჭრის ნაყენი.
- ორკბილა ჩაისავით უნდა დააყენოთ 20 წუთით და სურვილისამებრ სვათ. ნაყენი ოქროსფერი უნდა იყოს. დალიეთ ახალი დაყენებული, მისი შენახვა და მოგვიანებით გამოყენება არ შეიძლება.
- გულყვითელას ნაყენი კი ასე მზადდება: აიღეთ 1 სადილის კოვზი ყვავილი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 საათი და გადაწურეთ. სვით 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- ჭინჭრის ნაყენს ასე ვამზადებთ: 2 სადილის კოვზ ბალახს ვასხამთ 2 ჭიქა მდუღარეს და 2 საათით ვაყენებთ. ვსვამთ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
თითოეული ბალახის ნაყენი სვით 3-4 დღე, ერთი სიტყვით, ერთმანეთს შეუნაცვლეთ. ერთი ნაყენიდან მეორეზე გადასვლამდე ერთი დღით შეისვენეთ.
კრაზანა დამწვრობასაც შველის
კოჯორში ვისვენებდი. წვიმდა და ოთახში შეშის ღუმელი დავანთეთ. ღუმლით სარგებლობა არ ვიცოდი, ამიტომ ანთებულში პირდაპირ შევასხი ნავთი. იქიდან გამოვარდნილმა ალმა ხელის თითები და ფეხი დამწვა. რომ იტყვიან, კიდევ კარგად გადავრჩი... გადარჩენით კი გადავრჩი, მაგრამ დასვენება ჩამმწარდა... მეზობლის მოაგარაკემ, რომელსაც მანამდე მხოლოდ სალმით ვიცნობდი, მომაწოდა შინ დამზადებული მალამო, რომელმაც წასმისთანავე მომგვარა შვება და დამწვრობა სულ მალე მომირჩინა. იმ ქალბატონს მალამოს რეცეპტიც ვთხოვე და მინდა, სხვებსაც გავუზიარო.
- 1 წილ დაფშვნილ კრაზანას დაასხით 2 წილი ზეითუნის ზეთი, დააყენეთ 2-3 კვირის განმავლობაში და გადაწურეთ. კრაზანას ზეთში დაასველეთ სუფთა დოლბანდი და დამწვრობის ადგილებზე დაიდეთ.
ორკბილას ნახარში ალერგიის წამალია
ბავშვობიდან მაქვს ალერგია სხვადასხვა გამაღიზიანებელზე. აქედან გამომდინარე, ალერგიული რეაქციაც სხვადასხვანაირად არის ხოლმე გამოხატული. ერთ ზაფხულს აგარაკზე თხილმა მაწყინა, უფრო სწორად, ალერგია მომცა. მთელი სოფელი დაფაცურდა. მეზობლის დამსვენებელმა მირჩია, ჩაისა და ყავის ნაცვლად ორკბილას ნაყენი მესვა - ალერგიისგან სამუდამოდ განიკურნებიო. ორკბილას ნაყენი, როგორც მან ამიხსნა, ცვლის ორგანიზმის რეაქციას და ხელს უწყობს ალერგიისგან გათავისუფლებას.
- ნაყენი ისევე მზადდება, როგორც ჩაის აყენებთ ხოლმე: აიღეთ 1 ჩაის კოვზი ორკბილა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთით დააყენეთ. ნაყენი უნდა იყოს ოქროსფერი. თუ ის მღვრიე ან მომწვანოა, ესე იგი ორკბილა უვარგისია.
- ორკბილას ნაყენის შენახვა არ შეიძლება, უნდა მიიღოთ ახალი დაყენებული.
რამდენიმე წელი რუსეთში მომიწია ცხოვრება. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. გოგონას ლოყებზე კანი გაწითლებული და გაღიზიანებული ჰქონდა. მეზობლის მოხუცმა ქალმა მითხრა, რომ ეს დიათეზი იყო და წამალიც მასწავლა.
ძახველის ქერქი დიათეზს კურნავს
- 15 გრამ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე 30 წუთით, შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და 200 მლ-მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიეცით ბავშვს თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ანგინისგან გიხსნით
მართალია, ზაფხულია, ცხელა, მაგრამ ყელის ტკივილი მაინც არ არის იშვიათი - სიცხეში დიდ-პატარა ცივ წყალსა და ნაყინს ეტანება, ანგინა კი, მოგეხსენებათ, გაცივების თანამდევი პრობლემაა. ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემს შვილს კონცერტზე უნდა ემღერა, არადა სწორედ წინა დღეებში ასტკივდა ყელი. ხმა გაებზარა და ჩაეხლიჩა. მისმა სიმღერის მასწავლებელმა გადაგვარჩინა - გვასწავლა წამალი, რომელმაც ჩემს შვილს სულ მალე მოურჩინა ყელი.
- აიღეთ 200-200 გრამი კაკაო, ღორის მუცლის ქონი, თაფლი და ნაღების კარაქი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში, შედგით ნელ ცეცხლზე, გაადნეთ და კარგად აურიეთ. ნარევი რომ გაცივდება, გადაიღეთ მინის ქილაში. 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და სვით დღეში 3-4-ჯერ.
ხილის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონი
ზაფხული სახის კანსაც უხარია, რადგან ხილისგან ათასნაირი ვიტამინოვანი ნიღბის მომზადება შეიძლება. მე წელიწადის ამ დროს ვამზადებ ლოსიონს, რომელიც ძალიან უხდება სახის კანს.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარწყვი, 1 სუფრის კოვზი ჟოლო ან 1 სუფრის კოვზი შავი მოცხარი, კარგად გასრისეთ და დაასხით 300 გრამი არაყი. 10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ და გამოიყენეთ ნორმალური და ცხიმიანი კანის გასაწმენდად.
გამოყენებამდე ლოსიონი 1,5-ჯერ, 2-ჯერ ან 3-ჯერ გააზავეთ წყლით, თორემ შესაძლოა, კანი გამოაშროს.
ცხელი ქვიშა
რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთის ერთ-ერთ სანატორიუმში მოვხვდი, სადაც ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები ისვენებდნენ. ალბათ გარემომ იმოქმედა - ჩემს სიცოცხლეში პირველად გადავწყვიტე, მიმეხედა ხერხემლისა და სახსრებისთვის. სხვა პროცედურებთან ერთად შემომთავაზეს ფსამოთერაპიაც, რომელიც ძალზე სასიამოვნო და სასარგებლო მეთოდი აღმოჩნდა (უცნაურმა სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ - ფსამოთერაპია ქვიშით მკურნალობას ნიშნავს). მას შემდეგ ქვიშიან სანაპიროს გულგრილად ვეღარ ვუვლი გვერდს - აუცილებლად ვწვები ქვიშაში და ვწევარ, ვიდრე საამისო დრო მაქვს. ცხელ ქვიშას სამმაგი ეფექტი აქვს: სითბური, ქიმიური და მექანიკური. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ერთდროულად ამასაჟებს მთელ სხეულს და კანში არსებულ ნერვულ დაბოლოებებსაც ასტიმულირებს. პარალელურად მიმდინარეობს ერთგვარი ლიმფოდრენაჟიც, რომლის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ერთი სიტყვით, წევხარ ქვიშაში, ისვენებ და ჯანმრთელობასაც რგებ.
ქვიშის აბაზანის მიღება რთული არ არის: მოძებნეთ სანაპიროზე ისეთი ადგილი, სადაც თავი დაცული იქნება მზის პირდაპირი სხივებისგან (ჩრდილში, ქოლგის ქვეშ), დაწექით და ვინმეს სთხოვეთ, მთელი ტანი დაგიფაროთ ქვიშით. სუფთა ქვიშის ფენა სხეულზე არ უნდა აღემატებოდეს 10-15 სმ-ს. გაჩერდით ასე ნახევარი საათი და ეცადეთ, ამ ხნის განმავლობაში მთლიანად მოეშვათ. ქვიშის აბაზანებით მრავალ დაავადებას მკურნალობენ, განსაკუთრებით კარგია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების: რადიკულიტის, იშიასის, ართროზის, ართრიტების და რევმატიზმის - დროს. ასე რომ, ჩაწექით ქვიშაში, მიიღეთ სიამოვნება და იმკურნალეთ.
როგორ დავიქვეითოთ შაქრის დონე
გთავაზობთ შაქრის დონის დასაქვეითებელ რეცეპტებს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ასეთი რამ მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია:
- სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრია და დაასხით იმდენი კეფირი, რომ დაიფაროს, ანდა 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 1 დღით, შემდეგ გადაასხით ქვაბში და შედგით ცეცხლზე; როგორც კი ადუღდება, მაშინვე გადმოდგით; გააცივეთ, გაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ - დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
- ასეთივე თვისება აქვს პირშუშხას წვენს კეფირთან ერთად: აურიეთ 1 ჭიქა კეფირში 1 სადილის კოვზი პირშუშხას წვენი. დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე.
- აიღეთ 60 გრამი მაწყვის ფოთოლი, 40 გრამი ცაცხვის ყვავილი, 30 გრამი გულყვითელას ყვავილი, 100 გრამი მოცვის ფოთოლი. დაასხით 1 სადილის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. სვით თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი.
გააგრძელოთ თუ არა ნაყენის სმა შაქრის დონის დარეგულირების შემდგომ, ამის თაობაზე კონსულტაცია და რჩევა-დარიგება მკურნალი ექიმისგან მიიღეთ.