სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს

ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში. ხანდახან თირკმელი მეც გამკრავდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თირკმლის ჭვალი არ დამემართა. მაშინ კი ვიკადრე უროლოგთან მისვლა. ექოზე თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. ტკივილებს არც ამის მერე შევუწუხებივარ, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ იმკურნალებ, საქმე ცუდად წაგივაო. გადავწყვიტე, ექიმთან მისვლამდე შინაური საშუალებები მესინჯა.

ერთ წიგნში მივაგენი გამაჯანსაღებელ რეცეპტებს, რომლებიც ნატურალური წვენების გამოყენებას ემყარება. შორს წასვლა არ დამჭირვებია - ბოსტანში ყოველგვარი ბოსტნეული მომყავდა. ავირჩიე ყველაზე ადვილად მოსამზადებელი რეცეპტი და მკურნალობას მივყავი ხელი.

  • ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი, აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ ამ წყალში მისი წვენი. დაამატეთ თანაბარი რაოდენობით კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. სვით დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხული.

ეს ნაზავი წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას, მაგრამ კურსი უნდა ჩაიტაროთ ყოველწლიურად. ნაზავი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც.

ნაღვლის შეგუბება თავიდან რომ აიცილოთ, წამალთან ერთან შეიძლება 1-2 კვირის განმავლობაში სვათ ნაღველმდენი საშუალებაც.

  • ამისთვის დაგჭირდებათ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათით, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ.

მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

ჟენ-შენის ძალა

ამას წინათ წავაწყდი საინტერესო სტატიას ჟენ-შენის შესახებ. კარგად მახსოვს, როგორი წარმატებით იყენებდა მას დედაჩემი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარეს ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედება ახასიათებს. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის, სტრესის, ნევროზის, სქესობრივი დარღვევების დროს.

ჟენ-შენი აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას, გულის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ქსოვილთა სწრაფ აღდგენას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობას. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მისი გამოყენება ერთიორად მკვეთრ თერაპიულ ეფექტს იძლევა. მინდა, დედისგან ნასწავლი ერთი რეცეპტი შემოგთავაზოთ.

  • 10-15გ (1 სუფრის კოვზ) მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ არაყი და ორი კვირით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

გახსოვდეთ: მწვავე დაავადებების დროს, ასევე - ქრონიკული ფორმების გამწვავების პერიოდში ჟენ-შენის მიღება რეკომენდებული არ არის. ასევე არ არის მიზანშეწონილი დიდი დოზებით და ხანგრძლივად მისი გამოყენება.

ვიდრე წნევა აგიწევთ

დადგება თუ არა შემოდგომა, წნევაც თავს მახსენებს. ექიმის გამოწერილ წამალს, რა თქმა უნდა, ვსვამ, მაგრამ ამასთან ერთად მკურნალობის საკუთარი მეთოდებიც შევიმუშავე.

  • კარგა ხანია შევამჩნიე, რომ ჰიპერტონიის თავიდან ასაცილებლად, ასევე - ადრეულ სტადიაში მის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურად შეიძლება მოძრაობითი აქტივობის გამოყენება. ის უნდა მოიცავდეს თვითმასაჟს, რიტმულ-პლასტიკურ ტანვარჯიშს (მხრის ან იდაყვის სახსრებში მოხრილ ხელებს ნაზად ვატრიალებთ; გამართული ხელები მონაცვლეობით გადაგვაქვს უკან და წინ, მუხლებში ვხრით და ვშლით ფეხებს და ა.შ.), ასევე - წყლისა და სათხილამურო პროცედურებს, საინტერესო შემოქმედებით და ნაკლებად დატვირთულ შრომას - ხატვას, ქსოვას, კერვას, ხეზე კვეთას და სხვა.
  • ისიც შევამჩნიე, რომ სტრესული სიტუაცია ჩვენზე მოქმედებს არა თავისთავად, არამედ იმის მიხედვით, როგორ აღვიქვამთ მას ჩვენ. ამის საუკეთესო წამალი კი იუმორი და მოთმინებაა. უფრო უკეთესი იქნება, თუ უსიამოვნებებს, კონფლიქტურ ადამიანებსა და სიტუაციებს თავს ავარიდებთ. მუდმივი კეთილგანწყობილი ღიმილი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია სტრესული სიტუაციების ნეიტრალიზაციისთვის.
  • ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მესამე საშუალებაა რაციონალური დიეტა: ძირითადად - მცენარეული საკვები, ნაკლები ცხარე, შემწვარი და ხორციანი კერძი. განსაკუთრებით უხდება წნევას სტაფილო, ოხრახუში, საზამთრო, ნესვი, გოგრა, ჭარხალი, ნიორი და კენკრა, ყველაზე მეტად კი კუნელი და შავი მოცხარი. ძალიან სასარგებლოა კუნელის ყვავილების, ყვითელი ძიძოს, პიტნისა და თავშავას ჩაი.

არტერიული წნევის მომატებისას მიიღეთ კუნელის ყვავილებისა და კარგად დაქუცმაცებული ასფურცელას ნაყოფის ნაყენი. კარგია ასევე შავბალახას ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ნახარში.

არტერიული წნევის უეცარი მომატებისას, მაგალითად, უსიამოვნების მოლოდინში ან ამინდის ცვლილებისას, რეკომენდებულია სახის თვითმასაჟი: ცხვირის ფუძიდან ყურებისკენ, შუბლიდან ნიკაპისკენ (პირის დაბანა), კეფიდან ბეჭებისკენ, ასევე შუა და საჩვენებელი თითების წვერებით საფეთქლების დაზელა. ხელსმას იმეორებენ 15-ჯერ, ამოსუნთქვის სინქრონულად. თან გულში იმეორეთ: "მშვიდად ვარ, არ ვშფოთავ. ჩემი გულისა და ტვინის სისხლძარღვები მოდუნებულია. თავი თავისუფლდება, გული ცემს თანაბრად და მშვიდად. ჩემი სისხლძარღვები მოდუნებულია. თავი გათავისუფლდა. გულში კი ვგრძნობ, რომ სითბო მეღვრება". ეს ყველაფერი მედიკამენტებს ვერ შეცვლის, მაგრამ მათი დოზების შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.


როცა თავი თავს გახსენებთ

40 წელს რომ გადავაბიჯე, თავის ტკივილი დამჩემდა. რა არ ვცადე, ვის არ მივმართე; ხან ქალასშიგა წნევას დააბრალეს, ხან - ასაკობრივ ჰორმონულ დარღვევებს, ხან - წნევის მატებას თუ დაქვეითებას. მოკლედ, დავიტანჯე. ბოლოს უბნის ექიმმა მირჩია, ხალხური საშუალებები მესინჯა. დავუჯერე და არც მინანია. ამის შემდეგ დავიწყე ხალხური რეცეპტების შეგროვება. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ.

  • აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 15 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • რეგულარული თავის ტკივილის დროს სასარგებლოა კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ დღეში 1/4 ჭიქა.
  • 1 ჩაის კოვზ კულმუხოს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 10 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ძლიერი თავის ტკივილის დროს ეფექტურია შავი მოცხარის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • 1 სუფრის კოვზ წითელ სამყურას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • შემაწუხებელ შაკიკისებრ ტკივილს აცხრობს ჭამის დროს 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის მიღება.
  • შაკიკის დროს ეფექტური საშუალებაა ორთქლის აბაზანები. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის ძმარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ქვაბზე თავი დახარეთ და შეისუნთქეთ ორთქლი 75-ჯერ. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ტკივილი ცხრება, უკიდურეს შემთხვევაში, მცირდება მაინც.

წერილი რედაქციას

ძვირფასო რედაქციავ, მართლაც რომ კეთილშობილურ საქმეს უდგახართ სათავეში. ამ გაჭირვების ჟამს თქვენი ჟურნალის #12-ში წავიკითხე, რომ გამოვიდა ქართული ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული მალამო "იმპულსი", რომელიც შველის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს (არტთრიტი, ართროზი, რადიკულიტი, რევმატიზმი, ნიკრისის ქარი, ნევრიტი, მიოზიტი, დაბუჟება). შევიძინე და მასზე მითითებული წესების მიხედვით გამოვიყენე. ჩემდა გასაოცრად, 2-3 შეზელის შემდეგ ტკივილები მომეხსნა (მანამდე ვხმარობდი სხვადასხვა იმპორტულ მედიკამენტს, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღე). მკურნალობა გავაგრძელე ინსტრუქციის მიხედვით და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მინდა თხოვნით მოგმართოთ: მალამო "იმპულსის" შემადგენლობა შემდეგია: თაფლის სანთელი, მცენარეული ზეთი, წიწაკა და დაფნა; გთხოვთ კომენტარს თითოეული კომპონენტის შესახებ - როგორი მოქმედებისაა და რა თვისებები აქვს. ამასთანავე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და მწარმოებელსაც.

თირკმლის კენჭები უმტკივნეულოდ მოვიშორე

ამ რამდენიმე წლის წინ წელის საშინელი ტკივილები დამჩემდა. შეტევა რომ დამეწყებოდა, სანამ სასწრაფო დახმარების ექიმი ბარალგინს არ გამიკეთებდა, ტკივილისგან კედლებზე გავდიოდი. დამისვეს თირკმლის კენჭების დიაგნოზი. უამრავ ექიმთან ვიყავი. ზოგი წამლებით მკურნალობას მირჩევდა, ზოგი - სპეციალური აპარატით დაშლას, მეზობელმა კი მირჩია, ერთი შინაური წამალი მესინჯა და მისი მომზადებაც მასწავლა. დავიწყე ამ წამლით მკურნალობა და კენჭებიც ნელ-ნელა გამოვიდა თირკმელებიდან (შარდს გამოჰყვა), თანაც ისე, რომ ტკივილი არ მიგრძნია. უკვე რამდენიმე წელია, შეტევაც აღარ მქონია. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 200გ მურყნის ქერქისა და 250გ თაფლის ნარევი, ადუღეთ 10-15 წუთი, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

სხვათა შორის, იმავე მეზობელმა მითხრა, კენჭებს მარწყვიც უხდება, თუ დღეში 6-ჯერ 200-200 გრამს მიირთმევო, მაგრამ ეს მეთოდი არ გამომიცდია.


ძახველი სასარგებლოა

ძალიან მიყვარს ძახველი და მისგან უამრავი წამლის მომზადებაც ვიცი. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც შემოგთავაზოთ. ყველა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე - ქმარზე, შვილებზე, შვილიშვილებზე - მაქვს გამოცდილი. მე და ჩემი მეუღლე წნევის დამწევ და დამამშვიდებელ საშუალებად ვიყენებთ, ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ვასმევ, ხველისა და ბრონქიტის დროს კი დიდებიც ვსვამთ და პატარებიც.

1. ძახველის ნაყოფი მოთუთქეთ მდუღარე წყალში და შემდეგ თუშფალანგზე გახეხეთ. დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი, ჩაასხით ქილაში და დადგით. ერთი კვირის შემდეგ გემრიელი წამალი მზად იქნება. თუ უზმოზე ერთ სუფრის კოვზს მიირთმევთ, ვიტამინების დღიური ნორმაც მიღებული გექნებათ და არც წნევა შეგაწუხებთ. თუ მაღალ წნევას უჩივით, დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ მიიღეთ, მაგრამ თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, დღეში ერთ კოვზზე მეტი არ შეიძლება.

2. 1 სუფრის კოვზ ძახველს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ. ანგინის დროს ივლეთ, ხოლო თუ ხმა გაქვთ ჩახლეჩილი, დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

3. ბრონქიტის დროს 3 სუფრის კოვზი ძახველის ნაყოფი 3 სუფრის კოვზ თაფლში აურიეთ და დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს ჩაისავით სვით თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში ერთხელ.

4. ნერვიულობისა და შფოთვის დროს 250 გ ძახველი გახეხეთ, ნელ-ნელა დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და თან ურიეთ. გააჩერეთ 3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

5. უეცარ თავის ტკივილს ახალგამოწურული ძახველის წვენი ტკივილგამაყუჩებელზე არანაკლებ დაგიამებთ.

მეხსიერებაზე დროულად ვიზრუნოთ

ბებიაჩემი 93 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სხარტი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ერთხელ არდადეგებზე მასთან ჩავედი. გამოცდები ახალი ჩაბარებული მქონდა და გადაღლილ-გამოფიტული ვიყავი. მაშინ ბებიამ მითხრა, თუ ახლავე არ დაიწყე მეხსიერებაზე ზრუნვა, სიბერეში გვიანი იქნებაო და მასწავლა კიდეც საოცარი საშუალება. თურმე თავადაც სვამდა და შვილებისთვისაც ურჩევია, მაგრამ რატომღაც ყური არ დაუგდეს. აი, მე კი ვენდე ბებიას და დღემდე ვასრულებ მის დანაბარებს. აი შედეგიც: როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, გონება ყოველთვის შესანიშნავად მიმუშავებს.

  • 40 გ ნიორს დაასხით 100 გ არაყი ან სპირტი და მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნის წვეთები. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სისხლძარღვებს შვრიის ნაყენი წმენდს

დედას გული აწუხებდა. მივიდა ექიმთან. უთხრეს, რომ ათეროსკლეროზისგან სისხლძარღვები ჰქონდა შევიწროებული, დაუნიშნეს წამლები და დიეტა. დავიწყეთ ამ წამლების სმა. შედეგი მოგვცა, მაგრამ დიდი ვერაფერი. დავიწყე ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების ძებნა. მივაგენი რამდენიმე რეცეპტს. დედამ ერთ-ერთი მათგანი აირჩია და დაიწყო მიღება. მალე შესამჩნევად მომჯობინდა. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • 1/2 ჭიქა კარგად გარეცხილ და წვრილად დაჭრილ შვრიის ღერებს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და ჩაისავით დალიეთ ცხელ-ცხელი. თუ გნებავთ, მიატანეთ თაფლი ან მურაბა. 2-თვიანი კურსი წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

ქოლეცისტიტი ბავშვობიდან მაწუხებდა

ბავშვობიდან მსუქანი ბავშვი ვიყავი, დედა სულ ნოყიერ-ნოყიერ კერძებს გვაჭმევდა, ჯანმრთელი ფილტვები გექნებათო (თავად ახალგაზრდობაში ტუბერკულოზი ჰქონდა გადატანილი, რასაც უჭმელობას აბრალებდა და შვილებს ძალიან გვიფრთხილდებოდა). მართალია, ფილტვები მეც და ჩემს ძმასაც ძალიან ძლიერი გვაქვს, მაგრამ ნაღვლის ბუშტის სიჯანსაღით ვერ დავიკვეხნი. ბავშვობიდან მაწუხებს, სულ გულისრევის შეგრძნება მაქვს. ვსვამდი ალოქოლს, ნოშპას, ვიკეთებდი ყრუ ამორეცხვებს, მაგრამ შედეგი დროებითი იყო. შემდეგ დავიწყე ნაყენის სმა, რომელსაც მეგობარი მიმზადებდა. ძალიან მომიხდა. მეგობარმა ამ ნაყენის მოზადება მასწავლა და მას აქეთ წელიწადში 1-2-ჯერ აუცილებლად ვიტარებ მკურნალობის კურსს.

  • დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასისთავა, კოთხუჯის ფესვი და ნეგოს - უკვდავას ყვავილები (ეს ყველაფერი აფთიაქში იყიდება). 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით შედგით ნელ ცეცხლზე და 7 წუთი ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ. კურსი 7-დღიანია.

ჰაერის უკმარისობას ლიმონი შველის

ერთხანს გამუდმებით მაწუხებდა ჰაერის უკმარისობა, სულ მამთქნარებდა, ღამით ხშირად მეღვიძებოდა და აივანზე გავდიოდი ჰაერის ჩასაყლაპავად. ისე შევწუხდი, რომ ყველგან ამაზე ვლაპარაკობდი. ერთხელ ნაცნობმა ლიმონისა და ნივრის წამალი მასწავლა. რაც მისი მიღება დავიწყე, ჰაერის უკმარისობა აღარ მაწუხებს.

  • აიღეთ 1 ლ თაფლი, ჩააწურეთ 10 ლიმონი, ჩაახეხეთ 10 თავი ნიორი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 1 კვირა თავდახურულ მინის ქილაში, მერე კი დღეში ერთხელ აუჩქარებლად მიიღეთ 4 კოვზი. გეყოფათ 2 თვე.