ხველისას სასარგებლოა თალგამი
- მის მოსამზადებლად საკმარისია გახეხოთ თალგამი და ფენა-ფენა ჩააწყოთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში. თხელი ფენა თალგამი და ზედ მოყრილი 1 დესერტის კოვზი შაქარი. ასე შეავსეთ ქილა, შემდგომ ის დადგით თბილ ადგილზე 24 საათის განმავლობაში, სასურველია ტემპერატურა ამ ოთახში დაახლოებით 20 გრადუსი იყოს.
მიღების წესი:
1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში პატარებისთვის, მოზრდილებისთვის კი დღიური ნორმა შეადგენს 1 სადილის კოვზს, ასევე 3-ჯერ დღეში.
ზაზა ქ. ვანი
რომელი დაავადებების დროს ვითარდება ხველა
როგორც ცნობილია, ხველა ორგანიზმის რეაქციაა სასუნთქი გზების ნებისმიერ გამღიზიანებელზე, რომელიც ხელს უშლის ჰაერის გამტარობას.
როგორია ხველის განვითარების მექანიზმი და რომელი დაავადებების დროს გვხვდება ეს სიმპტომი, გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ,,ჯეოჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია მინდიაშვილი.
– ქალბატონო ლია, რა შეიძლება იყოს სასუნთქი გზების გამღიზიანებელი აგენტები?
– სასუნთქი გზების გამღიზიანებელ აგენტებად შეიძლება მოგვევლინოს: პათოგენური ფლორა (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვ.), უცხო სხეული, სახლისა თუ გარემოს მტვერი და ალერგენი, ცხელი ან ცივი სასმელი და/ან ჰაერი, მოცულობითი წარმონაქმნი (სიმსივნე, კისტა და სხვ.), თამბაქოს ბოლი, საკვების მცირე ზომის ნარჩენები.
რიგ შემთხვევაში ხველა შეიძლება იყოს სახიფათო მდგომარეობის, დაავადების სიგნალი. ამიტომ ამ სიმპტომის აღმოცენების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
– როგორი შეიძლება იყოს ხველა?
– ხველა თავისი მახასიათებლებით შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად:
ნახველის არსებობის მიხედვით სასუნთქ გზებში:
- მშრალი (არაპროდუქტიული).
- სველი (პროდუქტიული).
ხმის მიხედვით:
- „მყეფავი“ – ლარინგიტის დროს, კრუპის დროს – ხორხის სანათურის შევიწროების გამო. ყეფის მსგავს ხმასთან ერთად შესაძლოა იყოს მკვეთრი, უხეში და ხმაურიანი სუნთქვაც – სტრიდორი.
- სპაზმური, შემაწუხებელი და მსტვინავი, შედარებით ნაკლებპროდუქტიული – ალერგიის, ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.
- ყრუ სუსტი, ჩუმი, ხრინწიანი – დიფტერიის დროს განვითარებული კრუპის დროს.
- ჟღერადი.
ინტენსივობის მიხედვით:
- ჩახველება.
- მსუბუქი ხველა.
- ძლიერი ხველა.
ხველის აქტის ხანგრძლივობის მიხედვით:
- მოკლე, წყვეტილი, ე.წ. ,,სტაკატოს“ ტიპის – ქლამიდიოზის დროს.
- ხანგრძლივი.
ხველის აღმოცენების დროის მიხედვით:
- დილის ხველა – დამახასიათებელია მწეველებისა და ბრონქული ასთმით დაავადებულებისათვის.
- ღამის ხველა – ძირითადად დამახასიათებელია ყივანახველას, ტუბერკულოზის, რინოსინუსიტებისათვის.
- არ არის დაკავშირებული დღე-ღამის დროსთან – ფილტვის ანთებითი პროცესების დროს.
ხველის აღმოცენების მექანიზმის მიხედვით:
- რეფლექსური, რომლის მიზეზიც სასუნთქი ორგანოების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებაა.
- ფსიქოგენური, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის რეფლექტორული გზების აგზნების შედეგად.
- ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა.
ხანრძლივობის მიხედვით:
- 3 კვირამდე – მწვავე;
- 3-დან 8 კვირამდე – ქვემწვავე (გახანგრძლივებული „პოსტინფექციური“);
- 8 კვირაზე მეტი – ქრონიკული ხველა.
ხველის ყველა სახეობიდან ყველაზე გავრცელებულია გახანგრძლივებული მშრალი ხველა, რომელიც ვითარდება გაციებისა და ფილტვების დაავადებების შემდეგ.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე