ფილტვის გახეთქვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფილტვის გახეთქვა
ფილტვის გახეთქვა (ღუპტურა პულმონის), ცხადია, ყოველდღიურ ყოფაში არ გვხვდება, თუმცა კი ზოგიერთი ტრავმული დაზიანების დროს ასეთი რამ მოსალოდნელია. გულმკერდის ჩვეულებრივი ტრავმის დროს ფილტვის გახეთქვა იშვიათია. პლევრა და ფილტვი უმეტესად სკდება ნეკნების მოტეხილობის დროს. თვით ნეკნების მოტეხილობა, რომელიც ფილტვის ჭრილობას იწვევს, ჩვეულებრივ, მძიმე ტრავმის - საავტომობილო კატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის - შედეგია.
ამ დროს მდგომარეობის სიმძიმე ჭრილობის სიღრმესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად არის დაშორებული ჭრილობა ფილტვის ფესვს (ფილტვის პარენქიმის პერიფერიული ჭრილობა), მით უფრო მსუბუქია კლინიკური სურათი, ვინაიდან ფილტვის პერიფერიულ უბნებზე ზიანდება მხოლოდ წვრილი ბრონქები და სისხლძარღვები, ასეთი ტრავმა კი, წესისამებრ, არ იწვევს კარდიოპულმონური სისტემის მძიმე მოშლილობას. ამის საპირისპიროდ, ფესვის არეში ფილტვის პარენქიმის ჭრილობას მძიმე კლინიკური გამოხატულება ახასიათებს.
სისხლიანი ხველა ფილტვის დაზიანებაზე მიუთითებს. ფილტვის ჭრილობის დროს ვითარდება ჰემოპნევმოთორაქსი. პერკუსია და აუსკულტაცია ამის თაობაზე ეჭვს ადასტურებს. კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე - ფილტვის პარენქიმის დაზიანების ლოკალიზაციასა და სიღრმეზე. ავადმყოფი წრიალებს, სუნთქვისას ზოგავს გულმკერდის დაზიანებულ მხარეს; პულსი გახშირებულია, ხველა - მტანჯველი და ტკივილიანი, სისხლიანი გამონაყოფით; ვითარდება ციანოზი, მკვეთრი ქოშინი და კანქვეშა ემფიზემა. ყოველივე ეს ფილტვის პარენქიმის დაზიანებაზე მიუთითებს. უახლოესი ორი საათის განმავლობაში სურათის დინამიკაზე დაკვირვება ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს დაზიანების ხარისხი და ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა.
აფეთქების ტალღით გამოწვეული ფილტვის დაზიანებისას სხვადასხვა სიმძიმის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებაა მოსალოდნელი. ის დამოკიდებულია აფეთქების ცენტრამდე არსებულ მანძილზე, აფეთქების ინტენსივობასა და სხვა ფაქტორებზე.
საშუალო სიმძიმის დაზიანებისას უშუალოდ ტრავმის შემდეგ მოსალოდნელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რაც აფეთქების ტალღის თავის ტვინზე ზემოქმედებით არის გამოწვეული. გონს მოსვლის შემდეგ დაშავებული უჩივის სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ზომიერ ტკივილს, ყურებში ხმაურს, სისხლიან ხველას, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლდენას. ზოგჯერ ვითარდება სუნთქვის უკმარისობის ნიშნებიც - ქოშინი, ციანოზი; ცხვირ-პირიდან შეიძლება დიოდეს სისხლით შეფერილი ქაფისებრი სითხე; პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - რამდენადმე დაქვეითებული. გულმკერდის დათვალიერებისას დაზიანება შესაძლოა ვერც შევამჩნიოთ. ფილტვების გამოკვლევისას მიღებული ფიზიკალური მონაცემები, ჩვეულებრივ, მწირია და არ შეესაბამება სუბიექტურ მოშლილობებსა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვან დარღვევებს. ჩვეულებრივ, ისმინება მხოლოდ გაფანტული, სველი ხიხინი. მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პნევმოთორაქსი ან ჰემოთორაქსი.

გადაუდებელი დახმარების ტაქტიკა

თუ პაციენტს პარენქიმა ფილტვის პერიფერიულ წილებზე აქვს დაზიანებული, კონსერვატიული მკურნალობა უმეტესად შესაძლებელია. ხშირად ტარდება პლევრის ღრუს დრენირება და ზოგადი ინტენსიური თერაპია. თუ, მიუხედავად მედიკამენტური ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა (გაძლიერდა ქოშინი, გარეგანი სისხლდენა, განვითარდა ციანოზი), დაისმის ფილტვის დაზიანებულ პარენქიმაზე ოპერაციული ჩარევის საკითხი. ქირურგმა, ვიდრე ამ საკითხს გადაწყვეტს, გულდასმით უნდა შეისწავლოს:
  • ფილტვის პარენქიმის ჭრილობის ლოკალიზაცია (პერიფერიულად მდებარეობს თუ ფილტვის ფუძესთან ახლოს);
  • ჭრილობის სიმძიმე (ზედაპირულია თუ ღრმა);
  • სისხლდენისა და ბრონქის ჭრილობის ხასიათი;
  • პლევრისა და ფილტვისმხრივი გართულებები (პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი და განგრენა).
ქირურგიული ჩარევის ხასიათისა და მოცულობის შერჩევისას გადამწყვეტია საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე პაციენტის ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
ფილტვის ჭრილობის ოპერაციის შემდეგ პლევრის ღრუში 24-48 საათით იდგმება დრენაჟი და ტარდება ზოგადი მკურნალობა, მათ შორის - ანტიბიოტიკოთერაპია. ექიმი ყურადღებით აკვირდება ავადმყოფის ტემპერატურას, პულსს, პერკუტორულ და აუსკულტაციურ მონაცემებს. მდგომარეობის შესაფასებლად რენტგენოლოგიურ კვლევასაც იყენებენ.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად