კიბო ფარისებრი ჯირკვლის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

კიბო ფარისებრი ჯირკვლის  - Thyroid cancer - рак шитовидной железы

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი უფრო მეტად მოხუცები ავადდებიან. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის კიბოს კვანძების რეგისტრირების სიხშირე ყოველი ათი წლის შემდეგ 10%-ით იმატებს. ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, კვანძის გაავთვისებიანება კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
დაავადებულთა უმრავლესობას კიბოს განვითარებამდე აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ჩიყვი, ადენომა, პროლიფერაციული ცისტადენომა). კიბო უფრო ხშირად აღირიცხება გავრცელებული ენდემური ჩიყვის გავრცელების რაიონებში. გაავთვისებიანებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს პროლიფერაციულ პაპილარულ ცისტადენომას.
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე შენების მიხედვით მეტად ვარიაბილურია. ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ სიმსივნეთა სამ ჯგუფს. ნაკლებად ავთვისებიანი ანუ პოტენციურად ავთვისებიანია პაპილარული ცისტადენომა, რომელსაც, მიუხედავად კეთილთვისებიანი შენებისა, აქვს მიდრეკილება განმეორებითი რეციდივებისა და სისხლძარღვებში ჩაზრდისკენ. მისი გაავთვისებიანების შემთხვევაში ყალიბდება პაპილარული ადენოკარცინომა და ავთვისებიანი ადენომა, რომლებსაც საშუალო ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს მიაკუთვნებენ. უკანასკნელ ჯგუფში შედის ფარისებრი ჯგუფის სხვადასხვა შენების სარკომა, მათ შორის - ლიმფოსარკომაც.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს საწყის სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის ფონზე. წარმონაქმნის კარცინომად ქცევის ერთ-ერთ პირველ ობიექტურ სიმპტომს წარმოადგენს უკვე არსებული კვანძის სწრაფი ზრდა, გამკვრივება და ზედაპირის ხორკლიანობა.
ხშირად გასინჯვისას ავადმყოფს ფარისებრ ჯირკვალში უსიმპტომო პროგრესირებად კვანძს აღმოუჩენენ. ასეთ შემთხვევაში ეჭვობენ კარცინომას (მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული კვანძი უმეტესად კეთილთვისებიანი ბუნებისაა).
ჯანმრთელ ჯირკვალში სიმსივნური კვანძი ერთ-ერთ წილში, უმეტესად მის ქვედა პოლუსში ვითარდება. სიმსივნე იშვიათად ვრცელდება ორივე წილში. წარმონაქმნი თავდაპირველად მრგვალი, გლუვი და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილზე მკვრივი კონსისტენციისაა. ზრდის კვალდაკვალ იგი ხორკლიანი ხდება, კარგავს მკვეთრ საზღვრებს და იპყრობს ერთ ან ორივე წილს. ხშირად სიმსივნე უკან, კაფსულაში იზრდება, აწვება შებრუნებით ნერვსა და ტრაქეას, იწვევს ხმის ჩახლეჩას, სუნთქვის გაძნელებასა და ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. საყლაპავის მიჭყლეტის შემთხვევაში ვითარდება დისფაგია (ყლაპვის პროცესის დარღვევა). შემდგომში სიმსივნურ პროცესში ერთვება კისრის კუნთები და სისხლძარღვები. კანზე ჩნდება ვენური ქსელი.
დაზიანების მხარეს ლიმფური კვანძების ზრდა წარმონაქმნის გაავთვისებიანებაზე მიუთითებს. ათიდან 5 შემთხვევაში ბავშვებს კიბოს დიაგნოზს სწორედ კისრის ლიმფური კვანძების გადიდების შემდეგ უსვამენ.
კვანძის მხარეს ხმის იოგების დამბლა იმაზე მიუთითებს, რომ კიბო ინფილტრირებულია ხორხის შებრუნებით ნერვში. ვინაიდან ხმის იოგების დამბლა შესაძლოა ხმის ცვლილებათა გარეშე მიმდინარეობდეს, ხმის ნაპრალი პირდაპირი ლაპაროსკოპიით უნდა დათვალიერდეს.

მეტასტაზები. ჩვეულებრივ, სიმსივნე მეტასტაზირებას არ განიცდის. მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული კიბო (ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წვრილუჯრედოვანი და ანაპლაზიური ფორები და სხვადასხვა შენების სარკომა) იწვევს მეტასტაზებს - თანაც საკმაოდ ადრე - ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელებში, პლევრაში, ტვინსა და სხვა ორგანოებში. ზომიერი ავთვისებიანობის სიმსივნემ შესაძლოა მხოლოდ კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზირება გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის (უპირველეს ყოვლისა - კარცინომის) დასადგენად უნდა ჩატარდეს კვლევათა მთელი წყება.
კიბოზე ეჭვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა არცთუ ისე ინფორმაციულია, ვინაიდან ამ ჯირკვლების ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას ჰორმონული აქტიურობა არ ახასიათებს. ჰორმონულად აქტიურია თირეოიდული სიმსივნეების მხოლოდ 1%.
ადრეულ სტადიაში დიაგნოზი დაისმის ჯირკვლის ერთ-ერთ წილში სიმსივნური წარმონაქმნის (ან ადრე არსებული ჩიყვის) ზრდის, მისი ზედაპირის ხორკლიანობის, შეზღუდული მოძრაობის, ფარისებრ ჯირკვალში დაჭიმულობისა და მოხრჩობის შეგრძნების საფუძველზე.
დიაგნოსტიკაში დიდი ადგილი უკავია ფარისებრი ჯირკვლის რადიაქტიური იოდით განხორციელებულ რადიოიზოტოპურ სკანირებას, რომლის დროსაც სიმსივნის კერა გამოისახება იზოტოპის ავსების დეფექტის სახით (ავსების დეფექტი - კონტრასტული ნივთიერებით საკვლევი არის არაერთგაროვანი ავსება), მაგრამ რადიოიზოტოპური სკანირება არ იძლევა კეთილთვისებიანი ცივი კვანძის ავთვისებიანისგან დიფერენცირების საშუალებას. არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ეს მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზების დიაგნოსტირებისას, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შესწევთ იოდშემცველი პრეპარატების დაგროვების უნარი ან პაციენტს გადატანილი აქვს ოპერაცია და ამოკვეთილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კეთილთვისებიანობისა და ავთვისებიანობის დიფერენციული დიაგნოსტიკის ყველაზე უტყუარი გზაა პუნქციური ბიოფსია. მორფოლოგიური დიაგნოზი დაისმის სიმსივნის ან კისრის მეტასტაზური კვანძების პუნქციის შემდეგ - ეს მანიპულაცია იძლევა ნათელ წამოდგენას სიმსივნის ჰისტოლოგიური ფორმისა და გავრცელების ხარისხის შესახებ. როდესაც კიბოს ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია (მკვეთრი სიმპტომების არარსებობა, წარუმატებელი ციტოლოგიური კვლევა), ჰისტოლოგიური კვლევა უშუალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს ტარდება და მისი შედეგის მიხედვით განისაზღვრება ქირურგიული ჩარევის მასშტაბურობა.
შებრუნებითი ნერვის დაზიანების ხარისხის დასადგენად ტარდება ლაპაროსკოპია (ხორხისა და ხმის იოგების დათვალიერება). ხმის იოგების დამბლის დადასტურება სიმსივნურ პროცესში ნერვის ჩართვას მოწმობს. იმავე მიზანს ემსახურება ბრონქოსკოპია. გარდა ამისა, კვლევის ეს მეთოდი ტრაქეის დათვალიერებისა და მისი შევიწროების ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა.
ზოგჯერ კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდსაც მიმართავენ. მას მიეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის პნევმოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ სიმსივნის მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდის ხარისხს და ანგიოგრაფია, რომელიც ავლენს ავთვისებიანი სიმსივნისთვის მეტად დამახასიათებელ ნიშანს - სისხლძარღვთა ქსელის დაზიანებას. ტრაქეასა და საყლაპავზე სიმსივნის ზეწოლისა და მათში ჩაზრდის დასადგენად ტარდება ტრაქეის რენტგენოგრაფია და საყლაპავის კონტრასტული კვლევა ბარიუმით.
ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. მართალია, მისი მეშვეობით ძნელია კიბოს სხვა კვანძოვანი წარმონაქმნებისგან გარჩევა, მაგრამ ვინაიდან მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა, მას მომატებული რისკის მქონე პირების პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის იყენებენ. ულტრაბგერითი კვლევა ფარისებრ ჯირკვლებში ისეთი კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელთა გამოვლენაც პალპაციით ვერ ხერხდება. ამავე მეთოდის მოშველიებით ტარდება კვანძის დამიზნებითი პუნქციური ბიოფსია.

მკურნალობა. ფარისებრი კიბოს მკურნალობის ტაქტიკა მისი ჰისტოლოგიური შენების, აგრესიულობის, პაციენტის ასაკისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე განისაზღვრება. მკურნალობა ინდივიდუალურია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის რადიკალური მეთოდია ერთ ან ორივე მხარეს ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა (თირეოიდექტომია) ლიმფურ კვანძებთან ერთად. ბავშვებს, სამომავლოდ ენდოკრინული დარღვევების თავიდან ასაცილებლად, უტოვებენ ფარისებრი ჯირკვლის მცირე, დაუზიანებელ ნაწილს (სუბტოტალური თირეოიდექტომია).
თუ ოპერაციამდე, რომელიც ნაკლებად მასშტაბური იყო, ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის დიაგნოზი არ დაისვა, ტარდება მეორე, რადიკალური ოპერაცია და ამასთან ერთად - ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი დასხივება.
ჩვენებისამებრ, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კომბინირებული მეთოდის გამოყენება. მკურნალობის პირველ ეტაპზე ტარდება პირველადი სიმსივნისა და კისერზე არსებული რეგიონული მეტასტაზირების უბნის დისტანციური გამა-თერაპია, მეორე ეტაპზე კი ხდება რადიკალური ქირურგიული ჩარევა.
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ ჰიპოთირეოზის განვითარების შემთხვევაში პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე მოუწევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატების მიღება.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მრავალი სახეობა მოითხოვს ორგანიზმში თირეოტროპული ჰორმონების გამომუშავების შესუსტებას მედიკამენტების დახმარებით.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის თავისებურებას წარმოადგენს მისი შორეული მეტასტაზების აქტიური მკურნალობა. სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეთა შორეული (განსაკუთრებით - მრავალრიცხოვანი) მეტასტაზების შემთხვევაში რადიკალური ჩარევა გამორიცხულია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზირების დროს საკმაოდ შედეგიანია რადიაქტიური იოდით მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემთხვევაში ამ პრეპარატის ზემოქმედებით ხშირად სრულიად ქრება მეტასტაზები ფილტვებში და საგრძნობლად ფერხდება მათი ზრდა ძვლებში. რადიაქტიური იოდის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შედეგებს შესამჩნევად აუმჯობესებს.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის გავრცობილი ფორმების შემთხვევაში პალიატიური მიზნით ტარდება სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. ამასთანავე, ხშირად ხდება საჭირო ტრაქეოსტომია (ტრაქეის გახსნა და მის სანათურში სუნთქვის აღსადგენი სპეციალური მილის ჩადგმა) - კიბოს შორს წასული ფორმა იწვევს ტრაქეის მიჭყლეტას, რაც, თავის მხრივ, ასფიქსიას განაპირობებს. ეს ოპერაცია ხორციელდება ექსტერნად, თუმცა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, ვინაიდან ტრაქეის მისადგომს სიმსივნე კეტავს.
პროფილაქტიკა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული იოდის დეფიციტი (ამისთვის რეკომენდებულია იოდიანი მარილის, ზღვის კომბოსტოს მიღება) და თავისა და კისრის ხშირი რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დროული მკურნალობა, პროფილაქტიკური კვლევების დროული და რეგულარული ჩატარება, განსაკუთრებით - რისკჯგუფის წარმომადგენლებისთვის. მათ რიცხვს ეკუთვნიან ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების მქონე პირები, ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებოდათ თავისა და კისრის რენტგენული გამოკვლევა სხვა დაავადების გამო, მაღალი რისკის ტერიტორიაზე მცხოვრებლები).

 

 

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად