ვარიკოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ვარიკოზი - Varicosis  - варикоз

ვენების ვარიკოზული დაავადება ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომლის დროსაც ვენის კედელი გადაგვარებულია. კერძოდ, შემაერთებელი ქსოვილი სუსტად არის გამოხატული, ვენის კედელი განიერდება, ეშვება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ზიანდება სარქვლოვანი სისტემაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ნაკადის უკუდინებისთვის. თუ უკუქცევა შეფერხებულია, სისხლი პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება. კიდურებიდან გულისკენ სისხლის უკუდინებაში წვივის კუნთებიც მონაწილეობს. მათი შეკუმშვა-მოდუნება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში ეხმარება.
პერიფერიული ვენური სისტემიდან სისხლის უკუდინებაში გულიც მონაწილეობს - ის ხომ სისხლს არა მარტო გადაისვრის, არამედ უკანაც ქაჩავს. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, მუცელშიგა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვენის სარქვლებია, რომლებსაც ქოლგისებური ეფექტი აქვს - როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან უკუმიედინება, სარქველი იხსნება და აკავებს მას, ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როცა ვენის კედელი გაგანიერებულია და სარქვლები დაზიანებულია, ხდება რეფლუქსი - სისხლი არა გულისკენ, არამედ უკან მიედინება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. მართალია, ბავშვთა ასაკში ვენების დისპლაზია გამოხატული არ არის (ან ძალიან იშვიათია), მაგრამ დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება.
შესაძლოა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება მეორეულად, რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს შეიძლება მოხდეს ზეწოლა თეძოს ვენებზე, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს. ოპერაციის ან მშობიარობის დროს შესაძლებელია თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც, განსაკუთრებით - ღრმა ვენებში, შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს.
ვენების ვარიკოზის რისკფაქტორს წარმოადგენს პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს (ქირურგის, მასწავლებლის და სხვა).

სიმპტომები და მიმდინარეობა. ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას აქვს პრემორბიდული კლინიკა: ადამიანი შეიგრძნობს სიმძიმესა და წვას კიდურებში, ფეხები ადვილად ეღლება და დიდხანს სიარულის დროს ოდნავ უშუპდება, ზოგჯერ წვივის კუნთების კრუნჩხვაც კი ვითარდება, მაგრამ ეს ნიშნები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი მათ ყურდღებას არც კი აქცევს. დროთა განმავლობაში ქვემო კიდურებზე ჩნდება სხვადასხვა ხარისხით გაგანიერებული ვენები.
იმისდა მიხედვით, რომელი ვენაა დაზიანებული, განასხვავებენ ღერძულ, ქსელურ და შერეულ ვარიკოზს. დაავადების დასაწყისშივე (ვიზუალურ გამოვლინებამდე) დიაგნოსტირება უმთავრესად ფუნქციონალური სინჯებით ან ინსტრუმენტული გამოკვლევებით არის შესაძლებელი.

გართულებები. ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება გართულდეს:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობით;
  • კანის ფერის ცვლილებით და ტროფიკული წყლულით;
  • ვარიკოზული ვენის გახეთქვითა და სისხლდენით;
  • თრომბოზითა და თრომბოფლებიტით.

დიაგნოსტიკა. ზედაპირული ვენების ვარიკოზი კიდურებზე იმდენად შესამჩნევია, რომ მისი დიაგნოსტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ დაავადების ხარისხის დადგენის, მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევისა და ოპერაციის ჩვენების განსაზღვრისთვის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.
კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და ამავე დროს არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისამებრ, ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობასა და სარქვლების უკმარისობაზე.

მკურნალობა. არსებობს ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობისას, სასურველია, ავადმყოფმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელები - როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. იყენებენ ასევე ელასტიკურ ბანდს და ელასტიკურ ტრიკოტაჟს (გეტრებს, წინდებს, კოლჰოტებს).
არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა, ავადმყოფი ან უნდა იწვეს, ან დადიოდეს, საწოლი ფეხებისკენ ოდნავ ამაღლებული ჰქონდეს, შეასრულოს სპეციალური ვარჯიშები. კარგია კონტრასტული შხაპი, ცურვა.
ვენების გაგანიერების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია სკლეროთერაპია - დაზიანებული ვენების სკლეროზირება. ამ დროს წამლების საშუალებით იწვევენ ვენის კედლის ანთებას, შემდეგ კი ახდენენ ვენის კომპრესიას კედლების ერთმანეთთან მიხორცებისა და სანათურის ობლიტერაციის (დახშობის) მიზნით.
ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება დაუშვებელია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც დაავადების პროგრესს აფერხებს.
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოგადგებათ. ისინი გააქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, მოახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, მოხსნის ვენურ შეგუბებას. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა ან ფეხზე დგომა.
1. დაჯექით სკამზე. ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ. 15-20-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე.
2. ორივე ხელით დაეყრდენით სკამს ან კომოდს და 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
3. ორივე ხელით მხრების სიმაღლეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
4. ჩასუნთქვისას ფეხის წვერებზე აიწიეთ და ხელები ასწიეთ, ამოსუნთქვისას დაეშვით (20-ჯერ).
5. დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს: ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ).
6. ერთდროულად აიწიეთ ორივე ფეხის წვერზე.

 

 

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად