ალკოჰოლური ფსიქოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ალკოჰოლური ფსიქოზი - Psychosis alcoholica - алкогольный психоз

ალკოჰოლიზმის საფუძველზე, განსაკუთრებით - მის II და III სტადიებში, შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზი.
თეთრი ცხელება (დელირიუმი) ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, მწვავედ ვითარდება, თანაც არა თრობისას, არამედ ნაბახუსევზე, აბსტინენციური სინდრომის ფონზე, სმის შეწყვეტიდან 1-3 დღეში. ამას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის რამდენიმედღიანი გადაბმული სმა. ხშირია თეთრი ცხელების შემთხვევები ალკოჰოლიზმით დაავადებულის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ თუ სხვა სტაციონარში მოხვედრისას ანუ მაშინ, როცა ის იძულებულია, სმა შეწყვიტოს. მის აღმოცენებას ხელს უწყობს დამატებითი ფაქტორები: ოპერაცია, მაღალი ტემპერატურა, ტრავმა, სომატური დაავადებების გამწვავება, სისხლის დაკარგვა. თეთრი ცხელება მწვავედაც შეიძლება განვითარდეს (განსაკუთრებით - მაპროვოცირებელი ფაქტორის არსებობისას) და წინა პერიოდიც ჰქო¬ნდეს. მაგალითად, თეთრი ცხელების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ირღვევა ძილი, იწყება კოშმარები, ავადმყოფი ოფლად გაღვრილი და შეშფოთებული იღვიძებს. შესაძლოა, აღმოცენდეს აღქმის ხანმოკლე ილუზიები: ნახატები "გაცოცხლდნენ" და ა.შ.
საკუთრივ ფსიქოზი, ჩვეულებრივ, საღამოს ვითარდება. ძლიერდება შფოთის შეგრძნება, აგზნება. ჩნდება მხედველობითი და სმენითი ილუზიები. ავადმყოფი ხედავს სინამდვილეში არარსებულ საგნებსა და მოვლენებს. მეტწილად - მწერებს და პატარა ცხოველებს, იშვიათად - დიდებსაც, ზოგჯერ - არარეალურ არსებებს, ეშმაკებს. მხედველობითი ჰალუცინაცია ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ მრავლობითი, ზოგჯერ კი ავადმყოფი მთელ სცენებს ხედავს. შესაძლოა, ამას სმენითი ჰალუცინაციაც დაერთოს. მაგალითად, ავადმყოფს ჩაესმას ადამიანების ან ეშმაკების "ხმა". ავადმყოფს გონება დაბინდული აქვს, ამიტომ ილუზიურ გამოსახულებებს უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე რეალურად მომხდარს. მისი ქმედებაც ამ მოჩვენებებით არის განპირობებული და არა რეალური ვითარებით. ავადმყოფი ამ მოჩვენებითი აღქმების არა პასიური, არამედ აქტიური მაყურებელია, ამიტომ საკუთარი თავისთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. თეთრი ცხელების დროს ადამიანი კარგავს გარემოსა და დროში ორიენტირების უნარს, მაგრამ არ ავიწყდება თავისი სახელი, გვარი, ასაკი და ა.შ.
აგზნება კულმინაციას ღამით აღწევს. დილით მდგომარეობა უმჯობესდება, ავადმყოფი აცნობიერებს, რაც გადაიტანა, ხვდება, რომ ავადაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ღამით გამწვავებამ კვლავ იჩინოს თავი.
თეთრი ცხელების დროს ავადმყოფს უკანკალებს ხელები, სიარული არამყარი აქვს, მეტყველება - გაურკვეველი. ფსიქიკურის პარალელურად თავს იჩენს სომატური დარღვევებიც: სახის სიწითლე, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა, მწვავე ტოქსიკური ჰეპატიტი ან ციროზი. მოსალოდნელია ეპილეფსიური გულყრებიც. თეთრი ცხელება 3-5 დღეს გრძელდება. მძიმე სომატური დარღვევის დროს 10 დღესაც შეიძლება გასტანოს. ხანმოკლე დელირიუმის დროს გამწვავება ხანგრძლივი გამოძინების შემდეგ ჩაცხრება. ხანგრძლივი ცხელების შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა. მართალია, ლეტალური შედეგი იშვიათია, მაგრამ მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაზიანება, ღვიძლისმიერი უკმარისობა, ტვინის შეშუპებაც კი.

მკურნალობა. თეთრი ცხელების დაწყებისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს სტაციონარში, სადაც ჩაუტარდება აგზნების მოსახსნელი მკურნალობა ტრანკვილიზატორებით, ნეიროლეპტიკებითა და ბარბიტურატებით, ასევე - დეზინტოქსიკაცია ანუ ორგანიზმის გაწმენდა ალკოჰოლის ცვლის პროდუქტებისგან.

ალკოჰოლური ჰალუცინაცია ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე ხშირი ფორმაა თეთრი ცხელების შემდეგ. ჩვეულებრივ, მწვავედ ვითარდება ნაბახუსევზე ან ხანგრძლივი, უწყვეტი სმის პერიოდში. დაავადების წამყვანი სიმპტომი სმენითი ჰალუცინაციაა, რომლის დროსაც ავადმყოფს გონება არ ებინდება და კარგად ერკვევა დროსა და გარემოში. თავდაპირველად მას ხმაური, კაკუნი ესმის, შემდეგ კი "ხმები", რომლებიც საყვედურობენ, ემუქრებიან, კიცხავენ, ითხოვენ მის დასჯას და მოკვლასაც კი. იშვიათად საყოველთაო გაკიცხვის ფონზე ავადმყოფს ჩაესმის ერთი "ხმა", რომელიც მას იცავს და ესარჩლება. ავადმყოფი ფრთხება, ცდილობს, გაექცეს ამ ხმებს, ზოგჯერ სახლიდან გარბის, ზოგჯერ პოლიციას მიმართავს დახმარებისთვის. არცთუ იშვიათია თვითმკვლელობის მცდელობა. დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.
თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გაგრძელდა, თავს იჩენს მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინაციის რეციდივი. შემთხვევათა მეოთხედში დაავადება ქრონიკულდება, გრძელდება თვეობით, წლობით. ავადმყოფი ერთგვარად ეჩვევა ხმებს და მათ ორ ჯგუფად ყოფს: თავდამსხმელებად და დამცველებად.
ზოგჯერ ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინაცია თანდათანობით, მწვავე ეპიზოდების გარეშე ვითარდება. ეს ხდება ალკოჰოლის ხანგრძლივი, ყოველდღიური მიღების და ამით გამოწვეული მუდმივი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გავლენით.

მკურნალობა. ჰალუცინაციების მოსახსნელად უნიშნავენ ნეიროლეპტიკებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. უნდა ჩატარდეს ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მკურნალობაც, რაც ალკოჰოლური ჰალუცინაციების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ალკოჰოლური ბოდვითი იდეები. ისინი ორგვარია: ალკოჰოლური პარანოია და ალკოჰოლური ბოდვითი ეჭვიანობა. ალკოჰოლური პარანოია ვითარდება აბსტინენციური სინდრომის ფონზე ან ხანგრძლივი, გადაბმული სმის პერიოდში. ავადმყოფს ეჩვენება, რომ უთვალთვალებენ, მოკვლას უპირებენ, ირგვლივ მყოფთა ყოველ ფრაზას, ჟესტს, მიმიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, შფოთავს, ყოველ შემხვედრში მტერს ეძებს. ამის გამო შესაძლოა მოულოდნელი რამ ჩაიდინოს (მაგალითად, გაიქცეს, ტრანსპორტიდან ან ფანჯრიდან გადახტეს, თავის მოკვლა სცადოს). ასეთი ფსიქოზი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, თუმცა გონების დაბინდვა თან არ სდევს.
ბოდვითი ეჭვიანობა უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ იმ მამაკაცებს უვითარდებათ, რომლებიც დიდხანს და ბევრს სვამენ და აქვთ სქესობრივი პრობლემები (პოტენციის დაქვეითება გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვის ფონზე). ფსიქოზის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, იგი თანდათან, საფეხურებრივად ვითარდება. თავდაპირველად ეჭვიანობა თავს იჩენს მხოლოდ თრობის დროს ან ნაბახუსევს. შემდეგ ის მუდმივი ხდება. ეჭვიანობენ უმთავრესად ახლობლებზე (მეზობელზე, თანამშრომელზე). ქმარი უთვალთვალებს ცოლს, გამუდმებით ეძებს სამხილს, რომელიც მის ღალატს დაადასტურებს, მეუღლის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და ეჭვის თვალით უყურებს. ასეთ ადამიანთან ცხოვრება არა მარტო აუტანელი, არამედ საშიშიცაა: მან შეიძლება მოკლას ცოლი, მისი "საყვარელი" და მოიკლას თავი.
ასეთი ავადმყოფის მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულ პირობებშია შესაძლებელი, რადგან პაციენტს საკუთარი საქციელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არამცთუ სიმთვრალეში, სიფხიზლეშიც კი არ აქვს.
კორსაკოვის სინდრომი პირველად კორსაკოვმა აღწერა და პოლინევრიტული ფსიქოზი უწოდა, ვინაიდან ამ დროს მძიმე ფსიქიკური დარღვევის გვერდით პოლინევრიტიც (პერიფერიული ნერვების დაზიანება) აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ამ დაავადებას წინ უძღვის თეთრი ცხელება, რომლის დამახასიათებელ ნიშნებსაც მეხსიერების დარღვევები ერთვის. ავადმყოფი ვერ ახერხებს, სწორად დაასახელოს თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, უჭირს გარემოში ორიენტირება, ყველაფერს პირველად ნანახივით და მოსმენილივით აღიქვამს. არ ახსოვს, რა ჭამა სადილად, მკურნალ ექიმს ყოველ შეხვედრაზე უცხო ადამიანივით ხვდება და ა.შ. აღარც ავადმყოფობამდე მომხდარი ამბები ახსოვს. მეხსიერების ასეთი ამოვარდნები შეიძლება თვეობით, წლობითაც კი გაგრძელდეს. ლოგიკური აზროვნება ავადმყოფს დარღვეული არ აქვს, ამიტომ მეხსიერების ჩავარდნებს მიხვედრილობით აკომპენსირებს. ნაწილობრივ ხვდება, რომ ავად არის და ცდილობს, ეს ირგვლივ მყოფებს დაუმალოს. პოლინევრიტი სხვადასხვაგვარად ვლინდება: რეფლექსების შესუსტებით, კანის მგრძნობელობის დაქვეითებით, კუნთების ატროფიით, სიარულის მანერის მოშლით.
მკურნალობის შედეგად მეხსიერება აღდგება და პოლინევრიტის სიმპტომები ალაგდება, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია, თანაც განკურნების აუცილებელი პირობაა სმის აღკვეთა. მკურნალობა მოიცავს დეზინტოქსიკაციურ და მეტაბოლურ თერაპიას. პარალელურად ინიშნება მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპიული პროცედურები.

 

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად