სწრაფი კვებისა და არასასურველი სურსათის შესახებ

ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას ზოგჯერ პროდუქტის ხარისხს ტყუილად ვაბრალებთ; დამნაშავე ჭუჭყიანი ხელებით ჭამა, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობაა. საკვებით, მით უფრო - სწრაფი კვების ობიექტებზე შეძენილი საკვებით გამოწვეული პრობლემები ზაფხულში, საზოგადოდ, ხშირდება. გამაგრილებელ, მატონიზებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე მოთხოვნაც განსაკუთრებით იზრდება. ამ პერიოდში. ფაღარათისა და კუჭ-ნაწლავის მხრივი სხვა უსიამოვნების მიზეზად ხშირად სწორედ ცივი გაზიანი სასმელი გვევლინება. ჩიპსებისა და სხვა ამგვარი სასუსნავის მოყვარულები წელიწადის არც ერთ დროს არ იკლებენ სიამოვნებას, თუმცა ზაფხულში უფრო მეტად იზრდება შანსი, რომ გადახურებულმა, დასუსტებულმა ორგანიზმმა უსარგებლო, მეტიც, მავნე საკვები ვერ მიიღოს.
რატომ უნდა ვერიდოთ სწრაფი კვების ობიექტებზე დანაყრებას და, საზოგადოდ, უსარგებლო, მით უფრო - მავნე საკვებს ზაფხულში? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ კლინიკების "კურაციოსა" და "ჯანმრთელი ცხოვრების" ექიმს, ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორ ნინო დოლიძესვეწვიეთ.
- ქალბატონო ნინო, რას ეტყვით მკითხველს, საზოგადოდ, სწრაფი კვების შესახებ? ამ ტიპის პროდუქტს წელიწადის პრაქტიკულად ყოველ დროს უამრავი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ ზაფხულში ასეთი საკვებით დანაყრება განსაკუთრებით არასასურველია, საშიშიც კი. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზაფხულში ადამიანი სწრაფი კვების ობიექტზე დანაყრების შემდეგ?
- ინფექციის გავრცელების საფრთხე ზაფხულში რომ უფრო დიდია და ამას სანიტარიული და კვების უსაფრთხოების სამსახურები უნდა აკონტროლებდნენ, ყველას კარგად მოეხსენება. საზოგადოდ კი, ზამთარია თუ ზაფხული, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვები განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმს. ადამიანის რაციონში მაკრონუტრიენტების ანუ ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების ოდენობა დაბალანსებული უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ კვებას რაციონალური.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
როდესაც ცხიმის შემცველობა აჭარბებს განსაზღვრულ პროცენტულ ზღვარს, მაგალითად, 30%-ს, საკვები არაჯანსაღად მიიჩნევა.
- ცხიმის ოდენობის მხრივ შესაძლოა ნორმას არც კი გადავაჭარბოთ, რადგან ბევრი სწრაფი კვების ობიექტზე ერთხელ კარგად ნაყრდება და შემდგომ მთელი დღე აღარაფერს ჭამს. გარდა ამისა, ყოველგვარი საკვები ხომ არ არის ცხიმიანი?
- გარწმუნებთ, სწრაფი კვების ობიექტზე შეძენილი პროდუქტების უმრავლესობა, მაგალითად, ხორციანი ბუტერბროდები, დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმს. რაც მთავარია, ის მდიდარია ორგანიზმისთვის არასასურველი ცხიმის კომპონენტებით. აშშ-ში ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას საკვების ნუტრიციულ შემცველობაზე. მიჩნეულია, რომ მაღალი ცხიმის შემცველი საკვები არ არის უვნებელი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ცხიმი ორგანიზმში მოხვედრისას როგორც ენერგეტიკული ერთეული არ იხარჯება და, აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს წონის მატებას. მეორე - მთავარია, რა წარმოშობისაა ეს ცხიმი. ცნობილია, რომ საკვების წარმოებაში ძირითადად გამოიყენება სატურირებული ცხიმები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნაერთებით არის გაჯერებული. მაგალითად, მცენარეულ ცხიმს ხელოვნურად აქცევენ რთულად დაშლად ცხიმად, უმატებენ სხვადასხვა ინგრედიენტს, რათა მისი შენახვის ვადა რაც შეიძლება მეტად გაახანგრძლივონ. ასეთ ცხიმებს ტრანსცხიმებს უწოდებენ. ასეთია მარგარინი, ინდუსტრიულად წარმოებული ერბო, ზეთი, რომელსაც იყენებენ იმავე სწრაფი კვების ობიექტებზე კარტოფილისა და სხვა პროდუქტების შესაწვავად. სწორედ ტრანსცხიმებია განსაკუთრებით არასასურველი ჩვენი ორგანიზმისათვის. მათი გადამუშავება ორგანიზმს ძალიან უჭირს.
- გადადუღებულ ცხიმზე რას იტყვით? ამაზე დღეს ბევრი იწერება და ხალხმაც იცის, რომ გადადუღებული ცხიმი მავნებელია, რომ სწრაფი კვების ობიექტებზე შეძენილი საკვები სწორედ მრავალჯერადად გადადუღებულ ცხიმში იწვება და ამიტომაც არის მავნებელი...
- რომელი კატეგორიის ცხიმი რამდენჯერ უნდა იქნეს გამოყენებული და რას ითვალისწინებს სტანდარტი, ჩემი, ენდოკრინოლოგის, კომპეტენციის სფეროს სცდება. ეს საკვების უსაფრთხოების სპეციალისტთა საქმეა. იმას კი გეტყვით, რომ ყველა ექიმი ურჩევს მოსახლეობას, მაქსიმალურად არიდონ თავი ტრანსცხიმების ორგანიზმში მოხვედრას. ცხიმის მრავალჯერადი გამოყენება ანუ რამდენჯერმე გადადუღება ნამდვილად არასასურველია, რადგან ორგანიზმისთვის ისედაც მავნე ტრანსცხიმები ამ დროს კიდევ უფრო რთულ ნაერთებად გარდაიქმნება, რომლებიც დიდ პრობლემებს უქმნის ორგანიზმის მეტაბოლურ პარამეტრებს.
- სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვისა და ინფექციის გავრცელების საშიშროების თაობაზე რას გვეტყვით? რა უნდა გავითვალისწინოთ, რატომ უნდა ვერიდოთ გარეთ კვებას?
- ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის პირობებისა და ვადის, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა თუ სხვა სტანდარტების შესახებ საუბარი ექიმის კომპეტენცია არ არის. ისე კი ცხადია, რომ სწრაფი კვების ობიექტებზე უმთავრესად წარმოდგენილია მალფუჭებადი საკვები, რომელშიც, სათანადო ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის გარკვეული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, ჟანგვისა და ლპობის პროცესები გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მით უფრო - ზაფხულში. აქედან გამომდინარე, ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი იქმნება.
- ჩიპსებსა და არომატიზებულ ორცხობილაზე რას იტყვით?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროდუქცია ზედმეტად ნოყიერი საკვებია, რომელსაც ორგანიზმისთვის არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. ფაქტობრივად, ვიღებთ კალორიებს, რომლებიც არც ერთი პარამეტრით არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისათვის. ჩიპსები, რომლებიც კარტოფილისგან მზადდება, სახამებლით მდიდარი, ნახშირწყლოვანი პროდუქტია, რომელიც ზედმეტად არის გაჯერებული თხევადი ცხიმით და გავლილი აქვს ტემპერატურული დამუშავება. ქარხნული წესით ასეთი პროდუქტის დამზადებისას ალბათ რაღაც სტანდარტი დაცულია, თუმცა სახამებლითა და ცხიმით მდიდარი ასეთი ნამწვი, ცხადია, ორგანიზმისთვის სასარგებლო ვერ იქნება.
თუ ჩიპსების ეტიკეტს დახედავთ, ნახავთ, რომ დამატებული აქვს არომატიზატორები, სტაბილიზატორები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ხანგრძლივ შენახვას, აგრეთვე - ემულგატორები, რომლებიც ხელს უწყობს წყლისა და ცხიმის კომპონენტების ერთმანეთში შერევას კულინარიული დამუშავების დროს და შემდგომ მისი გაჯერებისთვის. ამის გამო ჩიპსების გემო ჩვეულებრივი, სახლის პირობებში შემწვარი კარტოფილისგან ძლიერ განსახვავდება. რაც მთვარია, სახლის პირობებში შემწვარი კარტოფილი რამდენიმე საათში ფუჭდება, გემო და სხვა თვისებები ეცვლება, ხოლო ჩიპსები დიდხანს ინარჩუნებს როგორც საგემოვნო, ასევე სხვა თვისებებს. ამდენად, ქიმიურად დამუშავებული პროდუქტის საკვებად გამოყენება, რასაკვირველია, არ არის სასარგებლო. ამდენი ქიმიური კომპონენტი ერთდროულად ხვდება ორგანიზმში...