რატომ ფასობს ბრინჯი
თითოეული მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 150 კგ ბრინჯს მიირთმევს.
აღმოსავლეთში ბრინჯს ბუნებრივი არომატის შესანარჩუნებლად არც მარილს უმატებენ და არც სანელებლებს.
ზოგიერთ ხალხში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება. ალბათ სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული ჩვეულების - ახალდაქორწინებულთათვის ბრინჯის შეფრქვევის - არსი.
ევროპაში ბრინჯი გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ის ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა, მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ. თანდათან ბრინჯი ევროპაშიც იქცა ერთ-ერთ ძირითად საკვებად, თუმცა უნდა ითქვას, რომ იქ, აზიისაგან განსხვავებით, სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს.
-
ბრინჯის თვისებები
ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა თუ ზღვის პროდუქტებთან - შეთავსების შესანიშნავი უნარი აქვს. ორგანიზმისთვის ის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს, ამასთანავე, მცირე ოდენობით შეიცავს ცხიმებს.
ბრინჯის (100 გრამში) შემადგენლობა დაახლოებით ასეთია:
- 0,9 გ ცხიმი,
- 6,4 გ ცილა,
- 72,5 გ ნახშირწყლები,
- 70 მგ კალიუმი,
- 30 მგ კალციუმი,
- 38 მგ მაგნიუმი,
- 104 მგ ფოსფორი.
რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს. მედიცინაში ბრინჯი ოდითგანვე გამოიყენება საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გაურთულებელი დიარეის (ფაღარათის) დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის დეფიციტი აღენიშნება. ამასთანავე, ძალიან სასარგებლო ქატოსეული გარსი, რომელიც ყავისფერ ბრინჯში შენარჩუნებულია, შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნებელ ნივთიერებებს, მაგალითად, ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას. ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, ხდება სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლის უზრუნველყოფა და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამიტომ ბრინჯში შემავალი სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუთეინის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება გამოიწვიოს. ჩვილებს ბრინჯის რძიან ფაფას აჭმევენ. რძე ავსებს კერძს სრულფასოვანი ცილებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით და კარგ გემოსაც აძლევს.
დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტანადობის პრობლემა გვაწუხებს. ბრინჯი ძალიან ცოტას შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინომჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ ბრინჯის დღეს (შეგიძლიათ, დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არა ცხიმი!), დაკარგავთ სხეულის მასის 1 კგ-ს - სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.
-
ცნობისათვის
იაპონელმა გენეტიკოსებმა გამოიყვანეს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელსაც შეუძლია, დიაბეტით დაავადებულებს მედიკამენტური თერაპიის რეჟიმი შეუმსუბუქოს. ახალი პროდუქტის შემქმნელები იუწყებიან, რომ ახალი ბრინჯი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს და ეს ადამიანის ორგანიზმში თავისივე ინსულინის სინთეზის სტიმულაციის საფუძველზე ხდება. იაპონიის აგრობიოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის პროფესორი ფუმიო ტაკაივა ამტკიცებს, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს მედიკამენტურ თერაპიას მთლიანად შეიძლება ჩაენაცვლოს ბრინჯი, თუ მას ყოველი ჭამისას მივიღებთ. დიაბეტის საწინააღმდეგო ახალ საშუალებაზე პასუხისმგებელია ნივთიერება გლუკაგონმსგავსი PEPTIDE - 1 (GPP-1, GLP-1). ამ ნაერთის გენი მკვლევარებმა ბრინჯის გენომში ჩანერგეს. ასე რომ, ახალ ბრინჯს დიდი მომავალი აქვს.