წონის პრობლემები ქალებში

- ქალბატონო მეგი, რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ქალის ჯანმრთელობაზე?
- ცნობილია, რომ სიმსუქნის სიხშირე ასაკზეა დამოკიდებული. რეპროდუქციული ასაკის ქალებში მისი გავრცელება 35-50%-ს აღწევს, ხოლო მენოპაუზური ასაკის ქალებში - 75%-ს. ნორმაში ცხიმოვანი ქსოვილი ქალის სხეულის საერთო მასის 25-30%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის რაოდენობას მამაკაცებში - 15-20%-ს. დღეს სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა, თუმცა ეს ურთიერთკავშირი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნე ახალგაზრდა ქალებში ინვალიდობის საწინდარია. ის 7-10 წლით ამცირებს სიცოცხლის ხაგნრძლივობას და ქმნის თანმხლები დაავადებების განვითარების საშიშროებას. ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები (ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების კიბო) და სხვა. მსუქან გოგონებს მენსტრუაცია უფრო ადრე ეწყებათ. მათ აქვთ ნაადრევი სქესობრვი მომწიფების ალბათობა. ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობაზეა დამოკიდებული პირველი მენსტრუაციის მოსვლის დრო.
- არსებობს თუ არა რაიმე კავშირი საკვერცხეების პოლიკისტოზსა და სიმსუქნეს შორის?
- არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60%-ს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, პოლიკისტოზური საკვერცხეები კი არარეგულარული მენსტრუაციის, ენდოკრინული უშვილობის, ჰირსუტიზმის (თმის ჭარბი ზრდა), ალოპეციის (თმის ცვენა), სებორეისა და აკნეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სიმსუქნის დროს პოლიკისტოზის განვითარება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში ესტროგენების ანდროგენებად გაძლიერებულ გარდაქმნას, რასაც თან სდევს ანდროგენების - მამაკაცური ჰორმონების - ჭარბი გამომუშავება; მეორე მხრივ, სიმსუქნის დროს ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და კომპენსირებული ჰიპერინსულინემია. როგორც ცნობილია, ინსულინი მარტო გლუკოზის დონეს კი არ არეგულირებს სისხლის შრატში, არამედ მრავალფეროვან ზემოქმედებასაც ახდენს ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაზე. მისი ზემოქმედებით ძლიერდება სასქესო სტეროიდული ჰორმონების გამომუშავება საკვერცხეებში. შესაბამისად, იმატებს მამაკაცური სასქესო ჰორმონების პროდუქცია.
ინსულინის სიჭარბე, რაც მსუქანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი, ბლოკავს ღვიძლში იმ ცილების გამომუშავებას, რომლებიც სასქესო სტეროიდულ ჰორმონებს ბოჭავს. სწორედ ამის გამო იმატებს ანდროგენების დონე, რაც ჰირსუტიზმს და კოსმეტიკურ პრობლემებს იწვევს.
- როგორ აისახება სიმსუქნე უშვილობაზე?
- სიმსუქნის დროს 5-6-ჯერ ხშირია მენსტრუაციის ისეთი დარღვევა, როგორიც არის ოლიგომენორეა და ამენორეა. სხეულის მასის მკვეთრი მატება, რასაც თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ხშირად პირველადი და მეორეული უშვილობის მიზეზია. ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომელთაც მასის ინდექსი 30-ზე მეტი აქვთ, უშვილობა 2,7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებში. სიმსუქნის დროს 3-ჯერ უფრო ხშირია ანოვულატორული უშვილობა და საგრძნობლად მცირდება ფერტილობის აღსადგენად მიმართული მკურნალობის ეფექტი. ეს ეხება როგორც ოპერაციულ ჩარევებს (საკვერცხეების სოლისებური რეზექცია ან კაუტერიზაცია, რაც მიზნად ისახავს მენსტრუაციის რიტმის რეგულირებას და დაორსულებას სპს-ის დროს), ასევე ოვულაციის სტიმულაციას.
სიმსუქნის დროს გაცილებით ნაკლებეფექტურია ოვულაციის ინდუქტორები, მაგალითად, კლომიფენი (უფრო დიდი დოზა და ხანგრძლივი მიღებაა საჭირო), ასევე - დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. ქალებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა ან ამა თუ იმ ხარისხის სიმსუქნე, არა მარტო მენსტრუაციის შეწყვეტა, არამედ საშვილოსნოდან სისხლდენაც აღენიშნებათ. ხშირია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბოსწინარე დაავადებებიც.
ამრიგად, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მჭიროდ უკავშირდება არა მარტო ექსტრაგენიტალურ, არამედ გინეკოლოგიურ დაავადებებსაც, რომლებსაც თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, პათოლოგიური ცვლილებები საკვერცხეებსა და ენდომეტრიუმში.
- მაგრამ თუ ასეთმა ქალმა წონა დაიკლო?..
- ცნობილია, რომ სხეულის მასის შემცირება იწვევს დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენას, საკმარისია, სხეულის მასა 10-15%-ით შემცირდეს, რომ მსუქანი ქალების 60-70%-ს აღუდგება რეგულარული მენსტრუალური ციკლი, ხოლო დაახლოებით 50% ორსულდება ჰორმონული პრეპარატებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე.
- რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ორსულობაზე, რა გართულებაა ამ დროს მოსალოდნელი?
- თანამედროვე მონაცემების თანახმად, გესტაციური პროცესის გართულებები მსუქან ქალებში ასიდან 45-85 შემთხვევაში იჩენს თავს. იმატებს ორსულობის, მშობიარობის, ლოგინობის პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის, ახალშობილთა განვითარების სხვადასხვა დარღვევის ალბათობა, რაც პერინატალური დაავადებებისა და სიკვდილიანობის მატებას იწვევს. რაც უფრო მეტს იწონის ქალი ორსულობამდე, მით უფრო ნაკლები უნდა მოიმატოს ორსულობის დროს.
როგორც ცნობილია, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას პლაცენტური ჰორმონები და პროგესტერონი დიაბეტოგენურ ზემოქმედებას ახდენს და ინსულინრეზისტენტობის განვითარებას იწვევს. ამის გამო სიმსუქნე, რომელსაც ისედაც ახასიათებს ინსულინრეზისტენტობა, გესტაციური დიაბეტის (ორსულთა დიაბეტი) განვითარების რისკის ფაქტორს წარმოადგენს.
მსუქან ქალებში ორსულობის დროს შეინიშნება გამოხატული ჰემოდინამიკური დარღვევები: მომატებულია სისხლის შედედების უნარი, არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობა. ორსულობა ხშირად რთულდება პრეეკლამფსიით (50-60%), პლაცენტური უკმარისობით (30-40%). სიმსუქნე არტერიული ჰიპერტენზიისა და მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დამოუკიდებელ რისკის ფაქტორად განიხილება - ეს ორი გართულება მსუქან ორსულებში ყველაზე ხშირია.
სიმსუქნის დროს პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ვადაზე იწყება. ამ ფონზე ხშირია პლაცენტური უკმარისობა, რასაც ინტრანატალურ ჰიპოქსიამდე და ნაყოფის განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. სხეულის მასის ზომიერი (25-28 კგ/მ2) მატება ორსულობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რაც განპირობებულია როგორც საკვერცხეებში ანდროგენების გაძლიერებული წარმოქმნით, ისე ჰიპერინსულინემიითაც.