კვების პრინციპი ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად - A ვიტამინის სიჭარბე ძვლის დაზიანებას განაპირობებს
ცოცხალი ძვლის 50% წყალია, 15,7% - ცხიმი, 12,5% - ცილოვანი ნივთიერება, 21,8% - მინერალური (უმეტესად კალციუმის) მარილები, რომელთაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ მოიხმარს.
ძვლების დაზიანებას, უპირველესად, განაპირობებს: კალციუმით ღარიბი საკვები, D ვიტამინის დეფიციტი, A ვიტამინის სიჭარბე, ყავისა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება.
ძვლის დაზიანების რისკს ზრდის ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქო (აქ იგულისხმება არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მწეველობაც), ცხოვრების უმოძრაო წესი. ძვლების ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას. კალციუმის ცვლის დარღვევას სერიოზული პრობლემები ახლავს თან. მისი თავიდან აცილება ჯანსაღი, ბალანსირებული კვებითაც შეიძლება.
კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის რძეში, ყველში, იოგურტში, მწვანე ბოსტნეულში, ორაგულში, სოიაში. კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი.
D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს. D ვიტამინი მოიპოვება კვერცხის გულში, ღვიძლში, ორაგულში, ქაშაყში. მისი სადღეღამისო ნორმაა 400-800 ერთეული.
D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს რაქიტს, ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევას. D ვიტამინი სტეროიდული ჰორმონია. ის ორი მოლეკულური ფორმით გვხვდება: D2 და D3. D3 ვიტამინი ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება. ის შედის საკვების, უმთავრესად - თევზის ქონისა და კვერცხის ცილის შემადგენლობაში.
რძე და რძის ნაწარმი, ჩეულებრივ, D ვიტამინის ორივე ფორმას შეიცავს. მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი კალორიული სურსათით. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იღებდნენ ადაპტირებულ (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებულ, ვიტამინებით მდიდარ) ნარევებს ან მაწონს. მეძუძური დედებისა და 1 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის იდეალურია შემდეგი საკვები:
- რძე;
- ხაჭო;
- ყველი;
- კვერცხი;
- საქონლისა და ქათმის ხორცი;
- თევზი;
- ხილი (ვაშლი, ალუჩა, ალუბალი, კივი, ატამი, გარგარი), კენკრა;
- ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი), მწვანილი.
კალციუმი და D ვიტამინი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. მათი ცალ-ცალკე მიღება უშედეგოა - ორგანიზმი მათ ვერ შეიწოვს.