დიეტა შეიძლება საზიანო იყოს
ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს, სწრაფი შედეგის ეშხით. ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.
საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია – სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი – ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად „სადაც წვრილია, იქ წყდება“, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.
ამასთან, როგორც კი ჩვეულ კვებას დაუბრუნდებით, მაინც მოიმატებთ წონას, უარყოფით შედეგებთან ბრძოლა კი დიდხანს მოგიწევთ.
- შიმშილობის დროს ძლიერ ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მცირდება კუნთური მასა;
- ნაღვლის ბუშტში გუბდება ნაღვლის წვენი და ჩნდება კენჭების წარმოქმნის საშიშროება;
- იწყება ჰორმონული დარღვევები, რომელთაც შეუძლია უნაყოფობის გამოწვევა;
- ხანგრძლივი შიმშილობის დროს კი ვითარდება ფსიქიკური დაავადება – ანორექსია.
უმად ჭამა და მონოდიეტები
უმი კვება. უმი, დაუმუშავებელი პროდუქტების მიღება ვეგანობის ყველაზე მკაცრი ვარიანტია.
მათ, ვინც უმი საკვებით – ხილით, ბოსტნეულითა და მწვანილით იკვებება, ვეგანიებს უწოდებენ. ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის ყველა პროდუქტი გამორიცხულია მათი საკვებიდან. რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა კვებამ?
- ცხოველური ცხიმების დეფიციტი ჰორმონულ დისფუნქციასა და ნერვული სისტემის პრობლემებს იწვევს;
- დაუშვებელია უმი, დაუმუშავებელი პროდუქტით ბავშვების კვება, ამან მოზარდის ორგანიზმს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
მონოდიეტები. ამ დიეტების უამრავი ვარიანტი არსებობს: გრეიპფრუტის, ბრინჯის, წიწიბურას, საზამთროსი და ა.შ. ერთი დღით ასეთ დიეტაზე ყოფნა ჯანმრთელობას არ დააზიანებს, ერთი კვირა კი – უკვე საშიშია. მაგალითად, ბრინჯის დიეტამ შეიძლება კუჭის ძლიერი შეკრულობა გამოიწვიოს, წიწიბურასამ – კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხაჭოს მონოდიეტამ კი – კალციუმის ცვლის დარღვევა. გარდა ამისა, წონის მკვეთრ შემცირებას შეიძლება მკვეთრი მატება მოჰყვეს.
- ნახშირწყლების დიეტა მავნებელია (3 დღეზე მეტხანს).
ნახშირწყლოვანი დიეტების ძირითადი არსია, რაც შეიძლება მეტი ნელი ნახშირწყლის (ცერცვოვანების, მარცვლოვანი ბურღულეულის, ბოსტნეულის, ძირხვენების, პურის, წაბლისფერი ბრინჯის, ზოგიერთი ხილის და სხვა) მიღება. ასეთი კვების მთავარი საფრთხე – ცილის დაბალი შემცველობაა.
- ცილა უმნიშვნელოვანესი სამშენებლო მასალაა. ის აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოქმნისას. თუ ცილის მიღება არ ხდება საკვებიდან, ორგანიზმი მას იღებს თავისი მარაგებიდან – კუნთებიდან, ამ დროს კუნთები კარგავენ ტონუსს, კანი ნაკლებად მკვრივი ხდება.
ცილის უკმარისობა ძლიერ აქვეითებს იმუნიტეტს და შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევებიც კი გამოიწვიოს.
ცილები საკმაოდ კარგად ანაყრებენ, უკმარისობის შემთხვევაში კი, მუდმივად ჭამის მოთხოვნილება ჩნდება.
სხვა შედეგები: ცუდი განწყობილება, დაბალი შრომისუნარიანობა, მუდმივი დაღლილობის გრძნობა, დეპრესიის განვითარებაც კი.
ყველა ცილოვანი დიეტა
ეს დიეტებია: ატკინსის, კრემლის, მონტინიაკის, დიუკანის. მათი ავტორები თვლიან, რომ ზედმეტი წონის მთავარი მიზეზი – ნახშირწყლებია. ამიტომ რაც უფრო ნაკლებად მივიღებთ მათ, უკეთესია. ასე რომ, არავითარი მაკარონი, მინიმალური რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მაქსიმალური ოდენობით ხორცი და თევზი. როგორია შედეგები?
ცილების სიჭარბე ისეთივე მავნებელია, როგორიც დეფიციტი; მას მივყავართ ცილოვანი ცვლის დარღვევამდე (პოდაგრამდე), თირკმელებში კენჭების გაჩენამდე და ართრიტამდე.
ნახშირწყლების დეფიციტი იწვევს ენერგიის ნაკლებობას. შედეგი კი ასეთია – მოდუნება, მოთენთილობა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, კანკალი სხეულში, გულყრები;
უჯრედისის დაბალი შემცველობა იწვევს კუჭის შეკრულობის პროვოცირებას;
ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის გამო ზარალდება კანი, თმა, ქვეითდება იმუნიტეტი.
რჩევა: ნებისმიერი დიეტა, რომელიც გამორიცხავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს (ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს), სახიფათოა. მათი დაცვა და მათი საშუალებით წონის დაკლება 3 დღეზე მეტხანს არ შეიძლება.
წვნიანების დიეტა
თუ შევადარებთ წინამდებარე დიეტებს, ბოსტნეულის წვნიანების დიეტა არანაკლებ მავნებელია. რა მინუსები აქვს მას?
რთულია წვნიანში ორგანიზმისთვის საჭირო ყველა პროდუქტის გაერთიანება: ბოსტნეულის, ხილის, ბურღულეულის, რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, კვერცხის, თხილეულის და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ კვება საკმაოდ ერთფეროვანი იქნება. ჯანსაღი კვების ერთ-ერთი პრინციპი კი – სწორედ მრავალფეროვნებაა.
სუპის დიეტაზე დიდხანს ყოფნა გამოიწვევს ბოჭკოვანი საკვების დეფიციტს და გაართულებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ამასთან, ასეთი დიეტა ცუდად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.
რჩევა: თუ წვნიანების დიეტით წონის დაკლებას გადაწყვეტთ, შეეცადეთ მოამზადოთ მრავალფეროვანი კერძები (ცვალეთ რძის, ხილის, თევზის, ხორცის, ბოსტნეულის, ბურღულეულის სუპები). ასეთი კვების მაქსიმალური ხანგრძლივობა – ერთი კვირაა. წვნიანების დიეტა არ არის სასურველი ხანდაზმულთათვის, ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის.
განტვირთვის დღეები
განტვირთვის დღეებითაც არ არის სასურველი დიდი გატაცება, რადგან ისინი ანელებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში. თუ გიყვართ ასეთი დღეების მოწყობა, აკეთეთ ეს კვირაში ერთხელ. მაგალითად, ზაფხულში შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის განტვირთვის დღეების მოწყობა.
დღის რაციონი: 1,5კგ ვაშლი ან სხვა ხილი (გარდა ბანანისა და ყურძნისა) გაყავით 6 ნაწილად.
თუ არ გიყვართ ახალი ვაშლი, შეგიძლიათ ღუმელში მოამზადოთ. მიიღეთ დღეში არანაკლებ 2ლ წყალი. თუ გიძნელდებათ შიმშილთან ბრძოლა, დაუმატეთ 150გ ხაჭო (გაყავით 3 ნაწილად).
დღის რაციონი: 1,5კგ ბოსტნეულის სალათა (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, ნიახური) + 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, გაყოფილი 6 ულუფად. შეიძლება ცვალოთ სალათა ბოსტნეულის წვნიანით. შეამცირეთ მარილის რაოდენობა. დღის განმავლობაში მიიღეთ 2ლ წყალი. თუ ძალიან მოგშივდებათ, მიიღეთ 150გ თევზი ან ქათმის ფილე (გაყავით 3 ნაწილად).
ვისთვის არის უკუნაჩვენები ექსპრესდიეტები?
მნიშვნელოვანია: ხანმოკლე დიეტები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნორმალური წონა აქვთ. თუ ბოლო დროს რამდენადმე მოდუნდით, აღარ ვარჯიშობთ და რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ, ასეთ შემთხვევაში რეგულარული ვარჯიშით კვლავ შეგიძლიათ დიეტით მიღებული შედეგის შენარჩუნება.
თუ ჭარბი წონა და სიმსუქნე გაწუხებთ, „სასწრაფო“ დიეტები (ნებისმიერი) მხოლოდ გავნებთ! ისინი ანელებენ ნივთიერებათა ცვლას და ცხიმების წვის სიჩქარეს. შემცირებული მეტაბოლიზმის ფონზე კი წონა კიდევ სწრაფად იზრდება.
რომელი წონა ითვლება ზედმეტად?
მასის შეფასებისთვის არსებობს სპეციალური ფორმულა. როცა ზედმეტი წონა 25კგ და მეტია, ეს უკვე სიმსუქნეა და ექსპრესდიეტებით გახდომა არ გამოვა. ამ დროს ეფექტიანი მხოლოდ დაგეგმილი ყოველდღიური მუშაობა – დაბალანსებული კვება (კონსულტაცია დიეტოლოგთან) და რეგულარული ფიზიკური დატვირთვაა.