ართროსონოგრაფია სახსრებისა და ნეიროგენული პათოლოგიების დიაგნოსტიკაში
- კვლევის ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა დიფერენციული დიაგნოსტიკა, რაც პათოლოგიის გამომწვევი მიზეზების დადგენას ნიშნავს. მიზეზი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს: ტრავმული, ანთებითი, დეგენერაციულ-დისტროფიული, ნეიროგენული, ნეიროგენულ-ვერტებრული, სისხლძარღვოვანი და სიმსივნურიც კი. ამ მიზეზების დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესამუშავებლად, რაც ნიშნავს კონსერვატიული ან ოპერაციული მკურნალობის ჩვენების დროულ განსაზღვრას; ასევე მნიშვნელოვანია პათოლოგიური პროცესების განვითარების პრევენციისა და პოსტოპერაციული გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
- იყენებენ თუ არა ამ მეთოდს ჩვენთან?
- უკვე ორი ათეული წელია, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ართროსონოგრაფიას წარმატებით იყენებენ ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, რევმატოლოგიაში, ანგიოლოგიაში, ონკოლოგიასა და ნევროლოგიაში. ნევროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკაში კვლევის ეს მეთოდი ახლახან დაინერგა. ეს დაავადებები ჩვენშიც საკმაოდ არის გავრცელებული, თუმცა ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება. ბევრს მიაჩნია, რომ სახსრების ტკივილი მხოლოდ რევმატოლოგიური პათოლოგიის, ართროზის ან ტრავმის ბრალი შეიძლება იყოს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი არ წარმოადგენს სერიოზულ სახსროვან პათოლოგიას და ნეიროგენული მიზეზებით არის პროვოცირებული. ეს შემთხვევები გამოირჩევა მოძრაობის გაძნელებით და მწვავე ჩივილებით როგორც მოძრაობის დროს, ისე მოსვენებისას, რაც კიდევ უფრო შემაწუხებელია. ეს მდგომარეობა უმეტესად დაკავშირებულია ხერხემლის პათოლოგიასთან - ოსტეოქონდროზთან, რაც ვლინდება სპონდილოართროზით, მალათაშუა დისკის პროტრუზიით, პროლაფსით (თიაქარი), სპონდილოლისთეზით (ცდომილი მალა ან მალები), მალების არასტაბილურობით და სხვ. ყველა ეს პათოლოგია იწვევს სერიოზულ ჩივილებს სხვადასხვა სახსარში, რადგან პერიფერიული ნერვების სათავე, ე.წ. ფესვები, სწორედ ხერხემლის სხვადასხვა სეგმენტში მდებარეობს, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, განაგებს შესაბამის ზონებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. განსაკუთრებით შესამჩნევია ზედა და ქვედა კიდურების არეში მოქმედი ზონების - შესაბამისად, კისრისა და წელის სეგმენტების - პათოლოგიები, რომლებიც განაპირობებს სენსორულ (მგრძნობელობის) და მოტორულ დარღვევებს (ამა თუ იმ მოძრაობის გაძნელება) ერთი (მონორადიკულოპათია) ან რამდენიმე სახსრის მიდამოში (პოლირადიკულოპათია). როგორც პაციენტები, ისე ექიმები ამას უმეტესად სახსრების პათოლოგიად მიიჩნევენ. შესაბამისად, მკურნალობა არასწორი და უეფექტოა. ფუჭად იხარჯება დრო და ფინანსები, პაციენტი კი ზოგჯერ ინვალიდდება. ასეთ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ კიდურებში (განსაკუთრებით - ქვედაში) სიმძიმის შეგრძნება, კრუნჩხვები, დაბუჟება, გამოხატული შეშუპება, კანზე ტროფიკული დარღვევები, ძლიერი წვა და მოძრაობის გაძნელება. ეს ჩივილები ხშირად გაიგივებულია სისხლძარღვოვან პათოლოგიებთან და პაციენტები გამოკვლევის გარეშე მკურნალობენ როგორც ანგიოლოგიურ პრობლემას, მერე კი, ხანგრძლივი და უეფექტო მკურნალობის შემდეგ, ულტრასონოგრაფიული კვლევით, კერძოდ, დოპლეროგრაფიით, იგებენ გასაოცარ ფაქტს - რომ მათ არ აქვთ სერიოზული სისხლძარღვოვანი პათოლოგია. მაგრამ რა ხდება, საიდან მოდის ასეთი მწვავე ჩივილები? ამას ვეღარ არკვევენ. სინამდვილეში ისინიც ხშირად პერიფერიული ნერვების პათოლოგიებით არის განპირობებული. სწორედ ასეთ დროს გვეხმარება ართროსონოგრაფია, რომელიც მოიცავს როგორც სახსროვანი სტრუქტურების, ისე მის შემადგენლობაში მყოფი და მიმდებარე სისხლძარღვებისა და პერიფერიული ნერვების კვლევას. ის საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტკივილის ზუსტი მიზეზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
- რას უჩივიან უმეტესად პაციენტები?
- ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ პერიოდულად უსივდებათ ფეხი და მწვავე ჩივილების გამო იწყებენ კოჭლობას. რაც დრო გადის, ეს ჩივილები უფრო და უფრო ხშირდება და ხანგრძლივდება. თუ ადრე რამდენიმედღიანი დასვენება შვებას ჰგვრიდათ, ახლა აღარაფერი შველით. ასეთ დროსაც უმეტესად წელის არეში არსებულ სერიოზულ ვერტებრულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. სწორედ ის განაპირობებს ხანგამოშვებით კოჭლობას, რომელსაც პაციენტი ვერაფერს უკავშირებს. არ არის აუცილებელი, იმავდროულად გამოხატული იყოს სერიოზული ჩივილები ხერხემლის არეში, რაც კიდევ უფრო აბნევს პაციენტს და ხშირად ექიმებსაც. არცთუ იშვიათად პაციენტს ავიწყდება, რომ წლების წინ აწუხებდა ხერხემლის ძლიერი ტკივილი, მაგრამ ის მხოლოდ ხერხემლის ტკივილით შემოიფარგლებოდა. ხშირად არა მარტო პაციენტებს, არამედ ექიმებსაც ავიწყდებათ, რომ ხერხემლის არხის სტენოზისა და დისკის თიაქრის ჩამოყალიბების პროცესი ეტაპობრივია: თავდაპირველად ხერხემლის არეში მწვავე ჩივილები იჩენს თავს, მერე კი ქრონიკული ფესვობრივი კომპრესია დიდხანს და უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს - პროცესი თითქოს კომპენსირებულია და აღარ გვახსოვს, თუმცა ფესვზე ზეწოლა გრძელდება, დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესები ღრმავდება. ამას მოსდევს გაცილებით მწვავე ეტაპი, როდესაც ხერხემლის ტკივილი ნელდება ან სრულიად ქრება და იწყება მწვავე გადაცემითი ტკივილები კიდურის ამა თუ იმ ზონაში, დაზიანებული ფესვის შესაბამისად.
პათოლოგია სულ სხვა სახით ვლინდება, ამიტომ პაციენტი ამ შემთხვევას ვერც კი უკავშირებს წლების წინ არსებულ ხერხემლის პათოლოგიას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მწვავე ჩივილების დროს შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს გამოხატული ნევროლოგიური დარღვევები - დაბუჟება, პერიფერიული კრუნჩხვები, რეფლექსების სერიოზული დაქვეითება და სხვა, რაც ნევროლოგისთვისაც კი დამაბნეველია. ამიტომ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა, ხერხემლის არხის სტენოზის ერთადერთი გამოხატულება იყოს ნეიროგენული ხანგამოშვებითი კოჭლობა კიდურის რომელიმე სეგმენტში (სახსარში) მწვავე ტკივილით და მას არ ახლდეს სხვა სერიოზული ნევროლოგიური გამოვლინებები. ამ შემთხვევაში ნევროლოგი ვერ დასვამს სწორ დიაგნოზს. მრავალ ასეთ გაურკვეველ შემთხვევაში მხოლოდ ართროსონოგრაფიას შეუძლია თქვას გადამწყვეტი სიტყვა და სწორი მიმართულება მისცეს პაციენტს. ბოლო ხანს დაიწყო მსჯელობა ე.წ. “რადიკულიტურ სინოვიტებზე”, “ცრუ ართრიტებზე”, რაც ნიშნავს სახსარშიდა გამონაჟონის გაჩენას არა სახსარშიდა, არამედ ვერტებრული მიზეზით განპირობებული სტატიკური დატვირთვისა და ვეგეტატიული დისტროფიული დარღვევების გამო. ამ მიზეზის დადგენა საკმაოდ ძნელია, მაგრამ დოპლეროგრაფიას, რომელსაც შესწევს უნარი, ლოკალურად შეაფასოს პროცესის სიმწვავე, და ექიმის დიდ გამოცდილებას უმეტესად სწორ დიაგნოზამდე მივყავართ.
- რა პათოლოგიებია გავრცელებული ახალგაზრდებში?
- ახალგაზრდებში საკმაოდ გავრცელებულია ასეთი რამ: დატვირთვისას ეწყებათ ერთი ან ორივე კიდურის ტკივილი, რომელიც არ აძლევს მათ აჩქარების საშუალებას. ტკივილი ხშირად მოსვენების დროსაც გრძელდება, ძლიერი დატვირთვის შემდეგ ძილის დროსაც კი. ეს ჩივილებიც უმეტესად მიგვანიშნებს ახალდაწყებულ ხერხემლის პათოლოგიაზე, რომელიც ფესვობრივ გაღიზიანებას განაპირობებს. როდესაც ასეთი ჩივილების დროს ტკივილის ზონაში სონოგრაფიულად ვერავითარ სერიოზულ პათოლოგიას ვერ ვავლენთ, დაბეჯითებით შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ საქმე გვაქვს ხერხემლის პათოლოგიასთან, უმეტესად - მალების სტაბილურობის დარღვევასთან, ერთმანეთის მიმართ მოძრავ მალებთან - სპონდილოლისთეზთან, რაც უკვე ცდომილ რომელიმე ან რამდენიმე მალას ნიშნავს. ვერ წარმოიდგენთ, რა ხშირად ვაწყდებით ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით - სკოლის ასაკის ბავშვებში, რომელთაც უმეტესად მალათა არასტაბილურობის გამო აქვთ ნეიროგენული ჩივილები კიდურებში და არაფერს უჩივიან ხერხემლის არეში. ამ შემთხვევაში მხოლოდ მოძრაობის დროს გადაღებული ხერხემლის მალების რენტგენოგრაფიაა ინფორმაციული, სწორი დიაგნოზის დასასმელად არც ერთი სხვა კვლევა არ გამოდგება. თუმცა ამ დასკვნამდე რომ მივიდეთ, ისევ ართროსონოგრაფიით უნდა დავიწყოთ. ეს ახალგაზრდები პაციენტთა ის კატეგორიაა, რომელთაც უკვე აქვთ მალათაშუა დისკის თიაქრის ჩამოყალიბების მაღალი რისკი. არადა, დროულ დიაგნოსტიკას და სამკურნალო ფიზკულტურას უდიდესი პრევენციული როლის შესრულება შეუძლია.
- გყავთ თუ არა სპორტსმენი პაციენტები?
- სპორტსმენები ხშირად მოგვმართავენ კუნთის დაზიანების მწვავე ჩივილით, თუმცა გამოკვლევისას კუნთის დაზიანება არ დასტურდება. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება მოძრაობის აჩქარებასთან ერთად და ამ მიზეზით გარკვეული ხნით ეთიშებიან სპორტს. ამ შემთხვევაშიც ვერტებრული წარმოშობის რეფლექტორულ კუნთოვან-ტონურ დარღვევებთან გვაქვს საქმე, რომელიც კრამპის სახელწოდებით არის ცნობილი და ამა თუ იმ კუნთის დაზიანების სიმულაციას განაპირობებს. კუნთების დიაგნოსტიკისთვისაც ეფექტურია ართროსონოგრაფია დინამიკურ რეჟიმში (კუნთების მოძრაობის დროს).
- ბევრი უჩივის მუხლის ტკივილს ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომისას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- საკმაოდ გავრცელებული ჩივილია შემაწუხებელი ტკივილი დიდხანს მოხრილ მუხლში. ის განსაკუთრებით მგზავრობის დროს იჩენს თავს. პაციენტი იძულებულია, წამოდგეს, გაიარ-გამოიაროს, რომ ტკივილი შეუმსუბუქდეს. უმეტესად ესეც ნეიროგენულია და წელის არეში, განსაკუთრებით - მესამე-მეოთხე მალების დონეზე, სერიოზული პათოლოგიით არის პროვოცირებული. სწორედ წელის ეს სეგმენტი ახდენს მუხლის ინერვაციას. შესაბამისად, ტკივილი წელიდან მუხლისკენ ვრცელდება. წამოდგომისას შვებას ვაძლევთ წელის მალებში კომპრესირებულ სტრუქტურებს. მუხლში ამ დროს სონოგრაფია ვერავითარ სერიოზულ მიზეზს ვერ ავლენს. ეს მონაცემები მკურნალობის სულ სხვაგვარად წარმართვის საშუალებას იძლევა.
- რას გვეტყვით საუბრის დასასრულს?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახსრების ტკივილი ყოველთვის სახსარშიდა პათოლოგიით არ არის განპირობებული. ბევრისთვის ეს შესაძლოა გასაკვირი აღმოჩნდეს, ზოგისთვის - დაუჯერებელიც კი, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს რეალობაა და სწორ, თანამედროვე აზროვნებას მოითხოვს. ეს ნამდვილად არ არის ადვილი და მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციაზე, ამიტომ ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ართროსონოგრაფია განსაკუთრებით სპეციალისტდამოკიდებული მეთოდია და მოითხოვს საკვლევი მიდამოს ნორმალური სონოანატომიის, ფიზიოლოგიისა და პათოლოგიების ღრმა ცოდნას, ულტრაბგერითი სხივის მართვის კარგ ტექნიკას, ტრავმატოლოგია-ორთოპედიისა და რევმატოლოგიის კარგ ცოდნასთან ერთად - მომიჯნავე სპეციალობების: ანგიოლოგიის, ნევროლოგიის და ონკოლოგიის, - ცოდნას. ამაზეა დამოკიდებული აღწერილობითი ინფორმაციის სიუხვეც. სპეციალისტის გამოუცდელობის შემთხვევაში დიდია დიაგნოსტიკური შეცდომების ალბათობა.