რას გვაჩვენებს PSA ტესტი, როდის და როგორ იღებენ ანალიზს - როგორია ნორმის ზღვარი ასაკის შესაბამისად
და კლინიკა „ინ ვიტროს“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის (GLMA) გამგეობის წევრი, კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციისა (IFCC) და ევროპის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის (EFLM) წევრი - ეკატერინე კუპატაძე:
პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA-Prostate Specific Antigen)
- ქალბატონო ეკატერინე, მოდი, დავიწყოთ პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კვლევით, რადგან პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველას სმენია PSA-ანალიზზე. განუმარტეთ მკითხველს, რას წარმოადგენს აღნიშნული ანტიგენი და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი კვლევა. - პროსტატსპეციფიკური ანტიგენი – პროტეაზული აქტივობის გლიკოპროტეინია, რომელიც სინთეზირდება წინამდებარე ჯირკვლის ეპითელურ უჯრედებში და სეკრეტირდება სათესლე სითხეში. PSA ცირკულირებს სისხლში ორი ფორმით: თავისუფალით და შეკავშირებულით.
სისხლში საერთო PSA-ს კონცენტრაცია თავისუფალი და შეკავშირებული ფორმების ჯამია. ასაკის მატებასთან ერთად, საერთო PSA-ს დონე იზრდება, ხოლო თავისუფალი ფორმის წილი მასში მცირდება. PSA წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან მარკერს. მისი მომატება ხდება ანთებითი, კეთილთვისებიანი და ავთვისებისნი სიმსივნური პროცესების, ტრავმების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების დროს: ბიოფსია (PSA-ს მომატება ნარჩუნდება 2-3 კვირის განმავლობაში), ტრანსურეთრული ულტრასონოგრაფიული კვლევა, წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი, რექტალური გამოკვლევა; PSA-ს ხანმოკლე მატებას სისხლში იწვევს ეაკულაცია (ნორმალიზდება 48 საათის განმავლობაში).
წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს თავისუფალი PSA-ს დონე მცირდება და იმატებს შეკავშირებული PSA-ს დონე, რაც არ არის დამახასიათებელი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისთვის. PSA-ს დონის მატება ასოცირებულია წინამდებარე ჯირკვლის კიბოსთან და დიაგნოსტირებულ შემთხვევათა 80%-ში მისი კონცენტრაცია > 4 ნგ/მL-ზე. ის მეტად მგრძნობიარე და სპეციფიკურია წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სხვა მარკერებთან შედარებით (მაგალითად, პროსტატული მჟავა ფოსფატაზა);
აღსანიშნვია, რომ ასაკი PSA-ს მატების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
50 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული დაიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია PSA-ს ყოველწლიური სკრინინგი. სკრინინგი უფრო ახალგაზრდა ასაკში რეკომენდებულია დატვირთული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში;
საერთო PSA-ს ნორმალური ზღვრები:
< 40 წელი < 1.4 ნგ/მL
40-49 წელი < 2.0 ნგ/მL
50-59 წელი < 3.1 ნგ/მL
60-69 წელი < 4.1 ნგ/მL
> 70 წელი < 4.4 ნგ/მL
- როდის ინიშნება პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ანალიზი?
- საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ანალიზის დანიშვნის ჩვენებაა:
- წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა;
- დიაგნოსტირებული კიბოს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად;
- წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ქირურგიული, ჰორმონული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი.
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ანალიზისთვის ვენური სისხლი უნდა აიღონ დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარებამდე, რადგან ბიოფსია, ტრანსურეთრული ულტრასონოგრაფია, მასაჟი, გასინჯვა რექტალური პალპაციით იწვევს მისი კონცენტრაციის მატებას სისხლში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეაკულაციის შემდეგ PSA-ს ხანმოკლე მატება სისხლში ნარჩუნდება დაახლოებით 48 საათი.
სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე