სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა

რის შესახებ გვაძლევს წარმოდგენას სისხლის საერთო ანალიზი? გარდა საერთო ანალიზისა, რა სახით შეიძლება ჩატარდეს სისხლის ლაბორატორიული შესწავლა ან რა ინფორმაციას ვიღებთ ამ გამოკვლევების მეშვეობით? ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიული სამსახურის უფროსი ნანა ძნელაძე.

- ქალბატონო ნანა, საუბარს იმ შეკითხვით დავიწყებთ, რომელზე პასუხიც ჩვენი მკითხველების დიდ ნაწილს აინტერესებს - რა არის სისხლის საერთო ანალიზი და რა მონაცემებს ვიღებთ მისი შესრულებით?

- დაგვეთანხმებით, სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლაბორატორიული ტესტია. მისი მეშვეობით ვადგენთ სისხლში ჰემოგლობინისა და სხვადასხვა უჯრედის - ფორმიანი ელემენტების - შემცველობას, მათ განსაზღვრულ მახასიათებლებს. სისხლის ფორმიანი ელემენტებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები (პაციენტები მათ უბრალოდ სისხლის წითელ უჯრედებს, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სისხლის ფირფიტებს უწოდებენ). სისხლის საერთო ანალიზითვე ხდება ერითროციტების დალექვის სიჩქარის, შემოკლებით - ედსის განსაზღვრა (პაციენტები ამ მაჩვენებელს რუსულის გავლენით "როედ" იხსენიებენ). ეს არ გახლავთ თანამედროვე მეთოდიკით შესრულებული სისხლის საერთო ანალიზით განსაზღვრული პარამეტრების სრული ჩამონათვალი. სადღეისოდ სპეციალური აპარატურის - ანალიზატორის მეშვეობით სისხლის საერთო ანალიზის შესრულებისას დასახელებულ მაჩვენებლებთან ერთად განისაზღვრება ჰემატოკრიტი, ერითროციტების განაწილების ფართობი, ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში, ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია, ერითროციტის საშუალო მოცულობა, თრომბოციტების საშუალო მოცულობა, ასევე ხდება ლეიკოციტური ფორმულის როგორც აბსოლუტური, ისე პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა.

- თქვენ განსხვავებული უჯრედები დაასახელეთ. რა ფუნქცია აკისრიათ მათ ადამიანის ორგანიზმში?

- სისხლში არსებულ უჯრედებს სხვადასხვა ფუნქცია აკისრიათ. ლეიკოციტები, პოპულარული ენით - თეთრი უჯრედები, იმუნური სისტემის ძირითად კომპონენტს წარმოადგენენ და უმთავრეს როლს ასრულებენ ინფექციის დროს ორგანიზმის დაცვაში. ლეიკოციტები ფუნქციითა და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კერძოდ, სისხლში ცირკულირებენ ნეიტროფილური ლეიკოციტები, ეოზინოფილები, ბაზოფილები, ლიმფოციტები და მონოციტები. ორგანიზმის იმუნურ დაცვაში თითოეულ დასახელებულ უჯრედს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური როლი აკისრია. ერითროციტების ანუ სისხლის წითელი უჯრედების უმთავრესი ფუნქციაა ჟანგბადის ტრანსპორტირება და ამის მეშვეობით ორგანოების მომარაგება ფუნქციობისთვის აუცილებელი ჟანგბადით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰემოგლობინს. თრომბოციტები კი სისხლის შემდედებელი სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ და თავიდან გვაცილებენ სისხლდენას.

- რატომ ნიშნავენ ექიმები ასე ხშირად სისხლის საერთო ანალიზს და რა ცვლილება შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული კვლევით?

- სისხლის საერთო ანალიზი სრულიად სხვადასხვა ჩვენების საფუძველზე ინიშნება. მაგალითად, პროფილაქტიკისთვის, რომელიც განსაზღვრული პერიოდულობით უნდა ჩაიტაროს ყველა ადამიანმა, ანემიის გამოსავლენად, დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტის დასადგენად, დიაგნოსტიკისთვის, ზოგიერთი ჩივილის დროს მიზეზის დასადგენად... ერთი სიტყვით, ძნელია დავასახელოთ მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის საერთო ანალიზი კვლევისა და დიაგნოსტიკის აუცილებელი კომპონენტი არ იყოს. ზოგიერთი დაავადების დროს მისი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვივარაუდოთ ესა თუ ის დიაგნოზი. მსგავს შემთხვევებთან გვაქვს საქმე სისხლის სიმსივნური დაავადებების დროსაც.

- ლეიკოციტების შემცველობის რა ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის საერთო ანალიზით? რაზე მეტყველებს აღნიშნული ცვლილებები?

- სისხლის საერთო ანალიზმა შესაძლოა გამოავლინოს ლეიკოციტების შემცველობის მატება (ლეიკოციტოზი) ან დაქვეითება (ლეიკოპენია). ლეიკოციტოზი საკმაოდ ხშირად იჩენს თავს სხვადასხვა მწვავე დაავადების დროს. ის ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა პათოლოგიურ მდგომარეობათა საკმაოდ ფართო სპექტრის შემთხვევაში. კერძოდ, ლეიკოციტების შემცველობის მატება შესაძლოა განაპირობოს ვირუსულმა, ბაქტერიულმა, სოკოვანმა, პარაზიტულმა ინფექციებმა, სიმსივნეებმა, განსაზღვრული მედიკამენტების (მათ შორის - სტეროიდული ჰორმონების) მიღებამ. მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, დადგენილია, რომ ლეიკოციტოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ორგანიზმში ამა თუ იმ ლოკალიზაციის ინფექციური პროცესია. ამ მიზეზით აღმოცენებულ ლეიკოციტოზს ხშირად თან სდევს მარცხნივ გადახრა. ეს ტერმინი გულისხმობს, რომ თანაფარდობა მოუმწიფებელ და მომწიფებულ ნეიტროფილურ ლეიკოციტებს შორის დარღვეულია- გაზრდილია მოუმწიფებელი ნეიტროფილების რიცხვი. ეს ცვლილება ანთებით პროცესზე ორგანიზმის რეაქციას ასახავს. უფრო იშვიათად ლეიკოციტოზი სიმსივნის სიმპტომია. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ რიგ შემთხვევაში ლეიკოციტოზი სისხლის სიმსივნის გამოვლინებას წარმოადგენს. თუმცა მსგავს შემთხვევებში ლეიკოციტების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, ვლინდება ლეიკოციტების ძალიან ახალგაზრდა და მოუმწიფებელი (ბლასტური) ფორმები. ზოგჯერ, ამა თუ იმ ანთებითი თუ სიმსივნური დაავადების დროს, სისხლში ლეიკოციტების შემცველობა მკვეთრად იმატებს, რასაც ექიმები ლეიკემოიდურ რეაქციას უწოდებენ, თუმცა ამ შემთხვევაში სისხლში არ არის მეტისმეტად ახალგაზრდა მოუმწიფებელი ლეიკოციტები- ბლასტები. მსგავს ვითარებაში ექიმები განსაზღვრული კვლევების მეშვეობით ზუსტად ადგენენ მკვეთრი ლეიკოციტოზის მიზეზს. ლეიკოპენია ძვლის ტვინში (სისხლის უჯრედების წარმოქმნის ადგილი) აღნიშნული უჯრედების ფორმირების დარღვევის შედეგია, რომელიც ხშირად მედიკამენტებთან, ამა თუ იმ ვირუსულ ინფექციასთან ან იმუნური სისტემის დარღვევებით მიმდინარე დაავადებასთან არის დაკავშირებული.

- როგორც ზემოთ ბრძანეთ, განასხვავებენ სხვადასხვა სახის ლეიკოციტებს. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით თუ არის მიზანშეწონილი, ცალ-ცალკე იქნეს განხილული თითოეული მათგანის შემცველობის მატება?

- იმის მიხედვით, თუ რომელი სახის ლეიკოციტების რაოდენობაა მომატებული, განასხვავებენ ნეიტროფილოზს - ნეიტროფილური ლეიკოციტების მატებას, ლიმფოციტოზს - ლიმფოციტების მატებას, მონოციტოზს - მონოციტების მატებას, ეოზინოფილიას - ეოზინოფილების მატებას. თითოეული ცვლილება შესაძლოა გარკვეულ პათოლოგიასთან ან მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ცნობილია, რომ ნეიტროფილები პირველები რეაგირებენ ბაქტერიულ ინფექციებზე, რის გამოც ნეიტროფილოზის მიზეზი უმეტესად ბაქტერიული ინფექციაა. ნეიტროფილების რაოდენობის მატებას იწვევს აგრეთვე მიოკარდიუმის ან სხვა ორგანოს ინფარქტი. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი კორტიზოლი და მისი პრეპარატები (მაგალითად, პრედნიზოლონი) იწვევენ სისხლში ნეიტროფილური ლეიკოციტების გადმოსროლას, ამიტომ ნეიტროფილოზი აღნიშნული ჰორმონებით მკურნალობის ან სტრესის დროსაც ვითარდება. ალბათ, მკითხველმაც იცის, რომ ნეიტროფილოზი ვითარდება მწვავე ქირურგიული ინფექციების დროსაც. ასეთი შემთხვევის კლასიკური მაგალითია აპენდიციტი. ნეიტროფილოზი სიმსივნის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. დაბოლოს, არ შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ სისხლის ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა - ქრონიკული მიელოლეიკემია, რომლის დროსაც მკვეთრი ნეიტროფილოზი ვითარდება.

- ბევრს ჰგონია, რომ ეოზინოფილია ალერგიასთან არის დაკავშირებული.

- მართლაც ასეა. ეოზინოფილია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს. ალერგიული მექანიზმით ვითარდება ეოზინოფილია პარაზიტული ინვაზიის შემთხვევაშიც. თუმცა ალერგია არ არის მისი ერთადერთი მიზეზი. ეოზინოფილების მომატებას იწვევს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიები, სისხლის სისტემის ზოგიერთი დაავადება. არის შემთხვევები, როცა ეოზინოფილიას თან სდევს სხვადასხვა ორგანოს (ფილტვის, გულის) დაზიანება. ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაავადებები იმუნური მექანიზმების მონაწილეობით ვითარდება. მკვეთრი ეოზინოფილია ზოგიერთი სიმსივნის დროსაც აღინიშნება. მწვავე ბაქტერიულ ინფექციას კი შესაძლოა, პირიქით, ეოზინოპენია - ამ უჯრედთა რაოდენობის შემცირება მოჰყვეს. იგივე მოვლენაა მოსალოდნელი კორტიკოიდებით (მაგალითად, პრედნიზოლონით) მკურნალობის შეწყვეტის მომდევნო პერიოდშიც.


- უკვე ვისაუბრეთ ნეიტროფილიის შესახებ. როდის ვითარდება საპირისპირო მდგომარეობა ნეიტროპენია?

- ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის, ალერგიული დაავადებებისა და მედიკამენტების მიღების დროს შესაძლოა ნეიტროფილების დაშლის ინტენსივობა აღემატებოდეს ძვლის ტვინში მათი წარმოქმნის სისწრაფეს. არსებობს აუტოიმუნური დაავადებები, რომელთა დროსაც ორგანიზმი საკუთარი ქსოვილებისა და უჯრედების, მათ შორის ნეიტროფილების მიმართ ანტისხეულებს წარმოქმნის, შედეგად კი ნეიტროპენია ვითარდება. ზოგიერთი დაავადების დროს მკვეთრად იმატებს ელენთის ზომები და ძლიერდება მისი ფუნქცია, რასაც სხვა უჯრედებთან ერთად ნეიტროფილების გაძლიერებული დაშლა და ნეიტროპენია მოჰყვება. ნეიტროფილების რიცხვის შემცირება შესაძლოა მათი წარმოქმნის დათრგუნვითაც იყოს განპირობებული, ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ავთვისებიანმა სიმსივნემ, ვირუსულმა ინფექციამ (მაგალითად, გრიპმა), ბაქტერიულმა ინფექციამ (ტუბერკულოზმა), B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტმა. ძვლის ტვინის დათრგუნვის გამო ნეიტროპენიის გამომწვევ მიზეზთა შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მედიკამენტებითა და სხივური თერაპიით გამოწვეულ ნეიტროპენიას. ეს შეიძლება იყოს არა მარტო სიმსივნეების სამკურნალო პრეპარატები, არამედ ზოგიერთი ანტიბაქტერიული საშუალებაც. ნეიტროპენიის დროულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას მოსდევს ბაქტერიული ინფექციები, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ნეიტროპენია განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობა განსაზღვრულ კრიტიკულ რიცხვზე ნაკლებია.

- რა იწვევს ლიმფოციტებისა და მონოციტების შემცველობის ცვლილებას?

- ლიმფოციტების რიცხვის მატება შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, ტუბერკულოზმა, სისხლის სისტემის ზოგიერთმა დაავადებამ, ტოქსიკურმა ჩიყვმა, კრონის დაავადებამ. ცალკე უნდა გამოვყოთ ლიმფოციტოზის ისეთი მიზეზი, როგორიც არის ინფექციური მონონუკლეოზი. რაც შეეხება ლიმფოციტების რიცხვის შემცირებას, მის გამომწვევ ფაქტორთაგან, უპირველეს ყოვლისა, შიდსი უნდა დავასახელოთ. გარდა ამისა, აღსანიშნავია სისხლის ზოგიერთი სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, შიმშილი, სტრესი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, სიმსივნის ქიმიო- და სხივური თერაპია. მონოციტოზი ორგანიზმის პასუხია ქრონიკულ ინფექციებზე, აუტოიმუნურ დაავადებებზე, სიმსივნეზე. მონოციტოზი ახასიათებს სარკოიდოზსაც. მონოციტოპენია კი ორგანიზმში სხვადასხვა ბაქტერიული ტოქსინის გამოთავისუფლების, ქიმიოთერაპიის ან კორტიკოსტეროიდების მიღების შედეგია.

- საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ლეიკოციტების შესახებ, თუმცა, დაგვეთანხმებით, პაციენტს, რომელიც სისხლის საერთო ანალიზს იტარებს, არანაკლებ, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, აინტერესებს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის ცვლილების მიზეზი...

- როგორც აღვნიშნეთ, ერითროციტები და ჰემოგლობინი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას უზრუნველყოფენ. სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითება, რასაც მედიცინაში ანემია ეწოდება, სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. მათ შორის უნდა დავასახელოთ სისხლის მწვავე თუ ქრონიკული კარგვა ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, წყლულის ან სიმსივნის გამო, ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნის დარღვევა რკინის ან B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შედეგად. ზოგიერთი სახის ანემია კი ჰემოგლობინის შენების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ანემია შესაძლოა აღმოცენდეს სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის ან სიმსივნური ინტოქსიკაციის გამო ძვლის ტვინის დათრგუნვის შედეგად. ანემიას იწვევს თირკმლის ქრონიკული უკმარისობაც.

- პაციენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ საპირისპირო მდგომარეობა სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის მატება - ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

- ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის მატება ისევე საყურადღებოა, როგორც მათი შემცველობის დაქვეითება. ამ მდგომარეობის მიზეზი შესაძლოა იყოს ქრონიკული ჰიპოქსია- ჟანგბადის ქრონიკული დეფიციტი ფილტვების ან გულის ქრონიკული დაავადების (მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტის, გულის უკმარისობის) გამო. ერითროციტოზი ვითარდება ზოგიერთი ორგანოს (მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის) სიმსივნის დროს. გარდა ამისა, არსებობს სისხლის სიმსივნური დაავადება- ჭეშმარიტი პოლიციტემია, რომელსაც ერითროციტების დაუსრულებელი სიმსივნური ზრდა ახასიათებს. ასე რომ, ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის მატება არანაკლებ საყურადღებო მდგომარეობაა.


- რისი ბრალია თრომბოციტების შემცველობის ცვლილება?

- მსგავსად სხვა უჯრედებისა, თრომბოციტების რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს (თრომბოციტოზი) და დაიკლოს (თრომბოციტოპენია). თრომბოციტოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მძიმე ანთებასთან ან ძვლის ტვინში აღნიშნული უჯრედების ჭარბ პროდუქციასთან სისხლის სიმსივნური დაავადებების გამო. რაც შეეხება თრომბოციტოპენიას, მას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ძვლის ტვინში აღნიშნული უჯრედების წარმოქმნის შემცირება, სისხლის მიმოქცევის სისტემასა და ელენთაში თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა. ძვლის ტვინში თრომბოციტების წარმოქმნა მცირდება აპლაზიური ანემიის, ძვლის ტვინის სიმსივნის, ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში. იშვიათად ძვლის ტვინში თრომბოციტების წარმოქმნა ირღვევა ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებით. თრომბოციტების გაძლიერებული დაშლა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებას, ამა თუ იმ აუტოიმუნურ დაავადებას, ელენთის ფუნქციის გაძლიერებას- ჰიპერსპლენიზმს.

- ზემოთ დაასახელეთ მაჩვენებლები, რომელთაც სისხლის საერთო ანალიზის თანამედროვე მეთოდიკით შეფასებისას განსაზღვრავენ.

- დასახელებულ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია ჰემატოკრიტი, რომელიც გვიჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების პროცენტულ შემცველობას სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის დროს, როცა სისხლში ერითროციტების შემცველობა დაქვეითებულია, ჰემატოკრიტიც დაბალია, ერითროციტოზის დროს კი იმატებს. ჰემატოკრიტის მაჩვენებელი მაღალია მაშინაც, როცა ორგანიზმი ჭარბად კარგავს სითხეს, მაგალითად, ხშირი ღებინების ან ფაღარათის დროს, თუმცა მსგავს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰემატოკრიტის მაჩვენებლის ცრუ მატებასთან. გარდა ამისა, განისაზღვრება ერითროციტების საშუალო მოცულობა. ჰემოლიზური (ერითროციტების დაშლით გამოწვეული) ანემიების დროს ხდება ძვლის ტვინიდან სისხლში ახალგაზრდა ერითროციტების- რეტიკულოციტების (დიდი ზომის უჯრედები) გადმოსროლა. მსგავს სიტუაციაში სისხლში ერითროციტების საშუალო მოცულობა მომატებული იქნება. ასეთივე ცვლილება ხდება B 12-ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს, ოღონდ ამ შემთხვევაში ერითროციტების საშუალო მოცულობის მატების მიზეზი ერითროციტების წარმოქმნის დარღვევა და მათი განვითარების შეფერხებაა, რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში კი, პირიქით, ერითროციტების საშუალო მოცულობაა შემცირებული. არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ სხვა პარამეტრების განსაზღვრითაც.

- როგორც ვხედავთ, სისხლის საერთო ანალიზი მართლაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მკითხველს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ სისხლის საერთო ანალიზი დიაგნოსტიკისთვის საკმარისია...

- მიუხედავად იმისა, რომ სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი აუცილებელი კვლევაა, რომლის მეშვეობითაც მართლაც ღირებულ ინფორმაციას ვიღებთ, საბოლოო დიაგნოსტიკისთვის უმეტეს შემთხვევაში არ არის საკმარისი. საერთო ანალიზით სისხლში გამოვლენილი ცვლილებების საფუძველზე ვვარაუდობთ ამა თუ იმ სახის პათოლოგიური პროცესის არსებობას, რომელთა დასადასტურებლად და მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვა ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები. გარდა ამისა, ყველა სხვა გამოკვლევის მსგავსად, სისხლის საერთო ანალიზის მონაცემების ინტერპრეტაციაც კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით ხდება.

- ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, რას გულისხმობს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა და რა მონაცემებს ვიღებთ მისი მეშვეობით.

- ტერმინი "სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა", ჩვეულებრივ, გულისხმობს იმ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ღვიძლის, თირკმლის მდგომარეობაზე, სისხლში გლუკოზის, ცილების, ელექტროლიტების შემცველობასა და მჟავატუტოვან წონასწორობაზე. განსაზღვრული ბიოქიმიური კვლევები ტარდება შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მონიტორინგის მიზნით. გარდა ამისა, ბიოქიმიური კვლევები აუცილებელია ჰიპერტენზიის დროს თირკმლის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, თირკმელებზე ან ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას ამ ორგანოების მდგომარეობის შესასწავლად. ასევე არსებობს რამდენიმე საკმაოდ სპეციფიკური სადიაგნოზო ბიოქიმიური ტესტი, რომელთა ჩატარებასაც ექიმი მიზანშეწონილად მიიჩნევს რუტინული ტესტებით გამოვლენილი ცვლილებების შემთხვევაში.

- პაციენტთა შორის პოპულარულია ტერმინი "ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა". რას გულისხმობს აღნიშნული კვლევა და როდის არის საჭირო მისი ჩატარება?

- კვლევები, რომელთაც პაციენტები "ღვიძლის ფუნქციების" სახელწოდებით მოიხსენიებენ, რიგი ლაბორატორიული მაჩვენებლის განსაზღვრაში გვეხმარება. კერძოდ, მათი მეშვეობით ხდება ღვიძლის დაავადებათა და დაზიანებათა დიაგნოსტიკა და ორგანოს მდგომარეობის შემდგომი მეთვალყურეობა. ამ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია ფერმენტების- ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის აქტივობის განსაზღვრა, სისხლში ბილირუბინის, საერთო ცილისა და ალბუმინის შემცველობის დადგენა. გარდა ამისა, შეიძლება განისაზღვროს ფერმენტების გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზის, ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობა და პროთრომბინის დრო. ლაბორატორიული კვლევები ღვიძლის მდგომარეობის შესასწავლად, ჩვეულებრივ, მაშინ ინიშნება, როცა თავს იჩენს ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი ერთი ან რამდენიმე სიმპტომი- სიყვითლე, შარდის გამუქება, განავლის გაუფერულება (თიხისფერი განავალი), დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სისუსტე, უმადობა, წონის დაქვეითება, სისხლიანი ღებინება და სხვა. გარდა ამისა, ღვიძლის ტესტების განსაზღვრა საჭიროა, როდესაც ვიცით, რომ პაციენტი ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, ჭარბად იღებს ალკოჰოლს (ამ დროს დიდია ღვიძლის დაზიანების რისკი) ან მკურნალობს იმ მედიკამენტებით, რომლებიც ღვიძლზე მოქმედებენ. თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი ღვიძლის დაავადებების ადრეულ სტადიებზე არაფერს უჩივის, დაავადება ხშირად შემთხვევით ვლინდება რუტინულად ჩატარებული სისხლის ბიოქიმიური კვლევის დროს.

- ფერმენტები ახსენეთ. რა კავშირი აქვს ფერმენტებს ღვიძლთან, რაზე მეტყველებს მათი აქტივობის ცვლილება?

- ჩვენ მიერ დასახელებული ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ) და ტუტე ფოსფატაზა (ტფ) არის ფერმენეტები, რომლებიც ღვიძლისა და სხვა ორგანოების უჯრედებში აღმოჩნდება. მათი აქტივობის მატება სწორედ იმ ორგანოს დაავადებაზე მეტყველებს, რომელთა უჯრედებიც მდიდარია აღნიშნული ფერმენტებით. ტუტე ფოსფატაზის მაღალი აქტივობა ღვიძლის ან ძვლების პათოლოგიის ნიშანია, რადგანაც ნორმალურად ფერმენტის მაღალი კონცენტრაცია სწორედ მათ უჯრედებში აღინიშნება. როდესაც ამ ფერმენტის აქტივობასთან ერთად მომატებულია ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა ფერმენტების (ასტ, ალტ) აქტივობა და ბილირუბინის შემცველობაც, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ღვიძლის პათოლოგიასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატება ყველაზე მეტად ნაღვლის შეგუბებას- ქოლესტაზს ახასიათებს. როცა ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატებას ერთვის კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის მატება, ძვლის პათოლოგია უნდა ვივარაუდოთ. ალტ და ასტ უმთავრესად ღვიძლში აღმოჩნდება, თუმცა ალტ მცირე რაოდენობით არის თირკმლის, გულის, კუნთების უჯრედებშიც, ასტ კი გულისა და სხვა კუნთებში. ღვიძლის დაავადებების დროს ირღვევა მისი უჯრედებისა და უჯრედში არსებული სტრუქტურების მემბრანების მთლიანობა, რის შედეგადაც უჯრედული ფერმენტები- ასტ, ალტ - სისხლში ხვდება. სწორედ ამის გამო იმატებს სისხლში ღვიძლისთვის სპეციფიკურ ფერმენტების აქტივობა. ხშირად ასტ-ის, ალტ-ის აქტივობის მატება წინ უძღვის ღვიძლის დაავადებების სიმპტომების, მაგალითად, სიყვითლის გამოვლინებას. ასტ-ისა და ალტ-ის აქტივობის მატება გულის კუნთის დაზიანების (ინფარქტისას) დროსაც ხდება, თუმცა აღნიშნულის დიაგნოსტიკისთვის გულის კუნთისთვის უფრო სპეციფიკური ფერმენტებს (მაგალითად, კრეატინფოსფოკინაზის მიოგლობინის ფრაქცია) შეისწავლიან. ასტ და ალტ აქტივობის მნიშვნელოვანი მატება (ნორმასთან შედარებით 10-ჯერ და მეტად) დამახასიათებელია მწვავე ჰეპატიტისათვის, რაც უხშირესად ვირუსული გენეზისაა, ზომიერი მატება კი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ვითარდება.


- შეუძლებელია, ღვიძლის დაავადებების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე ვისაუბროთ და არ შევეხოთ ბილირუბინს...

- ბილირუბინი არის მოყვითალო-მონარინჯისფრო პიგმენტი, რომელიც ნაღველს შეფერილობას აძლევს. განასხვავებენ არაპირდაპირ და პირდაპირ ბილირუბინს. არაპირდაპირი ბილირუბინი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ერითროციტების დაშლის შედეგად, სისხლის ნაკადით ღვიძლში მიიტანება და პირდაპირ ბილირუბინად გარდაიქმნება. ჩვეულებრივ, სისხლში თითქმის მთლიანად არაპირდაპირი ბილირუბინი ცირკულირებს, პირდაპირი ბილირუბინი მცირე რაოდენობითაა. სხვადასხვა დაავადების დროს ბილირუბინის ცვლის დარღვევა სისხლში მისი შემცველობის მატებით და არაპირდაპირი და პირდაპირი ბილირუბინის ნორმალური თანაფარდობის დარღვევით ვლინდება. ბილირუბინისა და მისი ფრაქციების შემცველობის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს სიყვითლე აღენიშნება. ვინაიდან ბილირუბინი ღვიძლში გარდაიქმნება, მისი ფრაქციების შემცველობის მიხედვით ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებაც ვიღებთ გარკვეულ წარმოდგენას.

- რა მიზნით განისაზღვრება სისხლში ცილისა და ალბუმინის შემცველობა?

- ცილა ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ორგანიზმში არსებული ცილები ალბუმინებით, გლობულინებითა და ფიბრინოგენითაა წარმოდგენილი. ალბუმინი ორგანიზმში მრავალი მოლეკულისა და მედიკამენტის გადამტანია, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია სისხლძარღვოვან ქსელში სითხის შეკავებაა, ხოლო გლობულინები ფერმენტებითა და ანტისხეულებითაა წარმოდგენილი. საერთო ცილის და განსაკუთრებით ალბუმინის შემცველობა წარმოდგენას გვაძლევს ღვიძლისა და თირკმლის მდგომარეობაზე, ზოგჯერ გვეხმარება შეშუპების მიზეზების დადგენაში. ცნობილია, რომ საერთო ცილისა და ალბუმინის შემცველობის დაქვეითება ვითარდება ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს, ნაწლავთა დაავადებების გამო ცილების შეწოვის დარღვევის შედეგად ან ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. ღვიძლის დაავადებების დროს ამ ცვლილების მიზეზი ცილის სინთეზის დაქვეითებაა, ხოლო თირკმელების დაავადებების შემთხვევაში- ცილის გაძლიერებული კარგვა შარდთან ერთად. ჩვეულებრივ, სისხლში ალბუმინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე გლობულინებისა, თუმცა რიგი დაავადებების დროს ეს თანაფარდობა იცვლება ალბუმინის შემცველობის დაქვეითების გლობულინების სიჭარბის გამო (მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებებისას).

- რომელი ბიოქიმიური კვლევა გვაძლევს თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების საშუალებას?

- თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სისხლში აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტების- შარდოვანასა და კრეატინინის შემცველობის მიხედვით. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერებები თირკმელებით შარდთან ერთად გამოიყოფა, ისე, რომ სისხლში მათი კონცენტრაცია განსაზღვრულ მაჩვენებელს არ აღემატება, ხოლო თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას, მაგალითად, თირკმელების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში, სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას შემცველობა იმატებს. ჩვეულებრივ, აღნიშნული ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრისთვის კვლევა მაშინ ტარდება, როდესაც პაციენტის ჩივილების საფუძველზე ვვარაუდობთ თირკმელების უკმარისობას, პაციენტს აქვს თირკმელების დაავადება ან ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც მოსალოდნელია თირკმლის დაზიანება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია).

- დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ მიერ დასახელებულ კვლევათა მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით ინიშნება. პაციენტებს ხშირად ებადებათ კითხვა: რა საჭიროა ერთხელ ჩატარებული ბიოქიმიური კვლევისა თუ სისხლის საერთო ანალიზის მრავალჯერადი გამეორება?

- განსაზღვრული პერიოდულობით ლაბორატორიული კვლევების წარმოებას ნამდვილად აქვს საფუძველი. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ განხილული კვლევები არა მარტო დაავადებათა დიაგნოსტიკაში, არამედ მათი მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლშიც გვეხმარება. მაგალითად, ანთებითი დაავადებების დროს კლინიკურ ნიშნებთან ერთად მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს სისხლში ლეიკოციტების შემცველობის ნორმალიზაცია, მომატებული ედსის კლება, ღვიძლის დაავადებების დროს კეთილსაიმედო პროგნოზული მაჩვენებელია ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის შემცველობის ნორმალიზაცია, ცილისა და ალბუმინის დაქვეითებული მაჩვენებლის ნორმასთან მიახლოება, ჰემოგლობინისა და ერითროციტების დაქვეითების კორექცია კი ანემიის წარმატებული მკურნალობის ნიშანია. ამდენად, რიგი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი განსაზღვრული პერიოდულობით აუცილებელია.

- ჩვენმა პაციენტებმა კარგად იციან, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ლაბორატორიებმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე. თუ ადრე იქ უამრავ სინჯარასა და პიპეტს ვხედავდით, დღეს ჩვენს მზერას ელექტრონული აპარატურა იპყრობს. პაციენტებსაც უჩნდებათ ბუნებრივი შეკითხვები: სავსებით ცვლის თუ არა გამოცდილი ლაბორანტის თვალსა და ხელს აპარატურა? რომელი ანალიზია უფრო სანდო - ტრადიციული, ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული მეთოდით შესრულებული თუ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ჩატარებული?

- პასუხი კითხვიდანვე ნათელია - თუ ლაბორატორიული კვლევის მეთოდს თანამედროვეს, ახალი ტექნიკის მეშვეობით ჩატარებულს ვუწოდებთ, ესე იგი, ის უფრო მისაღებია, უფრო მეტად ინფორმაციულია, მეტად ზუსტი და სანდოა. მოვიყვანთ მარტივ მაგალითს: სისხლის საერთო ანალიზის თანამედროვე ანალიზატორით შესრულებისას ჩვენ ვიღებთ უზუსტეს მონაცემებს 25 პარამეტრის შესახებ, მათი ტრადიციული მეთოდით შესრულებული კვლევა კი მათ მნიშვნელოვან, საკმაოდ ინფორმაციულ ნაწილს არ ითვალისწინებს.

- ჩვენი საუბრის შემდეგ ზოგიერთ მკითხველს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, თავად "დაინიშნოს" კვლევები და "დაისვას" დიაგნოზი...

- შეძლებისდაგვარად მიმოვიხილეთ ამა თუ იმ კვლევის ჩვენება, მათი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია. არსებობს კვლევები, რომელთა განსაზღვრული პერიოდულობით ჩატარება ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი მიზანშეწონილია. ამის კლასიკური მაგალითებია სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, თუმცა ამ კარგად ნაცნობი გამოკვლევების შემთხვევაშიც კი აღმოჩენილი ცვლილებების სწორი ინტერპრეტაცია მხოლოდ ექიმს შეუძლია. შესაძლოა, რომელიმე მაჩვენებლის ნორმიდან უმნიშვნელო გადახრა პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის არაფერს ნიშნავდეს, ხოლო დაავადებულისთვის მდგომარეობის გაუარესებას მოასწავებდეს. გახსოვდეთ, ყოველგვარი კვლევა მაშინ არის სასარგებლო, როცა სწორად არის დაგეგმილი, ხოლო მისი შედეგები - სათანადოდ გაანალიზებული.