გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დავფიქრდეთ
ზოგს კი გაუმართლა - ექიმმა მკურნალობა დაუნიშნა და ყველაფერი უოპერაციოდ დამთავრდა, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილები, ნუშურა ჯირკვლები და ჭიაყელა დანამატი, ადგილზე დარჩა. ახლა, როცა ჩვენ თვითონ გავხდით მშობლები, ძნელია მივიღოთ გადაწყვეტილება, რა აჯობებს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის - ოპერაცია თუ ხანგრძლივი მკურნალობა.
- მაინც, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორგანოები ორგანიზმისთვის?
- ნუშურა ჯირკვლები და ადენოიდები ლიმფური ორგანოებია, იმუნური სისტემის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მტრისგან - ბაქტერიებისა და ვირუსებისგან - ორგანიზმის დაცვაზე. ლიმფოიდური ორგანოები ორი სახისაა: პირველადი ანუ ცენტრალური (სადაც არსებობენ ლიმფოციტები - დამცავი უჯრედები) და მეორეული, პერიფერიული, სადაც დამცავი უჯრედები თავიანთ ფუნქციას ასრულებენ. პირველადი ლიმფოიდური ორგანოებია თიმუსი, ძვლის ტვინი. პერიფერიული ლიმფოიდური ორგანოებია ელენთა, ლიმფური ჯირკვლები, ნუშურები (მათ შორის - ადენოიდებიც), აპენდიქსი (ჭიაყელა დანამატი ნაწლავი). ამრიგად, იმუნური სისტემის ორგანოები მთელ სხეულში არიან მიმობნეული და ყველგან შეუძლიათ შეხვდნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ მტერს. ანთებითი პროცესების დროს მკვეთრად იზრდება დაავადებული ორგანოს ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები. ამდენად, ლიმფური ქსოვილი პირველი ბარიერია ინფექციის წინააღმდეგ. ნუშურა ჯირკვლები, მაგალითად, ყელში არსებულ ინფექციას ეწინააღმდეგება, აპენდიქსი კი - მუცლის ღრუში არსებულს. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია მუცლის ღრუს ადგილობრივ იმუნიტეტზე, ხოლო ადენოიდები ცხვირ-ხახაში ეგებებიან ინფექციას. ორგანიზმის ამ მცველებს ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება: ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემული ყველა ვირუსი თუ ბაქტერია ორგანიზმში ცხვირის გავლით ხვდება და ადენოიდებზე სახლდება. ამიტომაც გვირჩევს ყელ-ყურის ყველა ექიმი, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შემდეგ ჩავიტაროთ ცხვირის ტუალეტი. ასეთი ადგილებია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა კოლექტივები, თავშეყრის ადგილები, მეტადრე - შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. გამორეცხვისას ცხვირ-ხახიდან გამოვაძევებთ მავნე ბაქტერიებს. ამისთვის ჩვეულებრივი მარილიანი ხსნარიც გამოდგება.
- როდის არის აუცილებელი ამ ორგანოების ამოკვეთა?
- მიუხედავად იმისა, რომ ლიმფოიდური ორგანოების მოწოდება ორგანიზმის დაცვაა, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ვერ უმკლავდებიან დატვირთვას და თვითონვე იქცევიან დაავადების მიზეზად. მათში იწყება ანთებითი პროცესი, ვითარდება ადენოიდიტი, ქრონიკული ტონზილიტი, აპენდიციტი. XX საუკუნის შუა წლებში ამერიკელი ქირურგები აპენდიქსს დაბადებისთანავე ამოკვეთდნენ პროფილაქტიკისთვის. ეს ინიციატივა სხვა ქვეყნებშიც გადაიღეს და აპენდექტომია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად იქცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აპენდიქსი ორგანიზმს კვებითი ინფექციებისგან და ნაწლავის კიბოსგანაც კი იცავს. ასე რომ, პრევენციის მიზნით მისი ამოჭრა დაუშვებელია. ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა უნდა მიიღოს. აი, კიდევ ერთი მაგალითი ექიმების მასობრივი ჩარევისა იმუნურ სისტემაში: გასული საუკუნის 90-იან წლებში, თუ პატარა წლის განმავლობაში სამჯერ გადაიტანდა ტონზილიტს (ანგინას), მას აუცილებლად ამოაჭრიდნენ ნუშურებს, რადგან მათი ანთება რევმატული დაავადების მიზეზად მიიჩნეოდა. ამის შედეგად მივიღეთ არაერთი თაობა ალერგიული და ასთმიანი ადამიანებისა. მათი ორგანიზმი მოკლებულია უნარს, წინ აღუდგეს ალერგენებსა და ვირუსებს. პატარას ტონზილიტთან ბრძოლაში რომ დავეხმაროთ, ზოგჯერ საკმარისია, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებამდე დროებით მოვახდინოთ მისი იზოლაცია ინფექციებისგან. უმეტესად მისი ფორმირება 4-6 წლისთვის ხდება. ბევრი სპეციალისტი, რომელიც ქრონიკული ტონზილიტისა და ადენოიდების კონსერვატიული მკურნალობის მომხრე იყო, გაკაჟების აუცილებლობაზე საუბრობს.
- როგორია მკურნალობის პრინციპი?
- იაპონიაში მიაჩნიათ, რომ რაც მეტს ავადმყოფობს ბავშვობაში ადამიანი, მით უფრო გამოწრთობილია ზრდასრულ ასაკში მისი ორგანიზმი და ამ მოსაზრებაში არის რაციონალური მარცვალი. ყველაზე საინტერესო იმუნურ სისტემაში ისაა, რომ მას შეუძლია ამოიცნოს და დაიმახსოვროს “მტერი”. ბავშვის მდგომარეობა ორმაგად მძიმეა - აცრების წყალობით ორგანიზმი სწავლობს ისეთ დაავადებებთან გამკლავებას, როგორებიცაა ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი (გაშეშება), ამასთან ერთად მას თავს ესხმიან ბაქტერიები და ვირუსები და ბავშვის იმუნიტეტი არა მხოლოდ სწავლობს, არამედ იბრძვის კიდეც. ამიტომ არის, ბავშვებს ასე ხშირად რომ უდიდდებათ ლიმფური ჯირკვლები, ეზრდებათ ადენოიდები. ნუ იჩქარებთ ამ “ზედმეტი” ორგანოების მოშორებას. ოპერაციამდე სცადეთ კონსერვატიული მკურნალობის ყველა მეთოდი - ჰომეოპათია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია, რეფლექსოთერაპია, კრიოთერაპია... და კიდევ, ვინ იცის, რას შემოგვთავაზებს მომავალში მედიცინა!
საინტერესო ფაქტები
ერთი შეხედვით, ლიმფოიდური ორგანოები ორგანიზმის არცთუ დიდ ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში მათი საერთო მასა დაახლოებით სამ კილოგრამს შეადგენს! იმუნიტეტი არსებობს აქტიური და პასიური, ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივ პასიურ იმუნიტეტს დედის ორგანიზმისგან მიღებული ანტისხეულები ქმნის. ბუნებრივი აქტიური იმუნიტეტი ყალიბდება დაავადების გადატანის შემდეგ. ხელოვნური პასიური იმუნიტეტი გამომუშავდება შრატის შეყვანით, რომელიც შეიცავს მზა ანტისხეულებს (ენცეფალიტის, გველის შხამის წინააღმდეგ). ხელოვნური აქტიური იმუნიტეტი ფორმირდება ვაქცინაციის გზით. ფიტოთერაპია აძლიერებს იმუნიტეტს, ზოგ შემთხვევაში კი ხელს უწყობს ბავშვის გამოჯანმრთელებას ოპერაციის გარეშე. ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მემკვიდრეობაზე, არამედ ოჯახში არსებულ ემოციურ ფონზეც.