ჰაიმორიტი, ფრონტიტი...
მაინც რას გულისხმობს ეს სამედიცინო ტერმინები, რა იწვევს ამ პათოლოგიებს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე.
- ჰაიმორიტი და ფრონტიტი ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებია. სინუსიტი ამ დაავადებების საერთო სახელწოდება გახლავთ. განასხვავებენ სინუსიტის ორ ტიპს:
- მწვავე სინუსიტს, რომელიც გრძელდება 2-3 კვირა, ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია და ჯერ სეროზული, შემდგომ კი ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;
- ქრონიკულ სინუსიტს, რომელიც, ჩვეულებრივ, მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ ვითარდება.
ბევრი ჰაიმორიტსა და ფრონტიტს ერთმანეთში ურევს. მათ შორის განსხვავება უკეთ რომ ავხსნათ, მოკლედ მიმოვიხილავთ ცხვირის დანამატ წიაღებს და მათ განლაგებას.
სინუსები ცხვირის ირგვლივ განლაგებული ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუა. ჰაიმორის წიაღი ლოყის ზევით, ყვრიმალის მიდამოში მდებარეობს, შუბლისა - შუბლის მიდამოში, ეთმოიდის წიაღის უჯრედები ცხვირსა და თვალბუდეს შორისაა განლაგებული, ხოლო სფენოიდის წიაღი სახის მიდამოში ყველაზე უფრო ღრმად მდებარეობს. ამ წიაღებს პარანაზალურ ღრუებს ან ცხვირის დანამატ წიაღებსაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, რომელ წიაღშია ლოკალიზებული ანთებითი პროცესი, გამოყოფენ შემდეგ დაავადებებს:
- ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას;
- ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას;
- ეთმოიდიტს - ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთებას;
- სფენოიდიტს - ძირითადი ძვლის წიაღის ანთებას.
- რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს? რატომ უვითარდება ზოგს ჰაიმორის ღრუს ანთება, ზოგს კი შუბლის წიაღისა?
- მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაციებაა. ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას.
ისეთი ბაქტერიები, როგორებიც არიან Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae შეიძლება სხვა დროსაც ბინადრობდნენ ზედა სასუნთქ გზებში, მაგრამ ანთებითი პროცესი არ გამოიწვიონ. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება ანდა წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას ართულებს სურდოთი მიმდინარე ესა თუ ის დაავადება, ეს ბაქტერიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას და იწვევენ მწვავე სინუსიტს.
შედარებით იშვიათად სინუსიტს იწვევს სოკოვანი ინფექციაც. იგი ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ყველაზე ხშირია ეთმოიდიტი, ვინაიდან ეთმოიდის წიაღში ადვილად გადადის ცხვირის ღრუს ინფექცია, იქიდან კი ანთებითი პროცესი სხვა წიაღებზეც ვრცელდება. პროცესის გავრცელება და დაავადების სიმძიმე ავადმყოფის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
- რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს?
- ყოველგვარი სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს. ტკივილის ლოკალიზაცია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
- ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის - ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ცხვირის ფრთები მცირედი შეხების მიმართაც კი მგრძნობიარე ხდება, ხშირად აღინიშნება ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება.
- ფრონტიტის წამყვანი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლის მიდამოში.
- სფენოიდიტი შედარებით იშვიათია და მიმდინარეობს ყურების ტივილით, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით.
მწვავე სინუსიტის დანარჩენი სიმპტომები გაციების ნიშნებს ჰგავს: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ღამის ხველა, ცხვირის გაჭედვა... ცხვირ-ხახაში ჩირქის, ლორწოსა და ექსუდატის გადასვლამ შესაძლოა ხახის ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. არცთუ იშვიათად სინუსიტს ქალასშიგა გართულებები მოჰყვება და გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით - ხშირად მოავადე ბავშვებში, საქმე ტვინის ინფექციამდეც მივიდეს.
- რატომ ქრონიკულდება ასე ხშირად ეს პათოლოგიები და როდის შეიძლება ითქვას, რომ დაავადება გაქრონიკულდა? რა ნიშნები ახასიათებს ქრონიკულ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს, როგორ იწყება და როგორ ვითარდება?
- ვაზომოტორული რინიტი, ალერგიული სურდო, ცივი ჰაერის ჩასუნთქვა და სხვა ფაქტორები შესაძლოა ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზად იქცეს. ქრონიკული სინუსიტის ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ალერგიული რეაქცია მტვერზე, მცენარეთა ყვავილობაზე, ბრონქული ასთმა, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.
აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რინიტით დაავადებულთა 80% და ბრონქული ასთმით დაავადებულთა 75% სინუსიტს უჩივის. ზოგიერთს სინუსიტი ცივი ნესტიანი კლიმატისა და დაბინძურებული გარემოს გამო უვითარდება. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სინუსიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (შიდსი, მუკოვისციდოზი) და ცხვირის პოლიპოზი.
- რა ასაკში ყალიბდება ეს ძვლოვანი ღრუები, რა ასაკის ბავშვს შეიძლება დავუსვათ ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დიაგნოზი?
- ცხვირის დანამატი წიაღებიდან პირველად ეთმოიდისა და ჰაიმორის წიაღები ყალიბდება. 12 წლის ასაკში ისინი უკვე სავსებით არის ფორმირებული. მოგვიანებით, 12-13 წლის ასაკში, განვითარებას იწყებს შუბლისა და სფენოიდის წიაღები. შუბლის წიაღის სრული ჩამოყალიბება 20 წლის ასაკში ხდება, ხოლო სფენოიდის წიაღისა - 12-15 წლის ასაკში.
აქედან გამომდინარე, 6-7 წლამდე ასაკის ბავშვს არ შეიძლება დავუსვათ ფრონტიტის ან სფენოიდიტის დიაგნოზი, ხოლო ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის დიაგნოზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაისვას. სინუსიტის დიაგნოზს სვამს სპეციალისტი ანამნეზის შეკრებით, ცხვირისა და ცხვირ-ხახის დათვალიერებით, რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და საჭიროების შემთხვევაში - კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე.
- უფრო მცირე ასაკის ბავშვებში რა შეიძლება იქცეს ჰაიმორიტის განვითარების წინაპირობად?
- ბავშვებში სინუსიტის განვითარებას ხშირად განაპირობებს ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივი მოშლა: ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი, ქლორიან აუზში ცურვა, სუსტი იმუნიტეტი და სხვა.
- ადგილობრივი მკურნალობის რა მეთოდებს იყენებთ მწვავე სინუსიტების დროს? როგორ უნდა შეირჩეს ანტიბიოტიკი და აღწევს თუ არა ის ძვლოვან ღრუში?
- დიაგნოზის დასმისა და გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა:
- მწვავე სინუსიტის დროს თავდაპირველად ნიშნავენ შეშუპების მომხსნელ პრეპარატებს, რათა აღდგეს ცხვირით სუნთქვა, ასევე - ანტიბიოტიკებს, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და იმუნოსტიმულატორებს. შეშუპების საწინააღმდეგო წვეთების ან აეროზოლების გამოყენების დროს ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ექიმის მითითება გამოყენების ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ. წამლების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა სიმპტომები დაამძიმოს და პროცესის გაქრონიკულება გამოიწვიოს.
სასურველია, ანტიბიოტიკი შეირჩეს ცხვირის ნაცხის მგრძნობელობის მიხედვით, ანუ ისეთი, რომელიც ეფექტური იქნება დაავადების გამომწვევი განსაზღვრული ტიპის მიკრობის მიმართ. ანტიბიოტიკი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ანტიმიკოზურ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებებთან ერთადაც. ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში, გართულების თავიდან ასაცილებლად, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
- ქრონიკული სინუსიტების მკურნალობა საკმაოდ რთულია - ამ დროს წიაღებში არსებული მიკრობები ცუდად ემორჩილებიან ანტიბიოტიკოთერაპიას. ჩვეულებრივ, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებები ორალურად ან ადგილობრივად, აეროზოლების სახით. თუ სინუსიტი რომელიმე უფრო მძიმე დაავადების, მაგალითად, ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტის გართულებაა, მკურნალობას სწორედ ამ უკანასკნელით იწყებენ.
- როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა და რა სახის ოპერაცია ტარდება?
- თუ მედიკამენტური მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა, ქირურგიულ მკურნალობას თავს არიდებენ, თუ არა - შეიძლება ჩატარდეს პოლიპოტომია, ენდოსკოპიური ოპერაცია, რადიკალური ოპერაცია - ჰაიმოროტომია. ბავშვთა ასაკში მდგომარეობის შესამსუბუქებლად და გასაუმჯობესებლად უნდა გაკეთდეს ადენოტომია. ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია.
- როგორ შეიძლება ამ დაავადების პროფილაქტიკა, ანუ რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ჰაიმორიტი და ფრონტიტი არ დაგვემართოს? რა შეიძლება გააკეთოს ქრონიკული ჰაიმორიტით დაავადებულმა, რომ დაავადების მორიგი გამწვავება თავიდან აიცილოს?
- რასაკვირველია ძნელია, ადამიანმა თავი აარიდოს გაციებას - ეს ორგანიზმის ბრძოლის უნარზე, მისი იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ძლიერი იმუნიტეტი მკვეთრად ამცირებს მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიხშირეს და ხელს უშლის მათ გაქრონიკულებას. თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის არსებობაში დავრწმუნდით, ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება. გარდა ამისა, რეკომენდებულია:
- ვერიდოთ ცივი და ნესტიანი ჰაერის ხანგრძლივად სუნთქვას;
- ვერიდოთ მტვრისა და სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვას (განსაკუთრებით - ალერგიის არსებობის დროს);
- თუ გვაქვს ალერგია, აუცილებლად მივმართოთ ექიმ ალერგოლოგს და გავიაროთ დესენსიბილიზაციის კურსი;
- თავი ვარიდოთ ქლორირებულ აუზში ბანაობას, რადგან ქლორი აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს;
- თუ ქრონიკული სინუსიტი გვაქვს და, ამავე დროს, ხშირად გვიწევს ფრენა, უარყოფითი წნევის გაზრდამ შესაძლოა წიაღებში დისკომფორტი და ტკივილიც კი გამოიწიოს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, აფრენამდე ცხვირში ჩავიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები ან შევიფრქვიოთ აეროზოლი;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, განურჩევლად მიზეზისა, აუცილებელია დროულად აღდგეს ჰაერის გამავლობა ცხვირის სავალებში. ამისთვისაც ცხვირის წვეთები უნდა გამოვიყენოთ.
- რატომ კარგავს ყნოსვას ადამიანი ქრონიკული ჰაიმორიტის დროს და შეიძლება თუ არა მისი აღდგენა?
- ყნოსვა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, როცა ჰაერი და სუნი არ მიეწოდება საყნოსავ არეს. ამ დროს მიზეზის მოხსნა და სუნთქვის აღდგენა ყნოსვასაც აღადგენს. მაგრამ თუ ყნოსვის დაკარგვა საყნოსავი ნერვის დისტროფიით არის გამოწვეული, მისი აღდგენა შეუძლებელია. დისტროფია შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, ქიმიურმა ან თერმულმა ზემოქმედებამ და სხვა.
- რა შეიძლება გამოიწვიოს ნებაზე მიშვებულმა ჰაიმორიტმა და ფრონტიტმა? როგორ ამოვიცნოთ მენინგეალური გართულება საწყის სტადიაზე?
- არასწორად და დაგვიანებით ნამკურნალებ სინუსიტს შეიძლება ორბიტალური ან ქალასშიდა გართულება მოჰყვეს. თვალბუდისშიდა გართულება თვალის მიდამოს შეშუპებით გამოიხატება, ხოლო მენინგეალური გართულება - მაღალი ტემპერატურით, ძლიერი ტკივილით, აგზნებადობით და სხვა. ამ დროს ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.