რა დაავადებებია ჰაიმორიტი და ფრონტიტი და რა განსხვავებაა მათ შორის
დაავადებების კლინიკაზე, მიზეზებზე, განმასხვავებელ ნიშნებზე გვესაუბრება ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი.
– ქალბატონო მაია, რა დაავადებებია ფრონტიტი და ჰაიმორიტი?
– სინუსიტი არის ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის ანთების საერთო სახელი. მისი ლოკალიზაციის მიხედვით დაავადება შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის. ყველაზე ხშირად პაციენტებს უსვამენ ჰაიმორიტის დიაგნოზს, მაგრამ არსებობს სხვა სახის სინუსიტი, მაგალითად, ფრონტიტი.
– რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
– ყველაზე ხშირად ადამიანებს ჰაიმორიტი ემართებათ, ფრონტიტი ასევე გავრცელებული დაავადებაა. ორივე დაავადება სინუსიტის სახეობაა.
როდესაც საქმე ჰაიმორიტს ეხება, ექიმი გულისხმობს ზედაყბის ან ცხვირის ჰაიმორის ღრუს ანთებას, რომლებიც მდებარეობს თვალების ქვეშ. ფრონტიტი – შუბლის წიაღების ანთებაა. ის მდებარეობს თვალებისა და წარბების ზემოთ. მარტივად რომ ვთქვათ, მთავარი განმასხვავებელი ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაა.
ჰაიმორიტი და ფრონტიტი შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის, ისინი იწვევს ძლიერ შეშუპებას და სისხლძარღვების შევიწროებას ანთების არეში.
– რა სიმპტომები ახასიათებს ჰაიმორიტსა და ფრონტიტს?
– ამ ორი დაავადების საერთო სიმპტომებია: ინტენსიური თავის ტკივილი; ზოგადი სისუსტე, მოდუნება, მადის დაქვეითება; სხეულის ტემპერატურის ზომიერი მატება; ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან; ცხვირის გაჭედილობა, სუნთქვის გაძნელება. ანთებითი პროცესი შეიძლება მხოლოდ ერთ წიაღში მიმდინარეობდეს. მაშინ დაავადების სიმპტომები უფრო გამოხატული იქნება დაზიანების მხარეს.
ჰაიმორიტისა და ფრონტიტის გარჩევა შესაძლებელია ისეთი ნიშნით, როგორიცაა ტკივილის ლოკალიზაცია. ფრონტიტი იწვევს ტკივილს შუბლის არეში, ყველაზე მეტად ტკივილი გამოხატულია ცხვირის ძგიდეზე. ჰაიმორიტის დროს ტკივილი აღინიშნება ცხვირის გვერდებზე, საფეთქლების, ყვრიმალების არეში. თავის მოძრაობის დროს ტკივილის ინტენსივობა მატულობს.
გამონადენი ცხვირიდან – ჰაიმორიტისას აღინიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ხშირად ჩირქოვანი. ფრონტიტის დროს კი ძირითადად მხოლოდ ცხვირის გაჭედილობაა.
ფრონტიტი იწვევს შუბლის, ზედა ქუთუთოების შეშუპებას, ჰაიმორიტი – თვალების ქვეშ, ქვედა ქუთუთოების შეშუპებას.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
– სინუსიტის ტიპის დიაგნოსტიკისთვის ხშირად საჭიროა ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოლოგიური კვლევა. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რადგან ჰაიმორიტმა, სინუსიტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის მძიმე და საშიში გართულებები, როგორებიცაა, მაგალითად, მენინგიტი, სეფსისი.
– რატომ არის მნიშვნელოვანი იმის დადგენა, თუ რა ტიპის სინუსიტზეა საუბარი?
– უპირველეს ყოვლისა, ეს აუცილებელია ფრონტიტის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად.
– რატომ არის ფრონტიტი ასე საშიში?
– ფაქტია, რომ ამ დაავადებისას ანთება ტვინთან ძალიან ახლოს არის ლოკალიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის დროულად არ აღმოიფხვრება, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში ანთებითი პროცესები, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
– როგორია ჰაიმორიტისა და ფრონტიტის მკურნალობა?
– ნებისმიერი ტიპის ანთება საჭიროებს კომპეტენტურ და დროულ მკურნალობას. ჰაიმორიტის ან ფრონტიტის ნიშნებისას საჭიროა ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია. ნებისმიერი ტიპის სინუსიტის თერაპია, ჩვეულებრივ, კომპლექსურია – ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, ფიზიოთერაპიული პროცედურები. მედიკამენტების ტიპი, მათი დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ ექიმის მიერ. ისეთი დაავადებების, როგორებიცაა ჰაიმორიტი და ფრონტიტი, თვითმკურნალობა უკიდურესად საშიშია. ანტიბიოტიკების კურსი უნდა დასრულდეს ბოლომდე, ექიმის დანიშნულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს რეციდივი. თუ მედიკამენტების მიღების შემდეგ სიმპტომები არ გაქრება, საჭიროა ხელახლა მიმართოთ ოტოლარინგოლოგს, რადგან ხანდახან ქირურგიული ჩარევაც საჭიროა მაშინ, როცა დაავადება უკვე გართულებული და შორს წასულია. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი და განსაკუთრებით ჩირქოვანი ანთება ძალიან საშიშია. ამიტომ ჰაიმორიტი და ფრონტიტი ყოველთვის საჭიროებს დროულ, კომპეტენტურ და ყოვლისმომცველ მკურნალობას.