სუნი და ჩვენ

რამდენიმე საუკუნის წინათ შინაური ცხოველებისა და ფრინველების, მათი გამონაყოფებისა და ექსკრემენტების სუნს ფერმებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ და ყურადღებას არც აქცევდნენ, ჩვენს ურბანულ საზოგადოებაში კი, სადაც ჰიგიენა ყველგან იგრძნობა და ადამიანთა სხეულებს დეზოდორანტების, სუნამოებისა და ოდეკოლონების სუნი უდით, მსგავსი სუნები უკვე შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელია.
თანამედროვეობის სუნებს ყველა, ასე თუ ისე, ეგუება და ისინიც საზოგადოების კულტურული წყობის ნაწილი ხდებიან. სუნი ქვეყნის, ეთნიკური წარმომავლობის ერთგვარი ფონია. ყოველ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი სუნების ნაკრები აქვს, რომელიც კულინარიული და გეოგრაფიული თავისებურებებით აიხსნება, ანუ სუნი კულტურული იდენტიფიკაციის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერული თვალსაზრისით სუნი (Oდორ) - ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების თვისებაა, გამოიწვიოს გარკვეული სპეციფიკური შეგრძნება ყნოსვის ანალიზატორზე ზემოქმედებისას.
სუნის ფუნქციები
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სუნებისადმი მარად ცვლადი დამოკიდებულებისგან განსხვავებით, თითქმის შეუცვლელია მათი ფუნქციები:
- სუნის მეშვეობით დგინდება საკვების ხარისხიანობა;
- მათ ერთგვარი დაცვითი როლი აკისრიათ, დიდ მანძილზეც კი კვამლის სუნი მოსალოდნელი ხანძრის საშიშროებაზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს;
- მომწამლავ აირთა მოქმედებისგან, უპირველეს ყოვლისა, ყნოსვის ანალიზატორის მიერ მათი სუნის აღქმა გვიცავს;
- ჩვენი წინაპრები სუნით ხვდებოდნენ გარეული ცხოველების მოახლოებას და მათ გაურბოდნენ;
- სრულფასოვანი კვება წარმოუდგენელია საკვების ჯანსაღი სუნის აღქმის გარეშე;
- სხეულის ჯანსაღი სურნელის აღქმაც დიდ როლს თამაშობს ადამიანური, ინტიმური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ყნოსვის მიდამო
ცხვირის ღრუს გასავლები და წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ზედა ნაწილიც, ცხვირის ღრუს ზედა გასავლის ლორწოვანი, უფრო ზუსტად კი ცხავის ძვლის მფარავი ეპითელი დაფარულია ყნოსვის ძაფებით - ყნოსვის ანალიზატორის ნერვული დაბოლოებებით, რის გამოც ამ უბანს ყნოსვის მიდამო ეწოდება. ყნოსვის მიდამო უამრავი საყნოსავი უჯრედის ანუ ყნოსვის რეცეპტორისგან შედგება. ყნოსვის რეცეპტორი თავის მხრივ 5 ინსტანციისგან შედგება, ესენია:
- ლორწოვანი გარსი;
- წამწამოვანი წანაზარდი;
- საყრდენი უჯრედი;
- რეცეპტორული უჯრედი;
- ყნოსვის ნერვის ბოჭკოები.
ადამიანის ყნოსვის ზონის საერთო ფართობი 5 სმ2-ს შეადგენს.
ყნოსვის ნერვი
ყნოსვის ნერვი - თავის ქალადან, კერძოდ კი ტვინის ღეროდან გამომავალი ნერვია, იგი ცხვირის ლორწოვან გარსში იწყება და იმპულსები ყნოსვის რეცეპტორებიდან თავის ტვინამდე მიაქვს.
რეცეპტორული უჯრედი
რეცეპტორული უჯრედი - წარმოადგენს 5-10 მკმ დიამეტრის ბიპოლარულ ნერვულ უჯრედს - ნეირონს. მას ხშირად ქიმიურ უჯრედსაც უწოდებენ, რადგან სწორედ სუნის მქონე ქიმიური ნაერთების მეშვეობით ღიზიანდება. ადამიანს 60 მილიონამდე ასეთი უჯრედი აქვს, ძაღლს კი 125 მილიონი. თითოეულ უჯრედს გარს აკრავს ურიცხვი წამწამოვანი წანაზარდი, რაც საგრძნობლად ზრდის სუნის მქონე ნაერთის რეცეპტორულ უჯრედთან შეხების ზედაპირს. საერთოდ ყნოსვის უჯრედებამდე აღწევს ცხვირის ღრუში გამავალ ჰაერში მყოფი სუნიანი ნივთიერების მხოლოდ 2%, ამასთან სუნის შესაგრძნობად საჭიროა გაღიზიანდეს 40 რეცეპტორული უჯრედი მაინც. ადამიანის ცხვირის ღრუში ათასობით ყნოსვის რეცეპტორია, რომელთა მუშაობასაც შესაბამისი გენები აკონტროლებენ. ყნოსვაზე პასუხისმგებელი გენები მთელი გენომის 3%-ს შეადგენენ. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 1000-ია. ყნოსვის ყველა რეცეპტორი ნებისმიერ სუნს ერთნაირად როდი აღიქვამს. ამის მიხედვით ისინი სხვადასხვა ტიპად იყოფა. ერთი ტიპის უჯრედები ერთი რომელიმე ჯგუფის არომატთა აღქმაზე მუშაობენ, მეორე ტიპისანი - მეორე სახისაზე და ასე შემდეგ. ყოველ 40 დღეში ერთხელ ყნოსვის განმკარგველი რეცეპტორული უჯრედების ნაწილი იღუპება და მათ ადგილს ახალი უჯრედები იკავებს, რომელთა ჩვეულ რეჟიმზე აწყობა გაცილებით ადვილია. მაგალითად, თუ რომელიმე სუნს ცუდად შეიგრძნობ, მაგრამ მიზეზთა გამო მასთან ხშირად გაქვს კონტაქტი, ცხვირი მას დროთა განმავლობაში უკეთ სწავლობს და კონტაქტისას ადვილად გამოიცნობს.
ყნოსვითი შეგრძნება
ყნოსვითი შეგრძნების ინტენსივობა დამოკიდებულია:
- ჰაერში სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
- ცხვირში შესული ჰაერის ნაკადის სიჩქარეზე;
- საკუთრივ ყნისვის რეცეპტორის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.
რაც უფრი მეტია ცხვირში სუნის მქონე ნივთიერების გავლის სიჩქარე, მით უფრო ძლიერია ყნოსვის შეგრძნება. იგი მაქსიმალურია საყნოსავ უჯრედებზე ზემოქმედების პირველ მომენტში, შემდეგ კი სუსტდება, რაც რეცეპტორების სუნისადმი მიჩვევის, ადაპტაციის შედეგია. სწორედ ამით აიხსნება, რომ შენობაში მყოფი ადამიანი რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე ვეღარ გრძნობს სუნს, თუნდაც მისი კონცენტრაცია ჰაერში საკმაოდ მაღალი იყოს. ასაკთან ერთად რეცეპტორულ უჯრედთა დაბერებისა და კვდომის გამო ყნოსვა უარესდება, მაგრამ ხანში შესულები რომელიმე სუნს კიდევ უფრო უკეთ აღიქვამენ, ვიდრე ახალგაზრდები. ეს იმის შედეგია, რომ ახალგაზრდა ტვინს, გამოუცდელობის გამო, ჯერ კიდევ არ შეუძლია სუნთა მრავალრიცხოვან გალერეაში სწორი და სწრაფი ორიენტირება.