კატარაქტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კატარაქტა

ამ შეკითხვებს უპასუხებს ჯანმრთელობის ცენტრ "ჰელსის" ექიმი, ოფთალმოლოგი სოფიო იმედაშვილი:

  • ქალბატონო სოფიო, რას წარმოადგენს კატარაქტა, რა ცვლილებები ხდება თვალში ამ პათოლოგიის დროს?

- კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ადამიანის თვალში ბუნებრივად არსებობს ორმხრივად ამოზნექილი ლინზა. ეს არის ბროლი, რომლის ფუნქციაა, გაატაროს სინათლე და მოახდინოს ბადურაზე საგნების ფოკუსირება. ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, ის თავისუფლად ატარებს და გარდატეხს სინათლის სხივს, რის წყალობითაც ადამიანი გარესამყაროს ნორმალურად ხედავს, ბროლის შემღვრევის შედეგად კი საგნები ბურუსით მოცული გვეჩვენება. ამრიგად, კატარაქტას თან სდევს მხედველობის თანდათანობითი უმტკივნეულო დაქვეითება.

  • დაგვეთანხმებით, რომ ჩვენში კატარაქტას ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნევენ. შეიძლება თუ არა, ის ახალგაზრდებსაც დაემართოთ?

- კატარაქტა შეძენილიც შეიძლება იყოს და თანდაყოლილიც, ამიტომ ის გვხვდება როგორც ხანდაზმულ, ასევე ახალგაზრდა და მცირეწლოვან პაციენტებს შორისაც კი, თუმცა უმეტესად, რა თქმა უნდა, ხანში შესულები უჩივიან. თანამედროვე სტატისტიკის თანახმად, 60 წელს გადაცილებულთა 60-90%-ს ასაკობრივი კატარაქტა აქვს, 80 წელს გადაცილებულებს შორის კი მისი სიმპტომები თითქმის 100%-ს აღენიშნება.

  • როგორია კატარაქტის კლინიკური გამოვლინება?

- კატარაქტა სიმწიფის მიხედვით შეიძლება რამდენიმე სტადიად დავყოთ. კერძოდ, განასხვავებენ დაწყებით, არამწიფე, მწიფე და გადამწიფებულ კატარაქტას. დაავადების სტადიის შესაბამისად, ჩივილებიც განსხვავებულია. დაწყებითი კატარაქტის დროს პაციენტთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებასა და ბუნდოვანებას, საგნების მოყვითალოდ აღქმას.დაავადების ამ სტადიაზე მხედველობა პრაქტიკულად არ ქვეითდება. უნდა ითქვას, რომ კატარაქტის აღნიშნული სტადიის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაგვარია და 2-დან 15 წლამდე მერყეობს.რაც უფრო მეტად მწიფდება კატარაქტა, მით უფრო მეტია ჩივილებიც, პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას, საგნებს ხედავენ ბურუსით მოცულს, სათვალე არ შველით, მომატებული აქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ. დროთა განმავლობაში გუგა იცვლის ფერს და ბაცდება. მწიფე კატარაქტის სტადიაში მხედველობა შესაძლოა ისე დაქვეითდეს, რომ პაციენტი სინათლესღა შეიგრძნობდეს.

  • აღნიშნული ცვლილებები ორივე თვალს მოიცავს?

- დიახ, კატარაქტა ორმხრივი პროცესია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იდენტური ცვლილებები ორივე თვალში ერთდროულად არ ვითარდება - შესაძლოა, ერთ თვალში მწიფე კატარაქტა იყოს, ხოლო მეორეში - არამწიფე.

  • რა იწვევს კატარაქტას? შეიძლება თუ არა, ეს დაავადება თვალის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიებმა განაპირობოს?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი კატარაქტა. სადღეისოდ ცნობილია, რომ 10 000-დან ერთ ახალშობილს თანდაყოლილი კატარაქტა აქვს. დაავადება შესაძლოა უკავშირდებოდეს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილ ინფექციურ დაავადებას, სტეროიდული ჰორმონების მიღებას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას.

შეძენილ კატარაქტას მრავალ ფაქტორთან აქვს კავშირი. ესენია გენეტიკა, ინტოქსიკაცია, ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც ვხვდებით შაქრიანი დიაბეტის, თირკმლისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, ავიტამინოზი, თვალის ტრავმა, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც მოგახსენეთ, ხანდაზმული ასაკიც.

სადღეისოდ ცნობილია კატარაქტის რისკფაქტორებიც. ესენი გახლავთ მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, მუქი ფერის კანი.

  • როგორ ხდება კატარაქტის დიაგნოსტიკა?

- როდესაც პაციენტი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს უჩივის, ექიმი დიაგნოსტიკის მიზნით ატარებს ბიომიკროსკოპიას - თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას - თვალის ფსკერის დათვალიერებას და, ჩვენების შესაბამისად, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს. ეს კვლევები საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ჩივილების რეალური მიზეზი, დავსვათ დიაგნოზი.

  • შესაძლებელია თუ არა, დროული მედიკამენტური ჩარევით თავიდან ავიცილოთ კატარაქტის პროგრესირება და მხედველობის დაკარგვა ამ დაავადების გამო?

- თუ მედიკამენტური მკურნალობა დროულად, დაავადების პირველივე სტადიაში დაიწყო, შესაძლებელია, შევაჩეროთ პროცესის წინსვლა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა მუდმივი და უწყვეტი იქნება, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც თანდაყოლილი, ისე მეორეული კატარაქტის დროს მედიკამენტური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

  • როგორია კატარაქტის მკურნალობის პრინციპები?

- როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპია. ტარდება ქირურგიული მკურნალობაც. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს დაწყებითი კატარაქტის გამოვლენისთანავე კატარაქტის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტების ინსტილაციას თვალში, რაც დიდხანს უნდა გაგრძელდეს. ეს პრეპარატები უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე მოქმედებს. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკამენტების მიღება. მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) მეთოდი ეფექტურია, როცა ის მუდმივი, რეგულარული და ხანგრძლივია. მიუხედავად ამისა, ასეთი მკურნალობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მხოლოდ აფერხებს პროცესის განვითარებას და არ იწვევს განკურნებას. ამის გამო ექიმები ხშირად მედიკამენტური მკურნალობის გარეშე მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა.

  • არსებობს მოარული აზრი, რომ კატარაქტის ოპერაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პაციენტი სრულიად კარგავს მხედველობას. როგორია თანამედროვე ოფთალმოლოგიის შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით?

- დღეს შესაძლებელია, კატარაქტის ოპერაცია გაცილებით ადრე ჩატარდეს. არ არის აუცილებელი, მის მომწიფებას დაველოდოთ.

  • ოპერაციული მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ამჟამად? როგორია არჩევანი?

- არსებობს ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. შესაძლოა, მათი სახელწოდებები მკითხველს არაფერს ეუბნებოდეს; უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ შესაძლებელია კატარაქტის ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. შესაბამისად ხდება ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა).

დასახელებულ მეთოდთაგან უკანასკნელი ორი შედარებით ახალია. ისინი წარმოადგენს ოპერაციას ნაკერის გარეშე, რომლის დროსაც სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის გამოყენებით ხდება ბროლის დანაწევრება, ექსტრაქცია (ამოღება) და ხელოვნური კუმშვადი ბროლის ჩანერგვა. ოპერაციული მეთოდის არჩევანი ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კერძო შემთხვევაში ოპერაციის მეთოდს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმი ირჩევს. აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც საჭიროა ორივე თვალის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ტარდება. ოპერაცია ორივე თვალზე ერთდროულად არ ტარდება.

  • რას ურჩევდით კატარაქტით დაავადებულებს?

- როდესაც პაციენტს კატარაქტის დიაგნოზს დაუსვამენ, მან რეგულარულად, წელიწადში სამჯერ მაინც, უნდა იაროს ექიმთან, ზუსტად შეასრულოს მისი მითითებები და დანიშნულება. პაციენტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაცია ოპერაციული ჩარევის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ოფთალმოლოგიისთვის კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

  • რას ურჩევდით პაციენტებს კატარაქტისა და მისი პროგრესირების პროფილაქტიკისთვის?

- მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ გამოვლენას. ბევრს ჰგონია, რომ მხედველობის დაქვეითება ასაკის თანმხლები მოვლენაა, რომ ეგრეთ წოდებული შორსმხედველობა ხანში შესული ადამიანისთვის ბუნებრივია.ამის გამო ხანდაზმულები არცთუ იშვიათად შემთხვევით შერჩეულ სათვალეს ატარებენ და თუნდაც მხედველობის კორექციისთვის ის უეფექტო აღმოჩნდეს, ექიმს არ მიმართავენ.მსგავსი მიდგომა გაუმართლებელია, ვინაიდან ასეთ ასაკში მხედველობის დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს თვალის სხვადასხვა პათოლოგიასთან, რომელთა შორისაც კატარაქტას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. უმჯობესია, დროული დიაგნოსტიკისთვის ოფთალმოლოგს მივმართოთ.