თვალის ბადურა გარსის პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ბადურა გარსის პათოლოგიები

ბადურა გარსი პასუხისმგებელია გამოსახულების აღქმაზე, რომელიც მასზე პროეცირდება რქოვანასა და ბროლის დახმარებით, და გამოსახულების ნერვულ იმპულსებად გარდაქმნაზე, რომლებიც შედგომ თავის ტვინს გადაეცემა.

ურთულესი სტრუქტურა ბადურას საშუალებას აძლევს, პირველმა აღიქვას სინათლე, გადაამუშაოს მისი ენერგია და მოახდინოს მისი ტრანსფორმაცია გაღიზიანებად - სიგნალად, რომელშიც კოდირებულია მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ "ხედავს" თვალი.

ეს გახლავთ თვალის ბადურა გარსის მოკლე აღწერილობა, რომლიდანაც კარგად ჩანს, რა რთული ფუნქციები აკისრია მას. თუ ამ ურთულეს მექანიზმში რამე მოიშალა, ეს მაშინვე აისახება მთელ თვალზე, მის ფუნქციებზე. მოკლედ გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომლებიც ბადურა გარსის და, ამის კვალობაზე, მხედველობის სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.

თვალის ბადურა გარსში არ არის მგრძნობიარე ნერვები, ამიტომ მისი პათოლოგიები უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბადურა გარსის დაზიანების სიმპტომატიკა სხვადასხვაგვარია, მაგრამ ხშირად ჩივილების უმეტესობა მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებამდე და მხედველობის არეში სხვადასხვა ცვლილების წარმოშობამდე დაიყვანება.

ბადურაში პათოლოგიური ცვლილებების ბუნების კვალობაზე, პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ თვალწინ მცურავი ჩრდილების, ნაპერწკლების, ლაქების, მცურავი რგოლების, შავი ფარდის გაჩენას, გაელვებას და, რაღა თქმა უნდა, მხედველობის ველის შევიწროებას ან გაქრობას. თვალის ბადურა გარსის დაავადებების დროს შეიძლება გაუარესდეს ფერებისა და სინათლის აღქმა, დაქვეითდეს სიბნელისადმი ადაპტაცია.

ბადურას დაავადებათა დიაგნოსტიკა მოიცავს გამოკვლევათა მთელ წყებას: მხედველობის სიმახვილის განსაზღვრას, პერიფერიული და ცენტრალური მხედველობის ველის მდგომარეობის განსაზღვრას, სხვადასხვა მეთოდით თვალის ფსკერის გამოკვლევას, რაც მოიცავს როგორც დათვალიერებას (ოფთალმოსკოპია), ასევე კვლევის უფრო რთულ და დეტალურ მეთოდებს (ბადურას ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, ბადურას სისქის ანალიზატორის საშუალებით ბადურას ლაზერული სკანირება და სხვა).

დიაგნოზის დასმა უმეტესად თვალის ფსკერის დათვალიერებით არის შესაძლებელი. ჯანმრთელი თვალის ფსკერის დათვალიერებისას ოფთალმოლოგი შემდეგ სურათს ხედავს: ჩანს ბადურა იმ სისხლძარღვებით, რომლებიც მას კვებავს და მხედველობის ნერვის დისკო. თუ ამ სურათში რაიმე ცვლილება მოხდა, ეს უკვე თვალის პათოლოგიაზე მიგვითითებს.

თვალის ბადურა გარსის (რეტინა) დაავადებებს შორის გამოყოფენ დისტროფიებს (ანუ ბადურას კვების დარღვევებს), ანთებას, განვითარების ანომალიებს, ახალწარმონაქმნებს. მრავალი პათოლოგიური მდგომარეობა სისტემური დაავადებებით - ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სისხლის დაავადებებით და სხვა - არის განპირობებული. ჩამოთვლილთა გარდა ბადურას დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს სხივური ენერგიით და მზის გამოსხივებით.

რეტინული პათოლოგიების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ბადურას გარსის სხვადასხვაგვარი ჩამოშლა (აშრევება). მოკლედ მიმოვიხილოთ ბადურას გარსის ის დაავადებები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირია. მოზრდილთა დაავადებების სტრუქტურაში მთავარი ადგილი სისხლძარღვოვან დარღვევებს უკავია.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს ბადურას ინვოლუციური ათეროსკლეროზი აღენიშნება - დაავადება, რომელიც სისხლძარღვების სკლეროზის გამო ბადურას ტროფიკის (კვების) დარღვევასთან არის დაკავშირებული. ამ დაავადებას პირველ რიგში მხედველობის ფუნქციის დაქვეითება და მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა მოსდევს.

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპათია - ეს არტერიული ჰიპერტონიის (მომატებული არტერიული წნევის) ფონზე თვალის ფსკერის სურათის ცვლილების ანარეკლია. ვინაიდან ჰიპერტონიული დაავადება ფართოდ არის გავრცელებული (მსოფლიოს მოსახლეობის 23%), გაიზარდა ბადურა გარსის იმ პათოლოგიათა სიხშირეც, რომელიც ამ დაავადებასთან არის დაკავშირებული.

ჰიპერტონიული დაავადების დროული და ადეკვატური მკურნალობა (არტერიული წნევის რეგულაცია მედიკამენტური საშუალებებით) თვალისმხრივი გართულებების (სისხლჩაქცევები თვალში, ბადურას სისხლძარღვთა თრომბოზი) რისკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

დიაბეტური რეტინოპათია - შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა (მსოფლიოს მოსახლეობის 5%), ხოლო დიაბეტურ რეტინოპათიას სიბრმავისა და მხედველობის დასუსტების მიზეზთა შორის პირველი ადგილი უკავია (გვხვდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 40%-ში). დიაბეტური რეტინოპათიის გამომწვევი მთავარი ფაქტორი სისხლში ინსულინის ნაკლებობაა. მეტაბოლიზმის პროცესის დარღვევის გამო იხოცებიან ის უჯრედები, რომლებიც უწვრილესი სისხლძარღვების ტონუსზე აგებენ პასუხს.


სისხლძარღვთა კედლების შესუსტება პათოლოგიური ცვლილებების ჯაჭვს იწვევს, რომლის შედეგადაც ბადურაში წარმოიშობა სისხლჩაქცევები, მიკროინფარქტები, ჩნდება ახალი პათოლოგიური სისხლძარღვები, რომლებსაც სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ. შეიძლება ჩამოყალიბდეს შვარტები (ერთგვარი შემაერთებელქსოვილოვანი ზონრები), შეხორცებები, რომლებიც ჭიმავენ ბადურას და შესაძლოა, მისი აშრევება გამოიწვიონ. არ არის გამორიცხული, მოიმატოს თვალშიგა წნევამ. გარდა ამისა, წარმოიშობა კონიუნქტივისა და ქუთუთოების ანთებისადმი, თვალის მამოძრავებელი ნერვების ნეიროპათიისადმი, რქოვანას დისტროფიის, კატარაქტისა და გლაუკომისადმი მიდრეკილება.

შაქრიანი დიაბეტის გამო მხედველობის დაკარგვის რისკის შემცირების ერთადერთი გზა იმ ოფთალმოლოგთან რეგულარული სიარულია, რომელსაც აქვს ბადურას დეტალური გამოკვლევის ყოველგვარი პირობა, და ენდოკრინოლოგის ყოველთვიური მეთვალყურეობა (სისხლში შაქრის დონის რეგულაცია).

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (ამდ) - ის 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხედველობის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ ტიპის პათოლოგიის დროს ზიანდება ბადურას ცენტრალური ნაწილი - ეგრეთ წოდებული ყვითელი ხალი. ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების მთავარი რისკფაქტორებია: 50 წელზე უფროსი ასაკი; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება); გენეტიკური განწყობა; სქესი (უფრო ხშირად გვხვდება ქალებში).

საწყის სტადიაში დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შესაძლოა აღმოაჩინონ მხოლოდ ოფთალმოლოგთან მიღების დროს. ადმ-ის პროგრესირების დროს პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს მხედველობის დაქვეითებას, ხაზების გამრუდების შეგრძნებას და სხვა. ამ სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან სასწრაფო კონსულტაცია, რადგან დაავადება ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობს და შესაძლოა, ერთ წელიწადში შეუქცევადი სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

ბადურას აშრევება - ეს გახლავთ თვალის ბადურა გარსის სისხლძარღვოვანი გარსისგან აცლა. ბადურას დაზიანებისას თვალშიგა სითხე მის ქვეშ ხვდება და მას სისხლძარღვოვანი გარსისგან აცლის. თუ ბადურა გარსის აშრევება მოხდა, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტი, რადგან დაგვიანება ადამიანს სიბრმავეს უქადის.

ბადურას აშრევების სიმპტომებია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; მხედველობის ველის შევიწროება; თვალებთან მოცურავე წერტილების გაჩენა; თვალწინ "ქინქლების", აბლაბუდის გაჩენა; გვერდითი მხედველობის მოულოდნელი დაკარგვა; ხილული საგნების დეფორმაცია და რხევა.

ბადურა გარსის აშრევების ძირითადი მიზეზი მისი გაგლეჯაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვოვანი ან ფერადი გარსის მიშვებული და ქრონიკულად მიმდინარე ანთებით, მაღალი ხარისხის ახლომხედველობით (მიოპია), რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება თვალის ფსკერზე მომხდარი ატროფიული ცვლილებების მიზეზად იქცეს, ასევე - ტრავმით, მძიმე ფიზიკური დატვირთვით (ხტომა, ვარდნა, სიმძიმის აწევა და სხვა), თვალის სხვა დაავადებებით (მაგალითად, ბადურას დიაბეტური პათოლოგიებით, ახალწარმონაქმნებით, სისხლჩაქცევებით).


ბადურას აშრევების მკურნალობა ქირურგიული და ლაზერული მეთოდებით ტარდება.

ბადურას პიგმენტური დისტროფია ბადურა გარსის მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს ქრონიკული, დუნედ მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. თავდაპირველად პაციენტები უჩივიან შებინდებისას მხედველობის დაქვეითებას (ეგრეთ წოდებულ ქათმის სიბრმავეს). დაავადების პირველი სიმპტომები 8 წლამდე ვლინდება. თანდათანობით კონცენტრულად ვიწროვდება მხედველობის ველი, ქვეითდება ცენტრალური მხედველობა. 40-60 წლის ასაკში ვითარდება სიბრმავე. ინვოლუციური ცენტრალური ქორიორეტინული დისტროფია - ეს დაავადება 40 წელს გადაცილებულ პირებში ცენტრალური მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზია.

დაავადების სიმძიმე განპირობებულია დაავადების პროცესის ცენტრალური ლოკალიზაციით და, წესისამებრ, ორმხრივი დაზიანებით, რომელსაც თან სდევს მხედველობის ფუნქციის შეუქცევადი დაქვეითება, პირველ რიგში - მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. განასხვავებენ დაავადების ორ ფორმას: არაექსუდაციურს (მშრალს) და ექსუდაციურს (სველს). დაავადების მთავარი მიზეზი ორგანიზმისა და ნაწილობრივ თვალის თანდათანობითი დაბერებაა. განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორები, თვალის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მაღალი ხარისხის ახლომხედველობა და გადატანილი ტრავმები.

რეტინიტი. ამ ტერმინით აღინიშნება ბადურა გარსის ანთებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც წარმოიშობა საერთო ინფექციური დაავადებების (ტუბერკულოზი, სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი, ვირუსული და ჩირქოვანი ინფექციები), ინფექციურ-ალერგიული მდგომარეობის (რევმატიზმი), ტოქსიკოალერგიული პროცესების, ინტოქსიკაციების, სხივური ენერგიის მოქმედების, იმუნოაგრესიისა და სხვათა დროს.

ინფექცია ბადურა გარსში ბადურას ცენტრალური სისხლძარღვებიდან და მისი განშტოებებიდან იჭრება. ასეთ შემთხვევებში ანთებითი პროცესი პირველადად აზიანებს ბადურა გარსს და ვრცელდება მასში. ბადურასა და სისხლძარღვოვან გარსს შორის მჭიდრო კავშირის გამო ანთებითი პროცესი სწრაფად ვრცელდება მეზობელ სისხლძარღვოვან გარსზე, სწორედ ამიტომ კლინიკურ შემთხვევებში ყველაზე ხშირად ქორიორეტინიტი აღირიცხება. მკურნალობა, წესისამებრ, მიმართულია იმ ძირითადი დაავადების წინააღმდეგ, რომლის შედეგიც არის რეტინიტი.

ბადურა გარსის დაავადებების წინააღმდეგ მიმართული მკურნალობის არსენალში ჩართულია მკურნალობის კონსერვატიული, ლაზერული და ქირურგიული მეთოდები. დაავადების მიზეზებიდან გამომდინარე, მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია იმ ძირითადი დაავადებისკენ, რომელმაც თვალის ბადურა გარსში ცვლილებები გამოიწვია.

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა სამკურნალო საშუალების - თვალის წვეთების თუ ინექციების სახით - კონიუნქტივის ქვეშ, ეპისკლერულ მიდამოში და რეტრობულბალურად შეყვანას.

საკმაოდ შედეგიანია მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები: სამკურნალო ნივთიერებების ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, მაგნიტური ველი, ულტრაბგერა, ფონო- და ლაზეროთერაპია. ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანას, კანქვეშ, ვენასა თუ კუნთებში.

ლაზერული მკურნალობა - კოაგულაცია (მოწვა) ტარდება ბადურას კვების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ საშიში სისხლჩაქცევები, რომლებიც მხედველობას საკმაოდ აქვეითებს.

ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია ბადურა გარსის აშრევების და თვალის კაკალში სისხლჩაქცევის (ჰემოფთალმი) შემთხვევაში. სამწუხაროდ, ის ყოველთვის შედეგიანი არ არის.