რა მოსდის ბადურა გარსს
ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. ზოგიერთი ინფექციური დაავადება, მათ შორის - გრიპი, ასევე შეიძლება გართულდეს ბადურას პათოლოგიით.
გარდა ამისა, ბადურა შეიძლება დაზიანდეს თვალის ტრავმის, ქალა-ტვინის ტრავმის დროს. ბადურას დაავადებებზე გვესაუბრება თვალის დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მიწვეული პედაგოგი ელენე მირზიაშვილი.
- ქალბატონო ელენე, რა არის თვალის ბადურა გარსი და რა ფუნქცია აკისრია მას?
- ბადურა გარსი, რეტინა, მხედველობის ანალიზატორის პერიფერიული რეცეპტორული ნაწილია. ის სხივებს შთანთქავს და თავის ტვინის შესაბამისი ველებისკენ გზავნის, სადაც ხდება მათი გარდაქმნა ნერვულ იმპულსებად და საბოლოო ანალიზი. ფუნქციის მიხედვით ბადურა ორ ნაწილად იყოფა: ოპტიკურად მოქმედ და ოპტიკურად უმოქმედო ნაწილებად.
ოპტიკურად მოქმედი ნაწილი ბადურას 2/3-ს შეადგენს და ათშრიანია. ამ ათიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოტორეცეპტორების - ჩხირებისა და კოლბების - შრე, რომელიც ფერად, ფორმულ და პერიფერიულ მხედველობას განაპირობებს.
- არსებობს თუ არა ბადურას თანდაყოლილი პათოლოგიები?
- ცხადია, არსებობს. ესენია:
- ბადურას დისპლაზია. ამ შემთხვევაში დარღვევა ემბრიონული განვითარების პერიოდში უჯრედულ დონეზე ხდება;
- ალბინიზმი. ამ მდგომარეობას ახასიათებს პიგმენტ მელანინის სინთეზის შეფერხება თვალის ყველა სტრუქტურაში. მისთვის დამახასიათებელია: ნისტაგმი; ცენტრალური ფორმული მხედველობის დაქვეითება; ჰემერალოპია (ბინდის მხედველობის გართულება);
- ფოტოფსია (სინათლის შიში);
- მეტამორფოფსია (საგნის დამახინჯებული აღქმა);
ბადურას პიგმენტური დისტროფია (ტაბეტორეტინული დეგენერაცია), რომლის დროსაც ზიანდება პიგმენტური ეპითელიუმი, ფოტორეცეპტორები. ავადმყოფი უჩივის:
- ჰემერალოპიას (ბინდში ხედვის გაძნელებას);
- სივრცეში ორიენტაციის გაძნელებას;
- ცენტრალური ფორმული მხედველობის დაქვეითებას.
ეს დაავადება მემკვიდრეობითი, ოჯახური ხასიათისაა. იგი ბავშვობიდან იწყება. ამ დროს ვითარდება მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურასა და ქოროიდის არტერიათა სკლეროზი, მინისებურ სხეულში ლაგდება პიგმენტი. საბოლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება 5-10 გრადუსის ფარგლებში. რჩება მილისებურად შევიწროებული ველი. დაავადება რთულდება უკანა კაფსულარული კატარაქტით, არც გლაუკომის განვითარებაა გამორიცხული.
ბადურას პიგმენტური დისტროფია უპიგმენტოდ. ამ დროს ხდება თეთრი წერტილოვანი პიგმენტების ჩალაგება პერიფერიაზე, მხედველობის ნერვის დისკოსა და ყვითელი ხალის გარშემო. ავადმყოფი უჩივის ცენტრალური მხედველობის, ასევე სიბნელისადმი ადაპტაციის დაქვეითებას. აღინიშნება ბეჭდისებური სკოტომა მხედველობის ველში, მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება.
- როგორ მკურნალობენ ბადურას თანდაყოლილ დაავადებებს და როგორია მათი პროგნოზი?
- ბადურას თანდაყოლილი დაავადებების დროს მიზანშეწონილია მედიკამენტური მკურნალობა. იგი უნდა იყოს ეფექტური და საკმარისი, რათა გაუმჯობესდეს თვალის მიკროცირკულაცია და ქსოვილთა ტროფიკა, მოხდეს სწრაფი რეგენერაცია, მოწესრიგდეს თვალშიგა წნევა. ექიმმა უნდა შეარჩიოს პათოგენეტიკურად დასაბუთებული პრეპარატი და გაითვალისწინოს მისი კლინიკური ეფექტი.
თვალის მიკროცირკულაციის, ქსოვილთა ტროფიკის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია გამოვიყენოთ სისხლძარღვთა გამაფართოებლები - მილდრონატი ან რიპრონატი, ასევე - ვიტამინები, სახელდობრ, მოცვის პრეპარატები, რომლებიც ქართულ სააფთიაქო ბაზარზე უხვად არის (ჩერნიკა ფორტე, დიფრარელი E, ჩერნიკა მიკი, ჩერნიკა ლუთეინით, სტრიქსი).
მოცვის ნაყოფში შემავალი ანტოციანები ასტიმულირებს პიგმენტ როდოფსინის სინთეზს, აუმჯობესებს თვალის კაპილარების განვლადობას, ხელს უწყობს რეგენერაციას, ამცირებს სისხლჩაქცევების წარმოშობის რისკს, აძლიერებს ანტიოქსიდანტურ ეფექტს.
როგორც აღვნიშნე, ბადურას პიგმენტური დისტროფია შეიძლება გართულდეს გლაუკომით. მეორეული გლაუკომით შეიძლება გართულდეს ასევე ბადურას ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ბადურას ჰიპერტონიული რეტინოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, ცენტრალური ვენის თრომბოზი. მიზანშეწონილია თვალის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება ულტრაიისფერი სხივებით დასხივებული სისხლის გამოყენებით - UFO ჰემოთერაპია, რომელიც აუმჯობესებს ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგებას, ააქტიურებს რეგენერაციას.
პიგმენტური დისტროფიების მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ჩიპის ჩანერგვა ბადურას ნეიროეპითელიუმის აქტივაციის მიზნით, თუმცა ის ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისი დანერგვა მომავლის საქმეა.
- რას ნიშნავს ბადურას ჩამოცლა?
- როდესაც ბადურას ჩამოცლაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ ბადურას პიგმენტური ეპითელიუმიდან ნეიროეპითელის აშრევებას, რაც იწვევს ბადურას კვებისა და ფუნქციის მოშლას, საბოლოოდ კი მხედველობის დაკარგვას.
განასხვავებენ ბადურას რამდენიმე ტიპის ჩამოცლას: პირველადს, დისტროფიულს ანუ იდიოპათიურს, ტრავმულს და მეორეულს. პირველადი ჩამოცლა ვითარდება ბადურას გახლეჩით, ტრავმული თვალის კაკლის ტრავმის, კონტუზიის ან შემღწევი ჭრილობის შედეგია.
მეორეული ჩამოცლა უვეიტის, რეტინიტის, სიმსივნის, სუბრეტინული ცისტიცერკის, ჰიპერტონიული და დიაბეტური პროლიფერაციული რეტინოპათიის, ცენტრალური ვენის თრომბოზის გართულება გახლავთ.
ბადურას ჩამოცლის აუცილებელი პირობაა გახლეჩა. ბადურას დეგენერაციული, კისტოზური უბნები ადვილად იგლიჯება ტრავმის ან ფიზიკური დაძაბვის შედეგად. გახლეჩილი ადგილის ქვეშ იჟონება მინისებური სხეული. გახლეჩა ხდება უპირატესად ეკვატორთან, ზედა გარეთა კვადრატში, დაკბილულ ხაზთან მოგლეჯა კი ქვედა გარეთა კვადრატში ლოკალიზდება.
- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ბადურას ჩამოცლა?
- ბადურას ჩამოცლის პროდრომულ პერიოდში ავადმყოფი უჩივის:
- ფოტოფსიებს (მოციმციმე ლაქებს, ნაპერწკლებს);
- მეტამორფოფსიებს (საგნის დამახინჯებულ აღქმას);
- ჭვარტლისებრ წერტილოვან შემღვრევებს მინისებურ სხეულში.
ბადურას ჩამოცლის მომენტში ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს თვალწინ ფარდა ჩამოაფარეს.
- როგორ ხდება ბადურას ჩამოცლის დიაგნოსტიკა?
- დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ოფთალმოსკოპიას, გოლდმანის ლინზას და ბიომიკროსკოპს, ასევე ტარდება ექოსკანირებული გამოკვლევა.
- როგორ მკურნალობენ ბადურას ჩამოცლას?
- უმთავრესად - ოპერაციული მეთოდით.
- როგორია პროგნოზი?
- ადრეული ოპერაციული ჩარევა საწინდარია იმისა, რომ თვალის ფუნქციური და ანატომიური მთლიანობა აღდგება; რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაციული მკურნალობა, მით უკეთესია პროგნოზი.
- ბადურას რომელი პათოლოგიებია გავრცელებული ყველაზე მეტად?
- საკმაოდ ხშირად გვხვდება ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა:
- ცენტრალური სეროზული ქორიორეტინიტი;
- პერიფლებიტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზმა, ტოქსოპლაზმოზმა, ვირუსულმა ინფექციებმა და სხვა;
- ბადურას არტერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა;
- ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზი;
- ჰიპერტონიული რეტინოპათია;
- დიაბეტური რეტინოპათია.
- როგორ ვლინდება დიაბეტური რეტინოპათია, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პათოლოგიური პროცესი არ გამოგვეპაროს?
- რაც უფრო რთულად მიმდინარეობს შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მძიმეა ბადურაზე განვითარებული პათოლოგიური პროცესი. დიაბეტური რეტინოპათიის დროს პაციენტი უჩივის:
- მხედველობის დაქვეითებას;
- ჰემერალოპიას (ბინდში ხედვის გაძნელებას);
- მეტამორფოფსიებს (საგნის დამახინჯებულ აღქმას);
- თვალების დანისვლას.
ამ დროს ოფთალმოსკოპია აჩვენებს, რომ ბადურას ცენტრი შეშუპებულია, სისხლძარღვის კედლის გამავლობის მომატების გამო ვითარდება თეთრი, ბამბისქულისებრი ექსუდაციური კერები, მიკროანევრიზმები, წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევები სისხლძარღვთა გასწვრივ. დაავადება შეიძლება გართულდეს მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევებით, კატარაქტით, კერატოპათიით, ნეოვასკულური გლაუკომით.
- რა სახის კვლევები უნდა ჩატარდეს ამ დროს?
- დიაგნოსტიკისთვის ტარდება თვალის ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, ოფთალმოსკოპია, ექოსკანირება და სხვა.
- როგორ მკურნალობენ?
- საჭიროა ენდოკრინოლოგთან მისვლა, სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება. აუცილებელია სისხლძარღვოვანი პრეპარატების, ვიტამინების მიღება. რთული დიაბეტური პროლიფერაციის დროს ტარდება ავასტინის (ბევაკუზამიბის) ინექცია თვეში 1-ხელ (საშუალოდ 4-5 ინექცია ექსუდაციური ფორმის დროს), ნეოვასკულარიზაციის დროს კი შემოფარგლული ლაზერფოტოკოაგულაცია.
- როგორია პროგნოზი?
- დროული მკურნალობა დადებითი შედეგის საწინდარია.
- რამდენად საშიშია ბადურასთვის არტერიული ჰიპერტენზია და რა სახის დაზიანება ხდება ამ დროს?
- არტერიული ჰიპერტენზია არღვევს ბადურას მიკროცირკულაციას. ვითარდება არტერიების ლოკალური სპაზმი, ვენების შეგუბება, ზიანდება სისხლძარღვის კედელი, ჩნდება წვრილი და მსხვილი სისხლჩაქცევები. სკლეროზული არტერია გადაჯვარედინების ადგილას აწვება ვენას და შეშუპებულ ბადურაში იმალება. ვითარდება ჰიპერტონიული რეტინოპათია.
ავადმყოფი უჩივის:
- მხედველობის დაქვეითებას;
- ფოტოფსიებს;
- მეტამორფოფსიებს;
მინისებურ სხეულში შავი ლაქები შეინიშნება.
- როგორ მკურნალობენ?
- ამ მდგომარეობის მკურნალობა გულისხმობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას, თერაპევტის კონსულტაციას, სისხლის რეოლოგიური სურათის მოწესრიგებას, კოაგულოგრამის ნორმალიზებას, ვიტამინების, სისხლძარღვოვანი პრეპარატების გამოყენებას. რთული ჰიპერტონიული რეტინოპათიის დროსაც კეთდება ავასტინის ინექცია, ტარდება ლაზერფოტოკოაგულაცია.
- რა არის მაკულოდისტროფია?
- მაკულოდისტროფია იმ პათოლოგიური ცვლილებების შედეგია, რომლებიც ბადურას ცენტრალურ ნაწილში, სახელდობრ, მაკულის არეში ხდება. მაკულოდისტროფიის მიზეზია პიგმენტურ ეპითელიუმში, ბრუხის მემბრანაში (თხელი მემბრანა, მოთავსებული ქოროიდეასა და ბადურას პიგმენტურ ეპითელიუმს შორის), ქორიოკაპილარებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ჩხირებისა და კოლბების დისტროფიული ცვლილებები. მაკულოდისტროფიის დროს ავადმყოფი უჩივის ცენტრალური მხედველობის დაქვეთებას, ფოტოფსიებს, მეტამორფოფსიებს. განასხვავებენ ამ დაავადების ექსუდაციურ და არაექსუდაციურ ფორმებს.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- არსებობს მარტივი მეთოდი, რომლითაც ტარდება პირველადი პაციენტების რეგულარული მონიტორინგი: ამსლერის ბადე - მაკულის დაზიანების დროს პაციენტს სწორი ხაზები მრუდედ ეჩვენება.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება ოფთალმოსკოპია, თვალის ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, მაკულარული არის შრეობრივი გამოკვლევა ოსიტზე.
- როგორ მკურნალობენ?
- მაკულოდისტროფიის მედიკამენტური მკურნალობა ტარდება ვიტამინებით (სახელდობრ, მოცვის პრეპარატებით, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ), სისხლძარღვთა გამაფართობელი მედიკამენტებით. ექსუდაციური მაკულოდისტროფიის დროს კეთდება ავასტინის (ბევაკუზამიბის) ინექცია, ტარდება შემოფარგლული ლაზერფოტოკოაგულაცია.
- რას გვირჩევთ ბადურას დაავადებების პრევენციისთვის?
- როგორც კი შეამჩნევთ მხედველობის დაქვეითებას, თუნდაც უმნიშვნელოს, საზოგადოდ, დისკომფორტს ხედვისას, მაშინვე მიმართეთ ოფთალმოლოგს. დაავადების ადრეული გამოვლენა ეფექტიანი მკურნალობის ერთ-ერთი პირობაა.