შაქრიანი დიაბეტის ოფთალმოლოგიური გართულებები

დიაბეტის დროს თვალის დაზიანების პრობლემის სიმძიმეს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები 25-ჯერ უფრო ხშირად ბრმავდებიან, ვიდრე ის პირები, რომლებსაც დიაბეტი არ აქვთ. სიბრმავე, პირველ რიგში, პროგრესულ დიაბეტურ რეტინოპათიას და მაკულის ანუ ყვითელი ხალის კლინიკურად მნიშვნელოვან შეშუპებას უკავშირდება.
დიაბეტის დროს თვალის დაზიანება მოიცავს:
- დიაბეტურ რეტინოპათიას ანუ ბადურას სისხლძარღვთა დაზიანებას;
- კატარაქტას - ის დიაბეტიან პაციენტებს უფრო ადრე ემართებათ;
- გლაუკომას - დიაბეტის დროს გლაუკომის რისკი 2-ჯერ უფრო მაღალია.
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის ორ სტადიას - არაპროლიფერაციულს და პროლიფერაციულს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, ჩვეულებრივ, გვხვდება დაავადების პირველი ათწლეულის ბოლოს ან მეორე ათწლეულის ადრეულ სტადიაში. მას ახასიათებს ბადურას სისხლძარღვთა მიკროანევრიზმების არსებობა, სისხლჩაქცევები, ბამბისებრი ლაქები. საშუალო სიმძიმის არაპროლიფერაციული რეტინოპათია პროგრესირებს უფრო მეტად გამოხატულ დაავადებამდე, რომელსაც თან ახლავს ვენური სისხლძარღვების ყალიბის ცვლილება, ინტერსტიციული მიკროსისხლძარღვოვანი დარღვევები, უფრო მეტი მიკროანევრიზმა და სისხლჩაქცევა. პათოფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც განაპირობებს არაპროლიფერაციულ რეტინოპათიას, ასეთია: ბადურას პერიციტების კარგვა, ბადურას სისხლძარღვთა შეღწევადობის ზრდა, ბადურას სისხლის ნაკადის დაზიანება, ბადურას მიკროსისხლძარღვთა არანორმალური მდგომარეობა. ეს ყოველივე იწვევს ბადურას იშემიას - სისხლმომარაგების უკმარისობას.
იშემიისა და ჰიპოქსიის საპასუხოდ ვითარდება ახალი სისხლძარღვები, რაც უკვე პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომია. ახალწარმოქმნილი სისხლძარღვები მდებარეობს მხედველობის ნერვის ან ყვითელი ხალის ახლოს და ადვილად ზიანდება, სკდება, რასაც მოჰყვება სისხლჩაქცევა, ფიბროზი და საბოლოოდ - ბადურას აშრევება.
პროლიფერაციული რეტინოპათია არ ემართება ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს არაპროლიფერაციული რეტინოპათია, თუმცა რაც უფრო მძიმეა არაპროლიფერაციული რეტინოპათია, მით უფრო დიდია 5 წლის განმავლობაში პროლიფერაციული რეტინოპათიის ჩამოყალიბების რისკი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის მნიშვნელობას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ყვითელი ხალის შეშუპება ჯერ კიდევ არაპროლიფერაციული რეტინოპათიის დროს გვხვდება. მას ავლენს ანგიოგრაფია ფლუორესცენციით. ყვითელი ხალის შეშუპებისას დაახლოებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში მხედველობის საშუალო ხარისხით დაქვეითების შანსი 25 %-ია. ხანგრძლივი დიაბეტი ან გლიკემიის ანუ სისხლში გლუკოზის შემცველობის არასათანადო კონტროლი არის დიაბეტური რეტინოპათიის აღმოცენების უმთავრესი წინაპირობა. მნიშვნელოვანი რისკფაქტორია არტერიული ჰიპერტენზიაც.
არაპროლიფერაციული რეტინოპათია აღენიშნება თითქმის ყველას, ვისაც 20 წელზე მეტი ხანგრძლივობის დიაბეტი აქვს. I ტიპის დიაბეტის დროს დაავადების ასეთი ხანგრძლივობის შემთხვევაში ამ სახის რეტინოპათიის სიხშირე 5 წლის განმავლობაში 25%-ია, ხოლო 15 წლის განმავლობაში - 80%. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გენეტიკური განწყობა რეტინოპათიის მიმართ, ის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობასთან ან გლიკემიის კონტროლის ხარისხთან შედარებით.