როგორ ხედავს მომავალი დედა

რასაკვირველია, მხედველობის ორგანოზეც აისახება. თუ უკვე ელოდებით პაწიას ან ბავშვის გაჩენას გეგმავთ, ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია, რადგან ორსულობის დროს იმატებს დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამ დროს ყალიბდება პლაცენტური სისხლის მიმოქცევა, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის მომარაგებას. ამის გამო ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, გულის შეკუმშვების სიხშირე, სისხლის არტერიული, ვენური და თვალშიგა წნევა. ყველაზე დიდი დატვირთვა თვალს მშობიარობის დროს, ჭინთვების გამო ადგება. ამ დროს საგრძნობლად იმატებს სისხლის არტერიული და თვალშიგა წნევა. სისხლძარღვოვანი ცვლილებები ხშირად იწვევს თვალწინ წერტილების გაჩენას.
ვარ 8 კვირის ორსული. ბავშვობიდან მაქვს მიოპია. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვეჩვენო ორსულობის დროს თვალის ექიმს?
რა ხდება გაურთულებელი ორსულობის დროს?
გაურთულებელი ორსულობის დროს, როგორც წესი, ამ ცვლილებებს ორგანულ ცვლილებებამდე, ბადურა გარსში სისხლჩაქცევების გაჩენამდე და, მით უმეტეს, მის აშრევებამდე არ მივყავართ, მაგრამ ოფთალმოლოგის კონსულტაცია მაინც საჭიროა. თუ ორსულს მხედველობის პრობლემები აღმოაჩნდა, მშობიარობისთვის განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოემზადოს. თვალების მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორსულთა ტოქსიკოზმა და ორსულობის სხვა გართულებებმა. ამ დროს მთავარი ბადურას მდგომარეობაა. მოსალოდნელია მისი დისტროფია, ნახეთქების გაჩენა, აშრევება.
თუ ბადურა თხელია და გაწელილია, როგორც მიოპიის დროს, ნახეთქების გაჩენისა და აშრევების რისკი იმატებს, ამიტომ თანამედროვე მეანობაში მაღალი ხარისხის მიოპია (ზოგჯერ - საშუალო ხარისხისაც) საკეისრო კვეთის ჩვენებად განიხილება. გარდა ამისა, როდესაც მშობიარე არასწორად იჭინთება, თვალებზე დატვირთვა განსაკუთრებით იმატებს.
რა ქნას ორსულმა, რომელიც ლინზებს ატარებს?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქალები, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, ორსულობის დროს ზოგჯერ დისკომფორტს უჩივიან, ამიტომ ჯობს სათვალე გაიკეთონ, მშობიარობის შემდეგ კი ლინზებს დაუბრუნდნენ.
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულება?
ამისათვის აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს მხედველობის ორგანოს, განსაკუთრებით კი ბადურას მდგომარეობა. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, კონსულტაცია გავიაროთ ორსულობის მე-10-14 კვირას. გარდა ზოგადი გამოკვლევისა, აუცილებელია თვალის ფსკერის დათვალიერება გაგანიერებული გუგით. თუ გამოკვლევამ არავითარი გადახრა არ აჩვენა, განმეორებითი კვლევა უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ბოლოს - 32-36-ე კვირას.
ახლომხედველებს კი ოფთალმოლოგები ურჩევენ, ყოველთვიურად გაიარონ კონსულტაცია. დიაგნოსტიკის დროს განისაზღვრება არა მარტო რეფრაქციის ხარისხი, არამედ ბადურას მდგომარეობაც - ხომ არ არის მასზე დეგენერაციული ცვლილებები ან ნახეთქები. გარდა ამისა, ექიმები აუცილებლად ათვალიერებენ ბადურას ფსკერს და ზომავენ თვალშიგა წნევას.
როგორ ჩაივლის მშობიარობა?
ეს აღელვებს ყოველ ქალს, რომელსაც კი მხედველობის ესა თუ ის დარღვევა დაუდასტურდა. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ის, თუ როგორ ჩაივლის მშობიარობა, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: თვალის ფსკერისა და ბადურას მდგომარეობაზე, ქალის საერთო მდგომარეობაზე, ასაკზე და სხვა.
გახსოვდეთ, საკეისრო კვეთა ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის რისკი 12-ჯერ მეტია, ვიდრე მშობიარობის დროს, ამიტომ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, საკეისრო კვეთაც მკაცრი ჩვენებით ტარდება.
როდის ტარდება საკეისრო კვეთა?
საკეისრო კვეთა ტარდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია ან საფრთხეს უქადის დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ჩვენებაა ბადურას დისტროფიული ცვლილებები. თუ ქალი ახლომხედველია ან თვალის ფსკერზე ცვლილებები აქვს, მშობიარობის დროს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ბადურას აშრევების რისკი იმატებს. თუ მიოპიას გართულებებიც ახლავს თან, მაგალითად, ბადურას დეგენერაციული ცვლილებები, რისკის გაწევა არ ღირს, ჯობს მაინც საკეისრო კვეთა ჩატარდეს.
მშობიარობა რეკომენდებული არც მაშინ არის, თუ ქალს თვალის ბადურა გარსზე ოპერაცია აქვს გადატანილი. თუმცა ბადურას მდგომარეობა ყოველთვის ახლომხედველობას არ უკავშირდება. ხშირად მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს ბადურა სტაბილურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მასზე არ შეინიშნება ნახეთქები, პროგრესირებადი დისტროფიული ცვლილებები. ხდება პირიქითაც - მსუბუქი ახლომხედველობის დროს, რომელიც არ აღემატება 1-3 დიოპტრს, თვალის ფსკერზე დისტროფიული კერები ჩნდება. მშობიარობის მეთოდის არჩევა უნდა მოხდეს ორსულობის ბოლოს, მეანსა და ოფთალმოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
თანამედროვე მედიცინაში ბადურას გავრცობილი დისტროფიული ცვლილებებისა და აშრევების რისკის დასაქვეითებლად პროფილაქტიკურ ლაზერულ კოაგულაციას მიმართავენ. ამ დროს ხდება ბადურას "მიდუღება" სუსტ ადგილებზე და ნახეთქების მიდამოში. ბადურას კოაგულაციის წერტილებში ხდება დანაწიბურება. ამის შედეგად ბადურა მჭიდროდ უკავშირდება სისხლძარღვთა გარსებს.