რატომ იმატებს თვალშიგა წნევა

როგორიც არის თვალშიგა წნევის მომატება, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამოვლინება გახლდეთ.
რა იწვევს თვალშიგა წნევის მომატებას? მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს კლინიკა "ნიუ-მედისა" და "რონიკოს" ოპტიკის ქსელის ექიმი ოფთალმოლოგი სოფო იმედაშვილი.
- სტატისტიკურად თვალშიგა ჰიპერტენზია უფრო მეტად ქალბატონებშია გამოხატული. თვალშიგა წნევა ანუ ოფთალმოჰიპერტენზია ("ოფთალმოს" - თვალი, ჰიპერტენზია - მაღალი წნევა) შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის დაავადებით ან ჰქონდეს სიმპტომური ხასიათი ანუ იყოს სხვა, მაგალითად, ენდოკრინული სისტემის დაავადების - თირეოტოქსიკოზის, ჰიპოთირეოზის - შედეგი. იგი ზოგჯერ ვითარდება ჰორმონული პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების ან ატროპინის შემცველი პრეპარატის მიღების ფონზე.
თვალშიგა წნევამ შეიძლება კლიმაქსური პერიოდის პათოლოგიური გართულების პერიოდშიც მოიმატოს.
წნევის მომატების მიზეზეზი შეიძლება იყოს ნერვული აღგზნებადობა, წყლის ჭარბი მიღება, ფიზიკური დატვირთვა, როდესაც ადამიანი თავდახრილი ვარჯიშობს თუ მუშაობს.
თვალშიგა წნევის ნორმალური მაჩვენებელი ვერცხლისწყლის სვეტის 21-22 მმ-ია. თუ ამ მაჩვენებელმა 23-24 მმ-მდე მოიმატა, პაციენტს უკვე გასაკონტროლებლად, გადასამოწმებლად და დასაკვირვებლად ვიბარებთ.
რაც შეეხება თვალის დაავადებებს, ყველაზე ხშირად თვალშიგა წნევა გლაუკომის დროს იმატებს. აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: გლაუკომის დროს მიზანშეწონილი არ არის ჰალსტუხის დიდხანს ტარება - ყელზე კვანძის მოჭერის გამო სისხლის ნორმალური ცირკულაცია ირღვევა, რაც პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს. როგორ დავადგინოთ, მომატებულია თუ არა თვალშიგა წნევა?
როდესაც ადამიანი უჩივის ღებინების შეგრძნებას, თავის ტკივილს, თვალების ტკივილსა და თვალებში სიმძიმის შეგრძნებას, წითელი თვალის სინდრომს, ბუნდოვან ხედვას, ხედვის დროს თვალწინ მრგვალი ფიგურების აღმოჩენას, ზოგჯერ კი თვალწინ ნაპერწკლებსაც ხედავს, განსაკუთრებით - ღამით, თვალშიგა წნევის მომატება უნდა ვიეჭვოთ.
თვალშიგა წნევის გაზომვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგალითად, კონტაქტური. ამ დროს წნევის გაზომვა მაკლაკოვის ტონომეტრით ხდება. რქოვანაზე იდება სპეციალური საღებავით შეღებილი გირი და მისი და სახაზავის მეშვეობით ხდება წნევის მაჩვენებლის დადგენა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მეთოდი, რომელსაც თითქმის ყველა იყენებს.
არსებობს წნევის გაზომვის უკონტაქტო მეთოდიც. ამ დროს თანამედროვე ტონომეტრი უშუალოდ ქუთუთოზე იდება. როდესაც არ არის არც ერთი ზემოთ აღნიშნული მეთოდით წნევის გაზომვის საშუალება, გამოცდილი სპეციალისტი შეიძლება პალპაციითაც მიხვდეს, მომატებულია თუ არა თვალშიგა წნევა. საქმე ის არის, რომ თვალშიგა წნევის მომატებისას, განსაკუთრებით - დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, თვალის კაკლები ქვასავით გამაგრებული და მტკივნეულია.
გლაუკომის დიაგნოზის დადგენა უცბად არ ხდება. აუცილებელია, საქმეში ჩავრთოთ მხედველობის ველის გამოკვლევა, ბიომიკროსკოპია და თვალის ფსკერის დათვალიერება. ამ დაავადების დროს ყალიბდება სიმპტომთა ტრიადა: მხედველობის ნერვის სრული ან ნაწილობრივი ატროფია, მხედველობის ველის შევიწროება და მომატებული თვალშიგა წნევა.
გლაუკომა რთული დაავადებაა და ექიმისა და პაციენტისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. აქვე აღვნიშნავ, რომ გლაუკომის დროს გენეტიკურ ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გლაუკომის მიმართ არსებობს გენეტიკური განწყობა. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები, ნათესავები გლაუკომით იყვნენ ავად, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევა.
თუ პაციენტი არაფერს უჩივის და მომატებული თვალშიგა წნევა შემთხვევით აღმოაჩნდა, აუცილებელია მასზე დაკვირვება. წნევის გაზომვისას დიდი მნიშვნელობა აქვს დღის მონაკვეთს, რადგან დღის განმავლობაში თვალშიგა წნევა რამდენიმეჯერ იცვლება. დაკვირვების პერიოდში ჯობს წნევა ერთსა და იმავე დროს გაიზომოს.