გადაღლილი თვალის სინდრომი - ასტენოპია
ასთენოპია ბავშვებსა და მოზრდილებში დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური პრობლემაა, რაც გადამეტებული დროის გაჯეტებთან გატარების შედეგად ვლინდება.
მნიშვნელოვანია ექიმი ოფთლმოლოგის რეკომენდაციების დაცვა, რათა შევამსუბუქოთ თვალის დაღლილობის სინდრომი, რასაც ხშირად თან ახლავს მშრალი თვალის, წითელი თვალის სინდრომი.
ბუნდოვანი გამოსახულება, პერიოდულად საგნების გაორება, არასწორად ფოკუსირება საგნების დეტალებზე როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე - ასეთი ჩივილების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგის კაბინეტს, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
დაღლილობა ყოველთვის არ მიუთითებს თვალის დაავადებაზე ან მხედველობის დაქვეითებაზე. მონიტორთან ან წიგნთან ხანგრძლივი, ინტენსიური მუშაობის შედეგად ადამიანი განიცდის ასთენოპიის სიმპტომებს.
ასთენოპიის მიზეზები შეიძლება იყოს ვიზუალური ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ მაღალ კონცენტრაციას. ხანგრძლივი დატვირთვა ეკრანთან იწვევს თვალის კუნთების სპაზმს ვიზუალურ პროცესში (აკომოდაციურ სპაზმს).
ასევე დიდ როლს თამაშობს განათება. არასწორი განათების დროს თვალი სწრაფად იღლება - შენელებულია დახამხამების სიხშირე, რასაც თან ახლავს თვალის სიმშრალე.
რეფრაქციული დარღვევები - მიოპია, პრესბიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიმზი - ამძაფრებს თვალის დაღლილობას.
ზოგადად, ასთენოპიის სიმპტომები მრავალფეროვანია: თვალის დაღლილობა, წვა და ტკივილი თვალებში, გამოსახულების ბუნდოვანება, გაორება (დიპლოპია), თავის ტკივილი, თვალის სიმშრალე, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შერძნება, კისრის არეში ტკივილი, ფოტოფობია (გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის მიმართ) - ამ ნიშნებიდან ბევრი დამახასიათებელია თვალის დაავადებების, ასტიგმატიზმის, ჰიპერმეტროპიის ან მიოპიისთვის. რეალური მიზეზის დასადგენად სჯობს, მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს საკონსულტაციოდ, რათა მოხდეს დიაგნოზის იდენტიფიცირება.
რა რჩევები შეიძლება გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ ყოველდღიურად უწევს მხედველობითი დატვირთვა.
თანამედროვე სამყაროში მხედველობის დატვირთვის შემცირება შეუძლებელია – გაჯეტების გარეშე მუშაობა, სწავლის პროცესი, გართობა წარმოუდგენელია. არ უნდა შეეგუოთ დაღლილობას, მით უმეტეს, რომ სტრესის მოხსნა საკმაოდ მარტივია. აქ არის რამდენიმე "რეცეპტი" ყველასთვის ხელმისაწვდომი:
Მასაჟი - მსუბუქი წრიული მოძრაობები ქუთუთოების ირგვლივ და წარბების ზემოთ 40 წამის განმავლობაში ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს კუნთებს. მსუბუქი თვალის ვარჯიში (შორს და ახლო ობიექტზე ხედვის მონაცვლეობა) რომელიც ავარჯიშებს თვალის კუნთებს.
გრილი წყალი ხსნის შეშუპებას, დაძაბულობას და დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
გვირილის ჩაის, კიტრისგან დამზადებული კომპრესები ამცირებს შეშუპებას, ხსნის გაღიზიანებას და ეხმარება კუნთებს მოდუნებაში.
განათებას ასევე დიდი მნიშნვნელობა აქვს. შეეცადეთ ტელევიზორთან, მონიტორთან, ტელეფონთან ან პლანშეტთან საშუალო განათების პირობებში იმუშაოთ.
აუცილებელია, ყოველ ერთ საათში შესვენება 10-15 წუთი და შესვენების დროს თვალების დახუჭვა მოსვენებულ მდგომარეობაში. დღის მანილზე წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, 7-8 საათიანი უწყვეტი ძილი, სწორად შერჩეული დამატენიანებელი თვალის წვეთების ხანგრძლივად გამოყენება და შესაბამისი დამცავი სათვალის მოხმარება ეკრანთან მუშაობის დროს .