რაც უფრო მეტად მწიფდება კატარაქტა, მით უფრო მეტია ჩივილებიც - დაავადების კლინიკური გამოვლინება

- როგორია კატარაქტის კლინიკური გამოვლინება?
- კატარაქტა სიმწიფის მიხედვით შეიძლება რამდენიმე სტადიად დავყოთ. კერძოდ, განასხვავებენ დაწყებით, არამწიფე, მწიფე და გადამწიფებულ კატარაქტას. დაავადების სტადიის შესაბამისად, ჩივილებიც განსხვავებულია. დაწყებითი კატარაქტის დროს პაციენტთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებასა და ბუნდოვანებას, საგნების მოყვითალოდ აღქმას.
დაავადების ამ სტადიაზე მხედველობა პრაქტიკულად არ ქვეითდება. უნდა ითქვას, რომ კატარაქტის აღნიშნული სტადიის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაგვარია და 2-დან 15 წლამდე მერყეობს.რაც უფრო მეტად მწიფდება კატარაქტა, მით უფრო მეტია ჩივილებიც, პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას, საგნებს ხედავენ ბურუსით მოცულს, სათვალე არ შველით, მომატებული აქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ. დროთა განმავლობაში გუგა იცვლის ფერს და ბაცდება. მწიფე კატარაქტის სტადიაში მხედველობა შესაძლოა ისე დაქვეითდეს, რომ პაციენტი სინათლესღა შეიგრძნობდეს.
- აღნიშნული ცვლილებები ორივე თვალს მოიცავს?
- დიახ, კატარაქტა ორმხრივი პროცესია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იდენტური ცვლილებები ორივე თვალში ერთდროულად არ ვითარდება - შესაძლოა, ერთ თვალში მწიფე კატარაქტა იყოს, ხოლო მეორეში - არამწიფე.
- რა იწვევს კატარაქტას? შეიძლება თუ არა, ეს დაავადება თვალის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიებმა განაპირობოს?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი კატარაქტა. სადღეისოდ ცნობილია, რომ 10 000-დან ერთ ახალშობილს თანდაყოლილი კატარაქტა აქვს. დაავადება შესაძლოა უკავშირდებოდეს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილ ინფექციურ დაავადებას, სტეროიდული ჰორმონების მიღებას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას.
შეძენილ კატარაქტას მრავალ ფაქტორთან აქვს კავშირი. ესენია გენეტიკა, ინტოქსიკაცია, ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც ვხვდებით შაქრიანი დიაბეტის, თირკმლისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, ავიტამინოზი, თვალის ტრავმა, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც მოგახსენეთ, ხანდაზმული ასაკიც.
სადღეისოდ ცნობილია კატარაქტის რისკფაქტორებიც. ესენი გახლავთ მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, მუქი ფერის კანი.