ჰაერგამტარი გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰაერგამტარი გზები

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ჰაერის ისეთი სახით მიღება და, მით უმეტეს, აირთა ცვლაში სრულფასოვანი გამოყენება, როგორიც გარემოშია. ამისთვის აუცილებელია, ჰაერს ისეთი თვისებები ჰქონდეს, რომ იგი ორგანიზმისთვის მაქსიმალურად მისაღები გახდეს. სწორედ ჰაერის საჭირო კონდიციამდე მიყვანას ემსახურება სასუნთქი სისტემის ჰაერგამტარი გზები, რომლებიც ჰაერს, ვიდრე იგი ფილტვებამდე მიაღწევდეს, წმენდს, ათბობს და განაიარაღებს. ამრიგად, ბრონქული ხე გარეგან სუნთქვას ახორციელებს. მისი მთავარი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის საჭირო კონდიციამდე დამუშავება და ფილტვებამდე ისეთი სახით მიტანაა, როგორიც შინაგან სუნთქვას სჭირდება.

ბრონქული ხე ჰაერგამტარი გზების ცენტრალური ნაწილია. მას დატოტვილი ხის ფორმა აქვს, რომლის ღეროსაც ტრაქეა-სასულე წარმოადგენს, ტოტები კი ბრონქებია. 8-13 სმ-მდე სიგრძის ტრაქეა გულმკერდის მეხუთე მალის დონეზე ორკაპდება და არათანაბარი დიამეტრისა და სიგრძის ორ - მარჯვენა და მარცხენა - პირვანდელ ბრონქს წარმოქმნის. მარჯვენა და მარცხენა პირვანდელი ბრონქები მანამდე იტოტებიან, ვიდრე ერთ მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის უმცირეს ბრონქებში - ბრონქიოლებში არ გადავლენ.

ბრონქიოლა ჰაერგამტარი გზების უკანასკნელი და ყველაზე წვრილი ელემენტია, რომელიც ძაბრისმაგვარი ბოლოებით უშუალოდ უკავშირდება ფილტვის ალვეოლებს. გარედან ბრონქული ხე ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით არის დაფარული. იგი მათ ფიქსაციაში მონაწილეობს და იმავდროულად შეიცავს სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებსა და ნერვებს, რომლებიც ბრონქებს თავიანთი ფუნქციის შესრულებაში ეხმარებიან.

ჰაერგამტარი გზების შუა შრე ხრტილოვანი და კუნთოვანი ქსოვილის ფენაა, რომელიც შედარებით უკეთ არის განვითარებული ტრაქეაში. რაც შეეხება ბრონქებს, მათი შუა კედელი ხრტილოვან ქსოვილს თითქმის არ შეიცავს, ის მთლიანად კუნთოვანქსოვილოვანია. შიგნითა შრე ყველაზე რთული აგებულებისაა და მრავალრიგიანი მოციმციმე ეპითელიუმითაა ამოფენილი.

მოციმციმე ეპითელიუმი

ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმი შედგება რამდენიმე სახის ფუნქციურად დიფერენცირებული უჯრედებისგან, რომლებიც ემსახურებიან ერთ ძირითად მიზანს - არ მოხვდეს ფილტვებში მტვერი ან უცხო აგენტი.

სეკრეტორული უჯრედები

მათ აქვთ ჯირკვლების მსგავსი თვისება, გამოიმუშავებენ ფერმენტებს, რომლებსაც სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო აგენტების დაშლა შეუძლია.

ენდოკრინული უჯრედები

სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მათაც სპეციალური სეკრეტის გამომუშავების უნარი შესწევთ. ენდოკრინული უჯრედები ორი სახისაა. ერთნი სეროზულ ნივთიერებას გამოიმუშავებენ, ხოლო მეორენი - ლორწოს.

უწამწამო უჯრედები

ისინი არაფერს გამოიმუშავებენ. მათ მგრძნობიარე, რეცეპტორული აპარატი აქვთ, რომლის დახმარებითაც ჩასუნთქულ ჰაერში შემავალი მავნე აგენტების დროული ამოცნობა შეუძლიათ და ამის თაობაზე ზემდგომ ინსტანციებს აცნობებენ, რათა მათ ბრონქისა თუ ბრონქიოლის სანათურის შესაბამისი ცვლილებით ხელი შეუშალონ მავნე აგენტის ფილტვებში მოხვედრას.

წამწამოვანი უჯრედები

წამწამოვანი უჯრედები უხვად არიან მიმოფანტულნი ბრონქების შიგნითა ზედაპირზე, მის ლორწოვან გარსზე, მუდმივად ირხევიან ტრაქეის მიმართულებით და ტალღისებური მოძრაობითა და ბრონქული სეკრეტის დახმარებით საკუთარი ზედაპირიდან ზედა სასუნთქი გზებისკენ გზავნიან უცხო სხეულებს, მიკრობებსა და მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც ბრონქებში ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება. წამწამებიანი უჯრედებით ბრონქული ხე ამოფენილია მთელ პერიმეტრზე, მსხვილი ბრონქებიდან დაწყებული ბრონქიოლებით დამთავრებული.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სასუნთქი სისტემის მფილტრავი სტრუქტურები ათასობით ტონა ჰაერს წმენდს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში რამდენი მტვერი და მიკრობი იყრის ბრონქულ ხეში თავს. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელ ორგანიზმს ეს სერიოზულ პრობლემას არ უქმნის.

მუკოცილიარული მექანიზმი

მოზრდილი ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 15-25 ათას ლიტრ ჰაერს ჩაისუნთქავს, რომლის გაწმენდა, გათბობა და განიარაღებაც სასუნთქ გზებში ხდება. ბუნებრივია ისმის კითხვა: როგორ სუფთავდება ჭუჭყის, მტვრისა და მიკრობებისგან თავად სასუნთქი გზების ფილტრი? ამისთვის არსებობს წმენდის სპეციალური მექანიზმი, რომელსაც მედიცინაში მუკოცილიარულ აპარატს უწოდებენ.

მუკოცილიარული ესკალატორი

მუკოცილიარული ესკალატორი მუკოცილიარული მექანიზმის ნაწილია, რომელზეც განუწყვეტლივ მოძრაობს სეროზული და ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ლორწო და ბრონქებიდან მტვერი და მიკრობები გარეთ გამოაქვს. სეროზული ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი შედარებით თხევადია, ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული კი გაცილებით სქელია და წებოვანი.

ლორწო ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია წამწამოვანი ეპითელიუმის ნორმალური მუშაობა. ბრონქული სეკრეტი სწორედ ამ თხევადი და წებოვანი მასების შერევით იქმნება. იგი მთლიანად ფარავს წამწამოვან უჯრედებს და ბრონქული ხის გაწმენდაში ეხმარება.

მუკოცილიარული ესკალატორის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, ბრონქულ სეკრეტში მკაცრად იყოს დაცული წებოვანი და თხევადი ფრაქციების ურთიერთშეფარდება. თუ ის ლორწოვანი ფაზის სასარგებლოდ შეიცვალა, სქელი სეკრეტის გამო წამწამები ერთმანეთს ეწებებიან და მათი მოძრაობის აქტიურობა მცირდება. თუ სეკრეტში თხევადი ფენა ჭარბობს, მისი თხიერი კონსისტენციის გამო მტვრის ნაწილაკები და მიკრობები წამწამებზე ვეღარ კავდება და მათი გამოდევნის პროცესი საერთოდ წყდება.

ბრონქული სეკრეტი, გარდა ფილტრისა, დაცვით ფუნქციასაც ასრულებს. მის შემადგენლობაში შემავალი მაღალმოლეკულური ნაერთები საიმედოდ იცავენ ლორწოვან გარსს მექანიკური და ქიმიური გამღიზიანებლებისგან. სეკრეტის ლორწოვანი ფენა შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს: ლაქტოფერინს, ლიზოციმს - ისინი ბაქტერიებს შლიან და ხელს უშლიან ინფექციურ პროცესთა განვითარებას - და ინტერფერონს, რომელსაც ანტივირუსული მოქმედება აქვს და ბრონქულ ხეს ვირუსებისგან იცავს.

ჰაერის ნაკადის რეგულაცია

მართალია, ჰაერის გაწმენდის მექანიზმი საკმაოდ მოწესრიგებულია, მაგრამ როდესაც ჰაერი ძლიერ არის დაბინძურებული, შესაძლოა, მუკოცილიარულმა ესკალატორმა მისი სრული გაწმენდა ვერ მოახერხოს. ასეთ დროს წმენდის პროცესში ერთვება კუნთოვანი შრე, რომელიც არეგულირებს ბრონქის სანათურის დიამეტრს და არეგულირებს ჰაერის ნაკადის დენას. კუნთოვანი შრის შეკუმშვა იწვევს ბრონქის სანათურის შევიწროებას - სპაზმს, რომელიც თავისი არსით დაცვითი რეაქციაა. იგი ნერვულ-რეფლექსური გზით ხორციელდება.

გამღიზიანებელი აღიზიანებს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვთა დაბოლოებებს. ცდომილი ნერვის საშუალებით ამის შესახებ ეცნობება სუნთქვის ცენტრს. ამ უკანასკნელიდან წამოსული იმპულსი ბრონქების კუნთოვან გარსში ათავისუფლებს მედიატორ აცეტილქოლინს, ეს უკანასკნელი კი ბრონქების გლუვ კუნთებს კუმშავს, რათა გამღიზიანებელი ორგანიზმში არ მოხვდეს. თუ გამღიზიანებელი ძლიერ აგრესიული ბუნებისაა (ასეთია, მაგალითად, ქიმიური ნივთიერებები: ნახშირორჟანგი, აზოტმჟავას ნაერთები, თამბაქოს კვამლი), გლუვკუნთოვანი შრე სპაზმთან ერთად ბრონქული სეკრეტის გამოყოფასაც ასტიმულირებს. სპაზმთან ერთად ჭარბი სეკრეტის გამოყოფა დისკომფორტს იწვევს, ართულებს სუნთქვას და იწვევს ხველას - მავნე აგენტის ამოხველების სურვილს.

როგორღა ხდება ბრონქული მუსკულატურის მოდუნება სპაზმის შემდგომ?

ბრონქოდილატაცია (ბრონქების გაფართოება) ორი გზით ხორციელდება. პირველია აცეტილქოლინის ინაქტივაცია მეორე ფერმენტით - ქოლინესთერაზით, რაც ხსნის ბრონქის შემავიწროებელ ეფექტს.

თუ აცეტილქოლინის რაოდენობა დიდია, ორგანიზმი იყენებს მეორე გზას: ჭარბი აცეტილქოლინი ასტიმულებს სისხლში ადრენალინის გადმოსროლას, ეს ნივთიერება კი ბრონქების გაფართოებას იწვევს.

ამრიგად, ბრონქების მოდუნების პირველი გზა ნერვულია, ხოლო მეორე - ჰუმორული. ბრონქული ხე თავის ფუნქციას განუწყვეტლივ ასრულებს, მაგრამ ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი აზიანებს ბრონქების კუნთოვან შრეს. შედეგად მისი ნერვული რეგულაცია ირღვევა, ვეღარ ხდება დაგროვილი ლორწოს დროული გამოყოფა, სულ უფრო მეტად რთულდება ჰაერის გატარება, გასუფთავება და ფილტვებში მისი ნაკადის რეგულაცია. ხშირდება დაცვითი დანიშნულების მქონე ბრონქოსპაზმი, რომელიც, იმავდროულად, უშედეგო ხდება და მეტიც - უკვე თავად უქმნის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს.