ბრონქიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქიტი

ეს სურათი თითქმის ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. ჩამოთვლილი სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში უკუვითარდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მკერდის ძვლის უკან უსიამოვნო შეგრძნება იჩენს თავს და ხველაც იწყება. ბრონქიტი - არცთუ იშვიათად ასეთია ექიმის "განაჩენი". ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს პროფესორი დავით გორდელაძე:

  • რა არის ბრონქიტი, რა იწვევს მას ან როგორია მკურნალობის თანამედროვე პრინციპები?

- ბრონქიტი ბრონქების ანთებითი დაავადებაა. მწვავე ბრონქიტი, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორების (უმეტესად - ვირუსების, ზოგჯერ - ბაქტერიების, სოკოების) ზემოქმედებით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების (აზოტის ჟანგის, გოგირდოვანი გაზის, ლაქის, საღებავის და ა.შ., მჟავების, ტუტეების, ტოქსიკური ნაერთების) ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამბაქოს კვამლის, მტვრის, აეროზოლის კომპონენტების) ზეგავლენის შედეგია. ბრონქული ხის ტერმინალური (საბოლოო) ნაწილების ანთებითი დაზიანება ბრონქიოლიტს იწვევს. ის უმეტესად ბავშვთა ასაკში ვლინდება. მწვავე ბრონქიტის შესახებ მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც დაავადების ნიშნების გამოვლინების ხანგრძლივობა 90 დღეს ანუ 3 თვეს არ აღემატება. თუ სიმპტომები უფრო მეტად გახანგრძლივდა, თვეებისა და წლების განმავლობაში გასტანა, ითვლება, რომ პაციენტს ქრონიკული ბრონქიტი აქვს. მისი მთავარი მიზეზი თამბაქოს წევაა. ზოგჯერ ბრონქების ქრონიკულ ანთებას თან ახლავს მასში ჰაერის ნაკადის შემცირება. ასეთ შემთხვევებში ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე ლაპარაკობენ.

  • როგორ ვლინდება მწვავე ბრონქიტი?

- მწვავე ბრონქიტის უმთავრესი ნიშანია ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, ხოლო შემდეგ მოყვითალო-მოთეთრო ან ყვითელი ფერის ნახველის გამოყოფით მიმდინარეობს. ნახველის წარმოქმნის მიზეზია ანთების გამო ბრონქებში სეკრეტის ჭარბი გამოყოფა. სეკრეტი რეგულარულად წარმოიქმნება ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის ბრონქებშიც, მაგრამ იმდენად მცირე ოდენობით, რომ მისი გამოყოფა ადამიანისთვის შეუმჩნევლად, ხველის გარეშე ხდება. მწვავე ბრონქიტის დროს ჭარბად წარმოქმნილი ლორწოს ოდენობა რამდენჯერმე იმატებს, იზრდება მისი სიბლანტეც. საპასუხოდ ვითარდება ხველა - ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცველობითი რეფლექსი. ბრონქიტის დროს ხველა ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ თავის ან გულმკერდისა და მუცლის კუნთების ტკივილს იწვევს. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, პაციენტს აწუხებს საერთო სისუსტე. მწვავე ბრონქიტს შესაძლოა თან ახლდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ყელის ტკივილი, ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება წიაღების (შუბლის, ზედა ყბის) არეში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ხშირია წვისა და ჩახეხვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რაც თანმხლებ ტრაქეიტს - ტრაქეის ანთებას ახასიათებს. სხეულის ტემპერატურა იმატებს 37-380C-მდე, მძიმე შემთხვევებში - უფრო მეტადაც.

  • როგორ მიმდინარეობს დაავადება?

- მწვავე ბრონქიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, მესამე-მეოთხე დღისთვის ჩაცხრება და მეშვიდე-მეათე დღისთვის გაივლის, თუმცა დაავადების წამყვანი ნიშანი, ხველა, შესაძლოა ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს. ხანგრძლივ ხველას მიზეზიც აქვს: ბრონქიტის დროს ინფექციური ან არაინფექციური ფაქტორების ზემოქმედებით ზიანდება ბრონქების ლორწოვანი გარსის უჯრედები, მათ აღსადგენად კი ორგანიზმს დრო სჭირდება. საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ მწვავე ბრონქიტის დროს პაციენტთა 75%-ს ხველა ორი კვირის შემდეგ აღარ აწუხებს. მწვავე ბრონქიტის დროს საკმაოდ ხშირად ვითარდება ბრონქების ჰიპერრეაქციულობა (ზემგრძნობელობა) გამღიზიანებელი ფაქტორების (ცივი ჰაერის, მძაფრი სუნის) მიმართ, რაც ბრონქების ხანმოკლე სპაზმს იწვევს. ამ შემთხვევაში პაციენტს საკუთარი სუნთქვა სტვენასავით ჩაესმის, ხშირად - ძლიერი ხველის ფონზე.

ჯანმრთელ პირებში სასუნთქი სისტემის მხრივ ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც არის სუნთქვის უკმარისობა ან პნევმონია (ფილტვების ანთება), ჩვეულებრივ, არ გვხვდება. მათი რისკი მაღალია მწეველ, ასაკოვან და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებს შორის. საკმაოდ მძიმედ: შემაწუხებელი ხველით, ქოშინით, ბრონქოსპაზმით - მიმდინარეობს ტოქსიკურ-ქიმიური გენეზის ბრონქიტი. ასევე სერიოზულია მტვრის ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქიტის კლინიკაც.

  • ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის შემდეგ ხანგრძლივ ხველას პაციენტები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. როდის არის ხველა საგანგაშო სიმპტომი, რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

- ექიმის კონსულტაცია აუცილებელია და ის არ უნდა გადავდოთ, თუ:

  1. ხველა იმდენად შემაწუხებელია, რომ არ გაძინებთ;
  2. ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის შემდეგ პაციენტს ხველა და მსტვენი ხიხინის შეგრძნება 2 კვირაზე მეტხანს აწუხებს;
  3. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება ღამით და/ან მოსვენებისას;
  4. ხველის ხანგრძლივობა 2 კვირას აღემატება და დილით, საწოლიდან ადგომისას ხველას დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა მოსდევს;
  5. ხველასთან ერთად აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში არ ქვეითდება და ძლიერი საერთო სისუსტე;
  6. გამოიყოფა სისხლიანი ნახველი;
  7. ხველასთან ერთად გამოხატულია 37-380C-მდე ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები, წონის კლება;
  8. წოლისას ვითარდება სუნთქვის გაძნელება - ქოშინი;
  9. "ბრონქიტი" მეტისმეტად ხშირად მეორდება.

ჩამოთვლილ შემთხვევებში დიდია ალბათობა, ხველის მიზეზი არა მწვავე ბრონქიტი, არამედ სასუნთქი სისტემის სრულიად განსხვავებული დაავადება იყოს. გარდა ამისა, თუ პაციენტი ასაკოვანია (65 წელზე მეტი ხნის), გულის ქრონიკული უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია პნევმონიის - ფილტვების ანთების - დიდი რისკის გამო.

როგორ ხდება მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტიკა?

- მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტიკა პაციენტის მიერ წარმოდგენილი სუბიექტური სიმპტომების - ჩივილებისა და ექიმის მიერ მისი ობიექტური გასინჯვით, კერძოდ ფილტვების აუსკულტაციით (მოსმენით) მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება. ზუსტი დიაგნოზის დადგენისთვის მნიშვნელოვანია გულმკერდის რენტგენოგრაფია და ნახველის ლაბორატორიული გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ სხვა დაავადებები, რომელთა ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი, მწვავე ბრონქიტის მსგავსად, ხველაა. ზოგ შემთხვევაში ბრონქული ასთმის ან ემფიზემის გამოსარიცხად შესაძლოა საჭირო გახდეს სპირომეტრიის ჩატარება.

  • როგორია მწვავე ბრონქიტის მკურნალობის პრინციპები?

- თანამედროვე შეხედულების თანახმად, ჯანმრთელი პირი, რომელსაც სასუნთქი სისტემის პათოლოგიის რისკი არ აღენიშნება, რამდენიმე დღის ან ერთი კვირის შემდეგ მწვავე ბრონქიტისგან შეიძლება თვითონვე განიკურნოს. ამისთვის საკმარისია ბინის რეჟიმი ოთახში ჰაერის სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში და საკმარისი ოდენობის სითხის მიღება, ოღონდ სითხე კოფეინით მდიდარი არ უნდა იყოს. მაგალითად, აკრძალულია მეტისმეტად მუქი ჩაი, მაგარი ყავა ან კოკა-კოლა. მიზანშეწონილია ხილის წვენი, უგაზო მინერალური ან უბრალო წყალი. თუ პაციენტი მწეველია, მწვავე ბრონქიტით დაავადებისას აუცილებელია სიგარეტის წევას მკვეთრად უკლოს.

ამჟამად მწვავე ბრონქიტი უმთავრესად ვირუსული გენეზის პათოლოგიად ითვლება, ამიტომ ამ დროს ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებული არ არის - ისინი გამოჯანმრთელებას ვერ დააჩქარებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკების დანიშვნა აუცილებელია. მაგალითად, მაშინ, როდესაც ვვარაუდობთ, რომ მწვავე ბრონქიტი ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული.

ანტიბაქტერიული მკურნალობა მიზანშეწონილია მაშინაც, როდესაც პაციენტს ფილტვის ან/და გულის ქრონიკული დაავადება აქვს. მითითებული ღონისძიებების გარდა, ტემპერატურისა და ანთებითი მოვლენების შესამცირებლად ნაჩვენებია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება. შემაწუხებელი მშრალი ხველისას გამოიყენება ხველის დამთრგუნველი პრეპარატები, ხოლო ნახველის არსებობისას – ამოსახველებელი საშუალებები, რომლებიც ამცირებს ნახველის სეკრეციას და ხელს უწყობს მის გათხიერებას.

ბრონქოსპაზმის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბრონქოდილატატორების (ბრონქების გამაფართოებლების) მიღება. უპირატესობა ენიჭება მათ ადგილობრივ გამოყენებას ინჰალატორის მეშვეობით, რომელსაც მედიკამენტი უშუალოდ სასუნთქ გზებში შეჰყავს. პაციენტები, რომელთაც ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი აქვთ, კარგად იცნობენ ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგო პრეპარატების ამ ფორმას.

  • შესაძლებელია თუ არა მწვავე ბრონქიტის თავიდან აცილება?

- მწვავე ბრონქიტის დროს, ისევე როგორც დაავადებათა უმრავლესობის შემთხვევაში, პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობა უდავოა. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის დაცვა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თამბაქოს წევის შეწყვეტა და პასიური მწეველობის თავიდან აცილება, სუფთა ჰაერი, საწარმოო მტვერთან კონტაქტისას სპეციალური დამცავი რესპირატორების ტარება ის ღონისძიებებია, რომელთა მეშვეობითაც მწვავე ბრონქიტით დაავადების რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს.

  • რა პათოლოგიაა ქრონიკული ბრონქიტი და როდის უნდა ვივარაუდოთ მისი არსებობა?

- მწვავე ბრონქიტისგან განსხვავებით, ქრონიკული ბრონქიტი არის დაავადება, რომელიც ბრონქებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ბრონქების ლორწოვანის ანთება, რომელიც მიკროსკოპიული კვლევისას ვლინდება, მუდმივ ხასიათს იღებს, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სქელი სეკრეტი, რომელიც ავიწროებს ბრონქების სანათურს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეორეული ინფექციის თანდართვისთვის. დაავადების მთავარი სიმპტომებია ქოშინი და მუდმივი ხველა, რომლის დროსაც ნახველი გამოიყოფა. ჩვეულებრივ, ქრონიკული ბრონქიტის არსებობაზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც პაციენტს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, წელიწადში სამი თვის მანძილზე მაინც, აწუხებს ხველა ნახველის გამოყოფით, მაგრამ ამ სიმპტომის სხვა მიზეზი - მაგალითად, ტუბერკულოზი, ფილტვის სიმსივნე - არ აღენიშნება.

  • რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს?

- ქრონიკული ბრონქიტის წამყვან და უმთავრეს მიზეზად თამბაქოს წევა მიიჩნევა. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ქრონიკული მწეველების უმეტესობას ხველა და ნახველის გამოყოფა მუდმივად აღენიშნება, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ მწეველისთვის ხველის მეშვეობით ბრონქების გაწმენდა ჩვეულებრივი მოვლენაა. მსგავსი შეხედულება საფუძველს მოკლებულია. ასეთი ადამიანი ჯანმრთელად ვერ ჩაითვლება. ქრონიკული ბრონქიტის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე ქიმიური ნივთიერებების, მტვრის, დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება.

  • კვლევის რომელ მეთოდებს იყენებენ დაავადების დიაგნოსტიკისთვის?

- უპირველეს ყოვლისა, პაციენტთან გასაუბრებისას გამოავლენენ დაავადების სიმპტომებსა და მის გამომწვევ ფაქტორებს. დეტალური გამოკითხვით ირკვევა, აქვს თუ არა პაციენტს ხველა ნახველის გამოყოფით, ხომ არ აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, არის თუ არა მწეველი (თუნდაც პასიური, ანუ რეგულარულად ხომ არ უწევს მწეველთა შორის ყოფნა). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თამბაქოს წევის ხანგრძლივობასა და ყოველდღიურად მოწეული ღერების რაოდენობას, სამუშაო გარემოს და ა. შ. ექიმი მნიშვნელოვან მონაცემებს იღებს პაციენტის გასინჯვისას. საბოლოო დიაგნოზის დასადგენად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, ნახველის გამოკვლევა, ხდება ფილტვის ფუნქციის შესწავლა სპირომეტრიის მეშვეობით.

  • რამდენად ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტის მედიკამენტური მკურნალობა? შედეგიანია თუ არა ანტიბიოტიკების გამოყენება ქრონიკული ბრონქიტის დროს?

- ქრონიკული ბრონქიტის დროს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია ბრონქოდილატატორების მეშვეობით. ეს პრეპარატები ხსნის ბრონქების შევიწროებას, რის შედეგადაც ავადმყოფს სუნთქვა უადვილდება. მწვავე ბრონქიტის მსგავსად, უპირატესობა ამ შემთხვევაშიც საინჰალაციო ფორმებს ენიჭება. ანტიბიოტიკები ქრონიკული ბრონქიტის დროს სასუნთქ გზებში აღმოცენებულ ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ ახდენს. მათი გამოყენება საჭიროა ინფექციური პროცესის თანდართვისას, დაავადების გამწვავებისას, როდესაც ხველა ძლიერდება, ნახველის რაოდენობა იმატებს და სეკრეტი ფერს იცვლის, აღინიშნება ტემპერატურული რეაქცია, ანთებისთვის დამახასიათებელი ცლილებები სისხლში – ლეიკოციტების რაოდენობისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება.

აქვე დავძენთ, რომ ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს ფილტვების ანთების დიდი ალბათობა აქვთ, ამიტომ ზემოთ აღწერილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა. ქრონიკული ანთებითი პროცესით დაზიანებული ფილტვი ორგანიზმს სათანადო ოდენობის ჟანგბადით ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, გარდა მედიკამენტებისა, რეკომენდებულია ჟანგბადის ინჰალაცია, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას.

  • შეიძლება თუ არა, პაციენტმა განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებით მდგომარეობა გაიუმჯობესოს?

- განსაზღვრული წესების დაცვით ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულს უდავოდ შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეწყვიტოს თამბაქოს წევა, რის შედეგადაც მცირდება ხველა, იკლებს ქოშინი, ამავე დროს მცირდება ფილტვების კიბოს რისკი. მნიშვნელოვანია სასუთქი გზების გამღიზიანებლების (ირიტანტების) ზემოქმედების თავიდან აცილება. ამ მიზნით პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს აეროზოლიანი სუნამოები და დეზოდორები, თმის ლაქი, ერიდოს მტვერთან, ქიმიურ და მძაფრსუნიან ნივთიერებებთან (აცეტონი, ფრჩხილების ლაქი), საღებავებთან კონტაქტს, ხოლო აუცილებლობისას გამოიყენოს დამცავი რესპირატორი.

მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც სუნთქვაში მონაწილე კუნთების გაძლიერებას უწყობს ხელს. ვარჯიში მინიმალური დატვირთვით უნდა დავიწყოთ. მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშის როლიც. მათ შორის უმარტივესი საკმაოდ ადვილი შესასრულებელია - პაციენტმა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს ცხვირით, შემდეგ კი ტუჩები ერთმანეთს ოდნავ დააცილოს და ნელა, ხანგრძლივად ამოისუნთქოს პირით.

  • ზემოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ვახსენეთ. რა ახასიათებს აღნიშნულ პათოლოგიას?

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის სასუნთქი გზების სანათურის პერსისტული ანუ მუდმივად არსებული ობსტრუქცია, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იყოს შექცევადი და საინჰალაციო ტოქსინების, უფრო ხშირად კი თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული ანთებითი რეაქციის შედეგია. დაავადების განვითარება ზოგჯერ განსაზღვრული ნივთიერების, კერძოდ, A1 ანტიტრიფსინის გენეტიკურ ანუ მემკვიდრეობით უკმარისობას უკავშირდება. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გულისხმობს ერთდროულად ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ემფიზემის არსებობას. ამ ორი პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში მეტ-ნაკლები მასშტაბით ვლინდება. შესაბამისად, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების უპირატესად ბრონქიტულ ან ემფიზემურ ტიპთან.

ობსტრუქციულ ბრონქიტს, გარდა ჩვენ მიერ უკვე აღწერილი ბრონქიტის სიმპტომებისა, ახასიათებს ბრონქების ობსტრუქცია – ბრონქოსპაზმისა და ლორწოვანი გარსის გასქელების შედეგად სანათურის შევიწროება, დახშობა. ემფიზემა კი ფილტვის ალვეოლების კედლების შეუქცევადი დესტრუქციის (დაშლის) შედეგია, რაც ფილტვების ელასტიკურობას აქვეითებს და აირთა ცვლას აუარესებს. კლინიკური სურათი ბრონქიტისა და ემფიზემისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აერთიანებს. წამყვანი სიმპტომია ხველა ნახველით, რომელიც ცივ და ნესტიან ამინდში ძლიერდება. წლების განმავლობაში იგი მუდმივი ხდება. დაავადება პროგრესირებს, ვითარდება სუნთქვითი უკმარისობა და ფილტვისმიერი გული. პაციენტებს აღენიშნებათ ჭარბი წონა, ტუჩების სილურჯე, თითების ბოლო ფალანგები გამსხვილებულია.

დაავადების უპირატესად ემფიზემური ტიპისას წამყვანი ჩივილია სხვადასხვა ინტენსივობის (ფიზიკური დატვირთვისას ჰაერის უკმარისობის შეგრძნებიდან მოსვენების მდგომარეობაში აღმოცენებულ ჰაერის უკმარისობის შეგრძნებამდე) ქოშინი, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუარესების ძირითადი მიზეზია. ტიპურია გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. ხველა და ქოშინი გამწვავებისას ძლიერდება. პაციენტს აქვს მსტვენი სუნთქვა, გამოიყოფა დიდი ოდენობის მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო ფერის ნახველი, რაც ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. შესაძლებელია სისხლის მინარევის არსებობაც. სხეულის ტემპერატურა 37-380ჩ-მდე იმატებს, ავადმყოფს აწუხებს შემცივნება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე.

  • რას ემყარება დაავადების დიაგნოსტიკა? როგორ განვასხვაოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქული ასთმისგან?

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, ექიმის მიერ გასინჯვისას მიღებულ მონაცემებს, გულმკერდის რენტგენოგრაფიასა და ფილტვის ფუნქციის შესწავლას სპირომეტრიის მეშვეობით. ეს უკანასკნელი ავლენს ბრონქების შეუქცევადი ობსტრუქციის არსებობას. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქული ასთმის დიფერენცირების შესახებ დეტალურ საუბარს არ შევუდგებით, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ პაციენტთათვის საინტერესო ცალკეულ თავისებურებებზე. ბრონქული ასთმისაგან განსხვავებით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება უმეტესად 40 წლის შემდეგ ვლინდება, ხშირია მწეველთა შორის, არ ახასიათებს ალერგიის არსებობა, ბრონქოდილატატორები მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის სპაზმს, ქოშინი მუდმივია, დაავადება განუხრელად პროგრესირებს.

  • რა საშუალებები აქვს თანამედროვე მედიცინას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ? როგორია დაავადების პროგნოზი?

- როგორც მოგახსენეთ, დაავადება ერთდროულად ქრონიკულ ობსტრუქციულ ბრონქიტსა და ემფიზემას მოიცავს. შესაბამისად, სამკურნალოდ გამოიყენება ყველა საშუალება, რომელთა შესახებაც ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობისას ვისაუბრეთ. ბრონქოდილატატორების საშუალებით შესაძლებელია ქოშინისა და ხიხინის შემცირება. მათი უეფექტობისას მოწოდებულია კორტიკოსტეროიდების გამოყენება საინჰალაციო, ტაბლეტის ან ინექციის სახით, რაც ამცირებს დაავადების სიმპტომებს. ჟანგბადის ინჰალაცია აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

დაავადების გამწვავებისას, როცა ბაქტერიული ინფექციის გააქტიურებაა სავარაუდო, საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა პათოლოგიური მიკროორგანიზმების დასათრგუნად. შეიძლება ითქვას, რომ დაავადების პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის პროცესში თავად პაციენტის აქტიურ მონაწილეობაზე. თამბაქოს წევის შეწყვეტა, მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მაქსიმალურად დიდხანს ყოფნა, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში, ექიმის რეკომენდაციების ზუსტი შესრულება და გამწვავებისას სამედიცინო დაწესებულებისთვის დროული მიმართვა პაციენტს საშუალებას აძლევს, დიდხანს შეინარჩუნოს შრომის უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პროგრესირებადი ხასიათის გათვალისწინებით, პროგნოზი მძიმეა.