კახექსია – წონის ავადმყოფური კლება
გამოფიტვის უკიდურესი ხარისხია, ანომალიური მდგომარეობა – ადამიანის სხეულის მასის ინდექსი 16-ზე ნაკლებია.
მდგომარეობა შესაძლოა იყოს პირველადი და მეორეული.
მიზეზები
კახექსიის გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ადგენენ: ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, დიეტოლოგი, ონკოლოგი და სხვა სპეციალისტები, რამდენადაც მკურნალობის ტაქტიკას უშუალოდ განსაზღვრავს აშლილობის გამომწვევი მიზეზი.
პირველადი ფორმები
მიმდინარეობს როგორც ამ დარღვევათა შედეგი:
- საკვების არასაკმარისი მიღება, სქესით, ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, პროფესიული საქმიანობით და ჰორმონული ფორმით განსაზღვრული ყოველდღიურ კალორიათა შემცირება, რაც წონის მკვეთრ კლებას იწვევს;
- ავიტამინოზები, საჭირო და სასარგებლო კომპონენტების მკვეთრი შემცირება ყოველდღიურ რაციონში;
- შიმშილის სრული გაცნობიერება – ანორექსიის ან სხვა ფსიქოგენურ დარღვევათა შედეგი;
- ფსიქოგენური დარღვევები, რომლის დროსაც ადამიანი რეალობას არაადეკვატურად აღიქვამს, მათ შორის, შიმშილის გაცნობიერებაც უჭირს;
- საკვების მიღების იძულებითი აკრძალვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, სიმსივნური ხასიათის პათოლოგიის და სხვა მსგავსი სიტუაციისას;
- კახექსიის პირველადი ფორმები გაცილებით ხშირია ქალებს შორის, რაც უკავშირდება მათ ფსიქიკურ თავისებურებას, უმაღლესი ნერვული სისტემის მოქმედებას, დიეტური კვებისადმი მიდრეკილებას.
მეორეული ფორმები
მეორეული ფორმები ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის, რამდენადაც ის ვითარდება ისეთ დაავადებათა გავლენით, როგორებიცაა:
- ავთვისებიანი სიმსივნეები – განსხვავებული ინტენსივობითა და სიმძიმის ხარისხის წონის კლება დამახასიათებელია კიბოს თითქმის ყველა ფორმისას, თუმცა, კახექსია ვლინდება ტერმინალური სტადიისას, მძიმე პაციენტებთან;
- ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციური დაზიანებანი – ასევე ახასიათებს წონის კლება, განსაკუთრებით ხშირია აივ-ინფექციისას, ტუბერკულოზისას და ხანგრძლივად მიმდინარე ცხელებებისას;
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები, რომლებიც უკავშირდება ჰიპოფიზის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებას, ასევე დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-სას;
- ჰორმონული დისბალანსი, რომელიც ორგანიზმში ვლინდება ორსულობის, პუბერტატის პერიოდში;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, წვრილი, მსხვილი ნაწლავის, კახექსია საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეწოვისა და მეორეული ჰიპოვიტამინოზის შედეგია;
- გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვითი უკმარისობით მიმდინარე დაავადებანი.
რისკ-ფაქტორები
ფაქტორები, რომლებიც პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების შესაძლებლობას ზრდიან:
- მდედრობითი სქესი, რამდენადაც ისინი მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ხშირად იცავენ უმართებულო დიეტას;
- ხანდაზმული ასაკი, რომელიც უკავშირდება ასაკოვან ჰორმონულ ცვლილებებს;
- გადატანილი ტრავმები;
- ხანგრძლივი იმობილიზაცია, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ნორმალურ მოძრაობას;
- ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ტიპურია სპორტსმენებისა და ფიზიკურად მშრომელებისთვის;
- სტრესული ფაქტორები, გამოხატული მძიმე ფსიქოემოციური დატვირთვები;
- დეპრესია და სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობანი;
- ასაკი 18 წლის ზემოთ, ბავშვებს შორის ის იშვიათად გვხვდება.
როგორ მიმდინარეობს?
კახექსია სამ ფაზად მიმდინარეობს.
I – პრეკახექსია, პათოლოგიური მდგომარეობის საწყისი ფაზა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერი წონის კლება, ეს მაჩვენებელი სხეულის მასის 5%-ია წლის განმავლობაში, ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ნორმალურად იკვებება;
II – საკუთრივ კახექსია, როდესაც წონის კლების მაჩვენებელი 5%-ზე მეტია, კახექსია ამ დროს პათოლოგიური პროცესის დამატებითი გამოვლინებაა;
III – რეფრაქტერული კახექსია, იგივე ტერმინალური ფორმა, რომელიც დამახასიათებელია მძიმედ მოავადე ადამიანებისთვის, ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მკვეთრი კლება, რაც ჯანმრთელობას უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ხარისხის მიხედვით განირჩევა:
- მსუბუქი ფორმა, როდესაც 6 თვის მანძილზე წონის კლება 5%-ზე ნაკლებია;
- საშუალო სიმძიმის – 6 თვის მანძილზე წონის კლება 5%-ს აჭარბებს;
- მძიმე – 6 თვის მანძილზე წონის კლება 10%-ზე მეტია.
როგორ ვლინდება?
- დერმატოლოგიური ნიშნები – კანის სიმშრალე, ელასტიკურობისა და სიმკვრივის კლება, იგი შესახედავად ავადმყოფურია, მასზე შეიმჩნევა ბზარები, წყლულოვანი დეფექტები, პიგმენტური ლაქები, ზიანდება თმოვანი საფარველიც, ხდება ადვილად მტვრევადი, იკლებს ზრდის პროცესი და მატულობს თმის ცვენა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – მადის თანდათანობითი დაკარგვა, ორგანიზმი იწყებს თავისი ქსოვილების ხარჯვას, ვითარდება ყაბზობა და დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სიმძიმე, ღებინების შეგრძნება და გულისრევა;
- ასთენიური გამოვლინებანი – წამყვანია განწყობის გაუარესება, უღონობა, სისუსტე, გაძლიერებული ძილიანობა, შრომის უნარის დაქვეითება, თითქმის ყოველთვის უარესდება პაციენტის ემოციური ფონი;
- გულ-სისხლძარღვთა მხრივ სიმპტომები ვლინდება სხვადასხვა ხარისხის არითმიით, გულის კუნთის უჯრედული კვებისა და სუნთქვის პროცესის დარღვევის გამო ვითარდება იშემია და სტენოკარდიული შეტევები;
- ცერებრო სინდრომები – დამახასიათებელია აზროვნების მოშლა, ზოგიერთი კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, მოსალოდნელია კრიტიკური სიმპტომებიც დემენციის სახით, რამდენადაც კახექსია ტვინს ერთ-ერთი პირველი აზიანებს.
თუ უკვე განვითარებული კახექსიისას ადამიანი გამოფიტულია, თანდათან უმცირდება ფიზიკური ამტანობა, დამახასიათებელი სპეციფიკური გამოვლინებანი აშკარაა და ადვილად ამოსაცნობია, თავად გამომწვევი მიზეზი შესაძლოა თვეობით დაუდგენელი დარჩეს.
მოსალოდნელი გართულებანი
რაც უფრო მეტი წონაა დაკარგული, მით მძიმეა გართულებები ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობაში.
- პირველადი მიზეზის მიუხედავად, კახექსია თითქმის ყოველთვის იწვევს ჰიპოვიტამინოზს, მოგვიანებით ავიტამინოზს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს კახექსიას და იკვრება მავნე წრე, რომელშიც ორგანიზმი იწყებს ტრიალს;
- ზოგადი და ადგილობრივი იმუნიტეტის დარღვევა, როდესაც პირველადი მიზეზი ინფექციური ხასიათისაა, საკმაოდ დიდია სეფსისის განვითარების რისკი, განსაკუთრებით მწოლიარე პაციენტების შემთხვევაში;
- ცხიმოვანი ფენის სწრაფი კლება იწვევს ზოგიერთი ორგანოს დაშვებას, განსაკუთრებით თირკმელებისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციების რღვევას;
- მოსალოდნელია პოლიორგანული უკმარისობა, კომა, ცნობიერების დარღვევა;
- მნიშვნელოვნად მცირდება ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციები, სრულ გაქრობამდეც კი, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ქრება ლიბიდო;
- გარეგანი გამოფიტვის პარალელურად, მიმდინარე დისტროფიულ პროცესთაAშედეგად, ქვეითდება შინაგანი ორგანოების მასა;
- კახექსიის გართულებაა მინერალური ცვლის დარღვევა, ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია;
- განსაკუთრებით საშიშ გართულებაა მიოკარდის კუმშვადობის შემცირება;
სამედიცინო დახმარება ითვალისწინებს
პაციენტის მდგომარეობის ინდივიდუალურ ანალიზს, სიმპტომების ხანგრძლივობას, ცხოვრების წესს და კვების რაციონს:
- პაციენტს უტარდება ფიზიკალური დათვალიერება, დგინდება სხეულის მასის ინდექსი, ფასდება კანქვეშა ცხიმოვანი შრე და კუნთები;
- ლაბორატორიული კვლევა ტარდება სისხლში ცილების – ალბუმინების, კრეატინინისა და ლიმფოციტების დონის განსასაზღვრად;
- დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ჰორმონული ანალიზების, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპიური კვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ზოგჯერ კი კვლევის ინვაზიური მეთოდების ჩატარებაც: გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიის და დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის.
ნუტრიენტული თერაპია
დაავადების დიაგნოსტირების შემდგომ, დაუყოვნებლივ იწყება ორგანიზმში ნუტრიენტების დეფიციტის შევსება, რაც მეტაბოლიზმისა და ორგანიზმში ფუნქციური პროცესების ნორმალიზების საშუალებას იძლევა, აღდგება ჰომეოსტაზი და სხეულის ზოგადადაპტაციური მექანიზმები.
- ბაზისურ სტადიაზე ივსება ორგანიზმში მიკრო- და მაკრონუტრიენტები;
- აქტიურ ფაზაში საკვები კომპონენტებით გაჯერებული ნარევები გამოიყენება;
- დამხმარე სტადია ითვალისწინებს ავიტამინოზებისა და მიკრონუტრიენტების დეფიციტის აღმოფხვრას.
მედიკამენტური თერაპია
ჩვეულებრივ, მედიკამენტური თერაპია ითვალისწინებს, სხვადასხვა მიმართულების მედიკამენტთა გამოყენებას, პირველ ყოვლისა, ეს მადის გამაძლიერებლი პრეპარატებია:
- ანაბოლური პრეპარატებით მიიღწევა წონის კლების შეჩერება და მეტაბოლური პროცესების აღდგენა;
- ანტიოქსიდანტები თრგუნავენ თავისუფალ რადიკალთა მავნე მოქმედებას;
- გამოიყენება სხეულის მასის ზრდისა და უჯრედებში ცილოვანი ცვლის მასტიმულებელი პრეპარატები;
პროგნოზი გაცილებით მძიმეა სიმსივნეების, ონკოლოგიური დაავადების ტერმინალური სტადიისთვის დამახასიათებელი ფორმისა და აივ-ინფეციისას, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, სპეციალისტთა რეკომენდაციათა განუხრელი და ზუსტი შესრულებისას, პაციენტების მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი საკმაოდ უმჯობესდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.
პირველადი ფორმის კახექსიისას, თითქმის ყოველთვის, სპეციალისტები დადებით, ანუ დარღვევის სრული კუპირების პროგნოზს იძლევიან. მეორეული ფორმების დროს კი, შედეგს განსაზღვრავს ძირითადი პათოლოგიის მდგომარეობა, სიმძიმე, მიმდინარეობის სიმწვავე და პათოლოგიის პროგრესირების ტემპი.