პერიკარდიუმისა და პლევრის ღრუს ექსუდაციური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პერიკარდიუმისა და პლევრის ღრუს ექსუდაციური დაავადებები

.

  • სითხის დაგროვება პერიკარდიუმში

- გულის რომელი დაავადებების დროს გროვდება სითხე გულის პერანგში?

- გულის პერანგში სითხის დაგროვება შესაძლებელია გულის სხვადასხვა დაავადების დროს. ყველაზე ხშირად ასეთი რამ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და გულის ქრონიკული უკმარისობისას ხდება. გულის პერანგში სითხის დაგროვების სხვა მიზეზებია ინფექცია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ურემია, ტრავმა, მედიკამენტები (ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, პროკაინამიდი).

გულის პერანგში სითხის დაგროვებას პერიკარდიტი ეწოდება. განასხვავებენ მის ორ ფორმას:

  1. მწვავე პერიკარდიტი;
  2. ქრონიკული პერიკარდიტი.

ქრონიკულ პერიკარდიტზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც სითხის დაგროვება 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. მწვავე შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს. ზოგ შემთხვევაში პერიკარდიტს თავიდანვე დუნე მიმდინარეობა ახასიათებს და რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება.

ქრონიკული პერიკარდიტი, ექსუდატის (სითხის) ხასიათის კვალობაზე, შეიძლება იყოს:

  1. სეროზული;
  2. ჰემორაგიული;
  3. ჩირქოვანი.

მწვავე პერიკარდიტი უმეტესად განპირობებულია:

  1. ვირუსული ინფექციით;
  2. ბაქტერიული ინფექციით (ზემო სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებით, პნევმოკოკით, სტაფილოკოკით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით);
  3. თუმცა გვხვდება მისი იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული) ფორმებიც.

ქრონიკული პერიკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:

  1. ტუბერკულოზი;
  2. სიმსივნური დაავადებები (მეტწილად - ფილტვისა და სარძევე ჯირკვლის კარცინომის, მელანომის, ლეიკემიის მეტასტაზური სტადია);
  3. ცალკე გამოყოფენ გულის ტამპონადას.

ტუბერკულოზური პერიკარდიტი ბოლო ხანს გაიშვიათდა. იგი, ჩვეულებრივ, ტუბერკულოზის სხვა ლოკალიზაციას: სეროზიტ-პლევრიტს, პერიტონიტს, ფილტვის, ბრონქული ჯირკვლების დაზიანებას ერწყმის. იწყება თანდათანობით, შეუმჩნევლად, მიმდინარეობს ხანგრძლივად, თვეობით, რემისიებისა და გამწვავებების მონაცვლეობით. ექსუდატი სეროზული ან ჰემორაგიულია და დიდ შეხორცებებს ტოვებს.

ბოლო ხანს გახშირდა სიმსივნური (მეტასტაზური) პერიკარდიტი, რომლის მიზეზია ფილტვის ბრონქოგენული კიბო, კუჭის კიბო, მკერდის კიბოს მეტასტაზირება პერიკარდიუმში, შუასაყრის ლიმფოსარკომა. მეტასტაზური პერიკარდიტის დროს ექსუდატი სეროზულ-ჰემორაგიული ან ჰემორაგიულია. ზოგჯერ მასში სიმსივნურ უჯრედებს პოულობენ.

მიოკარდიუმის ინფარქტმა პერიკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე სტადიაში, ინფარქტის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ისე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს პერიკარდიტი საკმაოდ ხშირია. ამავე დროს, პერიკარდიუმის დაზიანება (პერიკარდიტი, გულის ტამპონადა) დიალიზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი, ნაწილობრივ მაინც, თავად დიალიზის პროცესია. ასეთ შემთხვევაში პერიკარდიტი უმეტესად ფიბრინულია და ძალზე იშვიათად - სეროზული ან ჰემორაგიული.

მიქსედემის შედეგად განვითარებული პერიკარდიტი ხშირად ექსუდაციით მიმდინარეობს. ექსუდატში შეიძლება აღმოჩნდეს ქოლესტერინის კრისტალები.

პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გულმკერდის არის ღია ან დახურული ტრავმა, გულის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა (ვითარდება 1-2 კვირის შემდეგ, როგორც პოსტოპერაციული სინდრომი), ბლაგვი (ავტოავარია, აფეთქება, ნგრევა) ან ბასრი საგნით მიყენებული ტრავმა. ასეთ პერიკარდიტს ტრავმულს უწოდებენ.

იონური რადიაციითა და სხივური ენერგიით გამოწვეული პერიკარდიტი იშვიათია, თუმცა შეინიშნება მისი მატების ტენდენცია, რაც სიმსივნური დაავადებების სხივური მკურნალობით არის განპირობებული.

პერიკარდიტი ვითარდება სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის და სხვა კოლაგენოზების დროს. ექსუდატის ხასიათის მიხედვით ის უმეტესად ფიბრინული ან სეროზულ-ფიბრინულია და შესაძლოა, შეხორცებითშიც გადაიზარდოს. მისი ამოცნობა რთულია, ვინაიდან პერიკარდიტის სიმპტომები სუსტია, ხოლო ძირითადი დაავადებისა - აშკარა. ავადდებიან უმთავრესად ქალები.

რევმატული პერიკარდიტი, რომელიც კარგა ხანს გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებულ ფორმად იყო მიჩნეული, ვითარდება როგორც რევმოკარდიტის ერთ-ერთი გამოვლინება და მწვავე, აქტიური პროცესის მაჩვენებელია. ეს დაავადება ხშირად ემართებათ ბავშვებს. რევმატული პერიკარდიტი მშრალიც შეიძლება იყოს და სველიც. სითხე პერიკარდიუმის ღრუდან ისევე ჩქარა გაიწოვება, როგორც ჩადგება ხოლმე.

პიოგენური ანუ ჩირქოვანი პერიკარდიტი, ეტიოლოგიის კვალობაზე, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკული, სტაფილოკოკური, პნევმოკოკური, მენინგოკოკური, გონოკოკური. მიმდინარეობს ჩირქოვანი ექსუდატით, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება ჰექტიური ცხელება. ქრონიკული პერიკარდიტი ან ექსუდაციურია, ან შეხორცებითი.

ექსუდაციური პერიკარდიტი, ჩვეულებრივ, მწვავე პერიკარდიტის შედეგად ვითარდება და მისი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ფაქტორი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

- თქვენ გულის ტამპონადა ახსენეთ. რა არის ეს?

- გულის ტამპონადა წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომლის დროსაც პერიკარდიუმის ღრუში ექსუდატი ისე სწრაფად გროვდება და ისეთ რაოდენობას აღწევს, გულს აწვება და ჰემოდინამიკის მოშლას, ზოგჯერ შოკს და სიკვდილსაც კი იწვევს. მნიშვნელობა აქვს სითხის დაგროვების სისწრაფეს - სწრაფი დაგროვებისას გულის ტამპონადა შესაძლოა 150 მლ-მა სითხემაც გამოიწვიოს, ხოლო ნელი დაგროვების შემთხვევაში მისმა ოდენობამ 1500 მლ-საც კი მიაღწიოს. გულის ტამპონადით შეიძლება გართულდეს ფაქტობრივად ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ექსუდაციური პერიკარდიტი.

- როგორია გულის ტამპონადის კლინიკური სურათი?

- ამ მდგომარეობის კლინიკური სურათი კარდიოგენული შოკისას ჰგავს: მცირდება გულის დარტყმითი მოცულობა, ვითარდება ჰიპოტონია, ტაქიკარდია და ქოშინის პაროქსიზმი, კისრის ვენები დაბერილია, მძიმე შემთხვევაში პულსი ჩასუნთქვის ფაზაში შესაძლოა სრულიად გაქრეს. გულის ტონები მკვეთრად არის მოყრუებული ან არ ისმის.

- როგორ ადგენენ და მკურნალობენ გულის ტამპონადას?

- გულის ტამპონადის დიაგნოზი დაისმის კლინიკული და ინსტრუმენტული გამოკვლევების: ელექტროკარდიოგრაფიისა და გულის ექოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება სითხის ევაკუაციაა, რისთვისაც ტარდება სასწრაფო პერიკარდიოცენტეზი. მწვავე პერიოდში კლინიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისია მცირე ოდენობის სითხის ასპირაცია. გართულების შემთხვევაში, ასევე - გულის განმეორებითი ტამპონადის დროს ან ბიოფსიის საჭიროებისას, მიმართავენ პერიკარდიუმის ღრუს ქირურგიულ დრენირებას.

- ექსუდაციურ პერიკარდიტზე ვსაუბრობდით. რას უჩივის ადამიანი ამ დროს?

- მცირე რაოდენობით ექსუდატი, როდესაც ინტრაპერიკარდიული წნევა 3-4 მმ. ვწყ.სვ-ს არ აღემატება, ჩვეულებრივ, ჩივილებს არ იწვევს. შესაძლოა, ავადმყოფი შეაწუხოს მკვეთრმა, მუდმივმა ტკივილმა მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც წინ გადახრისას მცირდება. ეს შეგრძნება ზოგჯერ სტენოკარდიულ ტკივილს ჰგავს და გადაეცემა კისერს, მარცხენა ბეჭს, მარცხენა ხელს ან მუცლის არეს. ძლიერდება ჩასუნთქვისას, ხველისას, მარცხენა გვერდზე წოლისა და ყლაპვისას. ამ ტკივილს ნიტროგლიცერინი ვერ ხსნის.

პერიკარდიუმის ღრუში დიდი ოდენობით ექსუდატის დაგროვებისას ვითარდება ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ციანოზი, რომელიც სითხის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, ქოშინი, წყვეტილი ხველა. ტემპერატურა ზომიერია. ჩირქოვანი გამონაჟონისას აღინიშნება ჰექტიური ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს ტემპერატურა დიდხანს სუბფებრილური რჩება. მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის მიმდინარეობა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მოხდეს პლევრიტთან შეუღლება (პოლისეროზიტი), რაც საგრძნობლად აუარესებს მდგომარეობას.

ექსუდაციური პერიკარდიტი შესაძლოა დასრულდეს გაჯანსაღებით, შეხორცებების ან ე.წ. ჯავშნიანი გულის განვითარებით, რაც კალციუმის მარილის ჩალაგებით არის განპირობებული.

- რას ეფუძნება ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზი?

- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზის დასმა ჩივილებისა და ფიზიკური გასინჯვის საფუძველზეც შეიძლება, განსაკუთრებით - როდესაც ექიმისთვის ცნობილია ან ავადმყოფი მიუთითებს პერიკარდიტის გამომწვევ რომელიმე მიზეზზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად ინსტრუმენტულ კვლევას მიმართავენ. ექოკარდიოსკოპიამ შესაძლოა გამოავლინოს ექსუდატი, რაც დიაგნოზს ადასტურებს. მნიშვნელოვანია ეკგ და რენტგენოლოგიური კვლევაც. რენტგენოგრამაზე გულის სილუეტი გადიდებულია, აქვს სამკუთხედის, ტრაპეციის, ბოთლის ფორმა. პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობას ამტკიცებს მისი ასპირაცია პერიკარდიოცენტეზით, ამოღებული სითხის გამოკვლევა კი იმ მიზეზების დადგენაში გვეხმარება, რამაც მისი დაგროვება გამოიწვია.

- კერძოდ, რა კუთხით იკვლევენ პერიკარდიოცენტეზის შედეგად მიღებულ სითხეს?

- სითხე გამოკვლეული უნდა იქნეს:

  1. ბაქტერიოლოგიურად - ბაქტერიების ან სოკოს შტამების, ასევე - ტუბერკულოზის მიკრობების გამოსავლენად;
  2. სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად;
  3. რევმატულ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში; ანტინუკლეური ანტისხეულებისა და LE უჯრედების (წითელი მგლურას უჯრედები) გამოსავლენად იმ შემთხვევაში, თუ ექსუდატი ჰემორაგიულია. პერიკარდიოცენტეზი საჭიროდ არ მიიჩნევა, თუ არ აღინიშნება გულის ტამპონადის ნიშნები, ხოლო ექსუდატის წარმოქმნის მიზეზები სავარაუდოდ მაინც არის ცნობილი და აუცილებელია, როდესაც ვეჭვობთ ჩირქოვანი ექსუდატის არსებობას.


- როგორია ექსუდაციური პერიკარდიტის პროგნოზი?

- პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზებსა და ექსუდატის რაოდენობაზე - დიდი ოდენობით სითხის არსებობა საშიშია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისა და კოლაფსის შესაძლო განვითარების გამო.

- როგორ მკურნალობენ მწვავე ექსუდაციურ პერიკარდიტს?

- სპეციფიკური მკურნალობა გულისხმობს პერიკარდიტის გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, რომელსაც ექსუდატის გამოკვლევით ვადგენთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ექსუდატის ამოღება პერიკარდიოცენტეზის გზით აუცილებელია გულის ტამპონადის ნიშნების ან ჩირქოვანი ექსუდატის არსებობისას.

დაავადება კარგად ემორჩილება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობას.

გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა მაშინ შეიძლება გახდეს საჭირო, თუ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს მკურნალობენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

რევმატული წარმოშობის პერიკარდიტის მკურნალობაც შესაბამისი საშუალებებით ხდება. ჩირქოვანი პერიკარდიტის დროს ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია ან ოპერაცია.

დიდი ოდენობით ექსუდატის არსებობისას სითხეს ხელმეორედ იღებენ. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისას უნიშნავენ საგულე, სისხლძარღვთა მატონიზებელ და დიურეზულ საშუალებებს, ასევე მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას.

  • სითხე პლევრის ღრუში

- როდის შეიძლება დაგროვდეს სითხე პლევრის ღრუში?

- ვიდრე ამ შეკითხვაზე გიპასუხებდეთ, გეტყვით, რომ პლევრის ღრუში დაგროვილი სითხე შეიძლება იყოს ტრანსუდატიც და ექსუდატიც.

ტრანსუდატი არაანთებითი სითხეა, ექსუდატი კი ანთებითი. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს განსაზღვრული მახასიათებლები, რომელთაგან უმთავრესი სითხეში ცილის შემცველობაა. ცილის შემცველობის დასადგენად საჭიროა პლევრის პუნქციის ჩატარება, სითხის ამოღება და გამოკვლევა.

პლევრის ღრუში ანთებითი სითხე ინფექციური დაავადებების დროს გროვდება. ხშირია ექსუდატის დაგროვება ტუბერკულოზისა და პნევმონიისას. უკანასკნელ შემთხვევაში პლევრის ღრუში დგება პარაპნევმონიური გამონაჟონი, რომელიც დაავადების გაურთულებელი ფორმისას ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე ხშირად გაიწოვება.

პლევრული ექსუდაცია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიკროორგანიზმის ზემოქმედების შედეგად. შედარებით იშვიათია ექსუდაციური პლევრიტი პარაზიტული ინფექციის ფონზე. პლევრის ექსუდაცია მოსალოდნელია ამებიაზისა და ექინოკოკოზის დროსაც.

პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვების არცთუ იშვიათი მიზეზია მუცლის ღრუს ზედა ნახევრის ინფექციური პროცესი, მაგალითად, სუბდიაფრაგმული აბსცესი, რომელიც, თავის მხრივ, ოპერაციის შემდეგ, ღვიძლის პათოლოგიის ან ნაწლავის პერფორაციის შედეგად ვითარდება. პლევრული ექსუდატი ასევე შეიძლება დაგროვდეს პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფსევდოკისტების დროს. ამ დროს გამონაჟონი, ჩვეულებრივ, მარცხენამხრივია. პლევრის ღრუში ექსუდატის განვითარებას იწვევს საყლაპავი მილის პერფორაცია.

პლევრული ექსუდაცია შეიძლება განვითარდეს რევმატოიდული ართრიტის ფონზე. რევმატოიდული პლევრიტი გაცილებით ხშირია მამაკაცებს შორის სისტემური წითელი მგლურას, სარკოიდოზის დროს.

60 წლის შემდეგ პლევრის ღრუში სითხის დაგროვების ძირითადი მიზეზი ონკოლოგიური პათოლოგიაა. ანთებითი ტიპის გამონაჟონი პლევრის ღრუში შეიძლება დაგროვდეს სხივური თერაპიის, საყლაპავის სკლეროთერაპიის დროს.

კიდევ ერთი მიზეზია პლევრის მედიკამენტური მკურნალობით გამოწვეული დაზიანება.

პლევრის ღრუში ტრანსუდატს რაც შეეხება , მისი დაგროვების ყველაზე გავრცელებული მიზეზები გახლავთ გულის უკმარისობა და ასციტით მიმდინარე ციროზი, რომლის დროსაც ასციტური სითხე დიაფრაგმაში არსებული დეფექტების ან ლიმფური სადინარების მეშვეობით პლევრულ სივრცეში ხვდება. ასეთ შემთხვევაში ტრანსუდატის დაგროვება უმეტესად (ათიდან 7 შემთხვევაში) მარჯვენამხრივია.

პლევრის ღრუში ტრანსუდატი აკუმულირდება ნეფროზული სინდრომის დროსაც. ამ სინდრომით შეპყრობილთა 20%-ს უვითარდება ჰიდროთორაქსი, რომელიც, ჩვეულებრივ, ორმხრივია. ტრანსუდატის ოდენობა მცირდება ნეფროპათიის წარმატებული მკურნალობისას.

იშვიათად ტრანსუდატის დაგროვების მიზეზად იქცევა პერიტონეული დიალიზი და საშარდე გზების ობსტრუქცია. ამ უკანასკნელის დროს ჰიდროთორაქსი იმ მხარეს ყალიბდება, საითაც დახშულია საშარდე გზები. ობსტრუქციის მოხსნა ტრანსუდატის ოდენობის შემცირებას და ჰიდროთორაქსის განკურნებას განაპირობებს.

- კიდევ რა სახის გამონაჟონი შეიძლება დაგროვდეს პლევრის ღრუში?

- პლევრის ღრუში დაგროვილი სითხე ჰემორაგიულიც შეიძლება იყოს. ტრავმის, ჰემატოლოგიური პათოლოგიის ან პლევრის ავთვისებიანი სიმსივნის დროს პლევრულ სითხეში შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა სისხლი. მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ჩვეულებრივ, აორტის გასკდომის ან განშრევებისას ვითარდება. პლევრის ღრუში არსებული სისხლი არ დედდება და მცირე ოდენობით დაგროვებისას იოლად გაიწოვება ლიმფური სისტემის მეშვეობით, დიდი ოდენობით დაგროვების შემთხვევაში კი დრენირებაა საჭირო.

ქილოთორაქსი - გულმკერდის ლიმფური სადინარიდან პლევრის ღრუში ლიმფის გაჟონვა და დაგროვება - მეტწილად შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნით (ძირითადად - ლიმფომით) არის განპირობებული, შედარებით იშვიათად - გულმკერდის ქირურგიული ოპერაციით და გულმკერდის ტრავმით. ლიმფური სადინარიდან გამოჟონილი ლიმფა შუასაყრის უკანა ნახევარში გროვდება და პლევრის ღრუში გახსნამდე მის არსებობაზე შესაძლოა არაფერი მიგვანიშნებდეს. ქილოთორაქსის დროს პლევრული სითხე რძეს ჰგავს და შესაძლოა, შეცდომით ქოლესტერინის ან დიდი ოდენობით ლეიკოციტების შემცველ ექსუდატად იქნეს მიჩნეული.

- არ შეიძლება, არ ვახსენოთ პლევრიტი...

- პლევრიტი პლევრის ფურცლების ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, ფილტვების ისეთი დაავადების შედეგად ვითარდება, როგორიც არის ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, კიბო, ფილტვის ინფარქტი და სხვა. პლევრიტი ასევე შეიძლება განვითარდეს რევმატიზმის, ურემიის, ტრავმის დროს. განასხვავებენ მშრალ და ექსუდაციურ პლევრიტს. ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში პლევრის ღრუში გროვდება ანთებადი სითხე, რომელიც შეიძლება იყოს სეროზული, სეროზულ-ფიბრინული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული და სხვა. ჰემორაგიული პლევრიტი პლევრის კიბოსმიერი დაზიანების, გულმკერდის ტრავმის, ფილტვის ინფარქტის შემთხვევაში გვხვდება. პლევრის ღრუში შეიძლება დაგროვდეს არაანთებადი სითხე - ტრანსუდატიც, რომელზეც ვრცლად ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

- რას უჩივის ავადმყოფი ექსუდაციური პლევრიტის დროს?

- ექსუდაციური პლევრიტის ნიშნებია სიმძიმის შეგრძნება გულმკერდში, მშრალი ხველა. თუ ექსუდატის დაგროვებას წინ უძღოდა პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება, ავადმყოფი უჩივის გვერდის ტკივილს, რომელიც სითხის დაგროვებასთან ერთად მცირდება, ბოლოს კი ქრება. ექსუდატის მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვებისას წამყვანი სიმპტომი ქოშინია. ხშირია ცხელება, გახშირებული ზერელე სუნთქვა, ციანოზი.

თუ სითხის ოდენობამ 0,4 ლ-ს გადააჭარბა, მოსალოდნელია გულმკერდის დაზიანებული მხარის გამოდრეკა და სუნთქვაში ჩამორჩენა. ექსუდატის დაჩირქების შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი პლევრიტი - პლევრის ემპიემა. მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება, ტემპერატურა იმატებს, ხშირად ცხელება ჰექტიური ხასიათისაა, აღინიშნება შემცივნება, შესამჩნევია ინტოქსიკაციის ნიშნები. ჩირქოვანი პლევრიტი უმეტესად კოკური ინფექციის პლევრაზე გადასვლის შედეგია, მაგალითად, ფილტვის კრუპოზული ანთების (მეტაპნევმონიური პლევრიტი), ღვიძლის აბსცესის, ტუბერკულოზური ღრუს გასკდომისა და შიგთავსის პლევრაში ჩაღვრის შედეგად. ზოგჯერ პლევრულ სივრცეში სითხესთან ერთად აირიც გროვდება, რასაც ჰიდროპნევმოთორაქსი ეწოდება.

- როგორ მიმდინარეობს ექსუდაციური პლევრიტი?

- თავდაპირველად ძლიერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, მერე და მერე კი სიცხე სუბფებრილური ხდება. 2-5 კვირაში ექსუდატი შეიწოვება, ზოგჯერ შეხორცებებს ტოვებს, წილთაშორის სითხის ჩაპარკებას ან დაჩირქებას იწვევს.

ჩირქოვანი პლევრიტი იწყება შემცივნებით, ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი ოფლიანობა. შესაძლოა, წარმოიქმნას პლევრობრონქული ფისტულა (ხვრელი), ჩირქი გავრცელდეს ზემდებარე რბილ ქსოვილებზე, მოგვიანებით განვითარდეს ანემია და კახექსია. ექსუდაციური პლევრიტის პროგნოზი ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული.

- როგორ მკურნალობენ ექსუდაციურ პლევრიტს?

- საჭიროა წოლითი რეჟიმი. ტარდება ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული მკურნალობა. უნიშნავენ გლუკოკორტიკოსტეროიდებსაც. შესაძლებელია პლევრის სითხის ევაკუაცია. ჩირქოვანი პლევრიტის დროს პუნქციის შემდეგ პლევრის ღრუში შეჰყავთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ხოლო ჩირქის გასათხელებლად - ფიბრინოლიზური ფერმენტები.

ნებისმიერი სახის ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

- რა არის ჰიდროპნევმოთორაქსი? რა სიმპტომები ახასიათებს მას?

- ჰიდროპნევმოთორაქსი პლევრის ღრუში ერთდროულად სითხისა და ჰაერის ჩადგომაა. თუ სითხე სეროზულია, დაავადებას ჰიდროპნევმოთორაქსს უწოდებენ, თუ ჩირქოვანი - პიოპნევმოთორაქსს, ხოლო თუ სისხლიანია - ჰემოპნევმოთორაქსს. ავადმყოფს აწუხებს ქოშინი, პიოპნევმოთორაქსის შემთხვევაში - მაღალი სიცხეც. პიოპნევმოთორაქსისა და ჰემოპნევმოთორაქსის შემთხვევაში საჭიროა სითხის ევაკუაცია და პლევრის ღრუში სამკურნალო საშუალებების შეყვანა.