გახშირებული გულისცემა
ტაქიკარდიის დროს ადამიანს გახშირებული აქვს გულისცემა, ზოგჯერ გრძნობს კისრის სისხლძარღვების პულსაციას, მოუსვენრობას, თავბრუხვევას, იშვიათად მისდის გულიც. გულს-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიით დაავადებულებს არითმიამ შესაძლოა გაუუარესოს სიცოცხლის პროგნოზი და პროვოცირება გაუწიოს ისეთ გართულებას, როგორიცაა გულის უკმარისობა. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებთან ტაქიკარდია შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლში ადრენალინის გადატყორცნით ან სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებით (რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად გულის შეკუმშათა გახშირების მიზეზს, რომლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ გულისცემის სიხშირე თანდათანობით ნორმაში დგება), ფიზიოლოგიური კომპენსატორული მექანიზმების მოქმედებით. ჯანმრთელ ადამიანებს ტაქიკარდია უვითარდებათ:
- სტრესის, ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური აღგზნების შედეგად;
- ჰაერის ტემპერატურის მომატებისას;
- ზოგიერთი მედიკამენტის, მაგარი ჩაის, ყავის ან ალკოჰოლის მიღებისას;
- სხეულის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებისას.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ტაქიკარდია ნორმად მიიჩნევა. მიზეზის კვალობაზე, ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. პირველი უვითარდება ჯანმრთელ ადამიანს გულის ნორმალური მუშაობისას როგორც გარეგან ზემოქმედებაზე ფიზიოლოგური რეაქცია, მეორე კი ამა თუ იმ დაავადების დროს აღმოცენდება. პათოლოგიური ტაქიკარდია საყურადღებოა, ვინაიდან განაპირობებს გულშიდა დინამიკის მოშლილობათა წყებას. გულისცემის სიხშირის მატებას თან ახლავს პარკუჭების სისხლით შევსების დაქვეითება, რაც აფერხებს ყველა ორგანოს, მათ შორის - გულის, სისხლით მომარაგებას და იწვევს ჰიპოქსიას. ხანგრძლივი ტაქიკარდია საგრძნობლად აქვეითებს გულის მუშაობის ეფექტურობას; ირღვევა მიოკარდიუმის კუმშვადობა, იზრდება წინაგულებისა და პარკუჭების მოცულობა და ვითარდება არითმოგენური კარდიოპათია, რაც შესამჩნევად აუარესებს პროგნოზს. ელექტრული იმპულსების გენერაციის წყაროს კვალობაზე, განასხვავებენ:
- სინუსურ ტაქიკარდიას, რომელიც თანდათანობით იწყება და გულისცემის სიხშირე წუთში 120 დარტყმამდე ადის. რითმი სწორია, სინუსური;
- ექტოპიურ (პაროქსიზმულ) ტაქიკარდიას. მას ახასიათებს უეცარი დასაწყისი და შეტევის უეცარი შეწყვეტა (პაროქსიზმები). შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე.
სინუსური ტაქიკარდია გვხვდება როგორც ჯანმრთელი, ისე ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მის აღმოცენებას ხელს უწყობს ინტრაკარდიული და ექსტრაკარდიული ფაქტორები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულებთან სინუსური ტაქიკარდია შეიძლება იყოს გულის ნებისმიერი პათოლოგიის გამოხატულება: გულის იშემიური დაავადებისა, არტერიული ჰიპერტენზიისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისა, გულის მანკისა, მიოკარდიტისა, კარდიომიოპათიისა, კარდიოსკლეროზისა, ენდოკარდიტისა, პერიკარდიტისა. ტაქიკარდიის გამომწვევი ფიზიოლოგიური ექსტრაკარდიული ფაქტორებია ემოციური სტრესი და ფიზიკური დატვირთვა. ექსტრაკარდიული არითმიების უმეტესობას ნევროგენული ტაქიკარდიები შეადგენს. განსაკუთრებით ხშირია ეს მდგომარეობა ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ახალგაზრდებთან. გარდა ამისა, ექსტრაკარდიული ტაქიკარდიის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული დარღვევა, ანემია, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა (შოკი, კოლაფსი, სისხლის დაკარგვა, გულის წასვლა), ჰიპოქსემია, მწვავე ტკივილის შეტევა. ტაქიკარდია ვითარდება ცხელების დროს. სხეულის ტემპერატურის ყოველი 1°ჩ-ით მატებისას გულისცემის სიხშირე ბავშვებთან წუთში 10-15 დარტყმით იზრდება, ხოლო მოზრდილებთან - 8-9 დარტყმით.
ფარმაკოლოგიური და ტოქსიკური ტაქიკარდია შესაძლოა განვითარდეს ადრენალინის, ნორადრენალინის, ატროპინის, ეუფილინის, კორტიკოსტეროიდების, თირეოტროპული ჰორმონის პრეპარატების, შარდმდენების, ჰიპოტენზიური პრეპარატების, კოფეინის, ალკოჰოლის, ნიკოტინის, შხამების ზემოქმედების შედეგად. განასხვავებენ ადეკვატურ და არაადეკვატურ სინუსურ ტაქიკარდიას. ეს უკანასკნელი მოსვენების დროსაც შეინიშნება და დატვირთვასა და წამლების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. ამგვარ ტაქიკარდიას თან ახლავს ჰაერის უკმარისობისა და ძლიერი გულისცემის შეგრძნება. სინუსური ტაქიკარდიის დროს სუბიექტური ნიშნები შესაძლოა საერთოდ არ იყოს გამოხატული. ზოგჯერ შეინიშნება გულისცემის გაძლიერება, გულის არეში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება. არაადეკვატური სინუსური ტაქიკარდიის დროს ავადმყოფი უჩივის გულისცემის გაძლიერებას, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, სისუსტეს და ხშირ თავბრუხვევას, ადვილად დაღლას, უძილობას, გუნება-განწყობის გაუარესებას, მადისა და შრომის უნარის დაქვეითებას. გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების ფონზე ტაქიკარდიამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სტენოკარდიის შეტევებს და გააღრმაოს გულის უკმარისობის დეკომპენსაცია. ტაქიკარდიის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა. პაროქსიზმების აღმოცენებისას მაღალინფორმაციულია ჰოლტერით ეკგ მონიტორინგი დღე-ღამის განმავლობაში. ის საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს და გააანალიზდეს გულის რიტმის ნებისმიერი დარღვევა დღე-ღამის განმავლობაში, განისაზღვროს ეკგ-ზე იშემიური ცვლილებები პაციენტის ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობის პირობებში. კვლევის რუტინული მეთოდია ექოკარდიოგრაფია, რომელიც იძლევა ინფორმაციას გულის საკნების ზომაზე, მიოკარდიუმის კედლების სისქეზე, ლოკალური კუმშვადობის დარღვევებსა და სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიაზე. ტაქიკარდიით დაავადებულის ინვაზიური კვლევის საშუალებაა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა. ამ მეთოდს იყენებენ არითმიების ოპერაციული მკურნალობის წინ, შესაბამისი ჩვენების არსებობისას ავადმყოფთა შეზღუდულ წრეში. ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ექიმს აწვდის ინფორმაციას მიოკარდიუმში ელექტრული იმპულსის გავრცელების ხასიათზე, განსაზღვრავს ტაქიკარდიის მექანიზმს ან გამტარობის დარღვევას. ტაქიკარდიის მიზეზის დასადგენად შესაძლოა დაინიშნოს სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის განსაზღვრა, ელექტროენცეფალოგრაფია და სხვა. ტაქიკარდიის მკურნალობის პრინციპი მის მიზეზზეა დამოკიდებული. უმთავრესი ამოცანაა მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრა ან მათი ზემოქმედების აღკვეთა. ფიზიოლოგიური სინსუსური ტაქიკარდია მედიკამენტურ მკურნალობას არ მოითხოვს. პათოლოგიური ტაქიკარდიის მკურნალობის აუცილებელი პირობაა ძირითადი დაავადების მკურნალობა. ნევროგენული ხასიათის სინუსური ტაქიკარდიის შემთხვევაში საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია. რეფლექტორული (ჰიპოვოლემია) და კომპენსატორული (ანემია, ჰიპერთირეოზი) ტაქიკარდისას აუცილებელია ამ მიზეზების აღმოფხვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში გულისცემის სიხშირის შემცირებისკენ მიმართულმა მკურნალობამ შესაძლოა მკვეთრად დააქვეითოს არტერიული წნევადა გააღრმაოს ჰემოდინამიკის დარღვევები. ჰიპერთირეოზით გამოწვეული ტაქიკარდიის დროს, თირეოსტატიკურ პრპარატებთან ერთად, იყენებენ არასელექციურ β-ბლოკატორებსაც. ტაქიკარდიის მკურნალობისას მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს; გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ისე ძირითადი დაავადებაც. პარკუჭოვანი ტაქიკარდია მოითხოვს გადაუდებელ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ჰოსპიტლიზაციას. იშვიათად მყარი ტაქიკარდიის სამკურნალოდ იყენებენ ქირურგიულ მეთოდებს, მიოკარდიუმის არითმიული უბნის აბლაციას. სინუსური ტაქიკარდიის პროფილაქტიკა გულისხმობს პათოლოგიის ადრეულ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე თერაპიას, არითმიის განვითარების ექსტრაკარდიული ფაქტორების აღმოფხვრას. გაძლიერებული გულისცემის შემთხვევაში საჭიროა სრულფასოვანი დასვნების უზრუნველყოფა. პროფილაქტიკა გულისხმობს კვების რაციონის მოწესრიგებას. უარი უნდა ვთქვათ ალკოჰოლსა და კოფეინიან პროდუქტებზე. შავი ჩაი და ყავა შეიძლება შევცვალოთ სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული ნაყენებით. შევამციროთ ცხიმიანი საკვებისა და შაქრის მიღება. ოპტიმალურია მცენარეული და რძის ნაწარმის დიეტა. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები. პაროქსიზმული ტაქიკარდია შესაძლოა აღმოცენდეს გასახდომი ტაბლეტების, ენერგოტონიკებისა და სტიმულატორების მიღების შემდეგ, ამიტომ მათზე უარის თქმა მოგიწევთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, თუმცა ფიზიკური გადაძაბვა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელია დატვირთვის დოზირება. გაძლიერებული გულისცემის შეტევები შედარებით იშვიათია მათთან, ვინც ბევრ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე. ტაქიკარდიის დროს რეკომენდებულია ყოველდღე ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით სეირნობა.