ინფარქტის შემდეგ ცხოვრება გრძელდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფარქტის შემდეგ ცხოვრება გრძელდება

.

გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას მრავალი ჩვენგანი იცნობს: ხან სამსახურში შეგვხდება უსიამოვნება, ხან სტუმრად შემოვრჩებით გვიანობამდე, მეორე დილით კი ღვიძლთან ერთად ვეღარც ჩვენი დაუღალავი გული უმკლავდება თავის სამუშაოს.

მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ყოველდღიურად შეგვახსენებს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ უბრალო ადამიანებს ეს არ გვაღელვებს, სანამ პრობლემა უშუალოდ არ შეგვეხება. ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ მიკროინფარქტი (ზოგჯერ - რამდენიმეც კი) გადავიტანეთ.

რედაქციაში უამრავი წერილი მოდის - გვეკითხებიან, როგორ იცხოვრონ ინფარქტის შემდეგ. აი ერთ-ერთი წერილი:

    • ჩემმა მეუღლემ რამდენიმე თვის წინ გულის კუნთის ინფარქტი გადაიტანა. გთხოვთ გვიპასუხოთ: აუცილებელია თუ არა წამლების მუდმივად სმა? როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი? აკრძალულია თუ არა ვარჯიში, სქესობრივი კონტაქტი? საერთოდ, როგორ უნდა იგრძნოს კაცმა თავი ინფარქტის შემდეგ სრულფასოვან ადამიანად, თუ ასე არ არის და იგი სამუდამოდ ინვალიდად რჩება?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე მიმოვიხილოთ, რა ხდება გულის კუნთში ინფარქტის შემდეგ და როგორია ამ დროს პაციენტის გამოკვლევის რეჟიმი.

ინფარქტის შემდგომ პერიოდში, როდესაც ნეკროზულ უბნებში ნაწიბურები უკვე ჩამოყალიბებულია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ახალ ფუნქციურ რეჟიმს ეგუება. ასეთი ადამიანები გადიან საბოლოო რეაბილიტაციას სოციალური, ყოფითი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ამ პერიოდში შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი ტკივილმა ან გულის უკმარისობის ნიშნებმა, ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, პერიოდულად იკონტროლებდეს ეკგ-ს, კოაგულოგრამას, ქოლესტერინის დონეს სისხლში.

პაციენტზე მეთვალყურეობას სხვა მიზანიც აქვს: ხშირად ინფარქტის მწვავე პერიოდში ვერ ხერხდება კორონარული სისხლძარღვების ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, პოსტინფარქტულ პერიოდში კი საამისოდ შესაძლოა სათანადო პირობები ჩამოყალიბდეს, ამიტომ უნდა განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის ჩვენებები, მისი სავარაუდო შედეგი და ჩატარების შესაძლებლობა. ამ მიზნით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად უნდა განხორციელდეს საექიმო, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობისას ასეთი კვლევები შედარებით მცირე პერიოდულობით ინიშნება. გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის გვიანი გართულებების (გულის უკმარისობა, არითმიები) დროს გამოკვლევები უფრო ხშირად ტარდება. პოსტინფარქტულ პერიოდში ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება, ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პირობებში ხორციელდება. ყოველივე ამაში განსაკუთრებული როლი ეკისრება პაციენტს. კარგად გათვითცნობიერებულმა პაციენტმა შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რისკის გამოვლენასა და მკურნალობაში. მას შეუძლია, თავად აკონტროლოს არტერიული წნევა, პერიოდულად ჩაიტაროს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის შესაფასებლად საჭირო ანალიზები, აკონტროლოს სხეულის წონა, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმი.

  • რამდენ ხანს გრძელდება მედიკამენტების მიღება? მათი მიღება მაშინაც აუცილებელია, როდესაც არაფერი გვაწუხებს?

ინფარქტგადატანილი პაციენტის მკურნალობა ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. საქმე ის არის, რომ ინფარქტი გულის იშემიური დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი და ხშირად პირველი კლინიკური გამოვლინებაა. გულის იშემიური დაავადება პოსტინფარქტულ პერიოდშიც გრძელდება და შესაძლოა ვლინდებოდეს სტენოკარდიის სიმპტომებით, რომელსაც ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობენ.

საყოველთაოდ ცნობილი მეთოდია ნიტროგლიცერინის დადება ენის ქვეშ ან მისი შესხურება - ეს ხსნის სტენოკარდიულ შეტევას. ნიტროგლიცერინის მიღებას თავისი წესები აქვს, რომელთა იგნორირებამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. ეს წესები მარტივია და ექიმი მათ აუცილებლად აცნობს პაციენტს.

გულის იშემიური დაავადების სიმპტომების კონტროლისთვის გამოიყენება ბეტა-ბლოკერებიც. გარდა ამისა, აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორების კორექცია, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი.

აუცილებელია აგრეთვე მკურნალობა თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. საამისოდ, წესისამებრ, ინიშნება ასპირინის მცირე დოზები ფაქტობრივად სამუდამოდ. ამრიგად, პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება რამდენიმე, ხშირად 3-4 მედიკამენტის მიღება. კლინიკური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ფასდება ამ მედიკამენტების გამოყენების ჩვენება-უკუჩვენებები და სავარაუდო გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით - მათი კომბინირებულად დანიშვნის დროს. ხშირად მაშინაც კი, როდესაც გულის იშემიური დაავადების სიმპტომები არ შეინიშნება და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, საჭირო ხდება ორი და მეტი მედიკამეტის ხანგრძლივი გამოყენება რისკის თავიდან ასაცილებლად. ბევრს ასეთი მკურნალობა წლობით სჭირდება.

  • როგორია ამ დროს კვების რეჟიმი?

პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტმა ჯანსაღი კვების პრინციპები უნდა დაიცვას. ეს პრინციპები მხოლოდ აკრძალვებსა და შეზღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ, უწინარეს ყოვლისა, რაციონალურ კვებას. ჯანსაღი კვების პრინციპები ნაცადი და მთელ მსოფლიოში აღიარებულია. მათი დაცვა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს ორგანიზმს და ბუნებრივად ზღუდავს მავნე კომპონენტების - ცხოველური ცხიმების, შაქრებისა და სუფრის მარილის - მიღებას.

კვების ასეთი რეჟიმი საგრძნობლად აადვილებს სასურველი შედეგის მიღწევას და ოპტიმალური წონის შენარჩუნებას. ოპტიმალური დიეტური რეჟიმის ფონზე შეიძლება შემცირდეს არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და შაქრის კონტოლისთვის საჭირო მედიკამენტების დოზა. თუ დიეტური რეჟიმი მოითხოვს სპეციალურ შეზღუდვას, - მაგალითად, თანმხლები დიაბეტის, სიმსუქნის ან კუჭ-ნაწლავის დაავადების გამო, - ინიშნება სპეციალიზებული დიეტა.

საზოგადოდ კი ჯანსაღი კვება 10 ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  1. მიიღეთ მრავალფეროვანი, ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვები;
  2. დღეში რამდენჯერმე მიირთვით პური, მარცვლეული, მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი;
  3. დღეში რამდენჯერმე მიირთვით ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია, ახალი და ადგილობრივი;
  4. შეინარჩუნეთ სხეულის რეკომენდებული წონა;
  5. აკონტროლეთ ცხიმების მიღება (სადღეღამისო კალორაჟის არა უმეტეს 30%), ნაჯერი ცხიმები შეცვალეთ უჯერი მცენარეული ზეთით;
  6. ცხიმიანი ხორცისა და მისი ნაწარმის ნაცვლად მიირთვით ლობიო, სხვა პარკოსნები, თევზი, ფრინველი ან მჭლე ხორცი;
  7. მიირთვით ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი);
  8. ერიდეთ შაქარს, ტკბილ სასმელებს და ტკბილეულს;
  9. შეზღუდეთ მარილის მოხმარება; მარილის დღიური ულუფა (მათ შორის - პურის, გადამუშავებული, დაშაშხული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტების საშუალებით მიღებულისაც) არ უნდა აღემატებოდეს ჩაის კოვზს (6 გრამს). იქ, სადაც იოდის დეფიციტს ენდემური ხასიათი აქვს, აუცილებელია იოდიანი მარილის მოხმარება.
  10. საკვები მოამზადეთ უსაფრთხო და ჰიგიენური მეთოდით. ორთქლში ან მიკროტალღურ ღუმელში მომზადება, ცხობა, ხარშვა დასამატებელი ცხიმების რაოდენობას ამცირებს.

რაც შეხება ალკოჰოლს, თუ პოსტინფარქტულ პერიოდში მნიშვნელოვანი გართულებები არ შეინიშნება, მისი ზომიერი მიღება ერთგვარ დამცავ ეფექტსაც კი ახდენს.


  • რას ნიშნავს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება?

ალკოჰოლის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 30 მლ ეთანოლის სპირტს - 2 საშუალო ზომის ჭიქა ღვინოს, 50 მლ არაყს ან კონიაკს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი რეჟიმით ალკოჰოლის მიღება საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების რისკს.

  • როდის იწყება რეაბილიტაცია?

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს რეაბილიტაცია პირველივე დღეებიდან იწყება. ეს გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციური პროგრამები დგება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობის, გართულებების, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს სტაციონარიდან გაწერის შემდეგაც ოჯახის ექიმისა და კარდიოლოგის მეთვალყურეობით. ფიზიკური რეაბილიტაცია უნდა მოხდეს საფეხურებრივად, დატვირთვის თანდათანობით გაზრდით. ის მოიცავს როგორც მასაჟს, ასევე ფიზიკურ ვარჯიშებს. ამასთან, უნდა მოხდეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მკაცრად კონტროლი.

  • როგორ ადგენენ ფიზიკური აქტიურობის ინტენსიურობას ინფარქტის შემდეგ?

პოსტინფარქტულ პერიოდში რეაბილიტაციის მიზნით რეგულარული და სავალდებულო ფიზიკური აქტივობის ინტენსივობას სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე ადგენენ. ჩვეულებრივ, ტარდება ეკგ დოზირებული ფიზიკური დატვირთვის სინჯით და/ან 24-საათიანი ეკგ-მონიტორირება. ეს გამოკვლევები გვაწვდის მონაცემებს გულის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. მათი შედეგების მიხედვით წყვეტენ, რა სახის ფიზიკური აქტიურობა შეიძლება იყოს ნებადართული და რა სახისა შეიზღუდოს. ფიზიკური აქტიურობის ზრდა მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, საფეხურებრივად ხდება.

მდგომარეობის გაუმჯობესება პაციენტის უკეთეს თვითშეგრძნებასთან ერთად კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული პარამეტრების გაუმჯობესებასაც გულისხმობს. ისეთი პოსტინფარქტული გართულებების შემთხვევაში, როგორიცაა გულის უკმარისობა, რიტმის რეგულარული დარღვევა ან პოსტინფარქტული სტენოკარდია, ფიზიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ამ შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით განიხილება რევასკულარიზაციის შესაძლებლობა. სისხლძარღვების აღმდგენი ქირურგიული ოპერაცია უმეტესად შედეგიანია. ამ დროს უმჯობესდება ან სავსებით აღდგება ამტანობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ.

პოსტინფარქტულ პერიოდში მედიკამენტური და ქირურგიული ჩარევის მიზანი გართულების რისკის შემცირებასთან ერთად ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის გაუმჯობესებაც არის. პაციენტი ორიენტირებული უნდა იყოს რისკის შემცირებაზე, ფიზიკური აქტიურობის ოპტიმალური დონის მიღწევასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. რეაბილიტაციის პროგრამა ყოველი პაციენტისთვის დგება ხდება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობის, გართულებების, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. რეაბილიტაციის ინდივიდუალურ გეგმას ექიმი და პაციენტი ერთობლივად ადგენენ.

  • არსებობს თუ არა ფიზიკური რეაბილიტაციის უკუჩვენება?

სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. სხვა საქმეა, ხელს უშლის თუ არა ფიზიკურ აქტიურობას რაიმე ფაქტორი. ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის გაფართოებისას ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პოსტინფარქტული სტენოკარიდია, გულის უკმარისობის III-IV სტადია, გულის რითმის დარღვევა და თრომბოფლებიტი. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს თანმხლები დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, ცხელება და სხვა), რომელთა მკურნალობა საშუალებას მოგვცემს, შემდგომში სრულფასოვნად განვახორციელოთ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ფიზიკური აქტიურობა ნებადართულია შეზღუდვის პირობებშიც, თუმცაღა მინიმალური დატვირთვით.

  • როდის შეუძლია ინფარქტგადატანილ ადამიანს შრომითი საქმიანობის დაწყება?

გაურთულებელი ინფარქტის შემთხვევაში შრომითი საქმიანობის დაწყება შეიძლება ორი თვის შემდეგ. ამ დროიდან პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, ღამის მორიგეობები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შრომითი საქმიანობის რიტმის აღდგენა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვისაც. ის, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმ სარეაბილიტაციო ღონისძიებების გაგრძელებას, რომლებიც დაავადების პირველივე დღეებიდან იწყება. ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ პაციენტის ახლობლებიც.

  • პრაქტიკული რჩევები

  1. ყველა ინფარქტგადატანილს უნდა ახსოვდეს, რომ მას მთელი ცხოვრება ექნება გულის იშემიური დაავადება და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება არ მოადუნოს.
  2. უწინარეს ყოვლისა, უნდა მოწესრიგდეს სისხლში ქოლესტერინის დონე და სისხლის შემადედებელი ფაქტორები.
  3. თავი დაანებეთ თამბაქოს წევას. თუ არ ეწევით, არ დაიწყოთ!
  4. ეცადეთ, რაციონალურად იკვებოთ.
  5. დიაბეტიანებმა ხშირად შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე.
  6. ივარჯიშეთ. ეცადეთ, ვარჯიშის ხანგრძლივობა კვირაში 30 წუთს აღემატებოდეს.
  7. დაიკელით ჭარბი წონა.
  8. ჰიპერტენზიის დროს ყოველდღიურად იზომეთ წნევა.
  9. აუცილებელია ფეხით სიარული, ნორმირებული ვარჯიში, ცურვა და, რაც მთავარია, ექიმის მეთვალყურეობა.

  • მითები ინფარქტის შესახებ

    • ინფარქტის შემდეგ სექსი საშიშია

გამოკვლევებმა აჩვენა: ალბათობა, რომ ინტიმურმა ცხოვრებამ ინფარქტი გამოიწვიოს, მაღალი არ არის. ექიმები, ჩვეულებრივ, სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებას ინფარქტიდან 1-1,5 თვის შემდეგ გვირჩევენ. არ შეგრცხვეთ - ამის თაობაზე აუცილებლად ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.

    • ინფარქტის შემდეგ სიგარეტის უმალვე მიტოვება საშიშია

აქსიომა: თუ ეწევით - თავი დაანებეთ, თუ არა - არ დაიწყოთ. თავის დანებების მეთოდს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ინფარქტი ერთგვარი შოკური თერაპიაა, რომლის შემდეგაც სიგარეტისთვის თავის დანებება უფრო ადვილია, ვინაიდან ჯერ კიდევ ძლიერია გადატანილი სტრესის ხსოვნა. მათ შორის, ვინც ინფარქტის შემდეგ სიგარეტს თავი დაანება, სიკვდილიანობა 60%-ით ნაკლებია.

    • პირველ ინფარქტს აუცილებლად მოსდევს მეორე

იმ ავადმყოფების უმეტესობა, ვინც მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ათიდან 5 შემთხვევაში ინფარქტის შემდეგ ეკგ-ზე არავითარი ცვლილება არ შეინიშნება, ასე რომ, აქტიური, სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია, თუ ამ ცნებაში არ მოიაზრებთ დღეში რამდენიმე კოლოფ სიგარეტს და ძილის წინ - ღორისქონიან ნაჭერს.