როგორ ვლინდება არითმია
ამის შედეგად გულისცემა ჩქარდება, ნელდება ან არარეგულარული ხდება. არითმიისას ადამიანი გრძნობს გულის “ფართხალს”, აჩქარებას. მიუხედავად ამისა, არითმია შესაძლოა სულაც არ იყოს სიცოცხლისათვის საშიში, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მისი ზოგიერთი ფორმა საკმაოდ სახიფათოა. მკურნალობის შედეგად არითმია უმეტესად უკუვითარდება ან ნაკლებად შემაწუხებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არითმია ხშირად გულის დაავადებითაა გამოწვეული, სათანადო მკურნალობითა და ცხოვრების წესით შესაძლებელია მისი სიმპტომების და, საზოგადოდ, არითმიასთან დაკავშირებული რისკის შემცირება.
როგორ ვლინდება არითმია
არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავად ვერ გრძნობს არითმიის არსებობას - მას ექიმი აღმოუჩენს გასინჯვისას, ზოგჯერ კი პაციენტი საკმაოდ მრავალფეროვან სიმპტომებს აღწერს, არითმია მის თვითშეგრძნებას მკვეთრად აუარესებს. სიმპტომების არსებობა-არარსებობის მიხედვით ძნელია იმაზე მსჯელობა, რამდენად საშიშია გულის რიტმის ესა თუ ის დარღვევა - ზოგჯერ სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არითმია არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას. გულის რიტმის დარღვევის დროს პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს:
- გულის ფრიალის შეგრძნებას;
- ტაქიკარდიას - გულისცემის აჩქარებას;
- ბრადიკარდიას - გულისცემის შენელებას;
- გულის ტკივილს;
- ქოშინს;
- გაბრუების შეგრძნებას;
- თავბრუს;
- გონების კარგვას ან ამის წინარე შეგრძნებებს.
როდის მივმართოთ ექიმს
როგორც აღვნიშნეთ, არითმიისას შეიძლება ვიგრძნოთ გულის უეცარი შეკუმშვა, გულის ფრიალი ან, პირიქით, ძალიან ნელი გულისცემა. შესაძლოა თავი იჩინოს სიმპტომებმაც, რომლებიც არითმიის გამო ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევითაა განპირობებული: ქოშინმა, ხიხინმა, სისუსტემ, თავბრუხვევამ, გაბრუების შეგრძნებამ, გულის წასვლის შეგრძნებამ, ტკივილმა და დისკომფორტმა გულმკერდის არეში. ერთ-ერთი მათგანისა და არითმიის თანაარსებობისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
სიცოცხლისთვის საშიში არითმიაა პარკუჭების ფიბრილაცია
ის მაშინ იჩენს თავს, როცა გულის პარკუჭის ცალკეული ბოჭკოები ასინქრონულად, არამდგრადი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით იკუმშება. ამ დროს, ნაცვლად ნორმალური შეკუმშვისა და აორტაში სისხლის გადატყორცნისა, შეკუმშვა არაეფექტურია. სისხლის ეფექტური გადატყორცნის დარღვევის გამო ირღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგება. პაციენტი კარგავს გონს და შესაძლოა შემთხვევა სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამ დროს უთუოდ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, დავიწყოთ კარდიოპულმონური რეანიმაცია - გულის არაპირდაპირი მასაჟი - ზეწოლა გულმკერდის არეში სიხშირით 100-მდე წუთში.
როდის ვითარდება არითმია
არსებობს არითმიის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათ შორის აღსანიშნავია:
- გულის შეტევა;
- გულის კუნთის ცვლილებები, გამოწვეული წარსულში გადატანილი ინფარქტით;
- გულის კუნთის ცვლილება, დაკავშირებული კარდიომიოპათიასთან;
- გულის გვირგვინოვანი არტერიების დაზიანება ათეროსკლეროზის შედეგად;
- მაღალი არტერიული წნევა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე;
- თამბაქოს წევა;
- დიდი რაოდენობით ყავისა და ალკოჰოლის მიღება;
- ნარკოტიკული საშუალებები;
- ზოგიერთი ბიოაქტიური დანამატი და ფიტოპრეპარატი;
- ელექტროტრავმა;
- ჰაერის დაბინძურება.
როგორია ნორმალური გულისცემა
გულის ნორმალური შეკუმშვისას გულში განსაზღვრული სიხშირით ავტომატურად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. ეს იმპულსები გულის გამტარ სისტემაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვრცელდება. იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების დარღვევა არითმიას იწვევს.
ჩვენი გული ოთხი ღრუსაგან შედგება. გულის ორივე ნახევარში არის ორი ღრუ - წინაგული და პარკუჭი. გულის შეკუმშვისას ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და სისხლს მოდუნებულ პარკუჭში გადაისვრის. ეს შეკუმშვა მაშინ იწყება, როცა სინუსის კვანძში - ასე უწოდებენ მარჯვენა წინაგულში არსებულ უჯრედთა ჯგუფს - წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი ჯერ წინაგულებში ვრცელდება. ამის შემდეგ იმპულსი მიემართება ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს, მერე კი პარკუჭებისკენ ვრცელდება.
ჯანმრთელ გულში ეს პროცესი ავტომატურად, შეუმჩნევლად, რეგულარულად მიმდინარეობს და გულის ნორმალურ შეკუმშვას იწვევს. მისი სიხშირე წუთში 60-დან 100-მდეა. კარგად ნავარჯიშებ ადამიანებს (სპორტსმენებს, ათლეტებს) პულსი 60-ზე ნაკლები აქვთ. ეს ნორმალური მოვლენაა.
არითმიის ტიპები
განასხვავებენ რიტმის შემდეგი სახის დარღვევებს:
- ტაქიკარდია - აჩქარებული გულისცემა. მოსვენებისას გულისცემის სიხშირე წუთში 100-ზე მეტია;
- ბრადიკარდია - შენელებული გულისცემა. მოსვენებისას გულისცემის სიხშირე 60-ზე ნაკლებია.
ტაქიკარდიაც და ბრადიკარდიაც საკმაოდაა გავრცელებული. საბედნიეროდ, ისინი ყოველთვის როდი ნიშნავს გულის დაავადებას. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ ტაქიკარდიას კომპენსატორული ხასიათი აქვს და ქსოვილებისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება.
წინაგულოვანი ტაქიკარდიები
წინაგულში აღგზნების რიგგარეშე იმპულსის გავრცელებასთან დაკავშირებული არითმიებია:
- წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია - ამ დროს წინაგულების ცალკეული ბოჭკოები სწრაფად და ქაოსურად იკუმშება. ეს არითმია საკმაოდ ხშირია და ხანშიშესულ პირებში გვხვდება, მისი რისკი იმატებს ჰიპერტენზიისას ან გულის სხვა დაავადებებისას.
წინაგულების ფიბრილაციის ანუ მოციმციმე არითმიისას წინაგული არაკოორდინირებულად იკუმშება, ამავე დროს წინაგულთა ცემა სწრაფია - წუთში 300 -ს და მეტს აღწევს. წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია სახიფათოა - ზოგჯერ ის ინსულტს იწვევს.
- წინაგულთა თრთოლა - ის წინაგულთა ციმციმის მსგავსია, თუმცა ამ დროს გულისცემა უფრო რიტმულია, ვიდრე მოციმციმე არითმიისას.
- სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია - ეს საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს ყველა არითმიას, რომელიც აღმოცენდება წინაგულის ზემოთ ანუ სუპრავენტრიკულურად. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ჩვეულებრივ, გამოვლინდება გულისცემის გახშირებით, რომელიც უეცრად იწყება და სრულდება და რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე გრძლედება. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია არ არის საშიში სხვა მხრივ ჯანმრთელი გულისათვის, თუმცა კი საკმაოდ შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს.
- ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი - ეს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანებს, რომელთაც ეს სინდრომი აღენიშნებათ, გულში აქვთ დამატებითი გამტარი გზა წინაგულსა და პარკუჭს შორის. ამ გზით იმპულსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ატრიოვენტრიკულური გზით, რის გამოც იგი, “წრეზე ტრიალებს” და ტაქიკარდიას იწვევს.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის სახეებია:
- პარკუჭოვანი ანუ ვენტრიკულური ტაქიკარდია - ეს სწრაფი, რეგულარული გულისცემა პარკუჭში არსებული ანომალიური ელექტრული იმპულსითაა გამოწვეული. უმეტესად ის დაკავშირებულია აღგზნების იმპულსის ცირკულაციასთან წარსულში გულის შეტევით დაზიანებულ გულის კუნთში. ამ დროს პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირე 200 და მეტია.
ვენტრიკულური ტაქიკარდიის ეპიზოდების უდიდესი ნაწილი გულის დაავადების მქონე პირებთან აღირიცხება. ზოგჯერ ვენტრიკულური ტაქიკარდიის ხანგრძლივობა 30 წამი ან უფრო ნაკლებია (არამდგრადი ტაქიკარდია); ის არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა გულის არაეფექტური შეკუმშვის მიზეზს წარმოადგენს. თუმცა არამდგრადი ტაქიკარდია შესაძლოა უფრო ხანგრძლივი, მყარი ტაქიკარდიის მიზეზად იქცეს. ამ დროს აუცილებელია გადაუდებელი დახმარება, რათა თავიდან ავიცილოთ პარკუჭების ფიბრილაცია.
- პარკუჭთა ფიბრილაცია - ამ დროს სწარფი, ქაოსური ელექტრული იმპულსები პარკუჭის ბოჭკოების არაკოორდინირებულ, არაეფექტურ შეკუმშვას იწვევენ, სისხლი ვეღარ მიეწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, უპირველეს ყოვლისა ტვინს, ადამიანი კარგავს გონს. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია რეანიმაცია. პარკუჭთა ფიბრილაცია უმეტესად დაკავშირებულია გულის ამა თუ იმ დაავადებასთან. ხშირად გულის შეტევის ფონზე აღმოცენდება.
- გახანგრძლივებული QT სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიით დიაგნოსტირდება. მას შესაძლოა სიციცხლისათვის საშიში არითმია მოჰყვეს და უეცარი სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს.
გახანგრძლივებული QT სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური მუტაცია ან თანდაყოლილი გულის მანკი. გარდა ამისა, არსებობს 50-ზე მეტი მედიკამენტი, რომლებიც აღნიშნულ სინდრომს იწვევს.
ბრადიკარდია - შენელებული გულისცემა
ბრადიკარდია არის გულისცემის სიხშირის შემცირება წუთში 60 შეკუმშვაზე მეტად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ყოველთვის არ არის რომელიმე პრობლემის გამოვლინება. ბრადიკარდიის მიზეზებია:
- სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი - იმპულსები სათანადო სიხშირით არ გამომუშავდება, რის გამოც რიტმი იშვიათდება ან ხდება ტაქიკარდია-ბრადიკარდიის მონაცვლეობა.
- გამტარობის ბლოკადა - ამ დროს ირღვევა იმპულსის გატარება გულის გამტარ სისტემაში. სიმპტომატიკა იმპულსის გავლის ბლოკირების ადგილზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ბლოკადა სიმპტომებს არ იწვევს. მაშინ, როცა იმპულსის გატარება სრულიადაა შეწყვეტილი, ვითარდება მკვეთრი ბრადიკარდია, რომელსაც შესაძლოა გონის დაკარგვის ეპიზოდიც მოჰყვეს.
გულის ნაადრევის შეკუმშვა - ექსტრასისტოლური არითმია
ასეთი შეკუმშვა ჯანმრთელ პირებთანაც შეიძლება შეგვხვდეს და გულის დაავადების გამოვლინებასაც წარმოადგენდეს. გულით დაავადებულებთან ის ზოგჯერ უფრო სერიოზული არითმიის წინამორბედია. ჯანმრთელ პირებში ასეთი არითმია ხშირად დაკავშირებულია ისეთ მასტიმულირებელ ფაქტორებთან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, კოლა, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასთმის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება.
არითმიის გართულებები
ზოგიერთი არითმია მაღლა სწევს შემდეგ მდგომარეობათა რისკს:
- ინსულტი - მოციმციმე არითმიისას წინაგულის არაკოორდინირებული შეკუმშვის გამო ყალიბდება მცირე ზომის თრომბები, რომლებიც შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს. ასე რომ არ მოხდეს, მოციმციმე არითმიისას ინიშნება ვარფარინი - შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი.
- გულის უკმარისობა - ხანგრძლივი ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის ან მოციმციმე არითმიისას ირღვევა გულის როგორც ტუმბოს ფუნქცია. ეს არის გულის უკმარისობის მიზეზი. გულის რიტმის ეფექტური კონტროლი ამ დროს გულის მდგომაროებას აუმჯობესებს.
არითმიის დიაგნოსტიკა
არითმიისათვის დამახასიათებელი ჩივილების და ნიშნების არსებობისას ტარდება:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ჰოლტერის მონიტორირება - ამ დროს ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის ან მეტი პერიოდის განმავლობაში სპეციალურ პორტატულ აპარატზე. ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ არითმია, რომელიც არ ვლინდება კვლევის მომენტისათვის ან შევაფასოთ, რამდენად ხშირი არითმიის ეპიზოდი;
- ივენთ-მონიტორი - ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა კარდიოგრამის ჩაწერა მოხდეს უშუალოდ სიმპტომების არსებობისას;
- ექოკარდიოგრაფია - ხდება გულის კამერების და სარქვლების მდგომარეობის შესწავლა, შეიძლება გამოვლინდეს არითმია;
- როცა პაციენტს აქვს კლინიკური ნიშნები, არითმიის დადასტურება კი ვერ ხერხდება, შესაძლოა ჩატარდეს ტესტები მისი პროვოცირების მიზნით.
მკურნალობის გზები
არითმიის მკურნალობა ყოველთვის არ არის აუცილებელი. ჩვეულებრივ, მკურნალობენ მაშინ, როცა არითმია შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს ან არსებობს უფრო სერიოზული არითმიის აღმოცენების რისკი.
ბრადიკარდიის მკურნალობა
როცა გულისცემის შენელების გამომწვევი მდგომარეობა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაქვეითება ან რომელიმე მედიკამენტის მიღება) გამორიცხულია, ხოლო თავად არითმია მნიშვნელოვანია, შესაძლოა გადაწყდეს რიტმის წამყვანის ანუ პეისმეკერის იმპლანტაცია (ჩანერგვა), ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ეფექტურად ზრდის გულისცემის სიხშირეს.
რიტმის წამყვანი გზავნის იმპულსებს, რომლებიც შეკუმშვათა ნორმალურ სიხშირეს აღადგენს.
ტაქიკარდიის მკურნალობა
ტაქიკარდიის მკურნალობის მეთოდებია:
- ცთომილი ნერვის გაღიზიანება - სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის შეწყვეტა შესაძლებელია იმ ღონისძიებებით, რომლებიც მაღლა სწევს ცდომილი ნერვის ტონუსს. ესენია სუნთქვის შეკავება და დაჭიმვა, დახველება, სახის ჩაყოფა ცივ წყალში.
- მედიკამენტები - ტაქიარითმიათა დიდი ნაწილი შეიძლება მოიხსნას ანტიარითმიული საშუალებების მიღებით. მართალია, ეს პრეპარატები ვერ აღმოფხვრიან ტაქიკარდიის გამომწვევ დაავადებას, მაგრამ ამცირებენ არითმიის ეპიზოდების სიხშირეს და გვეხმარებიან მათი შეტევის მოხსნაში. ანტიარითმიული პრეპარატები საკმაოდ სერიოზული მედიკამენტებია, მათ აქვთ მკაცრი ჩვენება, უკუჩვენება, მიღების წესი, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
- კარდიოვერსია - ზოგჯერ არითმიის მოსახსნელად ტარდება ელექტრული დეფიბრილაცია. ამ დროს მონიტორით აკვირდებიან გულის მუშაობას.
- აბლაცია - ამ პროცედურისას ერთი ან მეტი კათეტერი სისხლძარღვის გავლით გულში თავსდება, დგინდება არითმიის კერა და ტარდება რადიოსიხშირული ზემოქმედება ამ არეზე. კერის აბლაცია წყვეტს არითმიის შეტევებს.
იმპლანტირებადი მოწყობილობები
ზოგიერთი სახის არითმიის დროს შესაძლოა მოხდეს გარკვეული მოწყობილობის იმპლანტაცია:
- პეისმეკერი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც ჩაინარგება გულმკერდში მცირე ქირურგიული პროცედურით. ის ბრადიკარდიის შემთხვევაში იმპულსებს გზავნის გულში და რიტმს არეგულირებს.
- იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ეს მოწყობილობა ჩაინერგება გულმკერდში მცირე ქირურგიული პროცედურით. მისი იმპლანტაცია რეკომენდებულია, როდესაც არსებობს საშიში არითმიის - პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან ფიბრილაციის - აღმოცენების რისკი. ასეთ დროს დეფიბრილატორის მეოხებით ავტომატურად ხდება დაფიბრილაცია, აღგება ნორმალური რიტმი.
ქირურგიული ჩარევა
არის შემთხვევები, როცა არითმიის სამკურნალოდ რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა:
- მეიზის პროცედურა - წინაგულების შიგნითა ზედაპირს სერავენ სიცივის ან რადიოსიხშირის მეშვეობით. ამ გზით შესაძლებელია აღგზნების იმპულსის ცირკულაციის შეწყვეტა, რაც თავიდან აგვაცილებს არითმიის აღმოცენებას. ვინაიდან ეს ქირურგიული ჩარევაა, ტარდება სხვა მიზეზით წარმოებული გულის ოპერაციის დროს ან მაშინ, როცა არითმიის მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია.
- აორტოკორონარული შუნტირება - როცა არითმია გულის მძიმე იშემიური დაავადების გამოვლინებაა, შესაძლოა გადაწყდეს ქირურგიული მკურნალობა. ამ დროს უმჯობესდება გულისთვის სისხლის მიწოდება, რაც შესაძლოა არითმიის უკუგანვითარების საფუძვლად იქცეს.
ცხოვრების წესი
არითმიათა მნიშვნელოვანი ნაწილი გულის დაავადებასთან არის დაკავშირებული. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს კი გულისხმობს:
- ჯანსაღ კვებას;
- ფიზიკურ აქტივობას;
- მოწევისთვის თავის დანებებას;
- კოფეინისა და ალკოჰოლის შემცირებას;
- სტრესის თავიდან აცილებას;
- გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.